მთავარი / ბორჯღალოსნები / თავხედი ბავშვების ეფექტი

თავხედი ბავშვების ეფექტი

 

შაბათს, საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20-9 დაამარცხა და ნოემბრის ტესტები დადებითი ბალანსით დაასრულა. უცნაურია, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და 20 წუთი უმცირესობაში ყოფნისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ქვემოთ ვეცდებით ის რამდენიმე მიზეზი გამოვყოთ, რამაც ტონგელთა დამარცხება გაგვიადვილა.

 

ტაქტიკა

კუნძულელებს შორის ტონგა ალბათ, ყველაზე “მძიმე” გუნდია. საქართველომდე ორი მატჩი ჩაატარეს და ორივეში ერთი და იგივე ხერხს მიმართავდნენ – ცდილობდნენ მეტოქე დაეჩეჩქვათ, კონტაქტის არეში უპირატესობა მოეპოვებინათ და ბურთი ხაზზე ნაკლებად გაეტანათ. უნდა ითქვას, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლა. ფრანგ ბარბაროსებს სწორედ მიძალებების ხარჯზე მოუგეს და რამდენჯერმე მიძალება უელსთანაც გამოუვიდათ.

აქ მთავარი კითხვა ისაა, რამდენად სწორია იგივე ტაქტიკის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება?

უკვე წლებია, კუნძულელების წინააღმდეგ ბორჯღალოსნების მთავარი ტაქტიკა ე.წ. თამაშის მოკვლაა. ბურთის მაქსიმალურად შენელება, ბევრი ჯახი, ფრთაზე გაშლის საშუალების არმიცემა და ა.შ.

და ამ დროს რას აკეთებს ტონგა? თავად ცდილობს იმ სტილში თამაშს, რომელიც ქართველებისთვის ყველაზე მისაღებია. თუ გავიხსენებთ, იგივე სტილით სცადეს ფონს გასვლა მსოფლიო თასზე და როცა გამოფხიზლდნენ,  უკვე ძალიან გვიან იყო. ტონგამ ბოლოს 2014 წელს მოგვიგო. მაშინაც, მთელი სამოცი წუთის განმავლობაში გვეჭიდავნენ, შემდეგ მიხვდნენ, რომ არაფერი გამოსდიოდათ და სწორედ ხაზის ხარჯზე დაგვამარცხეს. მას მერე, რატომღაც ჩვენსავე მოედანზე, ჩვენივე ილეთით ცდილობენ ჩვენ დამარცხებას და ფაქტია, არაფერი გამოსდით.

მატჩის წინა დღეს, გურამ გოგიჩაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ტონგა ჩაკეტილ რაგბს თამაშობს, ამიტომ ჩვენ ხაზის გაშლა და იქ უპირატესობის მოპოვება უნდა ვცადოთო. შეიძლება ამ კომენტარზე ზოგს გაეცინა კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ შაბათს ქართველთა ხაზი აშკარად ტონგელებისაზე უკეთესად გამოიყურებოდა. ბორჯღალოსნებმა ოვალი რამდენჯერმე ძალიან კარგად ჩაათამაშეს და ფრთაზე უპირატესობის მოპოვებაც მოახერხეს. ზურა ჟვანიას დადებული ლელოც სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

ტონგელთა ხაზის თამაში კი მათ #12-ს და #15-ს არ გასცილებია. თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ.

მოკლედ, ის, რაშიც კუნძულელებს წესით და რიგით უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, თუნდაც უფრო მაღალ დონეზე მობურთალი უკანახაზელების ხარჯზე, პირიქით, ქართველთა კოზირად იქცა.

 

 

ჰაერი

აქამდე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჰაერში თამაში ქართველთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. არადა, მაღალ ბურთებზე ბრძოლა ერთ-ერთი ის კრიტიკული კომპონენტია, რაც მაღალი კლასის გუნდს სხვებისგან გამოარჩევს.

