მთავარი / ინტერვიუ / გია ნიჟარაძე წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე

გია ნიჟარაძე წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე

გია ნიჟარაძე
გია ნიჟარაძე

იანვარში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქართულ სარაგბო თემს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რა წარმატებებს მოუტანს ხელმძღვანელობის შეცვლა ქართულ რაგბს, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი, რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს დავუკავშირდით, მისი მოღვაწეობის პერიოდის შეჯამება ვთხოვეთ და სხვა საინტერესო საკითხებზეც ვესაუბრეთ

  • გამარჯობა, ბატონო გია. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. დიდი ხანია მედიაში აქტიურად არ გამოჩენილხართ და დამეთანხმებით სასაუბროც საკმაოდ ბევრი დაგროვდა. მოდით, თავიდან დავიწყოთ: გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა რაგბის კავშირის სათავეში მოხვედით. რა სიტუაცია დაგხვდათ, რა მდგომარეობაში იყო მაშინ ქართული რაგბი და რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება?

 პრეზიდენტად 2008 წლის თებერვალში ამირჩიეს. მანამდე მაშინდელმა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ ანთაძემ და კოკა ლაზიშვილმა, მთხოვეს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დამეკავებინა. 2007 წლის მსოფლიო თასის წინ გარკვეული პრობლემები იყო გადასაჭრელი და უნდა დავხმარებოდი. ვიყავი გამგეობის წევრიც. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი 2008 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე.ვინც და როდესაც არ უნდა მოვიდეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, აუცილებად დახვდება უამრავი პრობლემები. უნდა აღვნიშნო და გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს. ყველა ჩემმა წინამორბედმა გააკეთა შესაძლებლობების მაქსიმუმი. თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა მათგანს სრულიად განსხვავებულ პერიოდში და რეალობაში მოუწია მუშაობა.

ბიძინა გეგიძის დამსახურებაა ის, რომ რაგბი შევინარჩუნეთ. მან ეს პირადი და მეგობრების ძალისხმევით მოახერხა. კლოდ სორელთან ერთად, სწორედ მისი დამსახურებაა ისიც, რომ ქართული რაგბი საერთასორისო ასპარეზზე გავიდა. მათ გაჭრეს საფრნგეთში ფანჯარა ქართველი მორაგბეებისათვის. ამის გარეშე, ჩვენი განვითარება, როგორც მინიმუმ ძალიან შენელდებოდა და საერთოდ, კაცმა არ იცის საით წავიდოდით.

ასევე ძალიან ბევრი პოზიტიური რამ გაკეთდა მერაბ ანთაძის დროსაც.

დაგვხვდა პრობლემები, რომლებსაც ჩემი წინამორბედები უბრალოდ ობიექტური მიზეზების გამო ვერ გადაჭრიდნენ. პირველ რიგში საჭირო იყო მკაფიო კონცეფციის შექმნა, იმისა, თუ რა გვინდა, საით უნდა წავიდეთ. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი პრიორიტეტები და რა იყო საჭირო ამ ყველაფრის რეალურად განსახორციელებლად.

სერიოზული გამოწვევა იყო შიდა რაგბი. ჩვენ უნდა გაგვეფართოვებინა გეოგრაფიული არეალი. მოდი, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი: იმ დროს, ფაქტიურად თბილისის ჩემპიონატი ტარდებოდა. ისეთი ტრადიციული სარაგბო ცენტრიც კი, როგორიც ქუთაისი იყო, ფაქტიურად მეორე პლანზე გადავიდა, რაც დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან ქართული რაგბი პირველ რიგში, არის ამ ორი ცენტრის არსებობა.

მაქსიმალურად ყველა რეგიონში უნდა განგვევითარებინა რაგბის გეოგრაფია, მოგვეწესრიგებინა შიდა ჩემპიონატები, გაგვეძლიერებინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც თავის მხრივ შედგებოდა ინფრასტრუქტურისა და ფინანსებისაგან. უნდა დავხმარებოდით კლუბებს მატერიალური სტაბილურობის მიღწევაში. საერთაშორისო თვალსაზრისით გაგვეგრძელებინა წინსვლა და მიგვეღწია სრულიად ახალი სიმაღლეებისთვის; შეგვექმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობდა. საჭირო იყო სარაგბო პროცესში ჩართული ყველა მონაწილის კვალიფიკაციის გაზრდა – დავარქვათ ამას განათლება, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ეს მუდმივად უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ რომ რაგბი, სარაგბო მეცნიერება და ზოგადად სპორტის მეცნიერება, ისეთი სისწრაფით ვითარდება, ოდნავ თუ ჩამორჩი, ჩათვალე რომ განვითარება შეწყდება.

ჩვენი მიზანი იყო საერთაშორისო ფედერაციებთან ურთიერთობის დალაგება და მათ კომპანიაში სერიოზული როლის მოპოვება. ჩვენი ამოცანა იყო რომ გავმხდარიყავით სერიოზული მოთამაშეები, არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც – ოფიციალურ სტრუქტურებში.

რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, თუ როგორ ვუყურებდით ჩვენ რაგბს. ჩვენ რაგბს ვუყურებდით და დღესაც ვუყურებთ, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ პროექტს – ეროვნული, ნაციონალური იდეის განუყოფელ ნაწილს. უნდა შექმნილიყო, დამუშავებულიყო ეს იდეა და უნდა განხორციელებულიყო.

აუცილებლად უნდა ჩაგვერთო სახელმწიფო რაგბის განვითარებაში. ეს შემოიტანდა სტაბილურობის კომპონენტს ფინანსური თვალსაზრისით. მარტო სპონსორებზე დამოკიდებულება ძალიან სახიფათოა, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ არასოდეს იცი, მივა თუ არა ამა თუ იმ კონპანიასთან თანამშრომლობა სეზონის ბოლომდე. მადლობა ღმერთს, არიან გამონაკლისები და ყველას დიდი მადლობა, ვინც ქართული რაგბის განვითარებას, თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა. სახელმწიფოს მონაწილეობა იყო უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ეს ერთობლივად შევძელით. შეიქმნა პირველად რაგბის განვითარების მხარდამჭერი, 4 წლიანი სამთავრობო პროგრამა, რომელმაც კლუბებს სტაბილურობის შეგრძნება მისცა.

უმნიშვნელოვანესი იყო ინფრასტრუქტურაც. მოგეხსენებათ, დღესაც კი გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით და მაშინ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა იყო. სწორედ აქ ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი – ფონდი ქართუ. მათი დახმარებით განხორციელდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დღესაც გრძელდება და ჩვენ პირველად მოგვეცა საშუალება, არასტანდარტული, საშინელი ხარისხის მოედნებიდან, რომელიც ქმნიდა შესაბამისი ხარისხის რაგბის, გადმოვსულიყავით მაღალი ხარისხის, სტანდარტულ მოედნებზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ რეზულტატს.

