მთავარი / ბორჯღალოსნები / მწარე გაკვეთილი

მწარე გაკვეთილი

 

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მამუკა გორგოძემ თქვა, მეტოქე ასე დაჩაგრო ფიზიკურად და მაინც წააგო აქამდე არ მინახავსო. მამუკას ნათქვამს დავამატებთ: თანამედროვე რაგბში რთულია გაიხსენო შემთხვევა, როცა ერთ გუნდს ასე დაეჯაბნოს მეტოქე ფიზიკურად, დანიშნულ შერკინებაში, აუტებში და მაინც დამარცხებულიყოს.

მაშ, რა მოხდა, რატომ დავმარცხდით?

შევეცდებით ის რამდენიმე მიზეზი ჩამოვწეროთ, რამაც ჩვენი აზრით შაბათის მატჩში მარცხი გამოიწვია

 

იაპონელთა სწორი ტაქტიკა

იაპონელთა ტაქტიკა თავიდანვე ცნობილი იყო: როგორც მათმა მწვრთნელმა განაცხადა, ისინი მინიმალურ დონეზე დაიყვანდნენ ტექნიკურ წუნს, რათა შერკინებაში ჩვენი უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მოეცათ, ასევე მაქსიმალურად ხშირად ითამაშებდნენ ფეხით. ასეც მოხდა. მთელი 60 წუთის განმავლობაში, თითზე ჩამოსათვლელი იყო ბურთის წინ გავარდნის შემთხვევა და მთელი 60 წუთის განმავლობაში იაპონიას ფეხით ჩვენს ნახევარზე ბურთის მოგერიების მეტი არაფერი გაუკეთებია.

ხოლო შემდეგი 10 წუთის განმავლობაში იაპონია გააკეთა ის, რასაც ჩვენი დაცვა საერთოდ არ ელოდა. მთელი ერთი საათი, ის დრო, როცა იაპონელები ფეხით ბურთის გადმოკიდებით იყვნენ დაკავებულნი, ბორჯღალოსნები ძალიან ნელა წევდნენ ხაზს ზემოთ და არ თამაშობდნენ მიმხდომ დაცვას და ალბათ სწორადაც, რადგან ზურგსუკან ბურთის გადმოკიდების  დიდი საფრთხე იყო. მაგრამ, როდესაც 9 ქულით დავწინაურდით, საკურებმა უმალ შეცვალეს ტაქტიკა და ბურთის სწრაფ ჩათამაშებაზე გადავიდნენ. აი აქ კი ჩვენი დაცვა აირია. იმის მაგივრად, რომ ტაქტიკა შეგვეცვალა და მიმხდომი დაცვა გვეთამაშა, ბორჯღალოსნებმა კვლავ უკნიდან თამაში გააგრძელეს. ყურადღება იმდენად ჰქონდათ გადატანილი ფეხით დარტყმებზე, რომ იაპონელთა მთავარ კოზირზე – ხაზის სწრაფ თამაშზე საერთოდ არ უფიქრიათ. შედეგად, სწრაფი იაპონელები ადვილად ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას და 10 წუთიანი კოშმარის ორივე ლელო პირველ-მეორე ფაზაში, ბურთის ფლანგიდან ფლანგზე ჩათამაშებით გაიტანეს (მესამე ლელოსგან იღბალმა და მეკო კვირიკაშვილმა გვიხსნა).

შეცდომების კასკადით

საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან რთულია გაიხსენო ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ თამაშში ერთბაშად ამდენი შეცდომა დავუშვით.

იაპონელთა პირველი ლელოს დროს, ჯერ იმათ 5 მეტრიანში ბურთი წინ გაგვივარდა, შემდეგ გადმოკიდებული ბურთი მერაბ კვირიკაშვილმა წამოიღო, მაგრამ დანარჩენები ისე ნელა ბრუნდებოდნენ უკან, რომ მეკომ ვერც ფეხით თამაში მოახერხა, ვერც ხაზზე ბურთის გაშლა, გაექანა და პირდაპირ იაპონელებს ჩაუვარდა ხელში. ამ დროს ვერც გადაყრაზე ვივარგეთ – სხვებმა დააგვიანეს, ხოლო ლაშა ხმალაძემ იაპონელთა დარტყმებს ვერ გაუძლო და ბურთი დაიკარგა. იქვე ჩათამაშებული ბურთი ჰესქეთმა ფეხით რომ გადაიკიდა, კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომა დავუშვით – ლაშა ხმალაძემ ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა და იმის მაგივრად, რომ ის ორივე ხელით დაეჭირა, მხოლოდ მარცხენა ხელის თითის წვერებითღა წაეპოტინა.

