მთავარი / ბორჯღალოსნები / ორი კურდღლის მადევარი…

ორი კურდღლის მადევარი…

პირველად 6 წლის შემდეგ რუმინეთი “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის 2017 წლის გამარჯვებულია

 

დასრულდა კიდევ ერთი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი და დასრულდა მეტად უცნაურად – დაირღვა ბოლო 6 წლის ტრადიცია და საქართველო მისი ჩემპიონი ვერ გახდა.

ყველაზე საწყენი ისაა, რომ ეს მოხდა იმის ფონზე, როცა დასავლეთში სტატია სტატიაზე იწერებოდა საქართველოზე, მისთვის შანსის მიცემის აუცილებლობაზე, ქვედა დონეზე მის უპირობო ფავორიტობაზე და ამ დროს ჩვენი თამაშით ლამის ყველაფერი წყალში ჩავყარეთ.

საწყენია, რომ ამ ჩავარდნით ჩვენს მოშურნეებს სალაპარაკო მიეცათ როგორც შიდა სარაგბო წრეებში, ასევე საქვეყნოდაც და მომავალში არაერთხელ მიგვითითებენ, რომ ჩვენი ადგილი ზუსტად იქაა, სადაც ამწუთას ვართ. ამ ტურნირში ჩვენ თუ რამე მიზანი შეიძლება გვქონოდა, იყო ის, რომ ამჯერადაც დამაჯერებლად მოგვეგო და კიდევ ერთხელ გვეთქვა ყველასთვის, რომ ამ დონისთვის ძალიან გადავიზარდეთ.

რა თქმა უნდა ეს ნამდვილად ასეა და გადაზრდილები ვართ. ჩემპიონატი ჩვენვე ჩავაფლავეთ, თორემ რუმინეთი ზუსტად ის უფანტაზიო და განვითარებას ჩამორჩენილი ნაკრებია, რომელიც შარშან თბილისში 38-9 მოვსრეთ. თუმცა, ამიერიდან ამის რიხიანად თქმა გაგვიჭირდება, მინიმუმ ერთი წლით მაინც – მანამ სანამ რუმინელებს თბილისში სამაგიეროს არ გადავუხდით და ევროპის მეშვიდეობაზე კითხვებს კიდევ ერთხელ არ გავაქრობთ.

 

სათამაშო სტილი

ქართველთა სათამაშო ტაქტიკა ძირითადად ისევ იგივეა – საკუთარი ნახევრიდან მოწინააღმდეგისთვის ბურთის ფეხით დარბუნება, დაცვაში მყარად დგომა და მეტოქის დაშვებული შეცდომისთვის დარაჯი. ფეხით მოგერიებაში განსაკუთრებული ნამდვილად არაფერია, მაგრამ ფეხით თამაშამდე ძალიან ხშირად საერთოდ არ ვცდილობთ რამდენიმე მოკლე დარტყმის გაკეთებას, რათა დამრტყმელმა ბურთი უკეთესი პოზიციიდან მოიგერიოს. ასევე, ხაზს სწრაფად არ ვწევთ და მეტოქეს 22-ის მისადგომებთან ველოდებით.

გარდა ამისა, ზოგადად ტაქტიკურ დარტყმებშიც მოვიკოჭლებთ, რადგან შესაბამისი დონის ფეხით დამრტყმელები არ გვყავს, ვერც ჰაერში კარგი თამაშით დავიკვეხნით, ამიტომაც ხელშესახები შედეგი ფეხით თამაშს არ მოაქვს.

თუმცა მოწინააღმდეგეთა დონე იმდენად დაბალია, რომ შეტევაში ტრადიციულზე მეტი დროის გატარება გვიწევს. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბი ცდილობს მორაგბეებს მოედნის მთელი სიგანის ათვისება ასწავლოს, მაგრამ ჯერ მხოლოდ განდაგან ბურთის თამაშით თუ დავიკვეხნით, რომელსაც წინსვლა იშვიათ შემთხვევაში მოყვება ხოლმე.