  • ბატონო გია, თქვენ უკვე შეეხეთ იმ თემებს, რაც თქვენი პრეზიდენტობის დროს განხორციელდა, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ: როგორც კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ რაგბი გახდა ეროვნული იდეის ნაწილი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. 

  • რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად, რაგბის კავშირის სათავეში ყოფნის განმავლობაში და რას გამოასწორებდით, საშუალება რომ მოგეცეთ?

 ძალიან ბევრ რამეს. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა – დაწყებული გეოგრაფიის ზრდიდან და დამთავრებული გუნდების დახმარებით, ინფრასტრუქტურით, განათლებით და ა.შ. ასე რომ, სერიოზული უკმარისობის გრძნობა მაქვს. 

  • ზოგადად, როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნული ნაკრების განვლილ გზას. საიდან დავიწყეთ და სად ვიმყოფებით ახლა?

 მე ვთვლი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გზა არის სამაგალითო, იმიტომ რომ პროგრესი იყო მუდმივი, ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე. ამისთვის უამრავმა ადამიანმა იშრომა და იმუშავა. 

დავიწყოთ მსოფლიო თასზე გასვლიდან, რაც თავისთავად უდიდესი მოვლენა იყო. 2003 წელს ავსტრალიაში, პირველი გამოსვლისთვის საკმაოდ ღირსეული თამაში ვაჩვენეთ. თუნდაც, სამხრეთ აფრიკასთან თამაში იყო აქტივში სერიოზულად ჩასაწერი. იყო საწყენი წაგება ურუგვაისთან, რომელიც ალბათ გამოუცდელობის ბრალი იყო.

შემდეგ იყო საფრანგეთი, სადაც ჩვენ ავალაპარაკეთ მსოფლიო. იყო ბრწყინვალე თამაში ირლანდიასთან, რომელიც, ნებისმიერ გულშემატკივარს ალბათ ყოველთვის ემახსოვრება. ის მატჩი ჩვენს ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი – გოშა შკინინის ლელოთი და ბიჭების არაჩვეულებრივი თამაშით. რომ არა ასეთ გუნდებთან თამაშის გამოუცდელობა და რწმენის ნაკლებობა, არავინ იცის რა მოხდებოდა. თუმცა, მეორეს მხრივ, რაგბი ლოგიკური თამაშია და უძლიერესი იმარჯვებს. ალბათ არ ვიყავით მოგების ღირსი და ამიტომ მოგვიგეს.

მერე იყო ისტორიული გამარჯვება ნამიბიასთან – პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე. შემდეგ ახალი ზელანდია, სადაც ჩვენი თამაშის ხარისხი უდაოდ გაიზარდა და მიუხედავად ინგლისთან დიდი ანგარიშით წაგებისა, ჩვენზე მთელი სარაგბო სამყარო კიდევ ძალიან დიდხანს ლაპარაკობდა. პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვება და საკმაოდ ღირსეული თამაშები: იგივე არგენტინასთან ჩატარებული პირველი ტაიმი. რომ არა რაღაც შეცდომები მსაჯის მხრიდან (ჩვენსაზე აღარ ვლაპარაკობ), უფრო ღირსეული შედეგი იქნებოდა.

ჩვენი ნაკრების განვითარების მწვერვალი კი უკვე ინგლისი გახლდათ, სადაც ჩვენი დასახული ამოცანა შევასრულეთ – მოვიგეთ ორი თამაში. მე ვთვლი, რომ ვითამაშეთ არაჩვეულებრივი თამაში ტონგასთან – ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქესთან, უნდა ვაღიაროთ. ბიჭებმა, მწვრთნელთა შტაბმა და რაგბის კავშირმა მთლიანად ძალიან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ, კონკრეტულად ამ თამაშისთვის ნაკრები ორი წელი ემზადებოდა.

ვითამაშეთ ისტორიული მატჩი ახალ ზელანდიასთან, რომლის წყალობითაც, მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი მოვიპოვეთ. იქ მხოლოდ მილენიუმის სტადიონი არ გვგულშემატკივრობდა. მერწმუნეთ, მთელი მსოფლიო გვქომაგობდა და ძალიან ღირსეული თამაში ვაჩვენეთ.

შემდეგ იყო ნერვების დასაწყვეტი თამაში ნამიბიასთან. სადაც, ნერვიულობის მიზეზი პირველ რიგში ჩვენ შევქმენით, იმიტომ რომ ეს ავადმყოფობა ნამდვილად გვჭირს – კონცეტრაციის არქონა გადამწყვეტ მომენტში, შედარებით სუსტ მეტოქესთან. იმ ნამიბიისთვის, მინიმუმ 30-40 ქულით უნდა მოგვეგო, ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ და მეორე: ჩემს ცხოვრებაში რაც კი მინახავს, ყველაზე ამაზრზენი მსაჯობა. თუმცა, მსაჯობა მოდი დავივიწყოთ – მაინც ჩვენი ბრალია. თამაში ისე უნდა დაგველაგებინა, მსაჯიან-ყველაფრიანად მოგვეგო.

ასე რომ, ეს პროცესი სულ გრძელდება. ეს არის გეგმიური, ნაფიქრი პროცესი და ახლა უკვე სრულიად ახალ სტადიაში შევედით, როდესაც ბევრად მეტი მოგვეთხოვება. გულშემატკივარმა ეს თამასა ძალიან მაღლა და ძალიან სწორადაც ასწია. აი, აქ უკვე სამი უმნიშვნელოვანესი წელიწადი რჩება. ნაკრებმა უნდა გააგრძელოს პროგრესი და აჩვენოს ის შედეგი მსოფლიო თასზე, რომელსაც ჩვენგან გულშემატკივარი ელოდება.

მე ახლა უკვე ვლაპარაკობ ჩემი სახელით და არა რაგბის კავშირის სახელით, მაგრამ თუ ვინმე მკითხავს, რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, ვუპასუხებ: რაც ვაჩვენეთ ინგლისში – ანუ ორი თამაშის მოგება და ბევრად ხარისხიანი თამაში.