ქრესტომათიულია მეორე ლელოც: ქართულმა შერკინებამ იაპონელები წალეკა და ბურთი აართვა. ვასილ ლობჟანიძე თამაშს შლის მარცხნივ, სადაც ბურთს იღებს ლაშა მალაღურაძე და იმის მაგივრად, რომ კაჭარავას მიმართულებით მომსხეპი პასი გაუშვას, ეჯახება იაპონელთა 12 ნომერს.


დავაკვირდეთ ამ სლაიდს, სადაც 6 შემტევი ქართველი (აფციაური კადრში არ ჩანს) 6 დამცველი იაპონელის წინააღმდეგაა. ბურთი უჭირავს ლაშა მალაღურაძეს და მიიწევს მოწინააღმდეგის #12-ისკენ. ბუკა შარიქაძე შემორბის იაპონელთა #12 და #13 შორის ინტერვალში

 


შემდეგ სლაიდზე იაპონელთა #13 (ლურჯი ისრით) კარგავს წონასწორობას და ეცემა, ხოლო #15-სა და #12-ს შორის (რომელიც მალაღურაძის შებოჭვას ცდილობს) უშველებელი ნაპრალი ჩნდება. საკმარისი იყო აქ მალაღურაძეს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე მეტოქეზე მიძალების მაგივრად ბურთი შარიქაძისთვის ამოეგდო და ლელო გარდაუვალი იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და თამაში გადავიდა რაქში, სადაც ჩათრეული აღმოჩნდა ჩვენი 4 შემტევი და 2 იაპონელი დამცველი

 


ვასილ ლობჟანიძე შეტევას აგრძელებს ისევ მარცხნივ, სადაც უკვე აშკარა უმცირესობაში ვართ – კაჭარავა და აფციაური 4 იაპონელის წინააღმდეგ. დავაკვირდეთ ამ დროს რას აკეთებს მერაბ კვირიკაშვილი(იასამნისფერი ისრით): იგი ხედავს, რომ რაქიდან ბურთი გამოდის, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მოძრაობა მარცხნივ დაიწყოს და კაჭარავა-აფციაურს შორის არსებული ღრიჭო შეავსოს, კვლავ ცენტრისკენ აგრძელებს მოძრაობას.

 


ამ სლაიდზე ჩანს მეკოს საწყისი პოზიცია (იმ მომენტიდან, როცა ის კადრში ჩნდება) და ის ადგილი, თუ სად იმყოფება კაჭარავას პასის დროს

 