ამ ჩემპიონატზე საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა „ბორჯღალოსნები“ ბურთს ერთი ფლანგიდან მეორეზე ხელით ათამაშებდნენ, თუმცა წინ ერთი მეტრითაც ვერ მიიწევდნენ. შემდეგ კი ან რაქში ვჯარიმდებოდით, ან ოვალი გვივარდებოდა, ანაც მგეზავი გადაწყობილ-დალაგებულ მეტოქეს ბურთს ფეხით გადაუკიდებდა/შეუცურებდა და ჩვენი შეტევაც აქ მთავრდებოდა.

ჩვენი აზრით, შეტევაში ერთი ადგილის ტკეპნის მიზეზი რამდენიმეა:

  1. სწრაფი ბურთის არქონა

როგორც ჩანს შერკინების ავსტრალიელი მწვრთნელი ახალ ტაქტიკას ცდის – აშკარად თვალში საცემი იყო ის ფაქტი, რომ ქართველები ცდილობდნენ ბოჭვაშიც და რაქშიც დიდი ძალებით არ შესულიყვნენ, რათა ბურთის რაქიდან გამოსვლის დროს ხაზში უპირატესობა შეგვექმნა. ტაქტიკა რა თქმა უნდა სწორი და მისასალმებელია, მაგრამ შესრულების რა გითხრათ. აშკარად ჩანს, რომ ჩვენმა მორკინალებმა ჯერ-ჯერობით ალღო კარგად ვერ აუღეს ახალ ტაქტიკას და ბლომად შეცდომებიც აქედან მოდის. რახან შეტევაში სწრაფი ბურთის არქონაზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. ქართველები კი ცდილობდნენ გადაყრაზე ნაკლები მისულიყვნენ, მაგრამ რიცხოვნობის შემცირება მხოლოდ გადაყრაზე სწორად მისვლის ტექნიკით შეიძლება დაკომპენსირდეს, რაშიც აშკარად მოვიკოჭლებდით. შედეგად მეტოქეები ბურთს გვარიანად გვინელებდნენ, ხშირად კონტრრაქსაც ახერხებდნენ (დამცველების არასწორად დგომის გამო), თუ არადა #9-ს გვარიანად ავიწროებდნენ, რომელსაც ბურთი სწრაფად ვეღარ გამოჰქონდა.

როცა ოვალი რაქიდან სწრაფად ვერ გაგაქვს, მოწინააღმდეგე ასწრებს გადაწყობას, დაცვაში პოზიციების აღებას და ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს.

  1. უფანტაზიობა და ნელი პასი

გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგე ბურთს რაქში გვინელებს, მას ქართველებიც ნელა შლიან. ნელი პასის დროს მეტოქე ასწრებს ხაზის სწრაფად ამოწევას და ჩახურვას, რასაც შედეგად მოყვება ბევრი ე.წ. Hospital Pass (ეს ტერმინი აღნიშნავს იმდენად ცუდ გადაცემას, რომ პასის მიმღები გარდაუვლად ხდება მოწინააღმდეგის მძიმე კონტაქტის მსხვერპლი და შეიძლება ისეთი დარტყმა მიიღოს, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდეს.)

„ჰოსპიტალ პასების“ და ბურთის დაკარგვის რისკს ზრდის ოვალის ერთ ხაზზე, ბრტყლად ჩათამაშებაც. როცა მოთამაშე პასს ერთ ადგილზე დამდგარი იღებს და მოწინააღმდეგე უკვე ცხვირწინ ყავს, იქ რამე უპირატესობის შექმნაზე საუბარი ზედმეტია. მისი მთავარი საზრუნავი ბურთის შენარჩუნება და ტრავმის თავიდან აცილებაა. ასეთი სათამაშო სტილის მთავარი მიზეზი კი სწორედ უფანტაზიობა გვგონია. ალბათ თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს თუ გავიხსენებთ, როცა პასი სიღრმეში, სიჩქარეაკრეფილმა მოთამაშემ მიიღო ანდა მგეზავმა თანაგუნდელი ინტერვალში შეიყვანა.

  1. მგეზავი და ცხრა ნომერი

ცხრა და ათი ნომერი გუნდის ხერხემალია. შეტევაში მათი უპირველესი მოვალეობა სწორედ ისაა, რომ გუნდმა კრეატიულად ითამაშოს.

