მთავარი / ინტერვიუ / მილტონ ჰეიგი – გვენდეთ!

მილტონ ჰეიგი – გვენდეთ!

მილტონ ჰეიგი 2012 წლიდან “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელია. მის სახელს უკავშირდება ქართველთა ორი გამარჯვება მსოფლიო თასზე, მეორე დონის ქვეყნებთან სტაბილურად კარგად გამოსვლა, ძალიან წარმატებული შარშანდელი ივნისის ტურნე და ზოგადად ნაკრების ახალ საფეხურზე ასვლა.

თუმცა, წელს ის პირველად დამარცხდა რუმინეთთან და ასევე ეროვნულმა გუნდმა მისი ხელმღვანელობით პირველად ვერ მოიპოვა “რაგბი ევროპის” ჩემპიონის ტიტული. გარდა ამისა, საკმაოდ დიდია იმ გულშემატკივართა რიცხვი, რომლებიც “ბორჯღალოსნების” თამაშის ხარისხით და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი არიან.

ჩვენ შევეცადეთ გულშემატკივრებში არსებული კითხვები ერთად შეგვეკრიბა და მასზე პასუხის გაცემა სწორედ მილტონ ჰეიგს ვთხოვეთ…

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი 

დავიწყოთ რაგბი ევროპით. რაც თქვენ ხართ მთავარი მწვრთნელი, პირველად წავაგეთ ეს ტურნირი და ასევე პირველად დავთმეთ შეხვედრა რუმინეთთან. მოვისმინეთ თქვენი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც მარცხი მეტწილად მსაჯს დააბრალეთ. მაგრამ ამის გარდა, რა იყო  წაგების მიზეზი?

შეუძლებელია სულ მოიგო. ადრე თუ გვიან ვისაც ამარცხებ, აუცილებლად გაიმარჯვებს შენზე – ერთხელ მაინც. გარდა ამისა, ეს უფრო ფართო დიაპაზონში უნდა განვიხილოთ. 2017 წელი იყო ახალი მოთამაშეების გამოცდის წელი და  შანსი მივეცით ადგილობრივი ჩემპიონატის ახალგაზრდებს. 9-10 მათგანი გამოვცადეთ და მათ შანსი მომავალშიც მიეცემათ.

გარდა ამისა, წავაგეთ მხოლოდ 1 ქულით. შეგვეძლო ამ თამაშის მოგება. იყო მომენტები, როდესაც რამდენიმე კაცით დავრჩით ერთი მეტოქის წინააღმდეგ და ერთი პასიც საკმარისი იყო, რათა შეტევა წარმატებით დაგვესრულებინა. სამწუხაროდ ვერ შევძელით.

ამას უნდა დავუმატოთ რუმინელების უზარმაზარი მოტივაცია. მათი სურვილი, რომ ბოლოსდაბოლოს დაემარცხებინათ საქართველო და ამ ყველაფერმა ერთად მოიტანა ეს შედეგი.

და მსაჯის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა მაინც არ შეიძლება. მარცხში თავისი წვლილი მანაც შეიტანა.

ჩაგერთვებით, რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება ნამდვილად მიიღო, მაგრამ რუმინელები მასპინძლები იყვნენ. ასეთი მცირე გადაცდომები რაგბში ხშირად ხდება.

დიახ, დიახ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ეს შეცდომები შეხვედრის მიმდინარეობას მთლიანად ცვლის. ბოლო წუთებში რამდენიმეჯერ  შეეძლო დაეჯარიმებინა რუმინელები გვერდიდან შესვლისთვის და ეს მატჩის ბედს შეატრიალებდა.

გავაგრძელოთ ამ თამაშზე საუბარი. ჩვენ ბევრი პასი გავაკეთეთ, უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივ ვაკეთებთ,  მაგრამ აქ არის ერთი მომენტი – თუ ჩვენი მძიმე ბიჭები ვერ ქმნიან უპირატესობას, შეუძლია ჩვენს ხაზს, რომელიც არცთუ ისე სწრაფია, გაამწვავოს თამაში?