და ბოლო სლაიდი: წითელი რგოლი არის დაახლოებით ის ადგილი, სადაც კვირიკაშვილი უნდა ყოფილიყო, თავიდანვე სწორად რომ ემოძრავა. გარდა იმისა, რომ ეს პოზიცია ბურთის ჩამჭრელ იაპონელთან უფრო ახლოა, ასევე დრო არ დაიკარგებოდა გაჩერებაში, შემობრუნებაში და გაკიდებაში. შესაბამისად, დიდი ალბათობით, კვირიკაშვილი სადღაც 22-ის მისადგომებთან მოახერხებდა ლემანო ლემეკის შებოჭვას და ბურთის როგორც მინიმუმ შენელებას. შედეგად, დიდი ალბათობით ლელოს გადავრჩებოდით.
ეს ერთი შეტევა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაიქცევა სალელოვე შეტევა -5 ქულად, #10-ის, #9-ის (მარცხნივ ბურთის გაშლა შეცდომა იყო, რადგან იაპონელებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ და შემტევებს შორის მანძილიც ძალიან დიდი იყო. რომ არა კაჭარავას ძალიან ცუდი პასი, აფციაურს ან კიდეზე გადადენიდნენ, ან რაქში გადაყრაზე ქართველები ვერ მიასწრებდნენ და ბურთი მაინც დაიკარგებოდა), #13-ის და #15-ის შეუთანხმებელი, არასწორი გადაწყვეტილებების გამო.
ოთხი მესამეხაზელით
ალბათ იკითხავთ ოთხი საიდანღაო. საქმე იმაშია, რომ ლაშა მალაღურაძეს როგორც #10-ს ნამდვილად არ უთამაშია. მისი ერთ-ერთი ეპიზოდი ზემოთ უკვე განვიხილეთ. ზოგადად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაბათის შეხვედრაში ძალიან ხშირი იყო ეპიზოდები, როცა ბურთის ხაზზე გატანის მაგივრად, ჯიქურ მიდიოდა იაპონელებზე და ეძალებოდა, ასევე პრაქტიკულად არ გვინახავს მომენტი, როცა მან პასი სიღრმეში, სიჩქარეაკრეფილ თანაგუნდელს გაუკეთა. როგორც ზემოთ ვთქვით, მალაღურაძე ან თავად ეძალებოდა, ან ადგილზე მდგარ გორგოძე-კოლელიშვილს აძლევდა პასს. ამ სტილით მეტოქის დაცვის გარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო თანაგუნდელს ზედმეტად ღლი და ძალას აცლი. მეტოქეს კი დაცვის სწრაფად გადაწყობის და ჩახურვის შესაძლებლობას აძლევ.
რაგბის ოქროს წესი
რაგბში ოქროს წესია: დასარტყამი ჯარიმა აუცილებლად კარში უნდა დაარტყა. შაბათს, ჯერ კიდევ 0-0-ზე შეგვეძლო რამდენიმეჯერ კარში დაგვერტყა და ანგარიშს გახსნა, თუმცა კაპიტანმა და მოთამაშეებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს. რთული სათქმელია რა იყო ამის მიზეზი, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება წინ რომ დაგვხვდა ფაქტია. იმედია, სამოასთან შეხვედრაში აუცილებლად ლელოზე თამაშის მაგივრად კარში დავარტყამთ და გასატანს გავიტანთ.
ისე კი, ამ შეხვედრამ გარკვეულწილად მსოფლიო თასზე ნამიბიასთან ჩატარებული შეხვედრა გაგვახსენა. მაშინაც უარი ვთქვით ჯარიმების კარში დარტყმაზე და ამის გამო ლამის დავისაჯეთ. დღეს კი ნამიბიასთან შედარებით ბევრად უკეთესი მოწინააღმდეგე გვყავდა და ეს გადაწყვეტილება არ გვაპატია.
ფსიქოლოგია
აქ უკვე ყველანი დამნაშავეები ვართ. მათ შორის ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც. კარგად გამოჩნდა, როგორი გადახალისებული შემადგენლობაც არ უნდა ყავდეთ იაპონელებს, ისინი ხელწამოსაკრავი მეტოქეები ნამდვილად არ არიან და უეჭველი გამარჯვების მოთხოვნა გადამეტებული იყო. ამგვარმა მოლოდინმა სერიოზული გავლენა მოახდინა მოთამაშეებზეც და როცა თამაში ჩვენთვის არასასურველი სცენარით წავიდა, ანერვიულდნენ და მატჩის სადავეებიც გაექცათ.
გარდა ამისა, ძალიან რთულია, როცა თამაშის დროს ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს. არადა, ბორჯღალოსნებს ამის გაკეთება ერთ შეხვედრაში სამჯერ მოუწიათ (0-8-ზე; 12-13-ზე და 22-28-ზე). პირველ ორ შემთხვევაში სიტუაციის შემობრუნება მოახერხეს, თუმცა მესამედ იგივეს გასაკეთებლად არც დრო ეყოთ და აღარც განწყობა.
ძალიან იმოქმედა დაშვებულმა შეცდომებმაც. როგორც ჩანს, ორჯერ მოწინააღმდეგის ხუთმეტრიანიდან აქეთ მიღებულმა ლელომ სერიოზულად შებოჭა მოთამაშეები და თამაშის გაშლას საერთოდ აღარ ცდილობდნენ, რახან კიდევ ერთი შეცდომის დაშვებას ერიდებოდნენ.
სამწვრთნელო შტაბის შეცდომები
მწვრთნელის პროფესია უმადურია. როგორც წესი, მათ „ურემის გადაბრუნების შემდეგ“ აკრიტიკებენ. მაინც უნდა გამოვყოთ სამწვრთნელო რაზმის მიერ დაშვებული რამდენიმე შეცდომა
1) შემადგენლობის შერჩევა- ქაღალდზე მწვრთნელმა იდეალური შემადგენლობა დააყენა, თუმცა როგორც გაირკვა, რამდენიმე მოთამაშე ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორს იყო, მეკო გასაგები მიზეზების გამო ძალიან ცუდ სათამაშო კონდიციებშია. ცუდი იყო აფციაურიც, მიქაუტაძეც, მალაღურაძეც და კაჭარავაც. ალბათ ეს უნდა გამოჩენილიყო შეკრებაზე
2) ცუდი ფსიქოლოგიური მომზადება – ეს უკვე ტრადიციული თავის ტკივილია. ნაკრებს უჭირს თამაში, როდესაც ფავორიტად ითვლება და მძიმედ რეაგირებს შეცდომებზე.
3) ფიზიკური მომზადება – მიუხედავად მტკიცებისა, რომ კარგ სათამაშო კონდიციებში ვიმყოფებოდით, გუნდი 60 წუთის შემდეგ ფაქტიურად გაჩერდა და ხელიც კი არ შეუშლია იაპონელებისთვის
4) თამაშის გადაწყობა – მას შემდეგ, რაც იაპონიამ ერთბაშად უარი თქვა ფეხით დაკიდებებზე და ხელით თამაშზე გადავიდა, საქართველოს ნაკრებმა ამას ალღო ვერ აუღო და ისევ „შორიდან“ თამაში გააგრძელა.
5) დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯემი ჯოზეფმა და მისმა გუნდმა სამწვრთნელო დუელი მოუგეს მილტონ ჰეიგსა და მის თანაშემწეებს.