ლაშა ხმალაძე ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერაა და მთელი ტურნირის განმავლობაში გუნდი საერთოდ ვერ დაგეზა. რაც შეეხება ვასო ლობჟანიძეს, იგი მართალია კარგ გუნდშია, მაგრამ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვს და ეს მის ფორმას აშკარად დაეტყო. ვასკა შენელებული გვეჩვენა და ხშირად იმის მაგივრად, რომ ბურთი სწრაფად გამოეტანა, უცნაურად შლიდა ხელებს და მსაჯთან წესების დარღვევაზე აპელირებდა.

გარდა ამისა, ღია თამაშშიც რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ერთადერთი კომპონენტი, სადაც ტრადიციულად კარგად გამოიყურებოდა ეს ფეხით თამაშია.

აუტები და მოლი:  შერკინების ავსტრალიელი მწვრთნელის ბრედ ჰარისის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა აუტების დახვეწაა და თამაშის ამ კომპონენტში ნორმალურადაც გამოვიყურებოდით… რუმინეთამდე. ვლახებთან კი ყველაფერი თავდაყირა დადგა და წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დერეფანში ძალიან ცუდი თამაში იყო. ფაქტია, რომ რუმინელებმა კომბინაციები გაგვიშიფრეს და ქართველებმა გადაწყობა ვეღარ მოახერხეს.

მოლი უმნიშვნელოვანესი სათამაშო კომპონენტია, რომელსაც აბსოლუტურად ყველა დიდი გუნდი იყენებს და საკმაოდ კარგადაც. მართალია შერკინების მოთამაშეები მაღალი დონისანი გვყავს, მაგრამ მოლში დომინანტობით ისე ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, როგორც დანიშნულ შერკინებაში მიწოლაში ვტრაბახობთ ხოლმე. ამიტომაც ცოტა უცნაურია, რომ პირველი სამი თამაშის განმავლობაში მოლზე საერთოდ უარი ვთქვით. ხოლო რუსებთან და რუმინელებთან ამ კომპონენტში უპირატესობის მოპოვება უკვე აღარ გამოგვივიდა. გასაგებია, რომ სამწვრთნელო შტაბი ცდილობს შეტევა გაამრავალფეროვნოს და აუტიდან კომბინაციები დახვეწოს, თუმცა მოლში იმდენად კარგები ნამდვილად არ ვართ, რომ თუნდაც სუსტ გუნდებთან მისი დახვეწა და პრაქტიკა არ გვჭირდებოდეს.

 

სელექცია

გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დაბევებული გვქონდა, მწვრთნელებს ახალგაზრდების გამოცდის საშუალება მიეცათ.

პირველი ხაზი (1-2-3)

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე მეტი ცვლილება ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან პირველ ხაზში განხორციელდა.

კვაჭები: ბადრი ალხაზაშვილი (ტულონ, ესპუარები, 1995) და გიორგი ჭყოიძე (ლელო, 1991)

სავსებით ლოგიკური იყო კვაჭის პოზიციაზე ახალი სახეების ძიება და საქმეში ნახვა, ვინაიდან ჯაბა ბრეგვაძეს და შალვა მამუკაშვილს შემცვლელი ფაქტიურად არ ყავდათ.

ბადრი ალხაზაშვილი ჯერ კიდევ 20წ ნაკრებში ყოფნისას მოიაზრებოდა როგორც მომავალი ბორჯღალოსანი და მის გამოძახებას არავინ დაუტოვებია გაკვირვებული. რასაც ვერ ვიტყვით, გიორგი ჭყოიძეზე, რომელიც მესამე ხაზიდან გადაკვალიფიცირდა კვაჭის პოზიციაზე და თავისი ნიჭიერების ხარჯზე ცდილობს გაცდენილი წლების თუ უნარ-ჩვევების კომპენსირებას. სამწუხაროდ, გერმანიასთან ორივე დაშავდა და თავის გამოჩენის მეტი შანსი აღარ მისცემიათ. იმედია, ზაფხულის ტურნესთვის მწყობრში იქნებიან და თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ.