რა თქმა უნდა შეუძლია. წარმოდგენა, რომ მხოლოდ შერკინების იმედზე უნდა ვიყოთ, მცდარია.

დავაზუსტებ, არ ვსაუბრობთ მხოლოდ სტატიკაზე, არამედ უპირატესობის ხაზის გადაკვეთაზე.

ტოპ გუნდები უკვე ამ სტილში აღარ თამაშობენ. ისინი წარმატებას აღწევენ სწრაფი რაქით და ბურთის სწრაფი გამოტანით. ჩვენც ვმუშაობთ ამაზე. მნიშვნელოვანია არა ხაზის გაჭრა, არამედ ბურთი რაქიდან რამდენად სწრაფად გამოგაქვს. 2.5-3 წამიანი რაქები წარმატების მისაღწევად აუცილებელი წინაპირობაა. და რაც არ უნდა გაჭრა ხაზი, მაინც მოგიწევს გადაცემის გაკეთება. რამდენჯერმე არ გავაკეთეთ პასი და ამისთვის დავისაჯეთ.

ხომ არ გიჭირთ ჩვენი გამოცდილი მოთამაშეების მოტივირება?

ეს არის ტურნირი რომელიც ჩვენ გვაქვს. ყოველ წელს ინგლისს, ირლანდიას და საფრანგეთს რომ ვხვდებოდეთ მოგვწყინდებოდა? არა, არ ჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მცირე აპათია ალბათ მაინც არის.

 

სელექცია

გადავიდეთ სელექციაზე.  გათამაშების დაწყებამდე ჩვენც ვწერდით, რომ აუცილებელი იყო ამ ტურნირის ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად გამოყენება. ასეც მოხდა, გამოვცადეთ საკმაოდ ბევრი მორაგბე, თუმცა უცნაურად გვეჩვენება, რომ მოთამაშეების უმეტესობა მოვსინჯეთ იქ, სადაც ყველაზე ძლიერები ვართ და არა იქ, სადაც შედარებით ნაკლები სიღრმე გვაქვს. უფრო ზუსტად, გამოვცადეთ 4 ბურჯი და ნაკლებად – #10 და #15. იგივე ხმალაძემ, ჩვენი აზრით საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ რეზი ჯინჭველაშვილს მხოლოდ  ერთ შეხვედრაში მიეცა შანსი, სადაც ლაშაზე ცუდად არ გამოსულა.

გარე დამკვირვებელი ცუდად ხედავს როგორ მუშაობს სისტემა. ჩვენ ახლა უფრო „სიბრტყეზე“ ვთამაშობთ (აწეული ხაზით), რაც ბევრად რთულია გუნდისთვის, როდესაც მოწინააღმდეგე სწრაფად ხურავს ხაზს. გარეშე დამკვირვებლისთვის ძალიან ადვილია თქვას, რომ ხმალაძემ არცთუ ისე კარგად ითამაშა. ეს მათი პრივილეგიაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ლაშა არის ჩვენი #1 მგეზავი და კვირიკაშვილიც ძალიან კარგ რაგბს თამაშობს.

სწორედ გაგვიგეთ, ჩვენც გეთანხმებით, რომ დღეს ლაშა ხმალაძე საუკეთესო მგეზავია და მეკო საუკეთესო ფულბექი, მაგრამ შეიძლებოდა სხვებიც გამოგვეცადა რეზერვის შესაქმნელად…

მაინც?

თუნდაც იგივე რეზი ჯინჭველაშვილი. გერმანიასთან ისე საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა.

ჩვენი აზრითაც მან კარგად ითამაშა, მაგრამ ეს ხომ გერმანიაა… ესპანეთი ბევრად რთული მეტოქეა და ხშირად გვანერვიულებს. ასევე რუსეთთანაც და რუმინეთთანაც ბევრად მნიშვნელოვანი ტესტები იყო. ფაქტი ისაა, რომ რეზის დიდი ხანია ვაკვირდებით და მას ადგილი გუნდში ჯერ კიდევ დასამკვიდრებელი აქვს.

