მთავარი / ბორჯღალოსნები / ოთია გიორგაძე – იტალიას აუცილებლად დავამარცხებთ!

ოთია გიორგაძე – იტალიას აუცილებლად დავამარცხებთ!

 

ოთია გიორგაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა თაობის მორაგბეებს შორის, რომლისაც ქართველ ქომაგს ძალიან ეიმედება. იგი წელს კლერმონიდან ბრივში გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თავი დაიმკვიდრა ეროვნულ გუნდშიც და ნოემბერში მოგებულ ორ შეხვედრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. წლის ბოლოს კი, რაგბის კავშირის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, გულშემატკივრებმა 2018 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. ოთიას მის მშობლიურ ქუთაისში შევხვდით და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ.

 

  • ნაკრებს ზაფხულის ტურნეში ახლდი, სადაც ტონგასთან მოგების შემდეგ ორი შეხვედრა დავთმეთ იაპონიასა და ფიჯისთან. ფიჯით დავიწყოთ: პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა მეორეში სურათი შეიცვალა. ყველაზე გასაკვირი რაცაა, შერკინებაში დავიჩაგრეთ. რატომ, შენი აზრით რა მოხდა?

ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა, ფაქტია გვაჯობეს. თუმცა, პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და სიმართლე გითხრათ, ბიჭებს ყველას ისეთი განწყობა გამოგვყვა, რომ მსოფლიოზე მათი დამარცხება შეგვიძლია. თამაშის შემდეგ, როცა ვლაპარაკობდით, ყველა იგივე აზრზე იყო. ფიჯელები ძალიან ინდივიდუალურად თამაშობენ და გუნდურობით და სწორი ტაქტიკით მათი დამარცხება ნამდვილად შეიძლება.

 

  • იაპონიასთან უშანსოდ დავმარცხდით, მომენტიც კი ვერ შევქმენით. რისი ბრალია შეხვედრის მშრალად წაგება?

ბოლო შეკრების დროს ისე ჩანდა, თითქოს ყველა გადაღლილი იყო და მომქანცველი სეზონის ბოლოს ყველა დიდ შესვენებას ელოდა. შეიძლება ესეც იყო მიზეზი, მოვდუნდით და ბოლომდე კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ. თუმცა, იაპონიამაც ძალიან კარგად ითამაშა და ალალად გვაჯობა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, სწრაფადაც ითამაშეს და ხაზიც გაშალეს.

 

  • ნოემბერში იმ ბიჭებთან ერთად მოგიწია თამაში, რომლებთან ერთადაც წლების მანძილზე ახალგაზრდულში გამოდიოდი. რა პლუსები აქვს მათთან ერთად მოედანზე ყოფნას?

მათთან ერთად თამაში ჩემთვის ძალიან კომფორტულია. წლებია ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. მოედანზეც სულ ვლაპარაკობთ, რაც თამაშისას მნიშვნელოვანია. როდესაც ასაკში სხვაობაა, მაგალითად, როცა შენზე უფროსი, ვეტერანი მორაგბის მხარდამხარ თამაშობ, შეიძლება დაძახება მოგერიდოს და ჩვენს შორის ეს მომენტი არაა. ამიტომაც, მოედანზე შეთანხმებული მოქმედება გაცილებით მარტივია.

 

  • იტალიასთან მოლში ცუდად გამოვიყურებოდით, ხოლო სამოა-ტონგასთან ეს კომპონენტი გამოვასწორეთ. რამე შევცვალეთ, თუ უბრალოდ იტალიელები იყვნენ მოლში ძალიან ძლიერები?

არაფერი შეგვიცვლია. უბრალოდ, პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს, ძალიან დაულაგებლები ვართ. ამას დაემატა ისიც, რომ ახალი მწვრთნელი გვყავდა, ახალი დავალებები მოგვცა და მოედანზე უბრალოდ ვერ შევასრულეთ. იტალიის მერე გავარჩიეთ, ჩვენი შეცდომები დაგვანახა, გამოვასწორეთ და ბოლო ორი მატჩი უკეთესად ამიტომაც გამოვიყურებოდით.