აქვე უნდა შევეხოთ ერთ ჩვენი აზრით მნიშვნელოვან მომენტს. დროდადრო მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიას აყენებს ხოლმე სათადარიგო კვაჭის პოზიციაზე და ასე ცდილობს ფონს გასვლას. არაერთხელ გვინახავს, რომ ზურას უჭირს დერეფანში ბურთის აგდება და ასეთ დროს ძალიან მოწყვლადი ვხდებით მეტოქის მხრიდან ბლოკების დაყენების მიმართ, ვინაიდან კომბინაციების აბსოლიტური უმრავლესობა შემოიფარგლება ოვალის მეორე კაცზე ან უკიდურეს შემთხვევაში დერეფნის შუაში აგდებით. ვფიქრობთ, ჯობია დავანებოთ თავი ამ უაზრო ექსპერიმენტს და მივცეთ ზურას საშუალება თავისი ძლიერი მხარეები (ჩვენი პირველხაზელებისთვის ესოდენ არაორდინარული ფეთქებადი აჩქარებები თუ ბოჭვის დროს გაშვებული ოფლოუდები) ბურჯის პოზიციაზე გამოამჟღავნოს და ნუ ავკიდებთ ისეთ საშარო საქმეს, როგორიც დერეფანში ბურთის აგდებაა.

 

ბურჯები: გიორგი თეთრაშვილი (აჟენ, პრო დ2, 1993), თორნიკე მატარაძე (ლიონ, ესპუარები, 1996), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსეზ, ესპუარები), სოსო ბეკოშვილი (ბრივ, ტოპ14, 1993) და ლაშა ტაბიძე (ბორდო, ესპუარები, 1997)

ძალიან გაგვაკვირვა ბურჯების ესოდენ ყოვლისმომცველმა როტაციამ. ამ პოზიციის ხალხი ფორმის პიკს 30-ს მიტანებული თუ მიაღწევს ხოლმე, მანამდე კი ნაბიჯ-ნაბიჯ ეუფლება იმ მძიმე ხელობას, რასაც შერკინებაში მიწოლა ქვია. ჩვენ კიდე ავდექით და მართლა „ჭყინტი“ ბიჭები ომის ქარცეცხლში ჩავყარეთ. მართალია პირველ სამ თამაშში საქმეს თავი ნორმალურად გაართვეს, თუმცა იგივე რუსეთთან მიწოლა გაგვიჭირდა. აღარაფერს ვამბობთ რუმინეთზე. თუ მათ ასაკს და საერთაშორისო დონეზე მცირე გამოცდილებას გავითვალისწინებთ (მელიქიძეს, მატარაძესა და ტაბიძეს თამაში ძირითადად მხოლოდ ესპუარებში – თანატოლებთან უწევთ), შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ – მომავალში მათი სახით ღირსეული შემცვლელები მოდიან, თუმცა ამ ეტაპზე რუმინეთისნაირი გუნდის შერკინებასთან თავის გამოჩენა ძალიან გაუჭირდებათ.

აქვე სამწვრთნელო შტაბის არათანმიმდევრულობაზეც უნდა ვისაუბროთ. თუკი ბოლო ორი მატჩისთვის გამოცდილი ნარიაშვილი და გორგოძე დავიმატეთ, რატომ არ დავუძახეთ მაგალითად ლევან ჩილაჩავას? სოსო ბეკოშვილს რუმინელებთან ძალიან გაუჭირდა, ხოლო თორნიკე მატარაძე მოედანზე საერთოდ არ შემოსულა და რუმინელ ბურჯებს მთელი 80 წუთი მიშა ნარიაშვილი ეჭიდავებოდა.

 

მეორე ხაზი (4-5)

ახალბედები: ნოდარ ჭეიშვილი (ლელო, 1990) და გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი, 1993)

სამწვრთნელო შტაბი ახალწვეულებს მხოლოდ გერმანიასთან და ბელგიასთან ენდო – ჭეიშვილმა რუსთავსა და ბრიუსელში ძირითადში დაიწყო, მჭედლიშვილი რუსთავში შეცვლაზე შევიდა მეორე ხაზში.