მიყოლა და რაქები
ქართული რაგბის პრობლემებიდან ეს ორი ალბათ სამეულში იქნება. ჩვენი დათვლით, იაპონელები მინიმუმ სამჯერ გამოძვრნენ წყლიდან მშრალად, მარტო იმიტომ, რომ ხაზის გამჭრელ ბორჯღალოსანს უბრალოდ მიმყოლი არ ჰყავდა, ვინც შეტევას ლოგიკურად გააგრძელებდა: მატჩის დასაწყისში გიორგი ნემსაძეს, შემდეგ თაზო მჭედლიძეს და ბოლოს ბუკა შარიქაძეს. ხოლო ერთხელაც, იგივე ბუკა შარიქაძემ სასწაულით დაიტოვა ბურთი ოთხ იაპონელთან ბრძოლაში, რასაც შემდეგ ბიწაძის ლელო მოჰყვა. არადა გუნდს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოს ტოპ ათეულში შევიდეს, ამ კომპონენტში ბევრად მაღალ დონეზე თამაში მოეთხოვება.
იგივე შეიძლება ვთქვათ რაქებზეც – როგორი კარგიცაა ჩვენი შერკინება მიწოლაში, ისევე ცუდია რაქებში გადაყრასა, თუ მოწინააღმდეგის რაქიდან ბურთის ამოღებაში. ჩვენი შერკინება უბრალოდ ნელია და ვერ ასწრებს რაქში დროულად შესვლას, ანაც მოწინააღმდეგის გადაყრას.
იაპონელების პლიუსი სწრაფი რაქი რომ არის ეგ არახალია, თუმცა შაბათს მათ საკუთარ რაქს უბრალოდ არ გაგვაკარეს.

ბექა ბიწაძის ლელო (ფოტო: ლაშა კიკაბიძე/Rugby XV)
ბექა ბიწაძის ლელო (ფოტო: ლაშა კიკაბიძე/Rugby XV)

 