წარმოიდგინეთ, გაბრაზებული კუნძულელები, რომლებიც ჩავიდნენ მეოთხე კალათაში და აქედან ერთ-ერთი დიდი ალბათობით შეგვხვდება. ასევე, ჩვენს მიმართ მოულოდნელობის ეფექტი ისპობა – ყველა ძალიან სერიოზულად აღგიქვამს, შენ უკვე ხარ მესამე კალათაში, ქვემოდანაც ძლიერი გუნდები გყავს და ზემოდანაც. ასე რომ, ძალიან ძნელი იქნება ამ ამოცანის გადაჭრა. ვიღაცეებს უნდათ რომ ჯგუფიდან გავიდეთ და მეც ძალიან მინდა… სასწაულებიც ხდება ამქვეყნად, მაგრამ ვიმეორებ: ჩვენ თუ დავისახავთ ამოცანად ორი თამაშის მოგებას და ბევრად ხარისხიანი  თამაშის ჩვენებას, მე ვთვლი რომ ეს იქნება ლოგიკური და ძალიან კარგი შედეგი. თუ მეტს მივაღწიეთ, იქნება საოცრება, ხოლო თუ ნაკლებს მივაღწევთ, არც ეს იქნება ტრაგედია, იმიტომ რომ გააჩნია რა ქვეჯგუფში მოვხვდებით, ვის ვეთამაშებით და რა გუნდებს ვეთამაშებით. დაველოდოთ წილისყრას და მთავარია ხარისხი არ გავაუარესოთ.

 

  • როგორ შეაფასებდით მილტონ ჰეიგის და ასევე მწვრთნელთა შტაბის (დიდიე ბესი, მაიკლ ბრედლი) მოღვაწეობას საქართველოს ნაკრებში?

 დავიწყოთ იმ ხალხით, ვინც ნაკრებში აღარ არიან. მაიკლ ბრედლი – არაჩვეულებრივი პიროვნება, ჩვენი მეგობარი, საოცრად პოზიტიური ადამიანი, კარგი მწვრთნელი, რომელმაც გააკეთა რაც გააკეთა და თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს პროგრესში.

დიდიე ბესი ულაპარაკოდ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია და მე ვთვლი რომ ძალიან კარგად იმუშავა ნაკრებთან. მისი შრომა ჩანდა მსოფლიო თასზე. 

რაც შეეხება მილტონ ჰეიგს, ცოტა მიჭირს შეფასება, იმიტომ რომ ჩემი არჩევანი იყო.  ვენდე ამ ადამიანს და გამიმართლა. ისევე როგორც ალბათ თქვენ და გულშემატკივრებს. საზოგადოებას შევახსენებ როგორ მოხდა მილტონ ჰეიგის შერჩევა: ახალ ზელანდიაში ჩატარებული მსოფლიო თასის შემდეგ, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და უმრავლესობამ ჩავთვალეთ, რომ სამხრეთული სტილის მწვრთნელი გვჭირდება.

თავიდან სამი მიმართულებით წავედით: ბრიტანული, ფრანგული და სამხრეთული. ამ ძიებაში ნაკრების მოთამაშეებიც იყვნენ ჩართული. ინგლისური ვარიანტი გამოირიცხა, იმიტომ რომ, იყო კონკრეტული პიროვნება და კონკრეტული მოთხოვნა, რომელმაც მოითხოვა ლამის რაგბის კავშირის მთელი ბიუჯეტი (საუბარია მსოფლიოს ჩემპიონ კლაივ ვუდვორდზე – ავტ).

ფრანგებთან არაფერი გამოგვივიდა იმის გამო, რომ თითქმის ყველას უნდოდა მარტო 4-5 თვე ყოფილიყვნენ საქართველოში. გამორიცხულია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება საქართველოში მთელი წელიწადი.

რაც შეეხება სამხრეთულ მიმართულებას, ჩვენ თხოვნით მივმართეთ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს, რომელმაც გაუწია რეკომენდაცია ორ კანდიდატს: ერთი იყო მილტონ ჰეიგი და მეორე 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი. ჩვენ მაინც მილტონზე შევაჩერეთ არჩევანი – მის გამოცდილებაზე და რა თქმა უნდა ჩვენი ბიუჯეტიც გავითვალისწინეთ.

ლოგიკა ასეთია: შეგიძლია დღესაც და ხვალაც სუპერ მწვრთნელი ჩამოიყვანო. მეორე თემაა, ფული გაქვს თუ არა. დავუშვათ და გაქვს – მერე? თუ ეს ადამიანი არ იქნება აქ მთელი წელიწადი, მისი ეფექტურობა იქნება საკმაოდ დაბალი. თუ მხოლოდ ფულია  მისი მოტივაცია, ესეც ძალიან ცუდია და ჩვენ ასეთი მწვრთნელი ადრე გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, დიდი მწვრთნელები შეჩვეულები არიან ძალიან მაღალი ხარისხის „მასალასთან“ მუშაობას და ნამდვილად არ დახარჯავენ იმისთვის დროს, რომ 3-4 სხვადასხვა დონის ჯგუფი ერთ დონემდე მიიყვანონ. უბრალოდ არ გააკეთებენ ამას, ან თუ მაინც მოგცეს თანხმობა, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ფული არის მათთვის მთავარი და არა ჩვენთვის საჭირო რეზულტატი.

ეს კაცი (ჰეიგი) ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, პლიუს მისი დამოკიდებულება პირველივე დღიდან – მან წამოიყვანა ოჯახი, თქვა რომ იცხოვრებდა აქ და იმუშავებდა 24 საათი, მერე გახდა საქართველოს მოქალაქე. ეს არის კაცი, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა და რომელსაც უყვარს აქ ყოფნა.

მილტონ ჰეიგი
მილტონ ჰეიგი

ვიღაცას მოსწონს მილტონი, ვიღაცას არ მოსწონს. ვიღაცას მოსწონს მისი სტილი, ვიღაცას – არ მოსწონს. ძალიან ბევრ რამეში, შეიძლება ჩემი პოზიციაც განსხვავდებოდეს, ჰეიგის პოზიციისგან, მაგრამ მე არ ვარ მწვრთნელი და სპეციალისტი, ის არის სპეციალისტი. ჩემი საქმე არის ვენდო.

ნებისმიერი პრეზიდენტი, ყოველთვის ლატარეას ითამაშებს, როდესაც მწვრთნელს აირჩევს. ეს ისეთი თემაა, ან გაგიმართლებს, ან არ გაგიმართლებს. მაგრამ, ჩვენ ამ მხრივ გაგვიმართლა და ამ ადამიანმა დადო ის შედეგი და აჩუქა საქართველოს  ბედნიერება. მოთამაშეებმა გააკეთეს ეს ყველაფერი მოედანზე, მაგრამ მათ ყავდათ მწვრთნელები, რომლებმაც უზარმაზარი შრომა გასწიეს. ასე რომ, მე მის საქმიანობას ვაფასებ დადებითად. მე ვფიქრობდი რომ მილტონს უნდა გაეგრძელებინა მუშაობა შემდეგი 4 წელიც და ვინც მოვიდა რაგბის კავშირის სათავეში, მათაც ანალოგიურად ჩათვალეს, იმიტომ, რომ ამ ადამიანის შეცვლის საბაბი უბრალოდ არ არსებობს.

