მთავარი / ბორჯღალოსნები / ოცნებების სასაფლაო…

ოცნებების სასაფლაო…

ქართული რაგბის გულშემატკივრებს გვქონდა ოცნება, რომ ოდესმე 6 ერში მიგვიღებდნენ და ბორჯღალოსნების თითეულ წარმატებას სწორედ ზემოხსენებულ პრიზმაში ვიხილავდით. გონებაში ვეტოლებოდით ევროპული რაგბის ელიტარული ტურნირის მაჩანჩალებს (ასეთად კი იტალიასთან ერთად დროდადრო შოტლანდიაც მოიაზრებოდა) და ჩვენს შანსებს ვაფასებდით.

სკუადრა აძურა შორეული 2003 წლის მერე ეროვნული ნაკრებით ვერსად მოვიხელთეთ, აი შოტლანდიასთან კი 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უკვე მეორედ მოგვეცა გაჯიბრების შანსი და ქომაგებიც მოუთმენლად ელოდნენ 2016 წლის ყველაზე მნიშნელოვან რკენას. მეტოქეებმაც თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ფაქტიურად ოპტიმალური შემადგენლობები დაასახელეს.

შედეგი ყველასათვის ცნობილია – დავმარცხდით დიდი ანგარიშით 16-43 და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ძნელად რომ რამე დადებითი ყოფილიყო შაბათის თამაშში.

თუმცა მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ

შოტლანდიელთა ტაქტიკა

აქ მოულოდნელი არაფერი ყოფილა: როგორც წინათქმაში ვივარაუდეთ, შოტლანდიელები  მაქსიმალურად სწრაფად თამაშს ცდილობდნენ. უმალ გამოჰქონდათ  ბურთი რაქიდან, ხაზს შლიდნენ ბოლომდე და შეტევის მიმართულებაც არაერთხელ შეცვალეს. ბლომად გვირტყეს ფეხით, ტაქტიკური დარტყმების ხარჯზე ორი ლელოც დაგვიდეს და ზოგადად თამაშშიც გვარიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ქართველთა (უ)ტაქტიკ(ობ)

თუკი შოტლანდიელთა თამაშში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, იგივეს ვერ ვიტყვით ბორჯღალოსნებზე.

ქართველებმა გასაკვირად კარგად ითამაშეს რაქებში. მართალია რაქი შოტლანდიელთა ყველაზე ძლიერი მხარე არ არის და არგენტინა-ავსტრალიასთანაც სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ამ კომპონენტში ჩვენ მით უმეტეს არ ვწყვეტთ ციდან ვარსკვლავებს, ამიტომაც ცოტა მოულოდნელი იყო ის სტატისტიკა, რაც მატჩის მიწურულს დაფიქსირდა: შოტლანდიელებს 110 რაქიდან ბურთი ცხრაჯერ წავღლიტეთ, ხოლო საკუთარ 61 რაქში მხოლოდ ერთხელ შეგვემთხვა თარნოვერი.

კარგად ვითამაშეთ აუტებშიც – მრისხანე ძმებ გრეიებს ბურთი ცხვირწინ ორჯერ ავწაპნეთ, ხოლო ერთხელ დავაჯარიმეთ. მართალია ბურთი ჩვენც სამჯერ დავკარგეთ, მაგრამ ეს უკვე მატჩის ბოლოზე მოდის, როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი ბადრი ალხაზაშვილი შემოვიდა, პლიუს ორივე ამპლუით მეორეხაზელი მოედნიდან გასული იყო. ჯამში თამაშის ეს კომპონენტი დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს.

მაშ რა იყო მიზეზი ასე დიდი სხვაობით დამარცხებისა?

მატჩის შემდგომ მილტონ ჰეიგმა განაცხადა: პირველ ტაიმში წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდითო. ჩვენის მხრივ დავამატებთ – არა მარტო წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით, არამედ ჩვენს ქმედებებს გვარიანი პანიკაც ეტყობოდა.

წინათქმაში ნავარაუდები ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნების მაგივრად, როგორც კი ის ჩვენს ხელში აღმოჩნდებოდა, დაუფიქრებლად ვიგერიებდით.

