მთავარი / ბორჯღალოსნები / მილტონ ჰეიგი – ახალი სტილით თამაშს ვცდილობთ

მილტონ ჰეიგი – ახალი სტილით თამაშს ვცდილობთ

“რაგბი ევროპის” ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ბორჯღალოსნებმა რეაბილიტაცია მოახერხეს და ამერიკული ტურნე წარმატებით მოიარეს. მოიგეს ორი თამაში ამერიკასა და კანადასთან, ხოლო არგენტინას 4 ლელო დაუდეს. თავის მხრივ ეს შედეგი ისტორიულია, რადგან აქამდე ამერიკის კონტინენტზე არასდროს მოგვეგო, ხოლო ე.წ. ტიერ1-ის გუნდთან 4 ლელოც არასდროს დაგვიდია.

ამ და სხვა ჩვენთვის საინტერესო თემებზე ტურნედან დაბრუნებულ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს გავესაუბრეთ.

 

განსხვავებული სტილით

პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და გილოცავთ წარმატებულ ამერიკულ ტურნეს. მოვიგეთ ორი თამაში და არგენტინის წინააღმდეგ ვითამაშეთ საკმაოდ კარგი რაგბი. როგორ შეაფასებთ თამაშის ხარისხს? კმაყოფილი ხართ თუ კიდევ გვჭირდება მუშაობა?

კმაყოფილი ვარ. მოვიგეთ ორი თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. თან ამერიკასა და კანადაში მათი დამარცხება პირველად მოვახერხეთ. ალბათ გახსოვთ, 2012 წელს, როცა ბოლოჯერ ვიყავით ამერიკულ ტურნეში, მათ დიდი ანგარიშით მოახერხეს ჩვენი დამარცხება, ასე რომ ეს შედეგი აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენს განვითარებაზე მეტყველებს. ჩვენ ახლა სხვადასხვა გარემოში ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ. ზოგადად, საშინაო შეხვედრებში კარგად გამოვიყურებით, მაგრამ უცხო გარემოში, ისეთი გუნდების წინააღმდეგ როგორებიც ფიჯი, ტონგა, აშშ და კანადა არიან, თამაში კიდევ სასწავლი გვაქვს. რაც ასევე მნიშვნელოვანია თუ მსოფლიო თასზე წარმატების მიღწევა გვინდა. რაც შეეხება არგენტინასთან ჩატარებულ მატჩს, ალბათ მეორე ტაიმს გულისხმობდით. პირველ ნახევარში, კაჭარავას შესანიშნავ ლელოს თუ არ ჩავთვლით, ბევრი შეცდომა დავუშვით, ხშირად ვჯარიმდებოდით და მეტოქეს გაქცევის საშუალება მივეცით.

ბევრი ჯარიმა ახსენეთ. რისი ბრალი იყო წესების ასე ხშირი დარღვევა, დისციპლინის ნაკლებობის თუ ჩვენი დაცვა ვერ ასწრებდა არგენტინელების ტემპზე აყოლას და იძულებული ვხდებოდით დავჯარიმებულიყავით?

არა, უბრალოდ დისციპლინის ნაკლებობის ბრალი იყო.

თამაშამდე ვილაპარაკეთ და გამოვყავით სამი მთავარი ფაქტორი, რაც შეიძლება გამოგვდგომოდა ისეთი ძლიერი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც არგენტინაა. პირველი იყო რწმენა, რომ მსგავსი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. გამარჯვების რწმენის გარეშე წარმატების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. მეორე იყო დისციპლინა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და მესამე კარგი დაცვა.

სანამ მოედანზე თხუთმეტნი ვიყავით, თავს კარგად ვიცავდით, თუმცა დისციპლინაში სერიოზული პრობლემები გვქონდა. პირველ 25 წუთში რვაჯერ დავჯარიმდით. ისეთ კარგ გუნდს, როგორიც არგენტინაა, გაქცევის საშუალება არ უნდა მისცე, თორემ შემდეგ მათი დაწევა ურთულესი ამოცანაა.