უკლებრივ ყველა სხვა თამაშში ვიხილეთ შემდეგი სიტუაცია: სათადარიგოთა სკამზე არ გვყავს სპეციალისტი მეორეხაზელი და მის ნაცვლად დამატებით მესამეხაზელი გვიზის მარქაფაში. საჭირო დროს ძირითადის მესამეხაზელი (პირველ სამ თამაშში ლომიძე, ბოლო ორში გორგოძე) გადადის მეორე ხაზში და თავის ადგილს უთმობენ სკამიდან შემოსულ მარბიელს. რამდენად გამართლებულია აღნიშნული ტაქტიკა? ან რა უპირატესობას გვაძლევს გაუწონასწორებელი მარქაფა? ვფიქრობთ, გარდა იმისა, რომ გვაკლდება დასვენებული მეორეხაზელის  შერკინებაში მიწოლის უნარი, არანაკლები მნიშვნელობისაა მეორე ტაიმში რაქებსა და გადაყრაში ტემპის თუ აგრესიის მომატების უნარის არქონა.

თუმცა, აქვე სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკრებში მეორე ხაზელების სერიოზული დეფიციტია, რადგან ქართული რაგბი მაღალი და ჯანიანი ბიჭების ნაკლებობას განიცდის.

 

მესამე ხაზი (6-7-8):

გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, ესპუარები, 1996), ოთარ (ოთია) გიორგაძე (კლერმონ, ესპუარები, 1996), ბექა გორგაძე (მოდემარსან, პროდ2, 1996), საბა შუბითიძე (აკადემია, 1994)

უდაოდ ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან როგორც გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც ნამდვილად გამოიჩინა თავი დაცვაში თამაშით, ასევე ბექა გორგაძე, რომელიც მუდმივად აკეთებდა შეტევაში უპირატესობას. ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას, რომ შემკვრელის პოზიციაზე  ერთ-ერთი პირველი კანდიდატია ბექა ბიწაძესთან ერთად.

ძნელი სათქმელია, რატომ ვერ დაიმსახურა მწვრთნელთა მხრიდან ყურადღება მაგალითად მიხელ გაჩეჩილაძემ (ენისეი, 1990), რომელმაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ქართული საკლუბო რაგბის განვითარების პანაცეად მოწოდებული ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპი და სამართლიანადაც დასახელდა კლუბის საუკეთესო მოთამაშედ, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მიერ. ვფიქრობთ, სხვებთან ერთად, როგორც მინიმუმ შეკრებაზე გამოძახებას მაინც იმსახურებდა გაჩეჩილაძე. წლევანდელ სეზონში ვერც უთამაშებლობას დაუწუნებს კაცი (იგივე ლომიძისგან განსხვავებით, რომელმაც ბეზიესთან კონტრაქტი სწორედ მცირე სათამაშო დროის გამო გაწყვიტა) და ვერც მარბიელის პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ბექა გორგაძის ლელო გერმანიასთან შეხვედრაში

 

ღერძი (9-10): გელა აფრასიძე (ლელო, 1998) და რეზი ჯინჭველაშვილი (ბაგრატი, 1995)

შედარებით ლიმიტირებული დრო ჰქონდა ახალგაზრდა აფრასიძეს, რომელიც ნამდვილად აქტიურობდა, თუმცა მის მოქმედებებს ტექნიკური წუნიც ქონდა. ამ ბიჭს აქვს რაგბის თამაშისთვის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – ხასიათი, იმედია უნარ-ჩვევებსაც დახვეწს და კიდევ უფრო გაამძაფრებს კონკურენციას #9-ის პოზიციაზე.

ჰეიგის ფორმაციის ნაკრებში მგეზავის პოზიცია ფაქტიურად დაჯავშნული აქვს ლაშა ხმალაძეს და მხოლოდ ტრავმის შემთხვევაში ცვლის მას ლაშა მალაღურაძე.

ფორმაში მყოფი ხმალაძე ნამდვილად საშიში შემტევია, მაგრამ წლევანდელ ტურნირში ლაშას აჩრდილიც კი ვერ ვნახეთ. როგორც ჩანს, შარშან იაპონიასთან დაშავების შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო, ვინაიდან გამოჯანმრთელების შემდეგ კლუბში უთამაშებელი ბიჭი პირდაპირ ნაკრების ძირითადში დააყენეს.