 

  • იტალიელები ჩვენს 22-შიც ძალიან მარტივად შემოდიოდნენ, რატომ?

შესვენებაზე ზუსტად მაგაზე გველაპარაკა ლევან მაისაშვილი. ძირითადი მიზეზი ერთი-ერთზე გაცუდებული ბოჭვები იყო. ეგ რატომ დაგვემართა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ბევრი ბოჭვა გავაფუჭეთ და შემდეგ, არეული გუნდით თავის დაცვა ძალიან რთულია.

 

  • მეორე ტაიმზე გკითხავ, ბოლოსკენ, როცა ვუტევდით, შეგვეძლო თამაშის შემოტრიალება?

ჩვენ თამაში დავიწყეთ ბოლო 15 წუთში. ცოტა ადრე რომ გამოვფხიზლებულიყავით, ნამდვილად შეიძლებოდა მატჩის გადარჩენა. ბოლო წუთებშიც კი, გელას ის ბურთი რომ არ დავარდნოდა, შეიძლებოდა სხვა შედეგი დამდგარიყო.

 

  • შეხვედრის შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, შეგვიძლია მათთან თამაში და დამარცხება თუ ჯერ ადრეა?

მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები ჩვენზე გაცილებით კარგ ტურნირში თამაშობენ და უკეთესი ტესტებიც აქვთ, მჯერა, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია და შემდეგ ჯერზე აუცილებლად დავამარცხებთ!

 

  • სამოასთან პირველი ტაიმის ჩაგდების მერე, მაინც გჯეროდათ, რომ თამაშის მოტრიალებას მოახერხებდით?

მატჩამდე, გარჩევების დროს, ყველა აღნიშნავდა, რომ სამოა ფიზიკაში მოიკოჭლებდა, მეორე ტაიმში დაიღლებოდა და მატჩის ბედი მაგ დროს უნდა გადაგვეწყვიტა. ზუსტად ასე მოხდა – რაღაც მომენტებში, როცა შევუტიეთ, ვიგრძენით, რომ აღარ შეეძლოთ. თუ გახსოვთ, მოედნის ცენტრიდან დაწყებული შეტევისას ლაშა ხმალაძემ 22-ში ფეხით შეცურება რომ სცადა და ლელო ვერ დავდეთ, მაგ მომენტიდან უკვე ჩანდა, რომ ვეღარ იდგნენ. ასე რომ, კი, გვჯეროდა, რომ ამ შეხვედრის შემოტრიალება შეგვეძლო და საბედნიეროდ ასეც მოხდა.

სამოასთან შეხვედრაში (ფოტო: Georgian Rugby)

 

  • შენი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხარ და გქონდა თუ არა პროგრესი ზაფხულის მერე?

ბრივში გადასვლის შემდეგ რეგულარულად ვთამაშობ და ვფიქრობ, პროგრესი მაქვს. მით უმეტეს, ჩემს ასაკში სათამაშო დროის ქონა აუცილებელია. სხვანაირად განვითარება და უფრო მაღალ დონეზე ასვლა შეუძლებელია.

 

  • ნაკრებს ახალი შერკინების მწვრთნელი ყავს – გრემ რაუნთრი. როგორ დაახასიათებდი მას და რამდენად კმაყოფილი ხარ მასთან მუშაობით?

მართლა ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნებაა. ვარჯიში იქნება თუ ვიდეო განხილვა, ყოველთვის ხუმრობით იწყებს და ხალისიან გარემოს ქმნის. უძლიერესი სპეციალისტი და თავისი საქმის პროფესიონალია. თავისებური ვარჯიშის სტილი აქვს – ზედმეტს არასდროს გაგაკეთებინებს, მაგრამ იმ ადგილებში გაჭერს, სადაც ყველაზე მეტი გაქვს სამუშაო.

