მთავარი / ბორჯღალოსნები / ესპანური წყევლა

ესპანური წყევლა

(ფოტო: PhotoScrum/Revista22 – Hector Sanchez)

 

 

ერთა თასზე ბოლოს 2012 წელს წავაგეთ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩვენი დამარცხება არა რუმინეთმა, არამედ ესპანეთმა მოახერხა. ეს იყო მილტონ ჰეიგის სადებიუტო შეხვედრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში. მას მერე წლებია გასული, საქართველოს ნაკრები სულ სხვა დონეზე ავიდა, მაგრამ ესპანურ წყევლას არაფერი ეშველა – სტუმრად მათთან ტრადიციულად გვიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ შინ მათ დამარცხებას ადვილად ვახერხებთ და 60-0-იც გაგვიმარჯვია, ესპანეთში იოლად ერთადერთხელ მოვიგეთ, 2009 წელს 55-11.

 

ესპანელთა ტაქტიკა

საქართველოს ნაკრების პრობლემები იმდენად ერთგვაროვანია, რომ ჩვენ წინააღმდეგ სწორი ტაქტიკის შემუშავება დიდ სირთულეს ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, თითქმის ყველა გუნდი ერთი და იმავე სქემით გვეთამაშება: გვიკიდებენ საბრძოლო ქიქ ოფებს, რადგან დიდი შანსია, რომ ბურთი დავკარგოთ; რაქში მაქსიმალურად გვინელებენ ოვალს; თავიანთ რაქებს წმენდენ ძალიან სწრაფად და დიდი პრობლემების გარეშე, რადგან იქ მეტოქეს არ ვაწუხებთ; ბურთს ფეხით იგერიებენ ჩვენს ნახევარზე და ელოდებიან შეცდომას; და ყველაზე მთავარი –  გველის ნაკბენივით ერიდებიან ოვალის წინ დავარდნას, რადგან შერკინებაში ჯარიმა თითქმის გარანტირებული აქვთ.

გამონაკლისი არც „ლომები“ ყოფილან და შაბათის შეხვედრაში ანალოგიური ტაქტიკით დაგვიპირისპირდნენ. თუმცა იყო ერთი კომპონენტი, რომელშიც „ბორჯღალოსნებზე“ მეტოქის უპირატესობა იშვიათი მოვლენაა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთი-ერთზე კონტაქტში ესპანელები უკან გვახევინებდნენ და უპირატესობის ხაზის გადაკვეთას წარმატებით ახერხებდნენ.

 

ბორჯღალოსნები

იმას, რასაც ქართველები ესპანელებთან შეხვედრაში აკეთებდნენ (განსაკუთრებით პირველ ტაიმში), რთულია რაიმე ტაქტიკური მონახაზი უწოდო: ბურთის წინ დავარდნები, ვერაღებული ქიქ-ოფები, რაქის სრული იგნორირება, უკუსვლა ფიზიკურ ორთაბრძოლებში, ფეხით უმიზნო შეგორებები, დაცვის ხაზის ნელი გადაწყობა და ჰაერში უყურადღებო თამაში.

ზოგადად კი, „ბორჯღალოსნები“ შეხვედრაში ისეთი განწყობით გამოვიდნენ, თითქოს მატჩი წინასწარ ჰქონდათ მოგებული და ამის გამო ლამის დავისაჯეთ.

მთლიანად ჩააგდო თამაში მგეზავმა ლაშა ხმალაძემ, რომელიც ვერც უკანახაზელებს ათამაშებდა, ვერც ხაზის გაჭრა მოახერხა და რამდენიმეჯერ სრულიად უმიზნოდ შეაგორა ბურთი ესპანელთა ზურგში. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ რთულად დასადები ლელო დადო, მაგრამ მსაჯებმა უსამართლოდ არ ჩაუთვალეს. თამაში ჩააგდო მეორე ხაზმაც, რომელიც რაქში უბრალოდ ცუდად ირჯებოდა, განსაკუთრებით ეს კოტე მიქაუტაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც ამ შეხვედრაში ძალიან ზანტად მოქმედებდა.

საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშებიდან ალბათ ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა ვასილ ლობჟანიძეს, რომელიც რაქიდან ბურთის გამოტანას ძალიან აგვიანებდა. ერთ მომენტში რაქიდან მის მიერ დარტყმულ აბრაგანს ესპანელებმა დაუფარეს (აქვე ვახსენოთ, რომ იმ მხარეს, საიდანაც ლობჟანიძეს დააფარეს, ჩვენი მორკინალები უნდა მდგარიყვნენ), რასაც მათივე ერთადერთი ლელო მოჰყვა.

ცუდად ითამაშა ლაშა ლომიძემაც, რომელიც რვა ნომრის ფუნქციებს თავს აშკარად ვერ ართმევდა. გარდა იმისა, რომ მიძალების დროს ზედმეტად გამართული შედის და უპირატესობას ვერ აკეთებს, ცუდად გამოიყურება მაღალ ბურთებზე, ადრე/არასწორად ეხსნება შერკინებას – შაბათს ერთ-ერთ მომენტში ესპანელები აშკარა ლელოს სწორედ ლომიძის არასწორმა მოქმედებამ გადაარჩინა.

უარყოფითის შემდეგ დადებითიც ვთქვათ: ნორმალური დებიუტი გამოუვიდა სოსო მათიაშვილს. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, საქმეში ის ხშირად არ გვინახავს, თუმცა ერთადერთი სუფთად აღებული ქიქ ოფი სწორედ მის ანგარიშზეა, აღარაფერს ვამბობთ სადებიუტო შეხვედრაში დადებულ ლელოზე, რომელიც საკმაოდ რთულად შესასრულებელი ილეთი იყო. კარგად ჩაერთო შეხვედრაში ტრავმირებული ბუკა შარიქაძის მაგივრად შემოსული ბადრი ლიპარტელიანი, რომელიც დაცვაში საიმედოდ იდგა და საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

სოსო მათიაშვილი (ფოტო: PhotoScrum/Revista22 – Hector Sanchez)

 

დავით კაჭარავა

„კაჭის“ თამაში ცალკე გვინდა გამოვყოთ. ვეტერანი უკანახაზელი, რომელიც აგერ უკვე 32 წლისა მოიყარა და ნაკრებში 97 კეპი აქვს მოხვეჭილი, ესპანელებთან შეხვედრაში ქართველთაგან ყველაზე აქტიური იყო. კაჭარავა იყო ყველგან – ხაზში, სადაც უბრალოდ შესანიშნავი ბოჭვები აკეთა და მოწინააღმდეგეს ბურთი ხელიდან რამდენჯერმე გააგდებინა; რაქში, სადაც ესპანელებს ბურთი ყველაზე მეტჯერ სწორედ მან წაღლიტა და ერთხელაც მისთვის ცოტა უჩვეულო ფუნქციის შესრულებაც მოუწია – ესპანელების მწვავე შეტევის შემდეგ ბურთი კიდეზე ფეხით მოიგერია. ჩვენი აზრით, იგი ბორჯღალოსნებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ არა დათო კაჭარავა, შაბათის მატჩში გამარჯვება ალბათ ესპანელებს დარჩებოდათ.

 

სტადიონი

ჩვენ მიერ ზემოთჩამოთვლილ პრობლემებს ზემოდან დაერთო მოედნის გაბარიტებიც. თუკი ესპანელები აქამდე მადრიდში გვმასპინძლობდნენ, ამჯერად პროვინცია ვალიადოლიდში – მედინა დელ კამპოში მიგვიწვიეს.