გვაინტერესებს ფრუიძის ამბებიც. მას შარშან ძალიან კარგი საზაფხულო სერია ჰქონდა, თუმცა წელს სასტარტო შეხვედრების შემდეგ გუნდში აღარ გვინახავს. ეს ტრავმებითაა გამოწვეული, თუ მან ადგილი ნაკრებში  რაიმე სხვა მიზეზის გამო დაკარგა?

არა, უბრალოდ ფრუიძე უკვე დიდი ხანია გუნდშია ვიცით მისი პოტენციალი. ამჟამად სხვა მოთამაშეების გამოცდა გვინდოდა. მისი უამრავი თამაში მაქვს ნანახი და ძველების მოწვევით დავკარგავდი სვანიძის, მათიაშვილის, კოშაძის ნახვის შესაძლებლობას. მოთამაშეების, რომელსაც შეუძლიათ შეავიწროვონ ნაკრების არსებული წევრები.   ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახეები გამოჩნდნენ ნაკრებში, რომელთაც შეუძლიათ ითამაშონ არა მხოლოდ ფრთაზე, არამედ ფულბექის პოზიციაზეც.

ცოტა დამაბნეველი სიტუაცია შეიქმნა მათიაშვილის გარშემო. მან თავი  კარგად წარმოაჩინა და ყველას ეგონა, რომ  გუნდში დარჩებოდა, მაგრამ შვიდკაცას შეუერთდა.

ამაზე პირობა დიდი ხნის წინ მქონდა მიცემული. რომ არა ეს პირობა მათიაშვილი რუსეთთანაც იქნებოდა. მან მიიღო შანსი, ითამაშა 80 წუთი, გამოიყენა და ეს დავიმახსოვრეთ. მომავალში სოსოს კიდევ იხილავთ.

გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ევროპის გრანპრისთვის შვიდკაცას ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი დაემატება. შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვისზეა საუბარი?

ვერ გეტყვით. შვიდკაცას ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია და საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს, მაგრამ ეს ძალიან გასნხვავებული სპეციფიკაა და ყველა მოთამაშეზე ინდივიდუალურად გადაწყდება.

თქვენ გამოსცადეთ ახალგაზრდა ბურჯები,  ხომ არ არის მათი მოზარდი ორგანიზმისთვის ნაადრევი ასეთ მძიმე ოპონენტებთან შერკინება?

ეს არასწორი შეხედულებაა. 20 წლის ასაკში ერთდერთი რაც გაკლია, გამოცდილებაა და ეს მხოლოდ თამაშით მიიღწევა. მაგალითად, ლაშა ტაბიძე უკვე მონსტრია. ის აწვება, ბოჭავს, ბურთი მიაქვს… არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება თორნიკე მატარაძეს, ის უკვე შემდგარი მორაგბეა. ეთამაშება ბევრად დიდ და გამოცდილ მოწინააღმდეგეებს. ორივე მათგანი გახდებიან სუპერვარსკვლავები, ამაში დარწმუნებული ვართ. რაც შეეხება ბეკოშვილს, მას არც ვიცნობდით, ვნახეთ ბრივში ქართული გვარი და დავუძახეთ, რომ გვენახა რას წარმოადგენდა. სოსომ თავი კარგად წარმოაჩინა. მასაც აქვს დიდი პოტენციალი და უნდა განვითარდეს. ყველა ზემოთჩამოთვლილი თანამედროვე სტილით მოთამაშე ბურჯები არიან: ბურთის წაღება, ბოჭვა, აუტში აწევა – ყველაფერს აკეთებენ. მათ მხოლოდ გამოცდილება სჭირდებათ.

მამუკა გორგოძეს ტულონში მეორე ხაზში ათამაშებენ, ჩვენთან კი მესამეხაზელია. სად ხედავთ მომავალში მამუკას ადგილს?