ჩვენი სისუსტეები საიდუმლო არც ტონგელებისთვისაა, რომლებთან ტესტებიც ძალიან ხშირად გვიწევს. შესაბამისად, მიძალებების გარდა, მათი მთავარი ტაქტიკა ფეხით  გადაკიდებები იყო. ამას წვიმიან ამინდსაც თუ დავუმატებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული.

თუმცა, კუნძულელთა სამწუხაროდ, მთელი ნოემბერია საქართველო “საკუთარ თავს არ ჰგავს” და ჰაერში უბრალოდ ძალიან კარგად გამოიყურება. მიუხედავად ცუდი ამინდისა და ტონგელთა #9 (ტაკულუა) და #15 (ლილო)-ის ძალიან კარგი დარტყმებისა, ქართველებმა მეტოქეს ჰაერში შანსი არ დაუტოვეს და ორიოდე შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს.

ერთი შეხედვით უცნაურია, თუ რამ გამოიწვია ბორჯღალოსნების ასეთი ფერისცვალება, თუმცა ჰაერში თამაში ის კომპონენტია, რომელშიც ერთი ან ორი მოთამაშე ძალიან ბევრ რამეს წყვეტს და ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც: დაგვიბრუნდა მაღალ ბურთებზე შესანიშნავად მოთამაშე #8 ბექა გორგაძე და ასევე გუნდს დაემატა, ჩემი აზრით ნაკრების წლის აღმოჩენა, ზურაბ ძნელაძე. “ტურბო” ნაკრებში 26 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდის სათამაშო სქემაში იდეალურად ჩაჯდა. ბოლო ათწლეულში, ბორჯღალოსნების უკანა ხაზში, ჰაერში ასე სტაბილურად მაღალ დონეზე მოთამაშე მორაგბის გახსენება გამიჭირდება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამი თამაშია და ძნელაძეს მთავარი გამოცდები წინ აქვს, თუმცა ასეთი თავდაჯერება და კარგი თამაში ნამდვილად აღსანიშნია. ამ დუეტს დაემატა გიორგი კვესელაძე. რომელიც, რამდენიმე ეპიზოდში, მაღალ ბურთზე ძალიან გაბედულად და სწორად წავიდა. ამ სამი მორაგბის ჰაერში კარგი თამაში საკმარისი გამოდგა, რომ ფაქტიურად ყველა საბრძოლო ეპიზოდში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა.

 

რაგბის ოქროს წესი

დასარტყამი ჯარიმა კარში რომ უნდა დაარტყა, ამაზე იმდენჯერ გვისაუბრია, სათვალავიც კი ამერია. ჯერ იყო და ერთი კვირის წინ, ტაიმის მიწურულს, სამოელებმა არ დაარტყეს  და 12 ქულით წინ გასვლის შანსი გაანიავეს. ამ შაბათს კი, ტონგამ უფრო დიდი შეცდომა დაუშვა. მაშინ, როცა მხოლოდ ერთ ქულას აგებდნენ და თითქმის კარის წინ ჯარიმა მოიპოვეს, იმის მაგივრად, რომ დაერტყათ და წინ გასულიყვნენ, ლამის 10 წუთი ჩვენს 5-მეტრიანში ჯაჯგურში გაატარეს, საბოლოოდ მაინც კარში დარტყმა მოუწიათ, თუმცა ნაჯახავებმა, დაღლილმა და ამდენი წარუმატებელი მცდელობით დათრგუნულმა ტაკულუამ, მარტივი პოზიციიდან ააცდინა.

სამაგიეროდ, ანალოგიურ სიტუაციაში, როცა ანგარიში 7-9 იყო, მსგავსი შეცდომა არ დაუშვეს ბუკა შარიქაძემ და თედო აბჟანდაძემ. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის მგეზავს პირველი მცდელობა გაუფუჭდა, რამდენიმე წუთში უფრო რთული პოზიციიდან დაარტყა და საქართველო 1 ქულით დააწინაურა.