მედინა დელ კამპო კოპწია, შუასაუკუნეების ქალაქია, რომელიც თავის დროზე ვაჭრობით და ბანკებით იყო სახელგანთქმული, ახლა კი წყნარი ადგილია, სადაც სულ რაღაც 21 000 მოსახლე ცხოვრობს. მოკლედ, თუ ამ მხარეში მოხვდებით, სანახავად და დასათვალიერებლად ნამდვილად ღირს. აი რაგბის სათამაშოდ კი რა გითხრათ…

გარდა იმისა, რომ კამერები ძალიან დაბალზე იყო განლაგებული და მაყურებელი რეპორტაჟის ყურების დროს დაიტანჯა (ამაში თავისი წვლილი ოპერატორებმა და რეჟისორებმაც შეიტანეს, რომლებსაც მოედანზე ბურთი ხშირად ეკარგებოდათ), აშკარად ჩანდა, რომ მოედანი ზედმეტად მოკლე იყო. ის კი არა, საკითხავია, საერთოდ სტანდარტებში ჯდებოდა თუ არა და სიგრძეში 94 მეტრი მაინც თუ გახლდათ. სარაგბო ოფიციოზის მოწესრიგებულობის და რეგლამენტის „განუხრელად დაცვის“ სურვილს თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, რომ მოედნის სიგრძე-სიგანე საერთოდ არ შეემოწმებინათ.

აქ ისმის ერთი კითხვა: საქართველოს რაგბის კავშირი რატომ დათანხმდა მსგავს მოედანზე თამაშს? შეგახსენებთ, რომ როცა გერმანელებს ქუთაისში თამაში შევთავაზეთ, იმათ სასტიკი უარი შემოგვითვალეს და მატჩიც რუსთავში გაიმართა.

იმედია, მომავალში ამ არენაზე აღარასდროს ვითამაშებთ.

 

მსაჯი

25 წლის ქრეიგ ევანსი პროფესიონალი მსაჯი 2015 წელს გახდა. მსაჯობდა შინაურ პირველობაზე, საერთაშორისო დონეზე განუსჯია მალტა-ისრაელი, შვიდკაცას მსოფლიოსა და ევროპის სერიები და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი.

მიუხედავად დამსახურებათა არც თუ ისე მცირე ჩამონათვალისა, მის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად გვაქვს.

ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს ევანსი ჩვენ წინააღმდეგ მსაჯობდა. არა, უბრალოდ დაბალი კვალიფიკაციის გამო მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ყველაზე თვალსაჩინო რა თქმა უნდა უპირატესობების ძალიან მალე დამთავრებაა. რაგბის წესებში პირდაპირ წერია, რომ მსაჯი უფლებამოსილია, მისი შეხედულებისამებრ დაამთავროს უპირატესობა, თუკი თვლის, რომ გუნდმა ხეირი უკვე ნახა. თუმცა 5-მეტრიანში მოპოვებული ჯარიმა გამოყენებულ ხეირად მხოლოდ ლელოს დამიწების, ან არეკნის გატანის შემთხვევაშიღა თუ იქცევა. მაგრამ, როგორც ჩანს, ქრეიგ ევანსს სხვა აზრი აქვს.

მეორე ეპიზოდი, როცა ჩვენი ხეირი გაუგებარ სიტუაციაში დაამთავრა, შემდეგნაირად გამოიყურება: 10-მეტრიან ხაზთან დანიშნულ შერკინებაში ბორჯღალოსნები ესპანელებს ჯაბნიან და რეფერიც უპირატესობის ნიშნად ჩვენკენ იშვერს ხელს:

 

ბეგაძეს ბურთი შერკინებიდან გამოაქვს და ქართველები ცდილობენ, ხეირზე შეუტიონ, თუმცა უკან-უკან იხევენ. ბოლოს კი ხმალაძე ფეხით იკიდებს ბურთს, რომელსაც ვერ იჭერს. წესით და რიგით, ევანსმა უპირატესობა უნდა დაგვიბრუნოს, თუმცა ჰოი საოცრებავ – თურმე იგი უკვე გამოგვიყენებია. როგორც ჩანს, უელსელს ხეირი ბურთიანად საკუთარი ლელოსკენ სვლა ჰგონია. საბოლოოდ, ჩვენივე უპირატესობა დაგვიმთავრა მისი მოპოვების ადგილიდან 15 მეტრით უკან.

