მთავარი / ბორჯღალოსნები / თამაში მეთერთმეტე ადგილისათვის

თამაში მეთერთმეტე ადგილისათვის

2016 წელი. საქართველო – რუმინეთი 38-9 (ფოტო: Georgian Rugby)

 

კვირას, თბილისის დროით 17:00-ზე წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან.

ვლახთათვის წლევანდელი ტურნირი არცთუ წარმატებულად დაიწყო, ძნელად რომ ვინმე ელოდა გერმანიასთან მათ დამარცხებას. ყინულივით ცივი შხაპის შემდეგ რუმინელთა მანქანა მოიქოქა და ზედიზედ დაამარცხა ესპანეთი, რუსეთი და ბელგია.

 

სელექცია

იმისდა მიუხედავად, რომ რუმინეთს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური აქვს მოსაპოვებელი, ვლახთა უელსელი თავკაცი ლინ ჰაუელსი პარალელურად მაღალეფექტიანი კომბინაციების ძიებაშია.

პირველ 2 ტურში მან ჯერ ძირით აფრიკელი ჯოდი როუზი მოსინჯა მგეზავის პოზიციაზე, თუმცა გერმანული ფიასკოს შემდეგ ძირითადში ადგილი ზელანდიაში დაბადებული ლუკ სამოას ანდო.

აღსანიშნავია, რომ როუზს ჯერ კიდევ შორეულ 2008-ში, ბუქარესტის ერთა თასზე, სამხ.აფრიკის „ა“ ნაკრების რიგებში ბოლო 6წთ აქვს ნათამაშევი საქართველოს წინააღმდეგ; ხოლოდ 9 დღის შემდეგ უკვე რუმინეთის წინააღმდეგ ძირითადი მგეზავი იყო.

როგორც ჩანს ჰაუელსი მაინცდამაინც კმაყოფილი არცერთით დარჩა და შემდეგ ორ ტურში (რუსეთთან და ბელგიასთან) ისევ გამოცდილ ვეტერანს ფლორინ ვლაიკუს მიუბრუნდა, რომლის სნაიპერულ თვისებებზეც დიდწილადაა დამოკიდებული რუმინელთა შედეგები თიერ2 ქვეყნებთან.

მწყობრში არიან ბოლო წლების რუმინელთა საუკეთესო მარბიელები ვიორელ ლუკაჩი და კაპიტანი მიჰაი მაკოვეი. ძირითადად სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული (როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად), რამდენად წარმატებულად შეძლებენ ჩვენი ფორვარდების მიძალების აღკვეთას.

რუმინელთა ერთადერთი დანაკლისი თავღია ბურჯი მიჰაი ლაზარია, რომელიც როგორც ჩანს კლუბმა (კასტრ, ტოპ14) არ გაათავისუფლა და ყოველდღიური სარჩოს საშოვნელად ბუქარესტის ნაცვლად სტად პიერ-ანტონზე მოუწევს ჭიდილი.

ემზადება საქართველოც. მილტონ ჰეიგმა დაასახელა თავისი რაზმი, რომელიც დიდწილად პროგნოზირებადი იყო. შუამარბად დაგვიბრუნდა მერაბ შარიქაძე, მღლეტელად კი გიორგი (კოკი) თხილაიშვილი. სათადარიგოთა სკამზე უკვე მერამდენედ სპეციალისტი მეორეხაზელის ნაცვლად კიდევ ერთი მესამეხაზელი გვიზის, რაც მიანიშნებს, რომ ცვლილებების შემდეგ მამუკა გორგოძე მეორე ხაზში გადაინაცვლებს.

 

რას უნდა  ველოდოთ მატჩისგან?

ვერცერთი გუნდი სწრაფი და შემოქმედებითი თამაშით ვერ დაიკვეხნის. ორივე მძიმე შერკინების მიერ მოპოვებული უპირატების იმედზეა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ ვიხილავთ ბევრ ჯახს. თუკი ქართველები ბურთის მაქსიმალურ კონტროლსა და შეტევის ორგანიზებას მოედნის მთელ სიგანეზე ეცდებიან, მოწინააღმდეგე პირიქით ტერიტორიის მოგებას ფეხით ტაქტიკური დარტყმებით და ხშირი აბრაგანებით დაეშურება.