ვფიქრობ, მეორე ხაზი მისი საბოლოო დანიშნულების წერტილია. დღეს დიდი ფუფუნებაა მისნაირი მესამეხაზელი, რადგან ყველამ ვიცით როგორ ბოჭავს და როგორ მიაქვს ბურთი. გარდა ამისა, გვაძლევს მეორე ხაზში ვარირების საშუალებას. თუმცა, ალბათ მამუკაც დაგვეთანხმება, რომ მომავალში ის მეორე ხაზში უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს.

ზურაბ ჟვანიას კვლავ ბურჯის პოზიციაზე განიხილავთ, თუ მხოლოდ სარეზერვო კვაჭად?

განვიხილავთ ბურჯად, რომელსაც შეუძლია ჰუკერის პოზიციაც დააზღვიოს. ძალიან უიღბლო ტურნირი გვქონდა ამ კუთხით. 2 კვაჭი დავკარგეთ გერმანიასთან, პლიუს მამუკაშვილს კონტრაქტის თემები ჰქონდა გასარკვევი. ასეთ დროს გიწევს სარეზერვო ჰუკერის გამოყენება.

გვაინტერესებს თქვენი აზრი მიხეილ გაჩეჩილაძეზე. ის ძალიან კარგად თამაშობს ენისეიში, მაგრამ გუნდში ვერ მოხვდა.

ის ჩვენი თვალთახედვის არეშია, თუმცა ამ ტესტებზე მისი მოწვევა ვერ მოხერხდა, რადგან სხვა მოთამაშეებს ვცდიდით. მომავალში მიშას აუცილებლად გამოვიყენებთ.

მირიან მოდებაძეზე რას გვეტყვით? განიხილავთ მას სარეზერვო ფულბექად?

ჩვენ მას ვაკვირდებით და მოგვწონს – კარგი მოთამაშეა. ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ალბათ მოხდება მისი ეროვნულ გუნდში ინტეგრირება. არ ვარ დარწმუნებული, რომ თავიდანვე ნაკრების კვართს მოირგებს, მაგრამ გუნდთან ერთად აუცილებლად იქნება.

 

ივნისის ტესტები

მოახლოებულ ივნისის ტესტებზე თუ გეგმავთ გუნდის გაძლიერებას?

აუცილებლად. პრობლემა ისაა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის განრიგის გამო უძლიერეს შემადგენლობას თავს ვერ ვუყრით ხოლმე, მაგრამ რისი საშუალებაც გვექნება საუკეთესო გუნდს შევკრებთ. კანადა ყოველთვის კანადაა, აშშ-საც პროგრესი აქვს. არგენტინაზე ისედაც იცით ყველაფერი და სხვანაირად ვერ მოვიქცევით.

რა შედეგს ელით? რა იქნება დამაკმაყოფილებელი და კარგი რეზულტატი?

როდესაც მეკითხებიან ამაზე პასუხი ერთიდაიგივეა: კარგი შედეგი ყოველთვის ყველა მოგებაა. აშშ და კანადასთან მოგება იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი და თუ  არგენტინას დავამარცხებთ -ფანტასტიკური. თუმცა ეს წარმოუდგენლად რთული იქნება. 2013 წელს ჩვენ შევხვდით არგენტინას და ვუგებდით, მაგრამ საბოლოოდ დავმარცხდით. იმ მოთამაშეებიდან ბევრი დღევანდელ ნაკრებშიც თამაშობს. თუ უყურებთ „ხაგუარესის“ გამოსვლას, ნახავთ რამდენად გაიზარდნენ ისინი. იმიტომ, რომ გამოიყენეს „სუპერ რაგბი“ და კვირიდან კვირამდე იზრდებოდნენ. ეს ქმნის განსხვავებას. თუ ისინი სათანადოდ არ დაგვაფასებენ, რაღაც შანსი გვექნება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ურთულესი თამაში გველის. თუმცა ჩემი მოლოდინით, აშშ და კანადის დამარცხება სავსებით შესაძლებელია და დამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვლება.

