მთავარი / ბორჯღალოსნები / გიორგი ნემსაძე: ამ საქმეში ან საუკეთესო უნდა იყო, ან საერთოდ უნდა შეეშვა

გიორგი ნემსაძე: ამ საქმეში ან საუკეთესო უნდა იყო, ან საერთოდ უნდა შეეშვა

ფოტო: Getty
ფოტო: Getty

გიორგი ნემსაძეს წარდგენა არ სჭირდება. ის წლებია საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრია. გიორგის კარიერაში სიახლეებია: ის წელს სათამაშოდ ინგლისის პრემიერშიპში გადავიდა, სადაც ქართველები პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. რაგბი XV მას ინგლისში დაუკავშირდა და ახალ კლუბზე, ნაკრებზე და, ზოგადად, რაგბიზე ესაუბრა.

უნივერსალი მორკინალი ხარ, გითამაშია როგორც მეორე ხაზში, ასევე მარბიელისა (#7) და შემკვრელის (#8) პოზიციებზეც. სად უფრო გსიამოვნებს თამაში: მეორე თუ მესამე ხაზში?

ვისაც მესამე ხაზში ერთხელ მაინც აქვს ნათამაშები, მეორე ხაზში დაბრუნება აღარ უნდა ხოლმე (იცინის). შვიდ ნომერზეც მითამაშია და რვაზეც. რვა ნომერს თავისი უპირატესობა აქვს, თუმცა პირადად მე ყველაზე მეტად შვიდ ნომრად თამაში მომწონს. თავისუფალი მოთამაშე ხარ, შერკინებაშიც უფრო ნაკლებ დროსა და ძალას ხარჯავ, ბურთთან უფრო ხშირად გიწევს შეხება, საშუალება გაქვს, შენზე სწრაფ და ტანმორჩილ მოთამაშეებს გაეკიდო და დაიჭირო. ბევრი ნიუანსია, რაც რაგბიში სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მომენტი მომწონს, როცა ფრთის მოთამაშეს გაეკიდები და შებოჭავ.

მეორეხაზელების თამაში რაგბიში ნაკლებად ჩახედულთათვის ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება. არადა შერკინების ხერხემალი ხართ და სტატიკაშიც და დინამიკაშიც უდიდესია თქვენი როლი. თუ შეგიძლია გვითხრა, რა ძირითადი მოვალეობები გაკისრია მოედანზე და რა თვისებებს მოითხოვს აღნიშნული პოზიცია?

დაუფასებლობას რაც შეეხება, გარკვეულწილად სიმართლეა, თუმცა ეს მხოლოდ იმ ხალხზე შეიძლება ითქვას, ვინც რაგბიში შედარებით ნაკლებად ერკვევა და ვერ ხედავს, თუ რამხელა შავ სამუშაოს ასრულებენ მეორეხაზელები. ძალიან ბევრი ბრძოლა და ომი გიწევს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ თამაშის განმავლობაში ბურთი საერთოდ არ მოხვდეს შენთან. მქონია თამაშები, როცა ბურთს საერთოდ არ შევხებივარ, მაგრამ მეც და მწვრთნელიც ძალიან კმაყოფილი ვიყავით ჩემი გარჯით. შერკინება თუ კარგად მიაწვა, შეიძლება თქვან, რომ კარგი პირველი ხაზი გვყავს, მაგრამ თუ უკან დაიხია შერკინებამ, იტყვიან, მეორე ხაზმა ვერ ივარგაო. არადა, მიწოლის დროს მეორე ხაზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შერკინებიდან გამოსვლისას კი გიწევს მეორე რაქში მისწრება, გადაყრაზე მუშაობა, ძირითადად, შავი სამუშაოა, უბურთოდ. თუმცა, ბევრი მეორეხაზელია მსოფლიოში, რომელიც ბურთითაც საკმაოდ კარგად თამაშობს და შავ სამუშაოსაც ასრულებს. თუ ისეთი თამაშია, რომელშიც ბევრი შერკინება არ ინიშნება, მეორე ხაზი დაახლოებით ისევე თამაშობს, როგორც მესამე ხაზი.