მე ასევე ძალიან მიხარია, რომ ლევან მაისაშვილი მისი თანაშემწეა, იმიტომ რომ არ არის ამოცანა და თვითმიზანი, რომ სულ უცხოელი მწვრთნელები გვყავდეს. ნელ-ნელა უნდა წამოვიდნენ საუკეთესო ქართველი მწვრთნელები. ლევან მაისაშვილი ცალსახად არის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი და ის ამას ბოლო წლებია ამტკიცებ. შესაბამისად, მას აქვს შანსი რომ გაიზარდოს, დაამტკიცოს და მიიღოს ეს გამოცდილება. არიან შესანიშნავი ასისტენტები – იგივე ილო მაისურაძე, რომელიც ამავდროულად არის 20 წლამდელების მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია – ფიზმომზადების მწვრთნელი. დიდი ინვესტიცია ჩაიდო ამ ბიჭებში, ისევე როგორც ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებში. ასევე დაბრუნდა ზაზა ლეჟავა, რომელიც ძალიან სერიოზული კადრია ქართული რაგბისთვის და ძალიან დიდი ძალა შეგვემატა. იზრდებიან ახალი მწვრთნელები. ასე რომ, ვფიქრობ, მომავალი ამ მხრივ კარგია, იმიტომ რომ მოდის ჯგუფი კარგი მწვრთნელების, რომლებსაც შეუძლიათ რომ ბევრი წარმატება მოუტანონ ჩვენს რაგბს. 

  • 2015 წლის მსოფლიო თასს უკვე შევეხეთ, თუმცა, ჩვენი კითხვა ცოტა სხვა მიმართულებისაა: ყველას გვახსოვს ტონგასთან მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტო, სადაც თქვენი ემოციებია ასახული. მაინტერესებს, გაიხსენეთ, რა რეაქცია ჰქონდათ საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე სარაგბო სამყაროს, რას ამბობდნენ ისინი პირად საუბრებში?

 ემოციაზე რა გითხრათ. მე ისედაც მთლად „დალაგებული“ არ ვარ და თამაშის დროს ძალიან ვნერვიულობ. ბოლო რაც გავიაზრე იმ აუტის დროს, იყო რომ აუტი წავაგეთ და ვიფიქრე რომ დავიღუპეთ, რადგან შანსი მივეცით და იქ მსაჯიც ღმერთმა იცის რას იზამდა. თუმცა, ბრწყინვალე მსაჯობა იყო და ქართველი ხალხის სახელით მადლობა უნდა ვუთხრათ ნაიჯელ ოუენსს. კიდევ კარგი, რომ ტონგასთან ეს მსაჯი გვყავდა და არა სხვა. თამაში რომ დამთავრდა, ტრიბუნაზე არ მახსოვს რა ხდებოდა. პირველი რაც მახსოვს, იყო ის რომ მილტონ ჰეიგი ხელში ავიყვანე და თან თუ რამე მქონდა, სათვალის და ბეიჯის ჩათვლით, ყველაფერი მომძვრა და დავკარგე. უდიდესი ბედნიერება იყო და რთულია იმ ემოციას რაიმე დაარქვა.

გია ნიჟარაძე ტონგასთან გამარჯვების შემდეგ
გია ნიჟარაძე ტონგასთან გამარჯვების შემდეგ

რაც შეეხება გამოხმაურებას: სარაგბო წრეებში ბევრი მეგობარი გვყავს და მომივიდა უამრავი მესიჯი, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. თუ მართლა ვინმეს უყვარს რაგბი და უნდა რაგბის განვითარება, ყველამ მომილოცა. აღარაფერს ვლაპარაკობ შემდეგ შეხვედრებზე, თუმცა აქ ცივი შხაპი იაპონიამ გადაგვასხა, სენსაცია გამოაცხო, სამხრეთ აფრიკას მოუგო და ჩვენი ეს გამარჯვება ცოტა დაჩრდილა.

რაც შეეხება ახალი ზელანდიის თამაშს, ისე ვნერვიულობდი, თითქოს მოვიგებდით, მაგრამ მსოფლიო რაგბის ელიტა აღფრთოვანებული უყურებდა ჩვენს თამაშს. თუ ვინმე გაგიგიათ, ან არ გაგიგიათ მსოფლიო რაგბის ელიტიდან, აღარ ვლაპარაკობ ვეტერან ვარსვლავებზე, ფედერაციების/კავშირების პრეზიდენტებზე; აი ეს ხალხი იჯდა ჩემს გარშემო, ყვიროდნენ, ხტუნაობდნენ და ემოციებს ვერ ფარავდნენ. საერთოდ, ფანტასტიკური ატმოსფერო იყო სტადიონზე. ვთვლი, რომ მსოფლიოში საუკეთესო სარაგბო სტადიონია „მილენიუმი“. პრაქტიკულად ყველა დიდ სარაგბო სტადიონზე ვარ ნამყოფი და მე ასეთი ატმოსფერო არსად მინახავს. 

  • როგორ ფიქრობთ, რა ადგილი უნდა ეკავოს ადგილობრივ ჩემპიონატს ქართულ რაგბში და რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს? 

საქართველოს ჩემპიონატს, ნაკრებისთვის მოთამაშეების მიწოდების მხრივ, სხვა ალტერნატივა არ აქვს. სადღაც ხომ უნდა დაიწყოს მოთამაშემ თამაში?! ნაკრების მთავარი და ერთადერთი მკვებავი არის კლუბი და ჩვენი ქვეყნის შიდა ჩემპიონატები. შესაბამისად, ამ ყველაფერს უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს, მათ შორის მატერიალური რესურსების მიმართაც. ამ მხრივ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. რაც დღეს აქვს ქართულ კლუბებს, ძალიან შორს არის იმისგან, რაც მათ ჭირდებათ, თუმცა ბევრად მეტია, ვიდრე იყო ადრე. სახელმწიფო აკეთებს რაც შეუძლია, თუმცა მე ვთვლი, რომ შემდგომ ოთხწლიან ციკლში რაგბის დაფინანსება აუცილებლად უნდა გაიზარდოს. სამთავრობო პროგრამა იმედია დამტკიცდება და იმედია იქნება იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე იყო – მათ შორის კლუბების დაფინანსების მხრივაც.

