მთავარი / ბორჯღალოსნები / მერაბ კვირიკაშვილი: 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის სურვილი მაქვს

მერაბ კვირიკაშვილი: 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის სურვილი მაქვს

მერაბ კვირიკაშვილი (ფოტო: Georgian Rugby)
მერაბ კვირიკაშვილი (ფოტო: Georgian Rugby)

 

მერაბ კვირიკაშვილი, რომელსაც რაგბის გულშემატკივრები „მეკო“-თი იცნობენ, ერთ-ერთი ის ქართველი მორაგბეა (გიორგი ჩხაიძესთან ერთად), რომელმაც ოთხივე მსოფლიო თასზე იასპარეზა.

მისი სანაკრებო დებიუტი 2003 წელს, პორტუგალიის წინააღმდეგ შედგა. მეკოს დავით კაჭარავას მსგავსად 95 კეპი აქვს მოპოვებული და შესაბამისად წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტს, რომ ქართული სანაკრებო რაგბის ისტორიაში გახდეს პირველი ცენტურიონი. მერაბ კვირიკაშვილს ნაკრებში რეკორდული 743 ქულა აქვს მოპოვებული (14 ლელო, 128 გარდასახვა, 136 ჯარიმა, 3 არეკნი). მომავალი წლიდან იგი საფრანგეთის ფედერალ სამში მოასპარეზე კლუბ „გერენტუაში“ ითამაშებს.

კარიერასა და სათამაშო პოზიციაზე

რატომ აირჩიე რაგბი და სად დაიწყე თამაში?

9 წლის ვიყავი, როცა პირველად დავინახე უბანში, როგორ ვარჯიშობდნენ სტადიონზე უცნაური ფორმის ბურთით. თავიდან, პირველი ორი კვირა, უბრალოდ გასართობად დავდიოდით. შემდეგ კი, ისე „მოგვწამლა“ რაგბმა, რომ ყველა სხვა სპორტმა აზრი დაკარგა ჩვენთვის.

დიდი ხანია საფრანგეთში თამაშობ. მათ შორის, გითამაშია პრო დ2-შიც. მაინტერესებს შენი აზრი, რატომ უჭირთ ქართველ უკანახაზელებს საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში თავის დამკვიდრება?

მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ის სკოლა არ გვქონდა გავლილი, რაც მაგალითად ფრანგ მოთამაშეებს აქვთ. აგრეთვე, ურჩევნიათ საქართველოდან შერკინების მოთამაშე წაიყვანონ, ვიდრე ხაზის. იმისთვის რომ ჩვენმა უკანახაზელებმა საფრანგეთში თავის დამკვიდრება მოახერხონ, აუცილებელია ახალგაზრდული ასაკიდანვე მოხვდნენ იქ, რათა შეეჩვიონ თამაშის სტილს, რიტმს და ა.შ.

საქართველოს ნაკრები და მეკო ფაქტიურად სინონიმებად იქცა. ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ოთხივე მსოფლიოზე ითამაშე. როგორ ახერხებ ამდენი წლის განმავლობაში მოტივაციისა და სტაბილურობის შენარჩუნებას?

ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს რაგბი. დღესაც კი, ამდენი წლის გასვლის მერე, ისევ ისე მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს თამაში. ცალკე სტიმულია ნაკრებში თამაში. როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, უფლება არ გაქვს ფორმაში არ იყო, ან ზერელედ მოეკიდო თამაშს. 

ვიხილავთ თუ არა მეკოს 2019 წლის მსოფლიო თასზე?

სურვილი ძალიან დიდი მაქვს და მიზანიც ეგ არის. თუმცა ვნახოთ, თუ შევამჩნიე ჩემს თავს, რომ ისე აღარ შემიძლია, როგორც ვთქვათ აქამდე ვთამაშობდი, თვითონ ვიტყვი უარს.

რას ნიშნავს იყო კარგი #15? რა თვისებებს უნდა ფლობდეს? და ვინ მიგაჩნია საუკეთესო ფულბეკად?