მოთამაშეთა შეფასება 10 ბალიანი სისტემით
1) მიხეილ ნარიაშვილი (6.5) – როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყო სტატიკაში, სამწუხაროდ ცუდი გაშლილ თამაშში, გააკეთა 1 ძალიან ცუდი პასი, რომელიც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა
2) ჯაბა ბრეგვაძე (6.5) – კარგად აგდებდა აუტებს (წავაგეთ მხოლოდ 1) თამაშში ნაკლებად ჩანდა
3) ლევან ჩილაჩავა (6.5) – ბრწყინვალე სტატიკაში, ნორმალური გაშლილ თამაშში
4) კოტე მიქაუტაძე (6) – ალბათ მისი უსუსტესი მატჩი ნაკრებში, ძალიან პასიური იყო
5) გიორგი ნემსაძე (6.5) – მიუხედავად 3 თარნოვერისა მაინც გამოირჩეოდა საქართველოს ნაკრებში. განსაკუთრებით პირველი დაკარგვა იყო დასანანი, რადგან შანსი გვქონდა დავწინაურებულიყავით მატჩის დასაწყისში
6) ვიტო კოლელიშვილი (7) – ნორმალური, ბორჯღალოსნებიდან გააკეთა ყველაზე მეტი ბოჭვა (6), თუმცა დიდად არ აქტიურობდა შეტევაში. უხეში შეცდომა არ დაუშვია, დადო ლელო, მისგან მეტს ველით
7) მამუკა გორგოძე (7.5) – მიიღო საკამათო გადაწყვეტილებები (ჯარიმის კარში არდარტყმა პირველ ტაიმში) სხვა მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ბურთს თითქმის სულ გაჩერებული იღებდა, წინაც ბევრჯერ წასწია და ჩვეულად იაქტიურა. ჰქონდა ყველაზე მეტი ბურთით მიძალება (22) და წინ წაიწია 53 მეტრით. ასევე ამოაგდო ყველაზე მეტი ოფლოუდი (8)
8) ბექა ბიწაძე (7.5) – კარგი იყო, დადო ჭკვიანური ლელო. შეცდომებიც ნაკლებად ჰქონდა
9) ვასილ ლობჟანიძე (9.5) – იაპონელთა მეორე ლელოს დროს ხაზი მარცხნივ არ უნდა გაეშალა, თუმცა გაშვებული ლელო ყველაზე ნაკლებად მისი ბრალია. დანარჩენი თამაში უბრალოდ ბრწყინვალე. ბორჯღალოსნებიდან ბურთით ირბინა ყველაზე მეტი – 76 მეტრი.
10) ლაშა ხმალაძე (6) – ნორმალური, შეცდა იაპონიის პირველ ლელოს დროს
11) გიორგი აფციაური (5.5) – ცუდი, განსაკუთრებით შეცდა მესამე ლელოს დროს. თავი არაფრით გამოუჩენია
12) მერაბ შარიქაძე (7) – შეტევაში 2 ძალიან კარგი ეპიზოდი გვაჩუქა, განსაკუთრებით კარგი იყო იმ შეტევაში, რომელსაც ბიწაძის ლელო მოჰყვა. ურთულეს სიტუაციაში მარტო დარჩენილმა დაიტოვა ბურთი. დაცვაში შეცდომები ჰქონდა
13) დავით კაჭარავა (5.5) – ალბათ კარიერის უსუსტესი მატჩი ნაკრებში. შეტევაში მეორე ლელო მის არასწორ პასს მოყვა, ბევრი შეცდომა ჰქონდა დაცვაშიც
14) თაზო მჭედლიძე (8.5) – ძალიან კარგი. თაზო თვალსა და ხელს შუა იზრდება, მაღალ ბურთებზეც, დაცვაშიც კონტაქტშიც კარგი იყო. ცოტათი მოუკლო მოგვიანებით
15) მეკო კვირიკაშვილი (5) – ანალოგიურად კარიერის უსუსტესი მატჩი. უამრავი შეცდომა, ცუდი დარტყმები. ერთხელ გადაარჩინა გუნდი ლელოს მეორე ტაიმში

ლაშა მალაღურაძე (5) – ცუდი, მიზეზები ზემოთ უკვე დავწერეთ და აღარ განვმეორდებით
ანზორ სიჭინავა (5) – ცუდი . დაუშვა უპატიებელი შეცდომა და დატოვა გუნდი 14 კაცით
გიორგი ბეგაძე (6.5) – ნორმალური, არ გამოირჩეოდა, უხეში შეცდომები არ გვახსენდება
ლაშა ლომიძე (5.5) – ცუდი, დაუშვა შეცდომები, არ გამოირჩეოდა. ერთხელ რაქში წინ გაუვარდა ბურთი.
დუდუ ქუბრიაშვილი (6) – თავი არაფრით გამოუჩენია. ქონდა ორი ბოჭვის მცდელობა-აქედან ერთი გააცუდა. ოთხჯერ მიეძალა და ბურთი 7 მეტრით წასწია წინ.
ვასილ კაკოვინი (6) – ქუბრიაშვილივით მოედანზე დიდად არ ჩანდა. შეასრულა სამი ბოჭვა და ბურთი 2 მეტრით წასწია წინ.
კოკი თხილაიშვილი (6.5) – ნორმალური. მისგან უკეთესი თამაშები გვახსოვს. შაბათს არც რამე გაუფუჭებია, არც რამე შეუქმნია.