 

სამწვრთნელო შტაბი

გვინდა გკითხოთ დამხმარე მწვრთნელებზე. ადრე იყო თქვენი თანამემულე კრის გიბსი, ფრანგი დიდიე ბესი, ამჟამად კი ავსტრალიელი ბრედ ჰარისი. რა შემატა თითოეულმა მათგანმა გუნდს და იგეგმება თუ არა შტაბის გაფართოება?

სამწვრთნელო შტაბის გაფართოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავგეგმავთ, თუ მას დამატებითი ღირებულების შექმნა შეეძლება. დიდიე შერკინების ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ბრედ ჰარისი ძალიან განსწავლულია აუტებში და ზოგადად ფორვარდების თამაშში. კრისს კი ყველაფერი შეეძლო. ამჯერად, მე ბრედი და ლევანი ვართმევთ თავს, თუმცა შესაძლოა მომავალში ახალი სახეების დამატება დაგვჭირდეს. თუმცა კონკრეტული სახელები ამ ეტაპზე არ არსებობს.

რაც შეეხება ბრედ ჰარისს, თქვენ თქვით, რომ მას აუტებში, დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ რუმინეთთან ვნახეთ ძალიან უცნაური მომენტი, როდესაც ვთათბირობდით ჩუმად, რათა რუმინელთა ქართველ ჰუკერს არ გაეგო ჩვენი კომბინაციები. რატომ არ მოხდა ამის წინასწარ დამუშავება?

ასეთი შეცდომები ჩვენთვის დამახასითებელი მართლაც არაა. იმის თქმა მინდა, რომ მოედანზე მოთამაშეებს მიყავთ თამაში და არა მწვრთნელებს. თუმცა ამან აშკარად დაგვაზარალა და არ გვსურს მომავალში იგივე განმეორდეს.

ანუ ეს ერთჯერადი პრობლემა იყო და სხვა დროს აღარ  განმეორდება?

დიახ, ნამდვილად. არასისტემური, ტაქტიკური პრობლემა იყო.

ჩვენი თამაშის სტილი ბევრს აწუხებს.  მეტწილად ვთამაშობთ ჩამშლელ, არაკრეატიულ რაგბს იმ იმედით, რომ ჩვენი შერკინება შესატევ პლაცდარმს შეგვიქმნის. მაგრამ თუ ეს არ გამოვა არსებობს გეგმა „ბ“? 

გეგმა „ბ“ იგივეა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში: ბურთის სწრაფი და დროული გადაცემა. რაც ბოლოს შევცვალეთ, ეს არის მოწინააღმდეგის დაცვის ხაზთან უფრო ახლოს თამაში – პასის გვერდზე და არა სიღრმეში გაკეთება. როდესაც მოწინააღმდეგე სწრაფად ხურავს ხაზს, ამას პრობლემები მოაქვს. მაგალითად როგორც ეს ესპანეთმა და რუსეთმა გააკეთეს და ნაკლებად რუმინეთმა. მაგრამ თუ მოვლენებს ფართო ჭრილში განვიხილავთ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის. ამ ტურნირზე 40 მორაგბე გამოვიყენეთ, მაშინ როდესაც შემოდგომის  ტესტებზე მხოლოდ 29. შესაძლოა ამის გამო შედეგებში უკუსვლა გვაქვს, მაგრამ ხანდახან ნაბიჯი უკან უნდა გადადგა, რომ წინ წაიწიო. და როდესაც 2019 მსოფლიო თასზე ახალგაზრდა მორაგბეებს ვნახავთ, გაგვახსენდება, რომ მათ საბრძოლო ნათლობა 2017 წელს, გერმანიასთან მიიღეს.

გვენდეთ!

 

ახალგაზრდები და სამომავლო პერსპექტივა

როდესაც ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, მაღალი კლასის ტესტებით თამაშის ხარისხის ზრდაზე, უნდა გაგახსენოთ წინა შეხვედრისას გაჟღერებული ზელანდიაში მოთამაშეების გაშვების პროგრამა. არის რამე სიახლე?