საუკეთესოს დასახელებისაგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება თვისებებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცივი გონებით უნდა უყურო თამაშს და მსვლელობისას არც ერთი დეტალი არ უნდა გამოგეპაროს. ვინაიდან, შეიძლება 1 მეტრმაც კი გადაწყვიტოს თამაშის ბედი. თუნდაც რაც მოხდა ტონგასთან ბოლო თამაშისას, პირველ ლელოზე, როცა გადმოკიდებულ ბურთი ვერ დავიჭირე. დაახლოებით 2 მეტრი დამაკლდა, ცუდად ახტა ბურთი და ტონგელს ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც დაგვალელოვა. რა თქმა უნდა, გაუმართლა მეტოქეს და ვერ იტყოდით, რომ ჩემი ბრალი იყო, ვინაიდან ბურთი ახტა ჩვენთვის ცუდად, მაგრამ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ბურთი არ უნდა დავარდნილიყო ძირს და უნდა დამეჭირა, მაგრამ ზუსტად 2 მეტრმა გადაწყვიტა ლელოს ბედი.

რა როლი აქვს ფულბეკს შეტევაში ჩართვისას თუ დაცვის ორგანიზებისას?

დაცვის ორგანიზებისას უკნიდან აკონტროლებ, 9 ნომერთან ერთად ეძახი კონკრეტულ მოთამაშეებს, რომ ინტერვალები შეავსონ და დაცვაში ხვრელებს წარმოქმნის საშუალებას არ აძლევ.

შეტევაში შეუძლია ყველგან ჩაერთოს და ეს უკვე თვითონ #15-ზეა დამოკიდებული, სად ჩათვლის საჭიროდ და სად არა.

 

 

მიმხდომი დაცვის დროს ვის მოვალეობაში შედის მეტოქის მიერ ზურგსუკან გადმოკიდებულ ბურთზე თამაში და რა ევალება ამ დროს ფულბეკს?

კონკრეტულად არავის, დამოკიდებულია სიტუაციაზე. შეიძლება იყოს გარემარბები, მესამეხაზელები ან #9. ძირითადად 15 თავის პოზიციაზე დგას და უკნიდან აკონტროლებს სიტუაციას.

რამდენად ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს #15-ს მინდორზე უკანახაზელებთან და ძირითად რას შეეხება ასეთი საუბრები?

კომუნიკაცია მარტო 15-დან არ ხდება. იგივე მგეზავი, #9 და საერთოდ ყველა ვინც კი დაინახავს რაიმე მნიშნელოვან მომენტს, იძახის რა არის საჭირო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ახლანდელი ფორმაციის ნაკრებში, ღია თამაშისას, ე.წ. პინგპონგის დროს, რეალურად მხოლოდ შენ და ქოქოსა აკეთებთ ტაქტიკურ დარტყმებს. როგორ მიგაჩნია, რამდენად საჭიროა, რომ გარემარბებიც ფლობდნენ თამაშის ამ ელემენტს? თუ 2 კაცი საკმარისია, რომ ასეთ დროს  ტერიტორია არ წავაგოთ?

იდეალური იქნება თუ ასეთ თამაშში უკანა ხაზის ყველა მოთამაშე შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებს თუ გადავხედავთ, სერიოზული პრობლემა გვაქვს კარში დამრტყმელთან დაკავშირებით. თუ ეროვნულში ორნი ხართ, ვინც ურტყამს, ასაკობრივებში, ბოლო წლებია, სტაბილური დამრტყმელი ფაქტიურად არ გვყოლია. რა არის ამის მიზეზი?

ჩემი აზრით, პრობლემა არის ის, რომ საქართველოში კარში დარტყმის სპეციალისტი მწვრთნელები არ გვყავს. თუმცა მიდის ამ მიმართულებით მუშაობა და იმედია, მალე შეიცვლება სიტუაცია

რით განსხვავდება ფულბეკის ინდივიდუალური ვარჯიში სხვა უკანახაზელების ვარჯიშისაგან?

უამრავი დეტალია, მაგალითად გადმოკიდებული ბურთის ჰაერში დაჭერა, აჩქარების გაკეთება და შემდეგ ფეხით უკან დაბრუნება. ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთულია და ბევრი ვარჯიში სჭირდება. ასევე გამოვყოფდი მოედნის კარგ ხედვას და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. ისიც აღსანიშნავია, რომ მარტო მინდორზე ვარჯიში არ არის საკმარისი, ძალიან ბევრ თამაშს უნდა უყუროს და გააანალიზოს.