წლევანდელი სეზონიდან ინგლისში გადაბარგდი, სადაც „ა“ ლიგაში (მეორე გუნდების შეჯიბრება) უკვე ითამაშე და ლელოების დადებაც მოახერხე. ჯერ ადრეა საფუძვლიანი დასკვნების გაკეთება, მაგრამ მაინც რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თვალში მოგხვდა?

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია და ვერ ვიტყვი, იქ რა ხდება, მაგრამ სადაც ვთამაშობდი, იმასთან შედარებით ბევრად მაღალი დონეა. ვარჯიშის სისტემაც ბევრად დახვეწილია – ყველაფერი გათვლილი და დაგეგმილია. ზოგადად, მეტი პროფესიონალიზმია. თამაშის სტილის მხრივაც არის განსხვავება: უფრო ძალისმიერ და სწრაფ თამაშს ენიჭება უპირატესობა. რა თქმა უნდა, საფრანგეთშიც სწრაფი თამაშია, მაგრამ აქ უფრო სწრაფად ხდება დაცვის გადაწყობა, შეტევის ორგანიზება და ა.შ. ერთი სიტყვით, ძალა და სისწრაფე ერთმანეთშია შერწყმული.

bristol
ფოტო: Bristol Rugby Club

ენობრივი ბარიერი თუ არსებობს და რამდენად ადვილად ახერხებ კომუნიკაციას თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან მოედანზე თუ მის მიღმა?

ენის ბარიერი ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ყოველდღე ვმეცადინეობ და ვცდილობ, ეს ბარიერი გადავლახო. სამწუხაროდ, სკოლაში ინგლისური არ მისწავლია და ჩემი ინგლისურის პრაქტიკა შემოიფარგლებოდა ნაკრებში მწვრთნელებთან კომუნიკაციით, ასევე ჩემი ძმის ავსტრალიელ მეუღლესთან კონტაქტით. ასე რომ, ბარიერი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ისეც არ ყოფილა, რომ ერთი სიტყვაც არ მცოდნოდა. ე.წ. მოედნის ენა უფრო კარგად ვიცი, ვიდრე ჩვეულებრივი სასაუბრო ინგლისური. ბევრს ვმეცადინეობ, დაფაზე მაქვს ჩამოწერილი სიტყვები და ყოველდღე ვცდილობ, რამდენიმე ახალი სიტყვა ვისწავლო. რომ ჩამოვედი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ ვლაპარაკობ და უფრო მეტი რამ მესმის.

როგორც ვიცით, ვერ მოხერხდა ახალ კლუბთან ერთად სეზონისწინა მზადების გავლა. რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტი შენს შანსებზე, დაიმკვიდრო ადგილი ძირითად შემადგენლობაში და თუ გჭირდება დამატებითი ვარჯიში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად?

შეკრების ვერგავლამ სერიოზული პრობლემა შექმნა. მართალია, ბრისტოლი ჩამოსული იყო საფრანგეთში და ერთკვირიანი შეკრება ერთად გავიარეთ, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი. ვფიქრობ, მეტწილად ამის გამოა, რომ ძირითად გუნდში ჯერ თამაში არ ჩამიტარებია. თავადაც ამბობენ, რომ ჩემით კმაყოფილები არიან, მაგრამ რამდენიმე თამაში კიდევ მჭირდება, რომ მათ სტილს შევეჩვიო. დამატებითი ვარჯიშები არ არის საჭირო, რადგან ფიზიკური ჩამორჩენის პრობლემა არ მაქვს. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკურად ბევრზე უკეთაც გამოვიყურები კლუბში, მაგრამ ბევრად სწრაფი თამაშია ინგლისში და ცოტა დრო უნდა ამ ტემპთან შეგუებას.

უკვე ხუთი ტური გავიდა და ჯერ კიდევ მეორე გუნდში თამაშობ. თუ ესაუბრე მწვრთნელს და რა არის ამის მიზეზი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბრისტოლი ჩემპიონატში ვერ ბრწყინავს.