 

ზოგადად კი, „რაგბი ევროპა“ ყოვლად გონჯი ორგანიზაცია რომ არის და მისი ტურნირიც თავმოუბმელობით გამოირჩევა, მსაჯების დანიშვნიდანაც ჩანს.

მატჩების უმრავლესობას ახალგაზრდა, გამოუცდელი რეფერები მსაჯობენ, ხოლო გამოცდილი და წონიანი თემიდის ხილვა ერთობ იშვიათი სიამოვნებაა.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მატჩის კომისრები ოქმებს ან საერთოდ არ ავსებენ, ანაც გვარიანად აგვიანებენ, შიგ უმრავი შეცდომაა და მისი გასწორება შემდეგ ცალკე თავისტკივილია.

 

სათამაშო ეპიზოდები

 

უპირველესად, გვინდა რამდენიმე ეპიზოდის ნაკრები შემოგთავაზოთ და აქვე მცირე სტატისტიკაც: ესპანელთა დარტყმული 5 ქიქ ოფიდან სუფთად მოვიგეთ მხოლოდ ერთი, 4 შემთხვევაში ბურთი ან წინ გაგვივარდა, ან პირველივე ფაზის შემდეგ დავკარგეთ. ესპანელთა ათივე ქულა სწორედ ქიქ ოფის დროს ჩვენს ცუდ თამაშს მოჰყვა.

შემდეგი ეპიზოდი უკვე გაშვებული ლელოა.

ამ ვიდეოში დააკვირდით მამუკაშვილისა და ბეკოშვილის სინქრონულ მოძრაობას. ისინი ჯერ რაქიდან მარცხნივ მოძრაობენ, ხოლო შემდეგ რატომღაც ისევ რაქის უკან ბრუნდებიან. მათ მოძრაობას აკვირდება ნგავინდი, რომელიც მომენტალურად ამჩნევს გამოთავისუფლებულ სივრცეს, იღებს ბურთს და ცდილობს ღრიჭოში შეძრომას. ლომიძე რაქიდან გამოსვლას და წამოდგომას აგვიანებს, ხოლო ის-ისაა ახალი წამომდგარია, როცა ნემსაძე ცდილობს ესპანელი ფეხების მაგივრად წელს ზემოთ შებოჭოს. იმავეს ცდილობს ლომიძეც. ნგავინდი მიწისკენ მიდის, უსხლტება ორივე მბოჭავს და შემდეგი მოძრაობით ბურთს ლელოში ამიწებს.

რომ არა რამდენიმე შეცდომა და შეუთანხმებელი მოქმედება, ამ ეპიზოდში ლელოს დიდი ალბათობით გადავრჩებოდით.

დაბოლოს, მამუკაშვილის არჩათვლილი ლელო:

ქვედა სლაიდზე ჩანს მამუკაშვილი, რომელიც ლელოსკენ მიიწევს, ხოლო მარჯვნიდან ხავიერ კანოსა ცდილობს მიუსწროს და კიდეზე გადადენოს. ჩვენი აზრით, შალვა დგამს ერთ ზედმეტ ნაბიჯს, რომელიც საშუალებას აძლევს კანოსას, რომ ბოჭვა შეასრულოს.

ჩვენი პოზიციის გასამყარებლად შემდეგი სლაიდი გამოდგება, სადაც კარგად ჩანს, რომ შალვა მთელი კორპუსით ლელოშია შესული. მას თავისუფლად შეეძლო, ის ზედმეტი ნაბიჯი აღარ გადაედგა, უბრალოდ გადამხტარიყო, ფეხები ზემოთ აეწია და ამხელა მასისა და ინერციის მორაგბის შეჩერებას კანოსა ვეღარ მოახერხებდა. ხოლო მანძილი სრულად საკმარისი იყო, რათა მამუკაშვილი ლელოს მიწვდომოდა.

ასევე ნახე

როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

    თამაშის დასრულების შემდეგ რუსთა სათადარიგო სკამს თუ დააკვირდებოდით, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდებოდით:  …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

three × 5 =