მცირე სტატისტიკა (espn.co.uk-ის მიხედვით)
მეორე ტაიმის კოშმარის ხარჯზე იაპონელებმა გვაჯობეს ბურთის ფლობაშიც: 56-43-ზე მათ სასარგებლოდ
სულ დაინიშნა 7 შერკინება (4 ჩვენი და 3 იაპონელების): აქედან მოვიგეთ ყველა ჩვენი და იაპონელების ერთი შერკინება (რომლის შემდეგაც ლელო აქეთ მივიღეთ).
11 აუტიდან წავაგეთ ერთი (საკუთარ მხარეს ააგდო ჯაბა ბრეგვაძემ). იაპონელებმა წააგეს 13-დან 4
სულ შევასრულეთ 38 ბოჭვა და გავაცუდეთ 11 (71%). იაპონელებმა შეასრულეს 135 ბოჭვა და გააცუდეს 26 (81%)
სულ მივეძალეთ/ბურთი გავაქცუნეთ 138-ჯერ და გავიარეთ 539 მეტრი (საშუალოდ 3.90 მეტრი ერთ მიძალებაზე). იაპონელებმა ბურთი გააქცუნეს/მიეძალნენ 57-ჯერ და გაიარეს 368 მეტრი (საშუალოდ 6.45 მეტრი მიძალებაზე)
დავჯარიმდით 6-ჯერ, ხოლო იაპონელები 11-ჯერ
შეგვემთხვა 20 თარნოვერი. იაპონელებს – 9
ხაზი გავჭერით თანაბრად: 9-ჯერ

დასკვნის სახით
რა შეიძლება ითქვას?
როგორც მატჩამდე ვწერდით, უპირატესობა გვქონდა შერკინებაში, აუტებში, მოლში, ერთი-ერთზე თამაშში და ეს ცხადიც იყო, რომ ასე იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენივე შეცდომების გამო ამხელა უპირატესობა ქულებში ვერ ავსახეთ, ხოლო იაპონელებმა თავიანთი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
თუმცა, ამ წაგებით არაფერი მთავრდება, მით უმეტეს, რომ თანაბარი ძალის მეტოქეს ვეთამაშებოდით. ქართული რაგბის ისტორიაში უფრო მწარე დამარცხებებიც ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით წამოდგომას და წინსვლას.
მთავარია, რაგბის კავშირმა, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა სწორი დასკვნები გამოიტანონ და შეცდომები გააანალიზონ. წარსულის გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომების გაანალიზების და გამოსწორების იმედი უნდა გვქონდეს.
აქვე, ამდენი ნეგატივის შემდეგ დადებითიც ვთქვათ: ეს დადებითი ვასილ ლობჟანიძე და თაზო მჭედლიძეა. ორივეს ძალიან აქვს მომატებული, ორივე ახალგაზრდაა და წინსვლის პერსპექტივა ჯერ კიდევ დიდი აქვთ. იმედია შრომა არ დაეზარებათ და მათი სახით უახლოესი ათწლეული ორი მაღალი დონის მოთამაშე გვეყოლება უკანა ხაზში.

ვასილ ლობჟანიძე მეტოქის ლელოსკენ გარბის (ფოტო: ლაშა კიკაბიძე/Rugby XV)
ვასილ ლობჟანიძე მეტოქის ლელოსკენ გარბის (ფოტო: ლაშა კიკაბიძე/Rugby XV)

 

 

ლევან ყურაშვილი

ბექა მგელაძე

Rugby XV © 2016 

ასევე ნახე

როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

    თამაშის დასრულების შემდეგ რუსთა სათადარიგო სკამს თუ დააკვირდებოდით, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდებოდით:  …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

2 × one =