კონკრეტულად ამ საკითხზე ყოველთვის ვერიდები მწვრთნელებთან საუბარს. საქართველოს ნაკრებშიც მქონდა სათამაშო დროის პრობლემა წინა მწვრთნელის დროს. საფრანგეთშიც იყო მსგავსი პერიოდი, მაგრამ ვცდილობ ამაზე მწვრთნელთან არ ვისაუბრო. მირჩევნია ჩემი შრომით, ვარჯიშზე ჩემი უპირატესობის დამტკიცებით, ან თუნდაც „ა“ ლიგაში კარგი თამაშით მოვიპოვო გუნდში ადგილი. პირადად ჩემთან ამ საკითხზე გუნდის ხელმძღვანელობას არ უსაუბრია, თუმცა, როგორც ვიცი, მილტონ ჰეიგს აქვს კონტაქტი მათთან. გადმოცემით ვიცი, რომ მათი აზრით რამდენიმე თამაშია საჭირო, რომ შევეგუო აქაურობას და მერე აუცილებლად მათამაშებენ.

რაც შეეხება იმას, რომ ბრისტოლმა კარგად ვერ დაიწყო, ეს მოსალოდნელიც იყო. პირველად თამაშობს გუნდი ამ დონეზე, ინგლისში გვიან ირკვევა გუნდების დაწინაურება-დაქვეითება უმაღლეს და ქვედა ლიგაში, ამიტომაც ახალი მოთამაშეების აყვანისთვის და მომზადებისთვის მცირე დრო რჩება. გარდა ამისა, პირველივე ტურებში ზედა ექვსეულის გუნდებთან მოგვიწია თამაში და ამაშიც არ გაგვიმართლა. თუმცა, ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია, გუნდის თამაშიც და ვფიქრობ, დარჩენისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

nemso3
ფოტო: Bristol Rugby Club

რას გვეტყვი შენს კონკურენტებზე და როგორ დაახასიათებდი მათ?

კარგი მეორეხაზელები გვყავს, კარგი ბიჭები არიან. მათი უპირატესობა ისაა, რომ როგორც წესი, მეორეხაზელები აუტის დროს გამომცხადებლები არიან. ნაკრებში მეც ვასრულებ ამავე ფუნქციას „ბინგოსთან“ (გიორგი ჩხაიძე – ავტ.) ერთად, მაგრამ ენის ბარიერი და წინასასეზონო მომზადების არქონა აქაც მიშლის ხელს. კარგი ბიჭები არიან, თუმცა მე ვთვლი, რომ მათზე უკეთ შემიძლია თამაში. ჩემი ბრძოლისუნარიანობა და მებრძოლი ხასიათი ყოველთვის მეხმარებოდა. კიდევ ცოტა დრო არის საჭირო და ყველაფერი კარგად იქნება.

ვარჯიშები როგორაა დაგეგმილი: პირველი და მეორე გუნდი ცალ-ცალკე ვარჯიშობს, თუ ერთობლივი წვრთნები გაქვთ?

ვარჯიშები მთელი კვირა ერთად გვაქვს. განსხვავებაა მხოლოდ თამაშის წინა, ე.წ. კაპიტნის ვარჯიშია, როცა ხდება გუნდების გაყოფა და ვარჯიშიც ცალ-ცალკე ტარდება. სისტემა ისეა აწყობილი, რომ ვინც პირველი გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდება, მეორე გუნდში თამაშობს. „ა“ ლიგის შემადგენლობასაც მთავარი მწვრთნელი აცხადებს. ამ მხრივ განსხვავებაა საფრანგეთთან, სადაც მეორე გუნდში ძირითადად ახალგაზრდები თამაშობენ ხოლმე.

გულშემატკივრის აზრით, კარიერის საუკეთესო ფორმაში ხარ, რაც ირიბად მილტონ ჰეიგმაც დაადასტურა ჩვენთან ინტერვიუში, როდესაც შენ და გიორგი ჩხაიძე წლის საუკეთესო მოთამაშეებად დაგასახელათ. როგორ ფიქრობ, რის შედეგია ეს ყველაფერი და შემდგომი წინსვლისთვის რა არის საჭირო?