ალტერნატივა არის ბიზნესი, მაგრამ ბიზნესის ჩართულობის შესახებ, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. კიდევ ერთხელ: უდიდესი მადლობა იმას, ვინც იღებს ჯიბიდან ფულს და აძლევს სპორტს ზოგადად, არა მარტო რაგბს, მაგრამ აქ უკვე ბევრი სხვა რამეცაა გასაკეთებელი. ბიზნესს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ეს ფული ამოიღოს ჯიბიდან და უნდა უღირდეს ამ ფულის მიცემა.

გარდა ამისა, თვითონ შეფუთვა უნდა შეიცვალოს – ეს არის ერთი, რაზეც ზემოთ მკითხეთ და გული მწყდება, რომ ბევრი რამ ვერ მოვასწარი. პროდუქტი უნდა შეიქმნას სრულიად სხვა. ცხადია, ვარკეთილის მოედანზე შენ პროდუქტს ვერ შექმნი. ვერც ტელეპროდუქტს შექმნი და ვერც ვერანაირს. მაგრამ იმ სტადიონებზე, რომლებიც უკვე გვაქვს, ფიქრი შეიძლება და მე როგორც ვიცი, ფიქრობენ კიდეც. მატჩი უნდა იყოს დეღსასწაული. შიდა ჩემპიონატის თამაშებმა უნდა მოიზიდოს უფრო მეტი მაყურებელი, თამაშები გახდეს უფრო მნიშვნელოვანი, მოხდეს თამაშის ხარისხის სერიოზული ზრდა. მე მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ რაღაც თამაშები არ მომწონს და მიმაჩნია რომ ქართველ მწვრთნელებს ბევრად მეტი აქვთ კლუბებში სამუშაო თანამედროვე რაგბის დანერგვაზე, მიმაჩნია რომ ფინალი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც მე მახსოვს და ამისთვის, პირველ რიგში, მადლობა ლოკომოტივს. ლოკომოტივმა ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი თამაში აჩვენა, რამაც ინტრიგა შესძინა ფინალს. თამაში ხარისხობრივად და სანახაობრივად იყო კარგი და შემდეგ, ლელომ კლასის ხარჯზე მოახერხა გამარჯვება.

  • რა დასკვნების გამოტანა შეიძლება რუსეთის და რუმინეთის მაგალითზე. იმ დროს, როდესაც მათი კლუბები რეგულარულად გამოდიან ევროჩელენჯზე, თამაშებსაც იგებენ, მაგრამ სანაკრებო დონეზე ეს პრაქტიკულად არ აისახება?

 მოდი ჯერ ვთქვათ, სად უგებენ. უგებენ კრასნოიარსკში. როდესაც გიწევს ათასობით კმ-ის ფრენა და მერე თამაში, ვისთანაც გინდა იმასთან წააგებ. საპასუხო თამაშებში როგორ თამაშობენ? ფული გადამწყვეტია, ვინაიდან რუსეთშიც და რუმინეთშიც განუზომლად დიდი ფულია ჩადებული რაგბიშიც და შეუდარებლად მეტი ვიდრე საქართველოში. აქ ვგულისხმობ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ხელფასებს და ა.შ ასეთი მაღალბიუჯეტიანი კლუბი, რომელიც მეტნაკლებად ამინდს ქმნის რუსეთში არის 4; რუმინეთში ბევრად მეტია. მოდი ამ ეტაპზე რუმინეთი გამოვაცალკევოთ რუსეთისგან, ვინაიდან მაინც ჩვენი მთავარი კონკურენტია აღმოსავლეთ ევროპაში და ვფიქრობ, რომ რუმინეთის ნაკრები მაინც შიდა ჩემპიონატით იკვებება და ყავთ საკმაოდ მაღალი დონის ნაკრები. რაც შეეხება რუსეთს, სიმართლე გითხრათ სულ მიკვირს, ვინაიდან პოტენციალი საკმაოდ დიდია. დაწყებული ჩვენი დროიდან, როდესაც ფანტასტიკური გუნდები ყავდათ და სუპერ მოთამაშეები, რომლებიც ნებისმიერ დიდ გუნდს დაამშვენებდნენ. რაღაცაშია საქმე, მაინც ალბათ სისტემური პრობლემებია განვითარების თვალსაზრისით. არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, შიდა პრობლემები აქვთ სერიოზული, ბავშვთა და ახალგაზრდული რაგბი და ეს ვერტიკალი არ იხუნძლება სწორად. თუ დალაგდებიან, შედეგსაც მიიღებენ. რუმინეთში განსხვავებული მდგომარეობაა. ის ყოველთვის სერიოზული მეტოქე იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა მეორეს მხრივ ჩვენი პარტნიორი კავშირია და პოლიტიკურად ტანდემს ვქმნით, რომელმაც ერთად უნდა იაროს და ვანახეთ რამდენ რამეს მივაღწიეთ ინგლისში კულუარებში, როდესაც მსოფლიო რაგბის საბჭოში მიგვიღეს ამერიკასთან ერთად. ასე რომ წარმატებებს ვუსურვებ. 

  • რას ფიქრობთ საფრანგეთის ჩემპიონატის დაბალი ლიგებიდან მოთამაშეების საქართველოში დაბრუნების იდეაზე, შიდა ჩემპიონატის გაძლიერების მიზნით და საბოლოო ჯამში წაადგება თუ არა ეს ქართულ რაგბს? ხომ არ ფიქრობთ რომ არსებობს საშიშროება ჩვენს შემთხვევაშიც განმეორდეს იგივე სცენარი, რაც ზემოთხსენებულ ორ ქვეყანას დაემართა, როცა მათ პრაქტიკულად ლეგიონერი აღარ დარჩათ ევროპის ტოპ ლიგებში. 

კარგი და სწორი კითხვაა. რატომ არ ყავს რუსებს ლეგიონერები, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ხელფასებია და მოტივაციაც არა აქვთ რომ წავიდნენ. სახლში არიან,  ხელფასზე თამაშობენ. რაც შეეხება ქვედა ლიგებიდან ჩვენების დაბრუნებას, ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ, თორემ იცოცხლე, გადასარევია. ამისთვის არის საჭირო  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ადეკვატური ხელფასები; მაგრამ ბევრი მოთამაშე მარტო ხელფასის გამო არ მიდის საზღვარგარეთ სათამაშოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ასეთ გადაწვეტილებას იღებენ როცა იღებენ მომავალზე ფიქრობენ. შვილები იქ განათლებას იღებენ, ხდებიან საზოგადოების ნაწილი, ხდება მათი ინტეგრაცია და ეს არის არა მარტო მატერიალური, არამედ მომავალზე გათვლილი გეგმები. ვიღაც აუცილებლად დაბრუნდება, ეს ყველა ვარიანტში გასაკეთებელია. ერთის მხრივ უნდა ავწიოთ დონე, კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გავაძლიეროთ, სანახაობრივ მხარეს მივხედოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი იყოს ისეთი მიმზიდველი, რომ ამაში ჩაერთოს ტელევიზია.