ნაკრებში გითამაშია 10-ზეც და 15-ზეც (რომ აღარაფერი ვთქვათ 9-ზე კარიერის დასაწყისში). რომელი პოზიცია მოგწონს უფრო და რატომ?

ვერ გამოვარჩევ, ორივე ძალიან მომწონს.

ოკეანეთის ტურნეზე

რა დასამალია და ნაკრებისგან ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა. შენი აზრით, რის ხარჯზე მოვახერხეთ კუნძულებიდან დაუმარცხებლად დაბრუნება?

პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 5-6 ძალიან მაგარი მორაგბე გვაკლია, ჩვენს ნაკრებს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

რა თქმა უნდა, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა გუნდის ერთ მუშტად შეკვრას. ერთა თასის შემდეგ ძალიან სწრაფად გავიარეთ ეს შეთამაშების პროცესი, პრაქტიკულად 4-5 დღეში მოვახერხეთ სასურველ დონეზე მისვლა. ისიც აღსანიშნავია, რომ თითოეული მოთამაშის დონე არის გაზრდილი, რაც ნაკრების თამაშის ხარისხზე პირდაპირ აისახება.

რომელი თამაში იყო ყველაზე რთული და რაში გამოიხატებოდა ეს სიძნელე?

ალბათ ტონგა. ვინაიდან, ფსიქოლოგიურად იყო რთული თამაში. სამოასთან დასანანი ფრეს შემდეგ პირველი თამაში იყო, რომლის მოგებაც რეალურად შეგვეძლო და გვქონდა კიდეც მიზნად დასახული. ბოლო თამაში ძალიან ძლიერ ფიჯისთან გვიწევდა და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. შესაბამისად, ტონგა იყო ჩვენი სამიზნე. ამ მხრივ იყო ფსიქოლოგიურად ცოტა რთული. თორემ თამაშის მხრივ იდეალური დაცვა ვითამაშეთ და ბიჭებმა თავი დადეს.

 

 

როგორ გაიარეთ აკლიმატიზაციის პროცესი და რამდენად გაგიჭირდათ ფიზიკურად ასეთ სიცხესა და ტენიანობაში?

აკლიმატიზაცია რეალურად გავიარეთ 2 კვირის მერე და ფიჯისთან თამაშის წინ უკვე ნორმალურად ვგრძნობდით თავს. მანამდე, ზოგს ღამის 3-ზე ეღვიძებოდა, ზოგს საერთოდ არ ეძინებოდა და ა.შ. თამაშის დროს ძალიან მალე ვიცლებოდით ენერგიისგან და გვიწევდა ფიქრი მის შენარჩუნებაზე.

ერთმანეთისგან რამდენად განსხვავებული სტილი აქვთ კუნძულელებს და რაში მდგომარეობს მსგავსება თუ განსხვავება?

ფიჯელები ინდივიდუალურად უფრო ძლიერები არიან, ტონგელები უფრო აგრესიულები, სამოელები თითქოს უფრო დახვეწილ რაგბს თამაშობენ. თუმცა, ერთი შეხედვით, სამივე დაახლოებით ერთნაირ რაგბს თამაშობს – დიდები და ჯანიანები არიან.

ცოტა გუნდი თუ დაიკვეხნის იმით, რომ ფიჯის ლელო არ დაადებინა. რის ხარჯზე მივაღწიეთ ასეთ შედეგს – დაცვაში რამე განსხვავებული ტაქტიკა გვქონდა, რაც აქამდე არ გვითამაშია და მეტოქისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუ სხვა მიზეზი იყო?

დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ ტურნეზე. ლევან მაისაშვილმა შეიტანა გარკვეული კორექტივები დაცვის ორგანიზებაში, რამაც საბოლოო შედეგი ყველაზე კარგად ფიჯისთან მოგვცა. გაიზარდა კომუნიკაცია ბიჭებს შორის და დეტალებს მიექცა უფრო მეტი ყურადღება. იდეალური ჯერ ალბათ არაა, მაგრამ კიდევ უფრო დავიხვეწებით.

ნოემბრის ტესტებზე

პირველი მეტოქე ყველასაგან გამორჩეული და ამავე დროს ძალიან სიმპათიური იაპონიაა. როგორ დაახასიათებდი, რა რაგბს თამაშობს იაპონია და რა არის ამ გუნდის ყველაზე გამორჩეული თვისება?