ფინანსების თემაა. პროგრამა ცოცხალია, კიდევ ვართ დაინტერესებული, მაგრამ ახალგაზრდული მსოფლიო თასის გამო არააქტუალურია. თავად  ახალი ზელანდია ჩამოდის აქ. ყოველთვის ასეთი საკითხები ფულამდე დადის.

და სხვა ტურნირები? საით ვიყურებით ? სამხრეთით თუ ჩრდილოეთით? მესმის რომ ეს კითხვა თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ალბათ გაქვთ ინფორმაცია.

ყველა მიმართულებით მზად ვარ გავიხედოთ. არც „6 ერზე“ ვიტყვით უარს და არც „სუპერ რაგბზე“ (იცინის-ავტ.). ყველაფერს ვცდილობთ, რომ დამატებით რომელიმე ტურნირში ჩავერთოთ. სულ ვსაუბრობთ „პრო12“ იქნება თუ „6 ერი“,  მაგრამ კონკრეტული არაფერი ჩანს. „სუპერ რაგბშიც“ კი 2020-21 წლამდე სავარაუდოდ არაფერი იქნება . თუმცა მაგ დროისთვისაც რომ მიგვიღონ ფანტასტიკური იქნება. შეხედეთ არგენტინას და ნახავთ რა გუნდი იქნება 2019 წელს . 2015-შიც მშვენიერი ნაკრები ყავდათ და 4 წლიანი „სუპერ რაგბი“ რა დონეზე აიყვანთ ადვილი წარმოსადგენია. ეს მომავლის თემაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი შემოთავაზებისათვის და შემდეგ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზეც გვინდა რომ გკითხოთ: რამდენად ხართ ჩახედული, როგორ ფორმაში არიან პატარა ბორჯღალოსნები?

ჯერ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ კარგად გამოიყურებიან. არ ყავთ იმდენი გამოცდილი მოთამაშე, რამდენიც შარშან, რადგან რამდენიმეს ასაკი აღარ უწყობს ხელს, მაგრამ ეყოლებათ გელა აფრასიძე, კვესელაძე, მოდებაძე. მალე შეუერთდებათ ტაბიძე. მწვრთნელები კარგად მუშაობენ. გუნდი ეხლაც კარგ ფორმაშია და ნაკრების მოთამაშეების დამატების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო მოუმატებენ. ასე რომ იმედი ვიქონიოთ.

დიდი ხანია საქართველოში ხართ. თქვენს თვალწინ იზრდებიან ახალი მორაგბეები. ჩანს თუ არა პროგრესი?

კი, თვალშისაცემია. ახლახანს ეთამაშნენ აბუ დაბის „ჰარლიქვინზს“ და ვნახე ფულბექი, რომელმაც მალევე საკმაოდ კარგი ლელო დადო. ძალიან თანამედროვე თამაშს აჩვენებდნენ. ესაა ამ ეპოქის უპირატესობა – ისინი უყურებენ სუპერ რაგბს , ცდილობენ მათნაირად ითამაშონ. აკეთებენ ზურგსუკან პასებს, რაც სასიხარულოა. ამიტომ გვჭირდება მეტი ახალგაზრდა მთავარ გუნდშიც.

მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი საერთაშორისო თამაშები…

ოცწლამდელები მონაწილეობენ საუკეთესო ტურნირში – მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე სათამაშოდ ჩამოვა „ვესთერნ ფროვინსის“ ძალიან კარგი გუნდი. ასევე ძალიან კარგ ტურნირში იღებენ მონაწილეობას 18 წლამდელები (ევროპის ღია ჩემპიონატი – ავტ.). მართალია ისეთი წარმომადგენლობითი აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ მაინც… ზოგადად, გეთანხმებით, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ასაკობრივი ნაკრებები უფრო მეტ შეხვედრას გამართავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ პროგრესი სახეზეა.

ასევე ნახე

მერაბ კვირიკაშვილი: 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის სურვილი მაქვს

ინტერვიუ მერაბ კვირიკაშვილთან