პირველ ორ შეხვედრაში ვასილ ლობჟანიძეს ბურთი რაქიდან ნელა გაჰქონდა, რაც შეიცვალა ბოლო თამაშში. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო თუ უბრალოდ ტექნიკური წუნი?

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რაქიდან ბურთი რაც შეიძლება სწრაფად გამოვიტანოთ. თუნდაც იგივე კანადასთან, სადაც საშინელი სათამაშო პირობები იყო, ბურთი როცა ხელმისაწვდომი იყო, ჩვენ თვითონ ვანელებდით, იმის მაგივრად, რომ გვეთამაშა. ზოგადად, შეტევის დროს, ამ 1-2 წამის დაკარგვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ვასომ იცის, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო ამ კომპონენტზე და ის ცდილობს ეს ნაკლოვანებები აღმოფხვრას.

ანუ ეს ტექნიკური წუნი იყო? როცა თამაშს ვუყურებდით, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ რაქიდან ბურთის ნელა გამოტანა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო…

არა, არა. რა თქმა უნდა, იყო მატჩის მონაკვეთები, როცა გადასაწყობად მეტი დრო დაგვჭირდა და ამ დროს ბურთი ბუნებრივად შენელდა, თუმცა ზოგადად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფი რაქი გვქონდეს და ბურთიც ხაზზე უმალ გავიდეს.

წინა ინტერვიუში, როცა ე.წ. სიბრტყეზე თამაშზე (ე.წ. flat rugby) ვსაუბრობდით, ახსენეთ და ჩვენც გეთანხმებით, რომ ასეთ დროს სწრაფი ბურთის ქონა სასიცოცხლოდ აუცილებელია. თქვენი აზრით, რა არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ბიჭებისთვის და რა კომპონენტებში გვიჭირს ყველაზე მეტად ამ სტილით თამაშის დროს?

მთავარ პრობლემად მაინც ე.წ. სქილები მიმაჩნია. ბურთის დაჭერა და მომენტალურად პასის გაშვება.  ნაკრებში მოსვლის დღიდან ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელის ტექნიკა გავაუმჯობესოთ და გარკვეული პროგრესიც გვაქვს. ბოლო ექვსი თვეა ინტენსიურად ვცდილობთ დავნერგოთ ე.წ. სიბრტყეზე თამაში.

მზად არიან კი ქართველი მოთამაშეები ამ სტილის რაგბის გამართულად სათამაშოდ? ხომ არ ჯობია ხანდახან სიღრმიდან ვითამაშოთ?

არა, სიღრმიდან თამაში ნამდვილად არ გამოგვადგება. თუ გვინდა, რომ 2019-სა და 2023 წლის მსოფლიო თასებზე უკეთესი შედეგები გვქონდეს და განსხვავებული რაგბი ვითამაშოთ, ეს ამის აუცილებელი ნაწილია. მინდა ვთქვა, რომ ეს უკვე ასე თუ ისე გამოგვდის, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ წნეხის ქვეშ ასე თამაში.

თუ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გადავხედავთ, იქ მრავლად არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უკვე ბევრი რამ უნახავთ და ვეტერანებიც კი ეთქმით. შესაძლებელია კი მათ ასაკში სიახლეების კარგად ათვისება?

ალბათ გაგიგიათ ცნობილი ანდაზა, რომ შეუძლებელია ბებერ ძაღლს ახალი ხრიკები ასწავლო, თუმცა თუ ჩვენს მიერ არგენტინასთან პირველი ტაიმის მიწურულს დადებულ ლელოს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო დავით კაჭარავამ, რომელსაც 100 კეპზე მეტი აქვს მოხვეჭილი, ასევე ლაშა ხმალაძემ, რომელსაც 50 მატჩზე მეტი ჩაუტარებია, ასევე თაზო მჭედლიძემ და ვასილ ლობანიძემ, მართალია ისინი ახალგაზრდები არიან, თუმცა საკმაო სანაკრებო გამოცდილება დაუგროვდათ. ეს ლელო ასახავდა იმ ყველაფერს, რისი მიღწევაც ჩვენ გვინდა და რის დანერგვასაც ვცდილობთ. ასე რომ, ისევ იმ ანდაზას თუ დავუბრუნდებით, ალბათ შესაძლებელია, რომ ბებერ ძაღლს ახალი ხრიკები ასწავლო.