მეორეს მხრივ, ხელი არ უნდა შევუშალოთ ბიჭებს საზღვარგარეთ წასვლაში. აუცილებლად უნდა გაჩნდეს ალტერნატიული ბაზრები ქართველი მორაგბეებისთვის. ეს არის პირველ რიგში ბრიტანეთი. ამაზე მუშაობა მიდის, უბრალოდ მარტივად ბრიტანულ ბაზარზე შეღწევა ვერ ხდება (არა მარტო რაგბისთვის, ზოგადად). ორივე მიმართულება უნდა განვითარდეს, ერთის მხრივ აქ უნდა შევქმნათ ის პირობები, რომ ვიღაცა იქაური გამოცდილებით და ცოდნით დაბრუნდეს, რაც დონეს აწევს ავტომატურად და მეორეს მხრივ არ უნდა შევუშალოთ ხელი რეგულირებად გადინებას. არ უნდა წავიდნენ არასარაგბო ქვეყნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ნაკრებში კარი დაეკეტებათ. 

  • როგორც ვიცით, ექვსი ერის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ტურნირის გაფართოვების, ან ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია. ამასთანავე, ცოტა ხნის წინ „სანზარის“ (4 ერის და სამხრეთული საკლუბო ტურნირის – „სუპერ რაგბის“ მმართველი ორგანიზაცია – ავტ.) შეფობამ ღიად გამოხატა ინტერესი ევროპული და აზიური ბაზრის მიმართ. აგრეთვე, მსოფლიო რაგბის ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი – აუგუსტინ პიშო, საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე საუბრისას, სხვა ვარიანტებთან ერთად ახსენა სუპერ რაგბიში ფრენჩაიზით ქართული გუნდის ჩართვის იდეა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია მსგავსი ვარიანტი როგორც ფინანსურად, ასევე ადამიანური რესურსების მხრივ, ან თუ გესახებათ რაიმე სხვა ვარიანტი, რათა რეგულარულად ვეთამაშოთ ტოპ გუნდებს? 

დავიწყოთ ყბადაღებული ექვსი ერით. ჩვენთვის ეს თემა უნდა იყოს პოლიტიკური, ვინაიდან სამართლიანობა მოითხოვს, რომ 6-მა ერმა კარი გააღოს. პრაგმატულად რომ მივუდგეთ საკითხს, ჩვენი პრობლემა არის მარტსა და თებერვალში არცთუ ისე ძლიერ მეტოქეებთან თამაში. თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ერთა თასის მონაწილენი  ჩვენი კოლეგები არიან, რომლებთანაც წლების განმავლობაში ერთად მოვდიოდით და არ უნდა დავემსგავსოთ „ბობოლებს“, რომლებიც არ კადრულობენ სხვებთან თამაშს. ჩვენ უნდა ვეთამაშოთ ამ ხალხს და დავეხმაროთ მათ განვითარებაში, ვინაიდან ეს ჩვენი მოვალეობაა. მაგრამ, პრობლემა გვაქვს ზრდის თვალსაზრისით. ამ კუთხით ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატივა, რომ თევბერვალ-მარტში ვითამაშოთ მაღალი დონის თამაშები. გეოგრაფიულად და ლოჯისტიკურად საუკეთესო ვარიანტი ცალსახად არის 6 ერი. ამიტომ კარზე კაკუნი გაგრძელდება, უნდა გაგრძელდეს და ადრე თუ გვიან ეს მოხდება, ამაში უბრალოდ ეჭვი არ მეპარება. თუმცა, არც იმდენად აჟიტირებული უნდა ვიყოთ ამის გამო, ვინაიდან ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 4 წელი გეგმიურად ვითამაშებთ ძალიან კარგ გუნდებთან.

ივნისში გვექნება სამი, ზოგჯერ ოთხი ძალიან კარგი თამაში და ნოემბერში 3 და… ვნახოთ, შეიძლება ზოგჯერ ოთხი კარგი ტესტი. მერწმუნეთ, ეს არის სავსებით საკმარისი ქართული რაგბის და ეროვნული ნაკრების განვითარების ამ ეტაპისთვის. მინდა გულშემატკივარს შევახსენო, ნუ არის ცრუ მოლოდინები და პესიმისტური განწყობები ივნისის ტურნესთან დაკავშირებით, რომ „ვაიმე წავაგებთ“. მერა რა რომ წავაგებთ?! ჯერ დავიწყებთ წაგებებით, მერე წაგებას მოგება ჩაენაცვლება და მერე დავიწყებთ მოგებებს. ასე იყო მთელი ჩვენი განვითარების გზაზე. გადავდიოდით ახალ დონეზე, ვეთამაშებოდით ჩვენზე ძლიერ გუნდებს, ვსწავლობდით მათთან თამაშს და სად არიან ის გუნდები დღეს კარგად ვხედავთ. ახლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ თამაში ტონგასთან, სამოასთან, ფიჯისთან, ამერიკასთან, კანადასა და იაპონიასთან. უნდა დავიწყოთ მათთან თამაში, უნდა ავიღოთ მათგან ის საუკეთესო, რისი აღებაც შეიძლება; შევისისხლხორცოთ ის, რაც საჭიროა. ოღონდ, ჩვენი ტრადიციებიც არ უნდა დავკარგოთ და იმის მერე, როდესაც ჩვენ ვისწავლით მათთან ტოლსწორად თამაშს და დავიწყებთ მოგებებს, მაშინ დამთავრდება მორიგი ეტაპი.

ჩვენ სულსწრაფი ხალხი ვართ და გვინდა, რომ ყველაფერი ორ წუთში მოხდეს. არ ხდება ასე მარტივად. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ამიტომ რეიტინგში ქვემოთ ჩამოვალთ თუ არა, ჩემთვის პირადად ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ ამ 3 წელიწადში ეროვნული ნაკრები მუშაობდეს ხარისხის ზრდაზე და რეზულტატი მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის შემდეგაც დაიწყება კიდევ ახალი ეტაპი.