 

  • ზაფხულის შემდეგ აშკარად მომატებული გაქვს. თუმცა, როგორ ფიქრობ, კიდევ რაზე გაქვს სამუშაო, მაღალ დონეზე სტაბილურად რომ ითამაშო?

ყველაზე მეტად დაცვაში უნდა მოვუმატო. უბურთოდ მოქმედება გასაუმჯობესებელი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს უნარები დავხვეწო.

 

  • რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როცა კლერმონიდან პროდ2-ში გადახვედი?

როცა კლერმონში მივედი, პირველი წელიწადნახევარი დიდ გუნდთან ვარჯიშის შესაძლებლობაც კი არ მქონია. შემდეგ გამიმართლა, მესამეხაზელები დაშავდნენ და თამაშის შესაძლებლობა მომეცა. თუმცა, სამწუხაროდ, მამა გარდამეცვალა, საქრთველოში წამოვედი და გუნდში ფეხი ვერ მოვიკიდე. შემდეგ წელს იყო ლიონის ვარიანტი, თუმცა კლერმონში დამპირდნენ გათამაშებთო და დარჩენაზე დამიყოლიეს. სამწუხაროდ, არ გამიმართლა, კოჭის ტრავმა მივიღე, ამის გამო ნოემბერში ნაკრებშიც ვერ ჩამოვედი. რთულია, როცა დიდ გუნდში ტრავმას იღებ. მით უმეტეს, არავინ ვიყავი, ფეხი მოკიდებული არ მქონდა და ამიტომ ძალიან გამიჭირდა. შარშანდელი სეზონი როგორც კი მორჩა და შევატყე, კლერმონში ნაკლები თამაში მომიწევდა, თავად ვთხოვე კლუბს, რომ სხვა გუნდს მოვძებნიდი. კი, კლერმონი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საფრანგეთში, მაგრამ მარტო ლოგოსთვის რომ მეყურებინა, წინ ვერ წავიდოდი, მით უმეტეს, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩემს ასაკში სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია. ამიტომაც, სხვა კლუბის ძებნა დავიწყე. თავიდან ტოპ14-ის ვარიანტზე ვფიქრობდი, თუმცა არ გამოვიდა და ბრივში მივედი, რომელიც ტრადიციული და ამბიციური გუნდია.

 

  • ბრივში განათხოვრების წესით თამაშობ, თუ სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმე?

კი, სრულფასოვანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და კლერმონთან აღარაფერი მაკავშირებს.

 

  • ბრივს წელს რა მიზნები აქვს, ტოპ14-ში დაბრუნებას გეგმავთ?

მიზანი, რა თქმა უნდა, ტოპ14-ში დაბრუნებაა. ახალგაზრდა გუნდი ვართ, ნელ-ნელა ვიკვრებით, თუმცა გასვლით თამაშებზე მაინც გვიჭირს. თითქოს თავდაჯერება აკლია გუნდს, რათა სტუმრადაც ისე ვითამაშოთ, როგორც შინ, სადაც ჯერ თამაში არ წაგვიგია.

 

  • სხვათა შორის, ეგ ძალიან უცნაური ფენომენია, რომელიც ყველაზე მეტად საფრანგეთში ჩანს. გუნდები გასვლით თამაშებში წაგებას თითქოს წინასწარ არიან შეგუებულები. ძალიან ხშირად მეორე შემადგენლობასაც ათამაშებენ. შენი აზრით, მიზეზი რა არის?

ვერ გეტყვით. ძირითადი გუნდიც გვყოლია, ბოლოადგილოსან „მასის“ ვეთამაშეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ალბათ, ისევ თავდაჯერებულობის და რწმენის ამბავია. თუ თავში ჩაიდებ იმ აზრს, რომ მოსაგები შეხვედრაა და როგორც სახლში თამაშობ, იგივენაირად ითამაშებ სტუმრადაც, მოგება შეიძლება.