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მილტონ ჰეიგს ამ აღიარებისთვის – ჩემთვის დიდი პატივია, რომ მთავარი მწვრთნელი ჩემზე ასე ფიქრობს.

რაც შეეხება სათამაშო ფორმას, გახსოვთ ალბათ 2011 წლის მსოფლიო თასზე სულ რამდენიმე წუთი ვითამაშე. ამის შემდეგ ჩემს თავს დავუსახე მიზნად, თუ ამ საქმეში ხარ, ან საუკეთესო უნდა იყო, ან საერთოდ უნდა შეეშვა-მეთქი. რა აზრი აქვს ისეთ ყოფნას, როცა სულ 10 წუთს თამაშობ?! ამის გააზრების მერე ბევრი რამ შევცვალე ჩემს კარიერაში და ჩემს მიდგომაში. 2011 წლის მსოფლიო თასის დროს სიგარეტსაც ვეწეოდი და თავი დავანებე, 12 კილო დავიკელი, ინტერნეტში მოვიძიე ყველა შესაძლო მასალა სწორ ვარჯიშზე და სწორ კვებაზე. შეიძლება ითქვას, რომ გარდატეხა მოხდა ჩემს აზროვნებაში – უცებ პროფესიონალი მორაგბესავით დავიწყე ფიქრი. მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. რაც ყველაზე მთავარია, შრომამ, თავდაუზოგავმა შრომამ გამოიღო შედეგი. შრომის გარეშე საერთოდ არაფერი ხდება. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში ამბობდნენ ზოგიერთ სპორტსმენზე, ნიჭიერია და ნიჭის ხარჯზე თამაშობსო, მაგრამ ეგ სპორტი აღარ არსებობს. თანამედროვე სპორტში მარტო ნიჭის ხარჯზე ვერაფერს მიაღწევ, თუ თავდაუზოგავად არ იშრომე.

გვერდს ვერ ავუვლით ბორჯღალოსნების წარმატებულ ტურნეს ოკეანეთში. ქართველ გულშემატკივრებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ კუნძულელი მორკინალების უმრავლესობა (განსაკუთრებით ფიჯელები) მაქსიმალურად თავს არიდებს რაქსა და მოლში შავ სამუშაოს და უფრო მეტად ღია თამაშში ბურთაობისკენ მიდის. რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს და როგორ დაახასიათებდი მათ?

ურჩევნიათ ფეხზე, ოფლოუდებით და პასებით ითანაშონ, ვიდრე ძირს წავიდნენ. თუმცა გარწმუნებთ, რომ რაქებშიც ისე მტკივნეულად შემოდიან, რომ მეტი არ შეიძლება. მათი პლიუსია ის, რომ გაშლილ თამაშში სწრაფები არიან, კარგ ფინტებს აკეთებენ და ცდილობენ იქ შეგიტიონ, სადაც ძლიერები არიან. თუმცა ამ ბოლო დროს, მაგ კომპონენტშიც ბევრით აღარ ჩამოვუვარდებით.

მინდა გკითხო ახალგაზრდების ინტეგრაციაზე ნაკრებში. უკვე საკმაოდ ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა ეროვნულ გუნდში და გვაინტერესებს როგორ ხდება მათი ინტეგრაცია, რამდენად კარგად მიდის ეს პროცესი და ზოგადად როგორ შეაფასებდი ახალ თაობას?