თუ არ გვექნება მოტივაცია, ჩვენი განვითარება შეჩერდება, არ არის არაფერი საპანიკო, ხან წავაგებთ, ხან მოვიგებთ. მითუმეტეს ივნისი ჩვენთვის არის უმძიმესი პერიოდი, ვინაიდან არასოდეს არ გვეყოლება ყველა წმაყვანი მოთამაშე, სამაგიეროდ გვექნება ფანტასტიკური საშუალება, რომ გამოვცადოთ სხვები, მათ შორის ახალგაზრდები და ავიყვანოთ სრულიად სხვა სიმაღლეზე. განვითარების თვალსაზრისით რომელია უფრო მნიშნელოვანი? პასუხი მგონი ცალსახაა. რაგბის გულშემატკივარმა ეს ძალიან კარგად იცის და ეს ჩემი ნათქვამი მესიჯია უფრო ფართო საზოგადოებისთვის.  ყველაფერი ნორმალურად არის, სწორად მიდის ჩვენი განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება.

რაც შეეხება სანზარს. ჯერ ისაა აღსანიშნავი, რომ ზოგადად ამ საკითხებზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ინგლისში, რასაც ძალიან ინტენსიურად ახლაც აგრძელებს კავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საინტერესო რამე მოხდება. გაჩნდება ახალი ალტერნატივები, რომელიც იმუშავებს ჩვენს განვითარებაზე და ზოგიერთი ისეთი, რომელზეც ვერასოდეს ვერც კი ვიფიქრებდით. ეს პროცესი მიდის ძალიან მჭიდრო კავშირში ჩვენს კოლეგებთან. არის თემები, რომლებზეც გავლენის მოხდენა არანაირად არ შეგვიძლია, თუმცა არის ისეთები, სადაც ჩვენც შეგვიძლია ჩარევა. მუშაობა მაინც მიდის, განსაკუთრებით მას მერე რაც საქართველო გახდა მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი და ნოემბრიდან უკვე კონკრეტულად დავიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას. ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი რამ მოხდება, რაც ძალიან გაახარებს ქართველ გულშემატკივარს. 

  • რამდენად მნიშვნელოვანია ამ საბჭოში ყოფნა და როგორ შეუწყობს ხელს ჩვენთან რაგბის განვითარებას?

 პასუხი მარტივია, როდესაც პროცესებზე ზეგავლენისათვის არანაირი ბერკეტი არ გაგაჩნია, მაშინ პროცესებს სხვები მართავენ. სულ სხვაა, როდესაც ხელში გიჭირავს თუნდაც მცირე ბერკეტი, აქ უკვე ვხდებით მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გუნდის შეკვრა მსგავსი მოტივაციისა და ინტერესების მქონე სუბიექტებთან. ასეთი გუნდი შეიქმნება და ადვილად ხელწამოსაკრავი არ იქნება. ეს გუნდი იმოქმედებს დაახლოებით ერთნაირი ინტერესების დასაცავად. აქედან გამომდინარე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. 

  • რას იტყვით მსოფლიო რაგბის ახალ ხელმძღვანელობაზე? რას უნდა ველოდოთ მათგან?

 პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელი ქართული რაგბის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ბერნარ ლაპასეს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა მსოფლიოში რაგბის განვითარებისათვის. ის იყო ჩვენი მეგობარი მთელი ამ ხნის განმავლობაში. არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ქართული რაგბი წინ წასწია და ვუსურვებ მას წარმატებებს ახალ ასპარეზზე (პარიზის ოლომპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში).

ბომონდთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის რადიკალურად განსხვავებული პრეზიდენტი იქნება. უნდა გავითვალისწინოთ რა წიაღიდან მოდის. არის ცნობილი ინგლისელი მორაგბე, რომელსაც უთამაშია როგორც ნაკრებში, ასევე ბრიტანელ ლომებში. შემდეგ იყო ფუნქციონერი იმ ბრიტანული კლუბის, რომელსაც 6 ერად მოვიხესენიებთ, ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ა.შ. რასაკვირველია ამ ხნის განმავლობაში დეკლარირებდა იმ ჯგუფის ინტერესებს, ვისაც წარმოადგენდა. თუმცა ის შიშები, რომ იქნება კონსერვატორი და რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკას გაატარებს ვიდრე ლაპასე, არა მგონია ახდეს. ჯერ ერთი, ბომოდი გახდა ყველას პრეზიდენტი და მეორე, ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა მსოფლიო რაგბში, მათ შორის საბჭოში. დღეს ბილ ბომოდის #1 ინტერესი არის მსოფლიოში რაგბის განვითარება, ეს ვალდებულებაცაა და პასუხისმგებლობაც. ეს ყველაფერი რადიკალურად შეცვლის მის მიდგომებს ძალიან ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგი პრეზიდენტი იქნება. მითუმეტეს რომ მას აბალანსებს ასევე ჩვენი მეგობარი აუგუსტინ პიშო, რომელიც ბუნებით რევოლუციონერია. ბოლო წლების არგენტინული რაგბის წარმატებები მეტწილად სწორედ მასთან არის დაკავშირებული. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ფართო მასშტაბით მოაზროვნე და კარგი გაგებით რადიკალი. მან იცის ფასი იმ გზისა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ. ყოველთვის ვამბობდი რომ არგენტინის კავშირი სამაგალითოა ჩვენთვის და ის ეტაპები უნდა გადავლახოთ, რაც მათ გაიარეს. თანმიმდევრულად, ჭკვიანურად, მოთმინებით, პრაქტიკულად 45 წლიანი გზა გაიარეს მას მერე, რაც პირველად ეთამაშნენ სამხრეთ აფრიკას. მას მერე დაიწყო ნელი სვლა სარაგბო მწვერვალებისაკენ. ამ მხრივაც სერიოზულად დააბალანსებს ინგლისელს + ახალი საბჭო ბევრ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. 

  • წელს პირველად გვაქვს საშუალება ზაფხულის ტესტებზე გავმართოთ ოფიციალური ტურნე კუნძულებზე, სადაც სტუმრად საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწევს თამაში. რას უნდა ველოდოთ ამ თამაშებიდან? 

გრძლევადიან პერიოდში თვითონ ფაქტი მათთან თამაშის, უკვე კარგი შედეგია. რაც შეეხება კონკრეტულ სამ მატჩს, რასაკვირველია ფავორიტები მასპინძლები არიან და თუ გვინდა, რომ ზემოთაღნიშნული 3 წლიანი ციკლის ბოლოს დავამტკიცოთ, რომ მათზე უკეთსი გუნდი ვართ, აგერ არის მშვენიერი საშუალება. ზოგიერთთან წელიწადში 2-ჯერ ვითამაშებთ, ივნისში ტურნეზე და ნოემბერში თბილისში, ერთ-ერთი ყოველ წელს ჩამოვა.