ეს ოქროს წესი ჰაერიდან არავის მოუგონია. უამრავი წარუმატებელი მაგალითია იმის დასტური, რომ დასარტყამი ჯარიმა უნდა დაარტყა და დამატებით ორ ქულას არ უნდა გამოეკიდო. ჩვენ ტყავზეც არაერთხელ გვიწვნევია ამ წესის სისწორე (მაგალითად იაპონიასთან) და ტონგელებს, საქართველო-სამოას მატჩის გარჩევისას, სამოელთათვის ავადსახსენებელი არდარტყმული ჯარიმისთვის ყურადღება რომ მიექციათ, ვინ იცის, შეიძლება შაბათს გამარჯვებული სხვა ყოფილიყო.

 

აუტი, მოლი და შერკინება

ინგლისელი გრემ როუნთრის მუშაობა თამაშიდან-თამაშამდე სულ უფრო ჩანს. ლაშა ლომიძის აუტში აწევა თუკი აქამდე ლამის ერთადერთ ვარიანტად გვქონდა, ახლა ფაქტიურად მთელ მეორე-მესამე ხაზს ვიყენებთ. ოთია გიორგაძეს ძირითადად მეტოქის 5 მეტრიანში ვწევთ, როცა მოწინააღმდეგის ლელოში შეთრევას ვაპირებთ. ბექა გორგაძე, როგორც წესი, ბოლო კაცად დგება და შორ აუტებს იგებს. მოედნის ცენტრში მეორეხაზელებს და ხანდახან გიორგი ცუცქირიძეს ვიყენებთ, ძირითადად მეორე კაცზე აუტის აგდების დროს. მოკლედ, დერეფანი გამრავალფეროვნდა და მეტოქისთვის მისი გაშიფვრა უფრო გაძნელდა.

მოლში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, თუმცა სამოასთან და განსაკუთრებით ტონგასთან, შეტევით მოლში აშკარა უპირატესობა გვქონდა. დაცვაში კი მხოლოდ მაშინ გაგვიჭირდა, როცა ბექა გორგაძე გაძევებული იყო და შერკინებაში კაცი დაგვაკლდა.

ტონგელებს ტამეიფუნასი ძალიან კი ეიმედებოდათ, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ზურა ჟვანიამ შავი დღე აყარა და მათი გეგმა, რომ მეორე ტაიმში მიწოლა გაეძლიერებინათ, წყალში ჩაიყარა. მანამდე კი მიშა ნარიაშვილმა და ლევან ჩილაჩავამ დაჩაგრეს მეტოქეები. ზოგადად, ძალიან დიდი უპირატესობაა, როცა მეტოქე შენს 22-ში ბურთს კარგავს და შერკინებაში ერთი მიწოლით შეგიძლია მოედნის 25-30 მეტრი მოიგო. ეს ფსიქოლოგიურად ტეხავს მოწინააღმდეგეს, დასვენების და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს თანაგუნდელებს და ბონუსად ბურთი ისევ შენ გრჩება, ნაცვლად იმისა, რომ შენივე 22-ში ბურთი შერკინებიდან გამოიტანო და იქედან ან ხელით წამოღება სცადო ან ფეხით მოიგერიო და ოვალი ისევ მეტოქეს ჩააბარო. ეს უდიდესი იარაღია, რომელსაც საქართველოს ნაკრები ფლობს და შერკინებაში ჩვენს სიღრმეს თუ გადავხედავთ, კიდევ კარგა ხანს გვექნება. სხვათა შორის, ზაფხულში სწორედ ამ იარაღმა გვიღალატა და დიდწილად მისი დამსახურება იყო ფიჯისთან დამარცხება.