 

  • თუკი ბრივი წელს ვერ მოახერხებს ტოპ14-ში დაბრუნებას, დარჩები, თუ უმაღლესის გუნდის მოძებნას ეცდები?

თუ ბრივი მოახერხებს ზემოთ ასვლას, დიდი ალბათობით, გუნდში დავრჩები. წარუმატებლობის შემთხვევაში, თუკი ტოპ14-ის ვარიანტი გამოჩნდა, რა თქმა უნდა, იქ დაბრუნება მირჩევნია.

 

  • პროდ2-ში ერთა თასის დროს ოთხი მნიშვნელოვანი თამაში გაქვთ, ამ დროს სულ ნაკრებთან იქნები, თუ შეიძლება რომელიმე მატჩი გამოტოვო?

კი, სულ ნაკრებთან ვიქნები. მხოლოდ, როცა ერთა თასზე ერთკვირიანი შესვენება იქნება, მაგ დროს დავბრუნდები კლუბში და იქ ვითამაშებ.

 

  • საფრანგეთს როგორ შეეწყე?

თავიდან ცოტა გამიჭირდა. სახლიდან მოშორებულად პირველად ვცხოვრობდი და რთული იყო. თუმცა, მეორე წლიდან უკვე ფრანგულადაც ავლაპარაკდი, თან მიზანი მქონდა, რომ რაგბი მაღალ დონეზე მეთამაშა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი.

 

  • ბრივში ბლომად ქართველი ხართ, ალბათ ეგეც გეხმარება…

კი, რა თქმა უნდა. ვარჯიშის მერე ხშირად ერთად ვართ. დასვენების დღეებში ერთად დავდივართ ხოლმე და ესეც გვიადვილებს უცხო ქვეყანაში ცხოვრებას.

 

  • ბრივში #8-ს თამაშობ, ნაკრებში ხან 6-ზე და ხან 8-ზე. შენთვის ყველაზე კომფორტული რომელი პოზიციაა?

საქართველოში, ა და ბ ლიგებში, რვა ნომრად ვთამაშობდი და ძალიან მომწონდა. ახალგაზრდულში სულ მეორე ხაზში ვიყავი, ხოლო კლერმონში მხოლოდ 6-ზე და 7-ზე მითამაშია, ერთადერთ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად, რვა ნომრის თამაში თითქოს მიმავიწყდა და ამის გამო, წელს, როცა ზაფხულში ნაკრებში რვაზე დამაყენეს, ძალიან გამიჭირდა, რადგან სხვა სპეციფიკაა. წელს ბრივი თითქმის სულ რვა ნომრის პოზიციაზე მათამაშებს და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მესამე ხაზში ყველა პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ.

 

  • ტოპ14-სა და პრო დ2-ს შორის დიდი სხვაობაა?

ჩემი აზრით, ხაზის თამაში არის რადიკალურად განსხვავებული. ტოპ14-ში სულ ხაზით თამაშობენ, ბევრად მაღალი ტემპია, ბევრი მოძრაობა გიწევს და უფრო იღლები. პროდ2-ში კი ძირითადად კონტაქტზე აწყობილი თამაშია. სულ შერკინება და ახლო დარტყმებია. შეიძლება დაღლილი იყო, მეტოქის შებოჭვის თავიც არ გქონდეს, მაგრამ შეტევა შენს პოზიციამდე არც ჩამოვიდეს.

 

  • და ბოლოს – გულშემატკივარმა საქართველოს წლის საუკეთესო მორაგბედ დაგასახელა…

დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები მათი იმედები გავამართლო. წინ ერთად დიდი გამარჯვებები გველის!

ასევე ნახე

ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა სამიდან ორი მატჩი მოიგო, თუმცა იტალიასთან პრინციპული შეხვედრა დათმო. მილტონ ჰეიგთან სწორედ შემოდგომის ტესტებზე, …