რაც შეეხება შემადგენლობას, რა თქმა უნდა გვაკლია რამოდენიმე ლიდერი, მაგრამ თუ შევადარებთ ერთა თასის შემადგენლობას, ძალიან დიდი ცვლილებები არ არის. ანუ ამ გუნდის ბირთვი საკმაოდ შეთამაშებულია და ესმის დასახული ამოცანები. ძალიან კარგია, რომ ბევრი ახალბედაა. გამიხარდა მაგალითად სიჭინავას გამოძახება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ძალიან პერსპექტიული ბიჭია. იგივე რეზი ჯინჭველაშვილი და ნოდარ ჭეიშვილი. რასაკვირველია, მეტოქესაც აკლია მოთამაშეები, მაგრამ მათი რესურსი გაცილებით დიდია. მათი მოთამაშეების ნაწილი თამაშობს ავსტრალიასა და ზელანდიაში და სულ სხვა დონის მოთამაშეები არიან. ჩემთვის მისაღები შედეგი იქნება გაბედული, ლაღი თამაში, რასაც მილტონ ჰეიგი ნერგავს. არ უნდა შევიბოჭოთ. რა თქმა უნდა მომენტებში ჩაიკეტება თამაში, მაგრამ ნელ-ნელა უნდა გავუბედოთ რაც გავბედეთ რუმინეთთან და ბოლოს და ბოლოს ვნახეთ ის, რაც უნდა ამ მწვრთნელს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთსო თამაში იყო ბოლო წლებში.

შეიძლება წავაგოთ, წავაგოთ დიდი ანგარიშით, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთი თამაში მოვიგოთ. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. იქნება აკლიმატიზაციის პრობლემა, სხვა საკითხებიც, მაგრამ შანსი გვაქვს და უნდა ვითამაშოთ. რაც მთავარია, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ტურნე, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით. ნოემბერში კი გულშემატკივრებმა უკვე გამარჯვებაც უნდა „მოვითხოვოთ“. თან გველის შოტლანდიასთან ისტორიული ტესტი. ამ ქვეყანას ადრე თუ განვიხილავდით, როგორც ერთ-ერთ პოტენციურ საკბილოს, ვხედავთ, რომ ვერნ კოტერის ხელში საოცარი პროგრესი აქვს და ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული გუნდია. დავტკბეთ იმ ფაქტით, რომ ასეთ მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშებით და მერწმუნეთ შედეგიც აუცილებლად მოვა.

  • ასევე პირველად ვმონაწილეობთ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე. რა უნდა იყოს ნაკრების მინიმუმი და მაქსიმუმი ამ ტურნირზე? 

პირველი და უმთავრესი ესაა გამოცდილება, რომელიც დაგვჭირდება 2017-ში, საქართველოში გასამართ ჩემპიონატზე. ვინაიდან, განსხვავებით ალაფის მომგები გუნდისაგან, წლევანდელი ფორმაციის U20 არ არის შეთამაშებული ნაკრები. ის გუნდი 3 წელი შენდებოდა და ერთად მოდიოდნენ. ვთვლი რომ შერკინება ძალიან ღირსეულად ითამაშებს, ძალიან მაინტერესებს როგორ ითამაშებს ხაზი. შორიდან რასაც ვაკვირდებოდი, მე მგონი, რომ სწორი გზა აირჩია ნაკრების ხელმძღვანელობამ როდესაც აქცენტი გააკეთეს ფიზიკაზე, რათა გაესწორებინათ ტექნიკური ხარვეზები. პროგრამა იყო დაფუძნებული კაცთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ  პროგრამაზე და კარგია, რომ ამ ბიჭებმა გაუძლეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს შეკრების ბოლო დღეს ჩატარებულ ტესტირებაზე. ვიცით რომ ვეთამაშებით ბრწყინვალე გუნდებს, ჩვენ შეუთამაშებელი ვართ, არა ვართ ისეთივე კარგად დაბალანსებული გუნდი, როგორიც ვიყავით ალაფის მოგებისას. დისციპლინა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რა უნდა დავუპირისპიროთ მაგალითად ახალ ზელანდიას? (ინტერვიუ ზელანდიასთან თამაშამდეა ჩაწერილი) დაცვა, დისციპლინა, დახურული თამაში. ერთი თამაშის მოგება იქნება იდეალური შედეგი. თუ ესეც არ მოხდა, არც ეს არ იქნება ტრაგედია, ვინაიდან მივიღებთ გამოცდილებას, თან ამ ნაკრების 40-45% მომავალ წელსაც გვეყოლება და ახალი გუნდის აშენება შეიძლება.

რაც შეეხება 2017 წელს, არის ძალიან სერიოზული კითხვები და წუხილი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გრაფიკს ჩამოვრჩებით. პირველ რიგში ეს ეხება მოედნებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემები სასწრაფოდ გადაწყდება. უდიდესი პატივია მსგავსი შეჯიბრების მასპინძლობა, ეს დიდ გავლენას იქონიებს ჩვენს ავტორიტეტზე, არა მარტო როგორც რაგბის, არამედ მთლიანად, როგორც ქვეყნის იმიჯზეც. ამიტომ ვისაც ეხება, ერთად გადავწყვიტოთ პრობლემები, რათა ღირსეულად ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. 

  • 18 წლამდელებზეც ვისაუბროთ. ვიცით, რომ ბრიტანულმა ქვეყნებმა უარი თქვეს ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე. უდიდესი გამოცდილება იყო მათთან თამაში. დაგვრჩა მხოლოდ ფრანგები. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ასაკში? 

დავიწყოთ იქიდან, რომ ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება და ჩვენ დავუფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რის პასუხადაც ვერაფერი თქვეს. ეს მათივე პროექტი იყო. 6 ერისა და რაგბი ევროპის… და ამან არაჩვეულებრივი შედეგი მოგვცა. სასაცილო არგუმენტები მოიყვანეს ფსიქოლოგიურ ტრამვებზე ჩვენთან და პორტუგალიასთან წაგების შემდეგ. გამოსავალი ისაა, რომ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ის რაც დარჩა და ყოველწლიურად, პირდაპირი კონტაქტებით, ალტერნატიულ ტურნირებში მივიღოთ მონაწილეობა. 

  • გულშემატკივარს აინტერესებს რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

რაგბში ვარ ჩართული მრჩეველის სტატუსით, საერთაშორისო წარმომადგენლის სახით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. პლუს აღმოვჩნდი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში. დარჩენილ დროს ვატარებ ჩემს მარანში კახეთში.

ასევე ნახე

თარგმანში დაკარგულები – იხდის თუ არა ივანიშვილი 10 მილიონს?

  დღეს, ბრიტანულ ყვითელ პრესაზე – Daily Mail-ზე დაყრდნობით ქართული სპორტული საიტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

five × three =