ძალიან კარგი პოლიტიკა აქვს ამ მხრივ მილტონ ჰეიგს: გამოიძახებს ახალგაზრდა მოთამაშეს ნაკრებში, შეიძლება ერთი წელი არ ათამაშოს, მაგრამ ავარჯიშოს გუნდთან ერთად, მაგრამ როცა დადგება მომენტი, ის უკვე ყველაფრისთვის მზად იქნება – მოედანზე დაბნეული არ დაიწყებს ყურებას აქეთ-იქით. ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, ნამდვილად კარგი ბიჭები მოდიან და მილტონის პროგრამაც მშვენივრად მუშაობს. თავიდან მოდიან, უყურებენ, ეჩვევიან, სწავლობენ კომბინაციებს და როცა მზად არიან სათანადოდ, მერე გამოიჩენენ თავს. გადახალისების პროცესი აუცილებლად დასაწყებია. ნაკრების ძირითად ბირთვს ახლა ჩემი თაობის – 31, 32, 33 წლის მორაგბეები შეადგენენ. ოცწლამდელების თამაშს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ცვლილებების არ უნდა გვეშინოდეს, ნამდვილად ღირსეული შემცვლელები მოდიან.

რას ურჩევთ იმ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ყველანაირი წინაპირობა, რომ დიდი რაგბი ითამაშონ, მაგრამ ვერ უმკლავდებიან ყოველდღიურ ცდუნებებს (სიგარეტი, კვებისა და ძილის რეჟიმი), რითაც შემდგომი ზრდის და განვითარების შანსს უსპობენ საკუთარ თავს? მით უმეტეს, თავადაც გქონია იგივე პრობლემები და წარმატებით დაძლიე.

ხშირად ვამბობ, ნეტა შემეძლოს, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო და ის გამოცდილება მქონდეს, რაც ახლა მაქვს. ახალგაზრდებს ერთ რამეს ვეტყვი: ჩვენი პროფესია ძალიან ხანმოკლეა. არ ვართ ჩვენ ადვოკატები, ან ექიმები. მე არანაირ პროფესიას არ ვაკნინებ, ყველა სფეროში რთულია წარმატების მიღწევა, მაგრამ სპორტში უფრო რთული მგონია იმიტომ, რომ სულ 10-12 წელიწადი გაქვს მაღალ დონეზე სათამაშოდ. ამიტომაც, ახალგაზრდებს ყოველთვის ვურჩევ, რომ ჯობია ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში რაღაცები მოვიკლოთ. თუნდაც არ გადავაცილოთ 10-11 საათს დაძინება, სიგარეტი არ მოვწიოთ, სწორად ვიკვებოთ – ცხიმს და შაქარს მოვერიდოთ. ჩემი აზრით, დღევანდელი სპორტის გასაღები უფრო მეტად სწორ კვებაშია, ვიდრე ვარჯიშში და დასვენება/აღდგენაში. ამ ყველაფერს თუ დავარეგულირებთ, ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება დააგვიანდეს წარმატებას, მაგრამ აუცილებლად მოვა. ამ თემებზე ბევრს ვსაუბრობ ახალგაზრდებთან და ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, ბევრი საკუთარ თავსაც ამოიცნობს.

რამდენად გაიზარდა პროფესიონალიზმის დონე საქართველოში და შეცვლილია თუ არა რაგბისადმი მიდგომა?

ბევრი რამ არის უკეთესობისკენ შეცვლილი. მე როცა დავიწყე კარიერა, მაშინ არავის არ გვეუბნებოდა, რომ თუ 10 საათზე არ დავიძინებდით, ან არასწორი კვების რეჟიმი გვექნებოდა, კარგად ვერ ვითამაშებდით. პირიქით, გახსოვთ ალბათ ცნობილი სტერეოტიპი – მორაგბე თუ იყავი, ესე იგი, მსუქანი უნდა ყოფილიყავი. საბედნიეროდ, ეს სტერეოტიპი მოთამაშეებშიც დანგრეულია და გულშემატკივრის უმრავლესობაშიც. ჩვენც, როცა ვიწყებდით, ვფიქრობდით – მთავარია დიდი ვიყო და მძიმე. ვიყავი 122 კილო, მაგრამ მერე რა? მთავარი წონა არ არის. მთავარია ყველაფერში პროფესიონალიზმი და სწორი მიდგომა.

საქართველოში როგორაა ფიზიკური მომზადების საქმე? არის მოსაზრება, რომ ჩვენთან უჭირთ ბავშვებს თავიდან განვითარება, იმიტომ რომ სწორი ვარჯიშები აკლიათ და შემდეგ უწევთ ვარჯიშის დონის მკვეთრად მომატება, როცა თუნდაც საფრანგეთში გადადიან.