საწყის თამაშებშივე გამოჩნდა, რომ ხმალაძე ვერ „ქოქოსობდა“, მაგრამ ჰეიგი ჯიუტად არ ცვლიდა თავის არჩევანს და გუნდსაც მომენტალურად დაეტყო ფაქტიურად მგეზავის გარეშე თამაში.

შუამარბები (12-13): გიორგი კოშაძე (ხარები, 1996) და ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი, 1995)

წლევანდელი სეზონის ნამდვილი აღმოჩენა იყო რუსთაველი გიორგი კოშაძე, რომელმაც თავისი პირველი კეპი შარშან სამოასთან მოიპოვა და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის გათამაშებაშიც მიიღო თავის გამოჩენის შანსი. უნდა ითქვას, რომ ბოძებული შანსი უსაზმნოდ არ გაუნიავებია და საკმაოდ ნაყოფიერადაც გაისარჯა.

მომავალში ახალგაზრდა შუამარბს ბეჯითი შრომა და გაცილებით უკეთეს გარემოში თამაში ჰაერივით ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ზრდა-განვითარება უბრალოდ შეჩერდება და საერთაშორისო ტესტ დონისთვის საკმარისი ნამდვილად არ იქნება.

ბადრი ლიპარტელიანი შედარებით დიდი დროით მხოლოდ ესპანეთთან დაიტვირთა, როცა დაშავებული მერაბ შარიქაძე შეცვალა. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ფიზიკურად თითქოს გაუჭირდა, თუმცა მაინც ბოლომდე თავდადებით ითამაშა და სამომავლოდაც შეიძლება მასზე დაკვირვება.

 

უკანა სამეული (11-14-15)

სოსო მათიაშვილი (აკადემია, 1993) და ირაკლი სვანიძე (ჯიქი, 1996)

გარემარბებად ჰეიგმა და კომპანიამ ორი ისეთი ახალგაზრდა გამოსცადა, რომლებიც კლუბებში მეტწილად ფულბეკის პოზიციაზე დგანან და კონტრშეტევებზე სივრცის ათვისება უფრო ეხერხებათ.

ვერ ვიტყვით, რომ ისეთი შეცდომა დაუშვეს, რის გამოც ვიზარალეთ, მაგრამ მაინც გვგონია, რომ გარემარბებად ფიზიკურად უფრო ძლიერი ბიჭები გვჭირდება, რომლებსაც მბოჭავისგან თავის დაღწევის ჯანიც მოსდგამთ და პირველივე შეხებაზე არ წავლენ მიწისკენ. იშვიათად, რომ ჩვენმა ნაკრებმა იმხელა უპირატესობა შექმნას ფრთაზე, რომ გარემარბს ლელომდე მისაღწევად მხოლოდ სისწრაფის გამოყენება დასჭირდეს.

 

ცოტა უცნაური სიტუაცია შეიქნა სოსო მათიაშვილთან დაკავშირებით. ესპანეთთან ნატანჯი მატჩის სასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ყველა (ჩვენი ინფორმაციით, მათ შორის შვიდკაცას მენეჯმენტიც) ფიქრობდა, რომ სადებიუტო თამაშში „თავგამოჩენილ ახალბედა“-ს დაიტოვებდნენ და რუსეთთან ჯახისთვის სხვებთან ერთად მოემზადებოდა. თუმცა ერთგვარი კონფუზი დაგვემართა, როდესაც კავშირის საიტმა გვამცნო, „სოსო მათიაშვილი შვიდკაცამ იხმო“.

ვფიქრობთ, აღნიშნულ საკითხს ნათელს მეტ-ნაკლებად მოჰფენს ივნისის თვე, როდესაც 15 კაცა ნაკრები ამერიკაში მიდის ტურნეზე, შვიდკაცას კი ევროპის გრანპრის სერია ელის.

კიდევ უფრო უცნაურია ფულბეკის პოზიციაზე ექსპერიმენტის სრული უგულებელყოფა. ნაკრებს ამ პოზიციაზე ფაქტიურად ერთადერთი მოთამაშე ჰყავს – ვეტერანი მერაბ კვირიკაშვილი. ჩვენი აზრით, უპრიანი იქნებოდა, თუკი ჰეიგი ზემოთ ნახსენებ მოთამაშეებს ფულბეკადაც მოსინჯავდა. ასევე შეიძლებოდა მირიან მოდებაძის დამატებაც. რომელიც დიდ10-ში ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელია.