 

თავხედი ბავშვების ეფექტი

ბორჯღალოსანთა საშუალო ასაკი სამოასთან და ტონგასთან შეხვედრაში, შესაბამისად 26.5 და 26.9 წელს შეადგენდა. სამატჩო განაცხადში 22 წლის და უფრო ნაკლების ერთ შემთხვევაში შვიდი (30.4%), ხოლო მეორეში ექვსი (26%) მორაგბე იყო. რაგბის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს ძალიან ახალგაზრდული გუნდია.

თითქმის დაწმუნებული ვარ, რომ არა ეს ახალგაზრდა ბიჭები, სამოასთან იმ შეხვედრის შემობრუნებას ვეღარ შევძლებდით. ეს ის თაობაა, რომელიც 18 წლიდან სულ სხვა წონით კატეგორიაში გამოდის და ისეთი გუნდები დაუმარცხებია, როგორიც იტალია, იაპონია, ირლანდია და შოტლანდიაა. თავდაჯერება ჰაერიდან არ მოდის, მას გამოცდილება სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გუნდისთვის ჯერ ჭყინტები არიან, თუნდაც ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებულ გამოცდილებას, ასევე ბუნებრივ ნიჭს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ზემოთ თავხედი ბავშვები ვახსენე და რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებით კონტექსტს ვგულისხმობდი. უმაღლეს დონეზე სათამაშოდ სპორტული სითავხედე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ტონგელები ხაზით დავჩაგრეთო რომ ვამბობთ, ტონგელებთან ხაზის გაშლასა და ბურთაობას ზუსტად სპორტული სითავხედე, სითამამე და ოსტატობა სჭირდება.

ოსტატობა ტყუილად არ მიხსენებია. მილტონ ჰეიგს ხშირად აკრიტიკებენ, ნაკრებს ისევ იმ არასანახაობრივ რაგბს ათამაშებს და სადაა აბა ხაზის გაშლაო. მილტონ ჰეიგის მიმართ კრიტიკა არაერთხელ გამოგვითქვამს, ტაქტიკური გადაწყვეტილებების ან შემადგენლობის შერჩევის დროს შეცდომებიც დაუშვია, თუმცა ხაზის გაშლას და თვალსასეირო რაგბის თამაშს შესაბამისი მორაგბეები სჭირდება. მეზობელი სპორტიდან, მისი კოლეგის ფრთიანი გამონათქვამის არ იყოს, ჰეიგი მესებს თავად ვერ დაბადებდა. ისევ ახალგაზრდებს დავუბრუნდეთ. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ გარდა სითავხედისა და მონდომებისა, ამ ბიჭებს ისეთი უნარ-ჩვევებიც აქვთ, რომელიც ლაღი თამაშისთვის აუცილებელია. ბოლო-ბოლო, წინა თაობებისგან განსხვავებით, რაგბის თამაში ასფალტის მაგივრად,   ბალახზე მაინც ისწავლეს.

 

მინუსები

რაქი: მართალია, მწვრთნელთა დავალება იყო, რომ რაქში რაც შეიძლება ცოტა შევსულიყავით, რათა მეტოქეს ხაზზე მეტობა არ შეექმნა, თუმცა ამ კომპონენტში სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. მეტოქეს ან ძალიან იშვიათად ან ფაქტიურად ვერ ვაწუხებთ.

კონტაქტის არე: საკუთარ 5 მეტრიანში თავს თავგანწირვით კი ვიცავთ, თუმცა მეტოქე ჩვენს 22-ში ძალიან ადვილად შემოდის და დომინანტი ბოჭვების გაკეთებას იშვიათად ვახერხებთ.

მეორე ხაზი: ამწუთას ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პოზიცია არ ამარტო ეროვნულ, არამედ ასაკობრივ ნაკრებებში. სამწუხაროდ, ქართულ რაგბში მაღალი და ჯანიანი ბიჭების დეფიციტია.