(დავით კაჭარავას ლელო)

კანადასთან მატჩზე საუბარი რთულია, რადგან საშინელ ამინდში მოგვიწია თამაში, მაგრამ თუ შევხედავთ იგივე ამერიკის მატჩს და შემდეგ არგენტინასთან დაპირისპირებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი განსხვავებული შეხვედრა ჩავატარეთ. ამერიკასთან ბევრად შებოჭილი ვიყავით, ხოლო არგენტინასთან ლაღად თამაშს ვცდილობდით. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს ფავორიტის პოზიციიდან ვთამაშობთ თუ აუტსაიდერის?

ამერიკასთან შეხვედრას თუ განვიხილავთ, პირველ ტაიმში დამაჯერებლად ვიგებდით. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მაღალი ხარისხის რაგბის თამაშში შეგვიშალა ხელი, სათამაშო პირობები იყო. კანადისგან განსხვავებით ამერიკაში ცხელოდა, თუმცა ტენიანობა 70%-ზე მეტი იყო და მოთამაშეებს ფიზიკურად გაუჭირდათ. სხვათა შორის, სათამაშო პირობები ძალიან გავდა შარშან ზაფხულში სამოასთან შეხვედრას. ზემოთხსენებული ორი მატჩისგან განსხვავებით მშვენიერი ამინდი დაგვხვდა არგენტინაში. გარდა ამისა, პირველი ნახევრის შემდეგ დიდი ანგარიშით ვაგებდით, ხოლო ტაიმის მიწურულს შესანიშნავი ლელო გვქონდა დადებული. ასე რომ, ამოცანა მარტივი იყო: გავსულიყავით მოედანზე და უბრალოდ გვეთამაშა რაგბი.

ასე რომ, თქვენს კითხვაზე პასუხი არის – კი, თუმცა ასეთი რამ აბსოლუტურად ყველა ნაკრებს ახასიათებს – როცა წნეხი ნაკლებია ან საერთოდ არ არის, უკეთესად და უფრო ლაღად თამაშობ.

 

მოლი, რაქი, შერკინება

გვაინტერესებს თამაშის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე – მოლზე. იგივე კანადამ და ამერიკამ რამდენჯერმე წარმატებით მოახერხეს ჩვენი მოლის შეჩერება, მართალია არგენტინასთან მოლით ლელოს დადება მოვარხერხეთ, თუმცა მათთანაც გვქონდა პრობლემები. ხომ არ ვკარგავთ ამ კომპონენტს?

საქმე იმაშია, რომ საქართველოსგან ყველა ელოდება მოლში და შერკინებაში ძლიერ თამაშს, შესაბამისად მოწინააღმდეგეები განსაკუთრებულად ემზადებიან ამ კომპონენტებში წინააღმდეგობის გასაწევად და ბევრსაც სწავლობენ. იგივე ამერიკამ მოლი წარმატებით გამოიყენა კანადის წინააღმდეგ.

ანუ ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგეები უმჯობესდებიან და ჩვენ ვერ?

არა, თუ ისინი უმატებენ, ჩვენც უნდა მოვუმატოთ. მაგალითად ავიღოთ შერკინება. ყველამ იცის, რომ ეს ჩვენი ძლიერი კომპონენტია, მაგრამ ნახეთ რა დღე ვაყარეთ იგივე არგენტინას, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შერკინება ყავს მსოფლიოში.

გვინდა გკითხოთ რაქზეც. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდით თუ არგენტინასთან ამ კომპონენტში უპირატესობა გვექნებოდა. რამ განაპირობა ეს, მოთამაშეების უნარ-ჩვევები გაუმჯობესდა თუ კონკრეტულად ამ მატჩისთვის არჩეულმა ტაქტიკამ გაამართლა?