ბოლოსკენ შეიძლება ითქვას, რომ ჰეიგმა ძალიან ლიმიტირებული დრო გამოუყო ახალბედება უკანახაზელებს და რაიმე დასკვნის გამოტანა მათ მიერ ნაჩვენები თამაშიდან ნაადრევია.

 

ჭაობი

„რაგბი ევროპის“ და მისი ტურნირების ერთი სიტყვით შესაფასებლად „ჭაობი“ ალბათ ყველაზე ზედგამოჭრილი ტერმინია.

ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დეკლარირებულად, ევროპაში რაგბის მმართველი ორგანოა, მაგრამ მის მთავარ წევრებზე არანაირი გავლენა არ აქვს. ეს არის ორგანიზაცია, რომლის ჩატარებულ 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი  ხუთმა წამყვანმა ქვეყანამ იმ მოტივით თქვა, რომ საქართველოსნაირ ქვეყნებთან წაგება მათ ბავშვებს ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებდა (დიახ, არც მოგჩვენებიათ და არც გამოგონილ ამბავს გიყვებით), სანაცვლოდ კი „რაგბი ევროპამ“ მხოლოდ მხრები აიჩეჩა, გაკვირვებისგან ხელები გაშალა და სულ ეს იყო, რადგან მათზე ზემოქმედების არც ბერკეტი აქვს და არც ამ ბერკეტების შესაქმნელად ასე საჭირო გამბედაობა. შედეგად, 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე აგერ უკვე მეორე წელია აღარ გამოდიან ბრიტანელები, ირლანდიელები და იტალიელები. ბობოლებს ნამუსი ერთადერთი საფრანგეთმა მოწმინდა და ტურნირიდან გასვლაზე უარი განაცხადა.

ალბათ კარგად გახსოვთ, „რაგბი ევროპას“ როგორ უცერემონიოდ ჩამოართვა „მსოფლიო რაგბმა“ მსოფლიო თასზე გამსვლელი ერთი ადგილი და ის კუნძულელებს გადაულოცა. მარტო ამ ფაქტიდანაც ჩანს, თუ რამდენად უმაქნის და უავტორიტეტო ორგანიზაციაზე გვაქვს საუბარი.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონის თასი შეცდომით რომ გადმოგვცეს ამაზე იმდენი დაიწერა, რომ კიდევ ერთხელ მიბრუნებას აზრიც კი არ აქვს. უბრალოდ ერთ კომიკურ ეპიზოდს გაგანდობთ: ამ სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი თავად გახდა მომსწრე, თუ როგორ ულოცავდა „რაგბი ევროპის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მის ქართველ კოლეგას „დამსახურებულ ჩემპიონობას.“

არც თუ ისე დიდი ხანია გასული იმ მომენტიდან, როცა ზემოთაღნიშნული ორგანიზაცია (მაშინ ჯერ კიდევ „ფირა აერ“ ერქვა) მისი მთავარი ტურნირის ტელე ან ინტერნეტტრანსლიაციას ვერ ახერხებდა და ქომაგებს მატჩზე დამსწრეებისგან, სოციალურ ქსელში და ტელეფონზე სამადლოდ მოწერილი მატჩის პერიპეტიების კითხვა უწევდა.

ვიდეორეფერი აუხდენელ ოცნებადაა ქცეული და გამოცდილი არბიტრები ტურნირს სათოფეზე არ ეკარებიან.

აღარაფერს ვამბობთ სატელევიზიო სიგნალის ხარისხზე, სტადიონებზე, მატჩის გაშუქებაზე და ა.შ.

გუნდების სათამაშო კლასი ისედაც დაბალია და მსგავსი რეპორტაჟებით საერთოდ საშინელი საყურებელია. ალბათ შენი გუნდი და რაგბი ძალიან უნდა გიყვარდეს, ამ ტურნირს თვალი რომ მიადევნო. ამგვარი ორგანიზებით და გაშუქებით ახალი გულშემატკივრების მოზიდვის და მასების რაგბით დაინტერესების შანსი ხომ საერთოდ ნულის ტოლია. მსგავს პირობებში რაგინდარა კლასის გუნდებიც არ უნდა თამაშობდნენ, მათი შეხვედრაც ალბათ ერთ დიდ უსახურ ჯაჯგურად მოგვეჩვენებოდა.