ტაქტიკური დარტყმები: მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში კარგად გამოვიყურებოდით, მოედანში ფეხით თამაშში მოვიკოჭლებთ. ქართველ უკანახაზელებს, მეტოქის ზურგში, ცარიელი სივრცეების მოძებნა და ასევე საბრძოლო ბურთების დაკიდება უჭირთ.

 

მოთამაშეთა შეფასება

მიშა ნარიაშვილი (7.5): საიმედო იყო. მიწოლაში ვიზავი დაჩაგრა. დაცვაში და მოლში ბევრი იმუშავა.

შალვა მამუკაშვილი (7): ეს თამაში, ისევე როგორც მთელი სერია, სტაბილურად კარგი იყო. აუტები ფაქტობრივად უშეცდომოდ ააგდო.

ლევან ჩილაჩავა (7): შერკინებაში და მოლში კარგად იდგა. ფეხი იტკინა და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

ნოდო ჭეიშვილი (6): მიუხედავად პროგრესისა, მისგან უფრო მეტს ველით. მოწინააღმდეგის ერთადერთი აუტი სწორედ მან მოიგო.

ლაშა ლომიძე (6.5): უკეთესი იყო, ვიდრე სამოასთან. რამდენჯერმე ბურთის კარგად წაღება მოახერხა.

ოთია გიორგაძე (7.5): მოლს ზუსტად იმ მომენტში მოწყდა, როცა საჭირო იყო. სალელოვე ალღო აქვს და ნელ-ნელა ლელოს დამდებ მანქანად ყალიბდება.

გიორგი ცუცქირიძე (7): ისეთი აქტიური არ იყო, როგორც სამოასთან, რაც ალბათ გადაღლის ბრალია. ტრადიციულად, ერთი გარღვევა ამ თამაშშიც გააკეთა.

ბექა გორგაძე (8): წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ჰაერში უშეცდომოდ ითამაშა. შეტევაშიც და დაცვაშიც კარგი იყო.

ვასკა ლობჟანიძე (6): რაქში ბურთს კვლავ აყოვნებდა. თუმცა, შესაძლოა, ეს პირველ ტაიმში მწვრთნელთა ტაქტიკური ჩანაფიქრის ნაწილი ყოფილიყო. რამდენჯერმე ფეხით გადაკიდა, თუმცა ამას ჩვენთვის რამე უპირატესობა არ მოუტანია.

თედო აბჟანდაძე (8): უფრო თამამი იყო და ორჯერ ხაზიც გაჭრა. მხოლოდ ერთი დარტყმა გაუცუდდა და რამდენიმე რთული – გაიტანა. შეცდომები ჰქონდა ღია თამაშში ფეხით დარტყმისას.

გიორგი კვესელაძე (7.5): შეტევებს სულ ამწვავებდა, ჰაერში ყველა ბურთი აიღო.

თაზო მჭედლიძე (7): უფრო პასიური იყო, ვიდრე სამოასთან. ჟვანიას ლელოზე ტაკულუა ხელით არ უნდა დაეჭირა.

ბუკა შარიქაძე (7.5): შეტევაში აქტიური და დაცვაში უშეცდომო.

ზურაბ ძნელაძე (8.5): ნოემბრის ტესტ სერიების აღმოჩენა. ყველა სათამაშო ეპიზოდში საიმედო და ეფექტური იყო

ლაშა ხმალაძე (7): სტაბილურად ითამაშა. ფეხით დარტყმისას მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა.

ჯაბა ბრეგვაძე (7): კარგად შემოვიდა და აუტებიც უშეცდომოდ მოაწოდა

ზურაბ ჟვანია (9): ზუზუს საუკეთესო თამაში ნაკრებში. შავი სამუშაო იდეალურად შეასრულა, დაცვაში ძალიან აგრესიული იყო. ბენ ტამეიფუნა პირწმინდად დაჩაგრა. თამაში ულამაზესი ლელოთი დაასრულა.