არგენტინელების თამაშის სტილიდან გამომდინარე გვქონდა ეს უპირატესობა. მათ სწრაფად გააქვთ ბურთი  რაქიდან, ბურთს ზოგადად სწრაფად ათამაშებენ  და ამის გამო მათი მოთამაშეები ხშირად მარტო რჩებიან. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს უნდა გამოგვეყენებინა. ასე რომ, უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მხოლოდ არგენტინელთა სათამაშო სტილიდან გამომდინარე. თუმცა რაქში სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს. ზოგადად, რაქს დაბალი კაცი იგებს, ჩვენ კი უფრო მაღალი და ჯანიანი ბიჭები გვყავს. თუმცა, თუ უფრო აგრესიულები ვიქნებით და რაქში თამაშს გავაუმჯობესებთ, ეს წარმატების ძალიან კარგ შანსს მოგვცემს უფრო დიდ გუნდებთან.

საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ არგენტინელები შერკინებაზე ღელავდნენ. ზოგიერთი ჟურნალისტი წერდა, რომ უფრო მობილურ ბურჯებზე აქცენტის აღებით მიწოლაში უპირატესობას კარგავენ. რა არის თქვენთვის იდეალური – მობილური ბურჯი, რომელსაც შეუძლია გაქცევა და პასის გაკეთება თუ ძლიერი მიწოლაში? შესაძლებელია ორივე ერთად?

კი, შესაძლებელია. მაგალითად ავიღოთ ნარიაშვილი, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო პირველი ნომერია მსოფლიოში. ის არის მობილური ბურჯი, შეუძლია პასის გაშვება, გაქცევა, ბოჭვის გაკეთება და ამასთანავე ძალიან ძლიერია მიწოლაში. არგენტინის შერკინებას თუ გავაანალიზებთ და შევხედავთ იგივე ინგლისთან ჩატარებულ შეხვედრებს, ვნახავთ, რომ ინგლისელები საკმაო წნეხის ქვეშ ამყოფეს. ასე რომ, ისინი დღესაც კი ძალიან ძლიერები არიან მიწოლაში. უბრალოდ, ამ კომპონენტში საქართველო გუნდების უმეტესობაზე უკეთესია. და თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ტურნეში ჩვენ არ გვყავდა ჩვენი საუკეთესო შერკინება. ასე რომ, პირველ ხაზში ძალიან დიდი სიღრმე გვაქვს.

 

მოთამაშეები

რას იტყვით თაზო მჭედლიძის აგრესიულ თამაშზე? მან აბსოლუტურად არასაჭირო ჯარიმა მიიღო, ასევე რამდენიმე წითელი ბარათი ჰქონდა ამ სეზონში საფრანგეთში. მას დისცპილინის პრობლემები აქვს?

არა, არ ვფიქრობ, რომ უდისციპლინო მოთამაშეა. მას კარგი სეზონი ჰქონდა საფრანგეთში. ზემოთხსენებული ჯარიმა უფრო განცალკევებულად უნდა განვიხილოთ და არა მის სისტემურ პრობლემად. რა თქმა უნდა ჯარიმა სულელური იყო, თავად თაზოც აცნობიერებს ამას და თამაშის შემდეგ თანაგუნდელებს ბოდიშიც მოუხადა. ზოგადად ასეთი უაზრო ჯარიმები და დისციპლინის პრობლემები ადრე უფრო გვახასიათებდა, ახლა მკვეთრად გაუმჯობესებულია სიტუაცია, თუმცა სამუშაო კვლავაც არის, რადგან მსგავს სულელურ ჯარიმებს დიდი გუნდები უკვე დიდი ხანია აღარ იღებენ.

ზოგადად თაზოს კუნთის მასა მნიშვნელოვნად გაიზარდა და სისწრაფეც მოაკლდა. მომავალში თქვენ მას როგორც ფრთის მოთამაშეს განიხილავთ თუ უფრო ცენტრის პოზიციაზე ხედავთ?

თაზო ცენტრია, #12, დიდი სისწრაფით ის არც არასდროს გამოირჩეოდა თუმცა ჩვენთვის ხშირად მოუტანია სარგებელი თავისი აგრესიული სტილით. მე ზოგადად მიყვარს ფიზიკურად ძლიერი ფრთები. თუმცა რაც დრო გავა, თაზოს სათამაშო დრო ფრთაზე მოიკლებს, ხოლო ცენტრის პოზიციაზე გაიზრდება.