რუმინეთის ამოცანაა, რომ მთელი თამაში არ დაკარგოს კონცეტრაცია და სტაბილურად ჩაატაროს 80 წუთი. გერმანიასთან დრამატულ რკენაში 2-ჯერ იყო ეპიზოდი, როდესაც ვლახები 18 ქულით დაწინაურდნენ და თითქოს გამარჯვებულის ვინაობაც უკვე გარკვეული იყო. მაგრამ ორივეჯერ „მოახერხეს“ სოლიდური უპირატესობის განიავება და საბოლოოდ დამარცხებულებმა დატოვეს მინდორი. ბუნებრივია ქართველებთან მსგავსი ფუფუნების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მაქსიმალურად ეცდება მოპოვებული ჯარიმების ქულებში გარდასახვას და ლელოზე მხოლოდ მაშინ გაიწევენ, რეალური შანსი ან გადაუდებელი აუცილებლობა თუ დაუდგებათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრად ჩატარებული შეხვედრების მიხედვით ტოლ-სწორად ვართ (4-4 მოგება/წაგება და 1 ფრე) და მასპინძლებს 2010 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებთან შინ გამარჯვებისთვის ვერ მიუღწევიათ, უნდა ველოდეთ, რომ აუცილებლად შემოგვასკდებიან და ეცდებიან ერთი გასროლით შარშანდელი მარცხის სირცხვილიც ჩამოირეცხონ და გულშემატკივარიც გაახარონ.

 

მნიშვნელოვანი მოთამაშეები

მასპინძელთა რიგებში შეგვეძლო დაგვესახელებინა ფეხმარდი ფულბეკი  კატალინ ფერკუ ანდა რუმინელთა კაპიტანი და ერთადერთი კლასიანი მარბიელი მიჰაი მაკოვეი. მაგრამ ჩვენი არჩევანი ნატურალიზებულ შუამარბთა წყვილზე შეჩერდა. ვფიქრობთ, ძირით ტონგელი სიონე ფაკაოსილეა და ზელანდიაში დაბადებული ძირით სამოელი ჯეკ უმაგა კვირის დაპირისპირებაში რუმინელთა შეტევის მთავარი იარაღი იქნებიან. ორივეს ეხერხება ინტერვალებში შესვლა, თუმცა არც  დაცვის ხაზის ჯიქურ გაგლეჯვაზე არიან უბრად. შარიქაძე-კაჭარავას წყვილს ყურადღებით ყოფნა მართებს.

საქართველო – საფიქრალია, რომ ორივე მხრიდან ვიხილავთ ბევრ ტექნიკურ წუნს წინდავარდნილ ბურთების თუ პასების სახით და შერკინებაც ხშირ-ხშირად დაინიშნება. აქ კი ბევრი რამ სოსო ბეკოშვილზე იქნება დამოკიდებული. რამდენად კარგად აუბამს მხარს თავისზე ბევრად გამოცდილ უფროს კოლეგებს? შერკინების მიერ მოპოვებული პლაცდარმი ჩვენი წარმატებული თამაშისთვის კრიტიკული მნიშვნელობის რომ არის, ლამის ნებისმიერმა ახალბედა გულშემატკივარმაც კი იცის.

 

ჩვენი პროგნოზი: ორი დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდის შეხვედრაში მწირქულიან თამაშს და საქართველოს 5-7 ქულით გამარჯვებას ველით.

დაბოლოს, თუკი კვირას რუმინეთის მინიმალური სხვაობით დამარცხებას მაინც მოვახერხებთ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში 0.78 ქულა დაგვემატება, იაპონიას გადავასწრებთ და ნოემბერში დაკარგულ მე-11 ადგილს დავიბრუნებთ.

 

 

 

მსაჯები:

ი. დევისი, ს. ბრიკელი, ვ. დევისი (ყველა უელსი)

მატჩის კომისარი: ს. გიდე (საფრანგეთი)

ასევე ნახე

ესპანური წყევლა

    ერთა თასზე ბოლოს 2012 წელს წავაგეთ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩვენი დამარცხება არა რუმინეთმა, …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

four − one =