ბექა გიგაშვილი (9): ნოემბრის ტესტების კიდევ ერთი აღმოჩენა. ძალიან მნიშვნელოვანი თერნოვერი გაახერხა. მიწოლაში და ღია თამაშში,ერთნაირად ძლიერი იყო.

შალვა სუთიაშვილი (8.5): სუთის კიდევ ერთი უმაღლესი დონის თამაში. მოედანზე შემოსვლისას, ნაკრებს ერთი-ორად აძლიერებს.

კოკი თხილაიშვილი (7.5): ტრადიციულად საიმედო და დაუღალავი მბოჭავი. შეხვედრაში გარდამტეხ მომენტში ჩაერთო და მოვალეობებს თავი პირნათლად გაართვა.

გელა აფრასიძე (8): ბევრი არ უთამაშია, თუმცა ნაკრების შეტევები ძალიან ააჩქარა. გაწითლებულ დროზე, ბურთი აუტში არ გადააგდო, შეტევა წამოიწყო და ლელოც დავდეთ.

მეკო კვირიკაშვილი (5.5): კრიტიკულ სიტუაციაში ბურთი აუტში ვერ გადააგდო. ტონგა ჩვენს 22-ში მოაბრუნა და გაასინბინეს კიდეც.

ბექა ბიწაძე: შეფასების გარეშე. მოედანზე მცირე დრო გაატარა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ზურაბ ჟვანია

 

ქართულ რაგბს რეგრესი აქვს(?)

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები, არა?

მაშინ, მოდი რამდენიმე კითხვას ვუპასუხოთ: აქამდე იტალიას ფლორენციაში ვუგებდით და ახლა ვეღარ? აქამდე გაშლილ და ლაღ რაგბს ვთამაშობდით და ბოლო 3 წელში დაგვავიწყდა? ტონგას და სამოას აქამდე ბურთაობით, მარტივად ვუგებდით და ახლა დაძაბულ ბრძოლაში ძლივსღა ვახერხებთ გამარჯვებას?

2015 წელს, როცა მსოფლიო თასზე ტონგა დავამარცხეთ, ყველანაირი შეფასებით, ეს იყო წარმოუდგენელი გამარჯვება. მანამდე, 2013 წელს, სამოელებს თბილისში კინკილა ქულით რომ ვძლიეთ, ამ ამბის ღვთიურ სასწაულად გამოცხადებას ცოტაღა დააკლდა. 2015 წლის შემდეგ სამჯერ ვეთამაშეთ სამოას – ორი მოგება, ერთი ფრე. სამჯერ ტონგას – სამივე მოგება. ორჯერ ფიჯის – მოგება და წაგება.

ამ კამათს რომ შევყვეთ, საბოლოოდ ორად ორი არგუმენტი რჩება:

პირველი: შერკინებაში და მოლში ვეღარავის ვერევით

ა) შერკინებაში ნამდვილად გვქონდა მცირე ჩავარდნა ზაფხულის ტესტების დროს და ამის გამო ფიჯისთან წავაგეთ. მაგრამ ეს იყო რამდენიმეთამაშიანი ჩავარდნა და არა რეგრესი. ახლანდელი შერკინების მდგომარეობა თუ ვინმეს აინტერესებს, ბოლო სამ თამაშს დაკვირვებით უყუროს.

ბ) მოლში მაღალი დონის ნაკრებებს ვერასდროს ვჩაგრავდით (ლოკალურად, ერთ კონკრეტულ თამაშში, ერთ მოლში დაჯაბნა არ ითვლება). ის კი არა, ერთა თასის დონეზეც გვიჭირდა ზოგიერთებთან. გარდა ამისა, მეორე ხაზში უდიდესი დანაკლისი გვაქვს.

და მეორე: აბა, აგერ იაპონიამ რომ გაგვასწრო?