რას იტყვით სოსო მათიაშვილის თამაშზე? გულშემატკივარი დიდი ინტერესით აკვირდება გუნდში ახალი უკანახაზელების გამოჩენას. კმაყოფილი ხართ მისი თამაშით?

კმაყოფილები ნამდვილად ვართ. ის კარგი ათლეტია, უყვარს შეტევა, გარდა ამისა მემარცხენეა, რაც დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს ფეხით თამაშის დროს, რადგან მგეზავი მემარჯვენეა. თუმცა დაცვაში პოზიციურად სწორად თამაში მას ჯერ კიდევ სასწავლი აქვს.

ამერიკასთან და კანადასთან ლაშა ლომიძე მღლეტელად (#6) ათამაშეთ და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა, ხოლო არგენტინასთან შეხვედრაში შემკვრელად (#8) ირჯებოდა, რომელ პოზიციაზე განიხილავთ თქვენ მას?

მღლეტელადაც და შემკვრელადაც. თუ გადაუდებელი აუცილებლობა შეიქმნა, შეიძლება მეორე ხაზშიც დავაყენოთ.

ლაშა ლომიძე ამერიკის წინააღმდეგ (ფოტო: Georgian Rugby)

ქართულ რაგბს მაღალი მოთამაშეების დეფიციტი აქვს. არც ასაკობრივ ნაკრებებში ჩანს ბევრი მაღალი ბიჭი. გვაქვს თუ არა რეზერვი, თუ თუნდაც იგივე ლომიძის ან სუთიაშვილის მეორე ხაზში გადაწევაა გამოსავალი?

მეორე ხაზი ჩვენთვის ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა. გვყავს ჯანიანი და კარგი ბიჭები, თუმცა მაღალი მოთამაშეების პრობლემა ნამდვილად დგას. ამიტომაც თვალს ვადევნებთ ისეთ მორაგბეებს, როგორიცაა მაგალითად ლაშა ჯაიანი. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა ასეთი ფიზიკური მონაცემების ბიჭი ბევრი ნამდვილად არ გვყავს. რა თქმა უნდა არ დავივიწყოთ ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. შესაძლოა მეორე ხაზში გამოვიყენოთ  უკვე ჩემს მიერ ნახსენები ლაშა ლომიძე ან ოთია გიორგაძე. ეს უკანასკნელი შეიძლება ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ მასიურია და ამით აკომპენსირებს.

თუმცა ჩვენს გამოცდილ მოთამაშეებს, ისეთებს როგორიცაა მაგალითად ნემსაძე და ჩხაიძე, წლები ემატებათ და ნამდვილად სასურველია თუკი მეორე ხაზში ახალი სახეები გამოჩნდებიან.

 

მსოფლიო თასი

რა იქნება ჩვენი მიზანი 2019 წლის მსოფლიო თასზე?

რეალური მიზანი იგივეა, რაც 2015 წელს. ანუ მესამე ადგილი და ავტომატური კვალიფიკაცია. ხოლო თუ ძალიან იღბლიანები ვიქნებით, პლეიოფზე ფიქრიც შეიძლება. თუმცა ჯგუფში გვყავს ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ან კანადა. მართალია ძლიერი მეტოქეები არიან, მაგრამ 2015 წლის მსოფლიო თასისგან დიდად განსხვავებული ნამდვილად არა. ასე რომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელ ჯგუფში მოვხვდებოდით. მსოფლიო თასზე ყველა გუნდი ძლიერია და ყველასთან საბრძოლო გვექნებოდა. კარგია, რომ უელსს ვხვდებით შემოდგომაზე. ეს ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან კარგი მწვრთნელით. გეთლანდი (უელსის მწვრთნელი), როგორც იცით, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს თავკაცობდა ზელანდიურ ტურნეში. მათთან მატჩი გამოგვადგება გავიგოთ, განვითარების რა ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად. საქმე ისაა, რომ ჩვენ 2015 წელს მსოფლიო თასზე  ხმამაღალი განაცხადი გავაკეთეთ და გვინდა ასე გავაგრძელოთ. თუ კარგად მოვემზადებით და მოთამაშეებიც არ დაგვაკლდებიან, რატომაც არა, კარგი შანსი გვაქვს, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ.