ძალიან სწრაფ რაგბს თამაშობენ. ცდილობენ, რომ ბურთი სულ მოძრაობაში იყოს. ძლიერი მხარე აქვთ ძალიან სწრაფი რაქი. თუ რაქს შევუნელებთ, შანსები გაიზრდება.

მეორე მეტოქე სამოა. შენი აზრით, ივნისის ტესტებიდან გამომდინარე, რა შეიძლება შემოგვთავაზოს სამოამ? თამაშის რომელ ასპექტს მიაქცევენ სამოელები უფრო მეტ ყურადღებას?

სამოა უფრო ამოუცნობი გუნდია. არ ვიცი რას შეცვლიან, ნოემბერში ვნახოთ.

წლევანდელი სეზონის კულმინაცია: ვესტუმრებით შოტლანდიას. რა შეგიძლია გვითხრა მათ შესახებ?

უნდა გავუძლოთ იმ ტემპს, რასაც შემოგვთავაზებენ. კარგია, რომ მესამე თამაშია. ძალიან თავდადებული გუნდია და ბოლომდე იბრძვიან.

როგორ ფიქრობ, გვაქვს ათეულში შესვლის და იქ დამკვიდრების პოტენციალი?

ჩემი აზრით, ათეულში შესვლა შეგვიძლია. რაც შეეხება იქ დამკვიდრებას, ეს იმ შეთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიო რაგბი ხელს შეგვიწყობს და კარგ ტესტებს მოგვცემს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთთან აქამდე რაც გვითამაშია, წლევანდელი რადიკალურად განსხვავებული იყო. რა შევცვალეთ, რამაც მოგვცა საშუალება, ასეთი ლაღი თამაშით დაგვემარცხებინა მეტოქე?

ეს ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ წლევანდელ ერთა თასზე გამოჩნდა. შეიძლება გარედან ეს არ ჩანდა, მაგრამ წლების განმავლობაში პატარ-პატარა დეტალებმა მიგვიყვანა აქამდე.

მომავალ წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, მნიშნელოვანი იქნება მოტივაციის ამბავი როგორც ჩვენთვის, ასევე მეტოქეთთათვის.

ჩვენთვის მოტივაცია იქნება თამაშის ხარისხის გაზრდა, რაც შედეგზეც იმოქმედებს. რა თქმა უნდა, შეიძლება გადახალისებულმა გუნდმა ითამაშოს და ახალგაზრდებს მიეცეთ თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ეს ყველაფერი მიზნად დაისახავს ტოპ გუნდებთან მზადებას და მოტივაციის ნაკლებობა არ იქნება.

მსოფლიოზე გასვლის პრეტენდენტებად ვინ მიგაჩნია?

პირველ რიგში რუმინეთი. ბელგია კრებს კარგ გუნდსო. ესპანეთი დებს დიდ ინვესტიციებს… ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება.

მწვრთნელებზე

როგორ არის განაწილებული მოვალეობანი ნაკრებში მწვრთნელებს შორის (მილტონ ჰეიგი, ლევან მაისაშვილი, რიჩარდ გრემი)?

მილტონის საკონტროლებელია ყველაფერი, რა თქმა უნდა იზიარებს დამხმარეების აზრს, თუმცა ბოლო სიტყვა მასზეა. ლევანს ეხება დაცვის ორგანიზება, რაშიც მილტონიც ეხმარება. რიჩი უფრო შეტევაზეა პასუხისმგებელი და უნარ-ჩვევების მწვრთნელია.

როგორ დაახასიათებდი მილტონ ჰეიგს (რამდენად მეგობრული ურთიერთობა აქვს მოთამაშეებთან მოედნის გარეთ. მკაცრია თუ არა ვარჯიშებზე, ტაიმებს შორის შესვენების დროს და ა.შ.)?

სიტუაციაზეა დამოკიდებული. მოედნის მიღმა უფრო გახსნილია, თუმცა როცა საჭიროა მკაცრიც არის. რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალია და თუ რამეს ხელს მოკიდებს, ყველაფერს გულით აკეთებს.

 

ასევე ნახე

მილტონ ჰეიგი – ახალი სტილით თამაშს ვცდილობთ

“რაგბი ევროპის” ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ბორჯღალოსნებმა რეაბილიტაცია მოახერხეს და ამერიკული ტურნე წარმატებით მოიარეს. მოიგეს …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

2 × five =