ჯერ ერთი, იაპონიამ ახლა კი არ გაგვასწრო, სულ გვისწრებდა. გავიხსენოთ,  ჰოლანდიასთან 50 ქულაზე მეტს რომ ვაგებდით,  ზუსტად იმ წელს, ისინი მსოფლიო თასზე ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს ერკინებოდნენ. გარდა ამისა, შეადარო საქართველოსა და იაპონიის რესურსები, გინდა ფინანსური, გინდა ადამიანური, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ჩვენ რომ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად საჭირო 5 მილიონი ძლივს შევაკოწიწეთ და გვიხაროდა, იმ მომენტში იაპონელები რაგბში მსოფლიო თასისა და შემდეგ ოლიმპიადის ჩასატარებლად მზადებას იწყებდნენ და რამდენიმე მილიარდი უკვე გამოყოფილი ჰქონდათ.

რაგბი, რა თქმა უნდა, მარტო ფული არაა, თუმცა იგივე იაპონელები სუპერ რაგბში უმაღლეს დონეზე თამაშობენ, ასევე ახდენენ უამრავი მორაგბის ნატურალიზაციას. რაგბი იქ ძალიან პოპულარულია და 126 მილიონიან ქვეყანაში უამრავი პროფესიონალი თამაშობს.

მოკლედ, ეს არ ნიშნავს, რომ იაპონიას ვეღარ მოვუგებთ, მათთან უშანსოდ ვართ და ა.შ. თუმცა, გვახსოვდეს, რომ ამომავალი მზის ქვეყანა ჩვენი საზომი არაა. და თუკი მათ ჩვენზე მეტი პროგრესი აქვთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ ადგილას ვდგავართ ან უკან მივდივართ. უბრალოდ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ სამყაროში ვიღაცას რაღაც ხანდახან ჩვენზე უკეთ გამოსდის.

ჩვენი რეგრესი თუ პროგრესი ყველაზე კარგად სტატისტიკაში ჩანს. მშრალი ციფრები არ იტყუებიან.

ბორჯღალოსანთა სტატისტიკა Tier 2 გუნდებთან

2012-15 წლების ციკლი: 6 გამარჯვება (მათ შორის სამი რუმინეთთან), 1 ფრე და 8 მარცხი.

2016-19 წლების ციკლი: 12 გამარჯვება (აქედან ორი რუმინეთთან), 1 ფრე და 4 მარცხი. და ეს ყველაფერი თაობათა ცვლის და იმის ფონზე, რომ ნაკრებიდან ორი ვარსკვლავი, მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი წავიდა.

მგონია, რომ ამ სტატისტიკით ყველაფერი ნათქვამია.

 

შეჯამება

ნოემბრის ტესტებზე ორი კუნძულელის დამარცხება და იტალიასთან ბრძოლაში წაგება ცალსახად დადებით შედეგად უნდა შეფასდეს.

რაც მთავარია, ახლა გარდამავალ ეტაპზე ვართ და ამ ციკლს, ასე თუ ისე უმტკივნეულოდ გავდივართ. 5 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სამოასა და ტონგას 19-22 წლის ბიჭებით დავამარცხებთო, ყველაზე კარგ შემთხვევაში გამოუსწორებელ ოპტიმისტად ჩათვლიდნენ.

სხვა საქმეა, რომ თვისობრივად სხვა დონეზე გადასასვლელად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჭაობის მაგივრად ახალი გამოწვევა გვჭირდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არც შესაბამისი ფინანსები გვაქვს და მსოფლიო რაგბის კონსერვატორი მამებიც ჩვენს სურვილებს მაინცდამაინც აღტაცებით არ ეგებებიან.

თუმცა, ბუნდოვნად, მაგრამ სხვანაირი რაგბის კონტურებიც გამოჩნდა.

თავხედი ბავშვების ეპოქა იწყება…

ასევე ნახე

ქართველებისგან ბევრი ვისწავლეთ – ედი ჯოუნზი

როგორც იცით, ქართველი მორაგბეები ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთობლივ წვრთნაში იღებენ მონაწილეობას. ამ მოვლენას …