იყო დრო, როდესაც ამ ტურნირს რაღაც დადებითი  მაინც მოჰქონდა საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ  ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა. სასიცოცხლოდ აუცილებელია აქედან გაღწევა ნებისმიერ ფასად, თორემ უკვე ნათელია, რომ აქ კლასის მომატება და ზრდა შეუძლებელია. პირიქით, ტურნირის დაბალი კლასი ჭაობივით ისრუტავს საქართველოს და მხოლოდ ნეგატივის მოტანა შეუძლია. გამოსავალი კი ჯერ არ ჩანს.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ სხვების დაბალ კლასზე წაგებული ტურნირის შემდეგ ვლაპარაკობთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მარცხი სხვების დამსახურებაა. იგივე რუმინეთს არაფერი ახალი, საინტერესო და ღირებული არ შემოუთავაზებია. პრობლემები მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

“რაგბი ევროპა” გუნდებსა და გულშემატკივრებს “ტექნიკური წუნისთვის” ბოდიშს უხდის

 

პლიუსები და მინუსები

  1. შედეგი – ცალსახად უარყოფითი. წავაგეთ ტურნირი, რომელსაც აგერ უკვე 6 წელი ზედიზედ ვიგებდით. არგუმენტიც, რომ საქართველო ამ ტურნირისთვის გადაიზარდა მნიშვნელოვნად შესუსტდა.
  2. თამაშის ხარისხი – ცუდი. იმაზე უარესი თამაში ვაჩვენეთ, ვიდრე ჩვენი დონის გუნდს მოეთხოვება. ასე მოთხოვნადი და დაანონსებული გაშლილი თამაში მხოლოდ იშვიათად და ეპიზოდურად გამოგვივიდა.
  3. სელექცია – გამოჩნდა რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე, რომლებიც ვეტერანებს მალე სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ. თუმცა რამდენიმე მნიშნველოვან პოზიციაზე მორაგბეები პრაქტიკულად არ გამოგვიცდია, ან იმდენად მცირე სათამაშო დრო მიეცათ, რომ მათ შესაძლებლობებზე დასკვნების გაკეთება რთულია. არადა რეზერვის ყოლა სასიცოცხლოდ აუცილებელია. საბოლოოდ ორი კურდლის მადევარივით მოგვივიდა – ვერც ხალხი გამოვცადეთ ჯეროვნად და ტურნირიც ჩაგვივარდა.
  4. მარცხში თუ რამე კარგი შეიძლება დაინახო, ეს გამოფხიზლება და მიწაზე დაშვებაა. გამოცდილ მოთამაშეებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ნაკლები მოტივაციით თამაშობდნენ, მოდუნებულები იყვნენ და ამ დონეზე თავი უძლეველები ეგონათ. წლევანდელ მარცხს ნამდვილად ექნება ცივი შხაპის ფუნქცია და იმედს ვიტოვებთ, რომ მორაგბეებს გამოაცოცხლებს. ეს ტურნირი იმდენად დაბალი დონისაა, ჩვენ თავს მაღალ სტანდარტებს ჩვენვე თუ არ დავუწესებთ, უკუსვლა გარდაუვალი იქნება.

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარშანდელი წარმატებული სამხრეთული ტურნეს შემდეგ ნაკრების თამაში გარკვეულ კითხვებს ბადებს. სელექციაზე, ტაქტიკაზე და თამაშის ხარისხზე პასუხს კი სამწვრთნელო შტაბი აგებს.

ამიტომაც Rugby XV  მილტონ ჰეიგს დაუკავშირდა და ამ უკანასკნელთან ინტერვიუს და ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ძალიან მალე შემოგთავაზებთ.

ასევე ნახე

ესპანური წყევლა

    ერთა თასზე ბოლოს 2012 წელს წავაგეთ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩვენი დამარცხება არა რუმინეთმა, …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

18 + five =