ჩემი კარიერის დასაწყისში საქართველოში ფიზიკური მომზადება საერთოდ არ იყო. ფიზიკური მომზადება გვეგონა მხოლოდ შტანგაზე ვარჯიში და ამ შტანგაზე სავარჯიშოდ დარბაზი კი არა, ელემენტარულად გასახდელიც არ გვქონდა. ახლა კი ქუთაისში, საიდანაც მე ვარ, ისეთი პირობებია, რომ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო სპორტსმენობისთვის. გარდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა, წამოვიდნენ ძალიან კარგი ახალგაზრდა ფიზმომზადების მწვრთნელებიც. მათ შორის, ჩემი ძმაც, რომელმაც შესაბამისი განათლება ევროპაში მიიღო და ახლა ქუთაისში მუშაობს. ასე რომ, დღესდღეობით საქართველოს შიდა ჩემპიონატის და ზოგადად ქართული რაგბის განვითარება თუ გვინდა, როგორმე უნდა მოვიძიოთ ფინანსები და ევროტურნირებზე ვითამაშოთ. სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი რომ მწვრთნელების, ან ინფრასტრუქტურის პრობლემა გვაქვს. საუბარი მაქვს იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა არის ქართული რაგბი.

ევროტურნირების თემა რომ გავაგრძელოთ, ჩვენთან ინტერვიუში, როცა იაპონიის ნაკრების წარმატებას შევეხეთ, მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ თუ გვინდა მათ დონეზე ვითამაშოთ, გამოსავალი იმავე ტურნირში თამაშია, სადაც იაპონელები ასპარეზობენ, ვგულისხმობ „სუპერ რაგბის”. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ საუბრის თემაა, მაგრამ მინდა გკითხო: თეორიულად, რომ იყოს შესაძლებლობა „სუპერ რაგბის“ ფრენჩაიზის გაკეთების, რამდენად არის შანსი, რომ ლეგიონერები დაბრუნდებიან და ამ გუნდში ითამაშებენ?

პირველად როცა ეს თემა გაჟღერდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველამ ვიცით, რომ ეს სულ სხვა ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა: თუ საქმე იქამდე მივა, რომ საქართველოში „სუპერ რაგბის“ გუნდი გაკეთდება, მე პირადად ამ გუნდში სიამოვნებით ვითამაშებ. არ მაქვს იმის ილუზია, რომ იმდენს გადამიხდიან, რამდენსაც ინგლისში ვიღებ, თუმცა ამის მიუხედავად, მე აუცილებლად ჩამოვალ ასეთი გუნდისთვის. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი ლეგიონერიც ამავე აზრზეა. ვიცი, რომ ეს თემა ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლა. „სუპერ რაგბის“ გუნდი რომც გამოვიდეს, მისი ძირითადი ბირთვი მაინც ნაკრების წევრები იქნებიან და შიდა ჩემპიონატის განვითარებას აუცილებლად სჭირდება ევროთასებზე გამოსვლა.

ნოემბერში სამი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. იაპონელებს გადახალისებული შემადგენლობა ეყოლებათ, რამდენიმე მოთამაშე დააკლდება სამოასაც, თუმცა მაინც ძლიერი გუნდით ჩამოდის. რა იქნება ჩვენი მიზანი და რა ჩაითვლება დადებით შედეგად ამ მატჩებში?

პირველი მეტოქით, იაპონიით დავიწყებ: ალბათ ახალს ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან სწრაფ რაგბის თამაშობენ – ცდილობენ, რომ ბურთი საერთოდ არ გააჩერონ. მახსოვს, თბილისში როცა იყვნენ ჩამოსული, გასაპნული ბურთით ვარჯიშობდნენ, თამაშის დროს ხელიდან რომ არ გავარდნოდათ, იმდენად ეშინოდათ ჩვენთან შერკინების, თუმცა ეს კომპონენტიც სერიოზულად დახვეწეს. მოლში ან ერთი-ერთში კონტაქტში ძლიერები ვერ არიან, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი გუნდია და ბოლოსდაბოლოს მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკას მოუგეს – იმ გუნდს, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია.