2015 წელს ჩვენ აუტსაიდერებად ვითვლებოდით, ახლა კი მეტად გვიფრთხიან. ამასთან, ჩვენი აზრით, ფიჯი, მიუხედავად იმისა, რომ შარშან ადვილად მოვუგეთ, სრული შემადგენლობის შეკრების შემთხვევაში ტონგაზე სახიფათო მეტოქეა. უფრო რეალისტური ხომ არ იქნება, მათზე მოვახდინოთ კონცენტრირება?

ერთ მოწინააღმდეგეზე, ფიჯიზე, კონცენტრირება არასწორია. ყველა მეტოქესთან უნდა ვეცადოთ ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო მხარე. პირველი დონის გუნდებთან ეს ტესტებიც სწორედ ამიტომაა საჭირო. უნდა ისწავლო მათთან თამაში. თუ არ დაიჯერებ, რომ შეგიძლია დიდ გუნდებთან თამაში და გამარჯვება, ვერც ვერასდროს მოახერხებ მათ დამარცხებას. ეს 4წლიანი ციკლიც, 2015 წლიდან 2019 წლამდე, ამ რწმენის გამომუშავებას უნდა მოვახმაროთ და ვნახოთ, რა გამოვა.

როგორია მსოფლიო თასზე თქვენი იდეალური კალენდარი? მაგალითად, პირველი შეხვედრის ჩატარება ვისთან სჯობს?

იცით, ჯერ არ მიფიქრია მაგაზე. ერთის მხრივ, ფიჯისნაირი გუნდები ტურნირის მიმდინარეობისას უმატებენ, მაგრამ არის მეორე მხარეც – ტრავმები. ფიჯის რამდენიმე პოზიციაზე სიღრმე აკლია. პირველად მათ თუ ვეთამაშებით, კი, ისინი ბოლომდე გახსნილები არ იქნებიან, მაგრამ ასევე არ ვიქნებით ჩვენც. შეიძლება, სჯობდეს, რომ ბოლოს შევხვდეთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ტრავმირებული მოთამაშეები და მათ, ამის უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. თუმცა ამაზე ჯერ მართლა არ მიფიქრია… შეიძლება, ავსტრალიაც ჯობდეს თავიდან, რადგან დიდი გუნდები თანდათან უმატებენ და პირველ ტურში მათთან მეტი შანსი გვექნება. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი.

მამუკა გორგოძის წასვლა რამდენად მძიმე დარტყმაა გუნდისთვის?

მამუკა ალბათ საუკეთესო მორაგბეა საქართველოს ისტორიაში. ასეთი მოთამაშეები იშვიათად იბადებიან და ცხადია, მისი წასვლა მძიმე დარტყმაა. მაგრამ, ადრე თუ გვიან ყველა ამთავრებს კარიერას და რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. ამიტომაც გვჭირდება ბექა გორგაძე, ბექა ბიწაძე. გუნდმა ისეთი პრობლემები, როგორიცაა საკვანძო მოთამაშეების დაკარგვა, ერთიანად უნდა გადალახოს.

გვინდა გკითხოთ ახლად არჩეულ კაპიტანზე. როგორ უძღვება გუნდს ბუკა შარიქაძე?

ის სწრაფად სწავლობს თუ როგორ გაუძღვეს გუნდს, როგორ ილაპარაკოს. ბუკა ყოველთვის გამორჩეოდა ლიდერის თვისებებით, თუმცა ახლა მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მოედანზე გუნდის ნაცვლად გადაწყვეტილებებიც აქვს მისაღები. მისი ყოველთვის გვწამდა, როგორც მომავალი კაპიტნის. კაპიტნობის გამოცდილება მას ასაკობრივ ნაკრებში აქვს მიღებული თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდი სულ სხვა დონე და გამოწვევაა. მაგრამ ბუკა უკვე კარგი კაპიტანია და დარწმუნებული ვართ კიდევ უკეთესი გახდება, რადგან ჭკვიანი და კარგი მოთამაშეა, ესმის ადამიანების. ივნისის ტესტებისას კიდევ მოუმატა და გვჯერა მისი.

ბუკა შარიქაძე არგენტინასთან შეხვედრაში (ფოტო: Georgian Rugby)

 

ახალგაზრდები

გვინდა გკითხოთ ოცწლამდელებზეც. ვიცით, რომ მათ თვალს ადევნებდით და რას იტყვით?

კი, ვუყურებდით მატჩებს. პირველ შეხვედრას დავესწარით კიდეც. როდესაც პლეიოფში შეგვხვდა არგენტინა, ვიცოდით, რომ შეგვეძლო მათი დმაარცხება, რადგან მათთან პირველ დაპირისპირებაშიც კარგად გამოვიყურებოდით და დაცვაში მარტივი შეცდომები რომ არა მეტი შეგვეძლო. მოკლედ, ძალიან კმაყოფილები ვართ. ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, რადგან ეს  ახლაგაზრდების განვითარებისთვის აუცილებელია. უნდა ვთქვათ, რომ მწვრთნელებმა ამ შედეგის მისაღებად დიდი სამუშაო გასწიეს. ასვე, მინდა გამოვყო მენეჯმენტი. ძირთადად ახალ ზელანდიელებს ვესაუბრებოდი და ტურნირისადმი გამოხმაურება ძალიან დადებითი იყო. არა მარტო ორგანიზებით იყვნენ კმაყოფილები, არამედ გულშემატკივრებით და ზოგადად, მასპინძლობით. მოკლედ, ბაჩო ხურციძემ და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავეს.

რას იტყვით ახალგზარდა მოთამაშეებზე? აფრასიძეს და ტაბიძის გარდა, რომელთაც უკვე უთამაშიათ ნაკრებში, ვინმე თუ განიხილება შემოდგომის ტესტების გაფართოებულ გუნდში?

აფრასიძე და ტაბიძე ახსენეთ. მოგვეწონა სპანდერაშვილიც. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარგი და პერსპექტიული ბიჭები ბევრი გვყავს, მაგრამ ჯერ არ ვართ დარწმუნებული, არიან თუ არა უკვე მზად, რომ ნაკრებში ითამაშონ.

ახალგაზრდულის თემა რომ გავაგრძელოთ, ირლანდიასთან მატჩში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დავმარცხდით. თქვენი აზრიც გვაინტერესებს, რა გვაკლდება ასეთ გუნდებთან?

ამაზე ალბათ ოცწლამდელთა მთავარი მწვრთნელი უკეთესად გიპასუხებთ. გარედან რომ შევაფასოთ, შესაძლებელია, ბიჭებს უკვე მიღწეული ჰქონდათ თავისი მიზნისთვის და ირლანდიასთან მატჩზე ბოლომდე ფოკუსირებულნი არ იყვნენ. უფრო ეს მგონია მიზეზი, ვიდრე თავდაჯერებულობის დეფიციტი, რადგან ირლანდიის ეს გუნდი 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მათ უკვე დამარცხებული ყავდათ.

თუ დაასახელებთ, ამ მომენტისთვის, ვინაა 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე?

 არა, არ ვაპირებ. ამ 10 მატჩში თავი  ბევრმა მორაგბემ გამოიჩინა. ნარიაშვილი, ლომიძე შარიქაძე, კაჭარავა… გორგაძეც ძალიან კარგად თამაშობდა, სანამ ტრავმის გამო დაგვაკლდებოდა. პირადად ჩემი აზრით, მეკომაც თავისი ერთ-ერთი საუკეთესო რაგბი ითამაშა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბიჭებმა გამოიჩინეს თავი. ასე რომ ერთს ვერ გამოვყოფ.

 

 

ასევე ნახე

როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

    თამაშის დასრულების შემდეგ რუსთა სათადარიგო სკამს თუ დააკვირდებოდით, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდებოდით:  …