რაც შეეხება სამოას ნაკრებს, ვინც რაგბის უყურებს, ყველამ იცის, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. თუმცა, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან არ გვიჭირს, თანაბარ დონეზე ვართ. სამოას ნაკრებს არ ვადარებ საქართველოს, მაგრამ ორივეს ფიზიკაზე ორიენტირებული თამაში გვიყვარს. ადრე თითქოს გვჩაგრავდნენ, როცა თამაშს შლიდნენ, მაგრამ ბოლო დროს მაგ კომპონენტშიც სერიოზული წინსვლა გვაქვს. ზაფხულის ტურნეზე გაშლილი თამაშით ლელო არც სამოას და არც ტონგას არ დაუდია, ხოლო ფიჯიმ საერთოდ ლელო ვერ დაგვიდო. ასე რომ, პირველ ორ თამაშში მოგების გარდა არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ. თუკი პირველ ორ თამაშს მოვიგებთ, გვექნება შანსი, წელი წაუგებლად დავასრულოთ. თუ მოხდა ისე, რომ შოტლანდიამდე მარცხის გარეშე მივედით, ამ ტალღაზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. შეიძლება წელი ისე დამთავრდეს, რომ საერთოდ წაგება არ გვქონდეს.

nemso3
ფოტო: Getty

მინდა გკითხო „რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც“. ნაკრების მწვრთნელსაც ვკითხეთ და ახლა იმ ადამიანის პასუხი გვაინტერესებს, ვინც უშუალოდ მოედანზე გადის სათამაშოდ: რამდენად რთულია არ დაკარგო მოტივაცია, როდესაც წინასწარ იცი, რომ თითქმის 100%-იანი ალბათობით მოგებული გაქვს. გარდა ამისა, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თამაშებს არც სატურნირო მნიშვნელობა აქვს (რადგან ეს ტურნირი ამავდროულად წარმოადგებს 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპს, იქ ავტომატურად მოხვედრილი საქართველოს შედეგები სატურნირო მდგომარეობაზე არ აისახება – ავტ.) და მოწინააღმდეგეც ეცდება წინასწარ წაგებულ თამაშში წამყვანი მოთამაშეები დაზოგოს უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.

რა თქმა უნდა ერთი და იგივე არაა მსოფლიო თასზე ტონგასთან თამაში და „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ გერმანიასთან დაპირისპირება, მაგრამ არის ერთი მომენტი, რაც საქართველოს ნაკრების წარმატების მთავარი საიდუმლოა – როცა ნაკრების მაისური გაცვია და შენი ქვეყნის ღირსებას იცავ, კონკრეტული თამაშისთვის დამატებითი მოტივაცია აღარაა საჭირო. თან რაგბი ისეთი სპორტია, ნახევარი ძალით ვერ ითამაშებ. ან თამაშობ, ან არ თამაშობ. მართალია შარშან დიდი ანგარიშით მოვუგეთ რუმინეთს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩვენთვის ხელწამოსაკრავი მეტოქეა.

ბევრი კარგი მეორეხაზელია მსოფლიოში. იგივე რეთალიქი, ვაითლოქი, ეთზებეთი, იაგერი, იტოჯი… შენ რომლის თამაში გხიბლავს ყველაზე მეტად?

ჯერჯერობით ვერ გამოვედი ბაკის ბოთას ეპოქიდან. ბევრი კარგი მეორეხაზელია დღესდღეობით, მაგრამ ბოთასნაირს ვერავის ვხედავ.

 

RugbyXV-ს და On.ge-ს ერთობლივი სტატია.

წაიკითხეთ სტატია On.ge-ზე

ასევე ნახე

თამაში მეთერთმეტე ადგილისათვის

  კვირას, თბილისის დროით 17:00-ზე წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის ბუქარესტში რუმინეთის …