თუმცა მოგერიებაცაა და მოგერიებაც…

რასაც სტუმრები შაბათს აკეთებდნენ, მას რთულია სიტუაციის განსამუხტად ბურთის მოგერიება დაარქვა. იმის მაგივრად, რომ შოტლანდიელთა გადმოკიდებული ან რაქში რის ვაივაგლახით მოპოვებული ბურთი შეგვენარჩუნებინა, როგორც მინიმუმ მორკინალებით რამდენიმე მოკლე დარტყმა გაგვეკეთებინა და შემდეგ, უკეთესი პოზიციიდან გადაგვეტანა ჩვენი 22-დან რაც შეიძლება შორს, ბორჯღალოსანთა ყველა მორკინალი დაბარებულივით მოეწყობოდა რაქის ორივე მხარეს, რათა შოტლანდიელებს ბურთზე არ დაეფარებინათ, ლობჟანიძეს გაჰქონდა უხერხულ პოზიციაში მდგარ კვირიკაშვილზე, ან მალაღურაძეზე, ისინიც ურტყამდნენ და უკეთეს შემთხვევაში 10-15 მეტრით წინ, შოტლანდიელთა აუტში გვიწევდა თავის დაცვა. ხოლო უარეს შემთხვევაში სქოთთა უკანახაზელები მოედანშივე იჭერდნენ უხეიროდ დარტყმულ ბურთს და სულის მოთქმის მაგივრად, თითქმის იგივე ადგილას შეტევის მოგერიება გვიხდებოდა.

საინტერესოა რაზე ფიქრობდა სამწვრთნელო შტაბი, როცა გუნდს ფეხით ასე ხშირად თამაში დაავალა (თითქმის გამორიცხულია მთელი პირველი ტაიმი ასე გვეთამაშა და ეს მხოლოდ მოთამაშეთა თვითშემოქმედება ყოფილიყო)?  არ ვიცით, შეიძლება რამე ღრმა ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მოედანში მოხშირებულ დარტყმებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ შენი ფეხოსნები მოწინაარმდეგეს ამ კომპონენტში სჯობიან ან არ ჩამოუვარდებიან მაინც, თუკი ხაზი სწრაფად ადის მაღლა, რათა მოწინააღმდეგე უმალ ჩახუროს და გადაწყვეტილების მშვიდად მიღების საშუალება არ მისცეს. და ამ ყველაფერთან ერთად მოწინააღმდეგეს რაქებსა და ჰაერში თამაშში თუ ჯობნი, მაშინ დიდი შანსია, რომ ასეთმა სტილმა ტერიტორიული უპირატესობა მოგაპოვებინოს.

მაგრამ…

როცა ხაზი ზანტად და ასინქრონულად ადის ბურთის ჩასახურად, როცა მოწინააღმდეგის რიგებში ბევრი ფეხით დამრტყმელია და თან მისი ფულბექი სისწრაფით და მოუხელთებლობით გამოირჩევა, ასევე თითქმის ყველა მშვენივრად თამაშობს ჰაერში, მსგავსი თამაშის ტაქტიკა მოგცემს იმ შედეგს, რაც შაბათს ყველამ დავინახეთ –  ვიგებდით უკეთეს შემთხვევაში 10-15 მეტრს, მხოლოდ ბურთის დათმობის ფასად. ამ ტაქტიკამ მოიტანა ისიც, რომ ბურთი პირველ ტაიმში საერთოდ არ გვქონია (პირველი ტაიმის შუაწელში მეტად კომიკური სტატისტიკური მაჩვენებლებიც კი იყო: შოტლანდიელებს სულ 4 ბოჭვის მცდელობა ჰქონდათ და აქედან სამი იყო გაცუდებული), პროცენტებში კი ეს ასე გამოიხატა: ბურთის ფლობა 86-14-ზე შოტლანდიელთა სასარგებლოდ. ჩვენი მორკინალები და ცენტრიც ძალიან დაიღალნენ გაუთავებელი დაცვით და შოტლანდიამაც ითამაშა იმდენად კომფორტულ გარემოში, რომ უფრო ვარჯიშს ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ ტესტს

მართალია მეორე ტაიმში გამოვფხიზლდით, აქცენტი სწორედ ბურთის დატოვებაზე და ხელით თამაშზე გავაკეთეთ, პლიუს ამას ფსიქოლოგიური წნეხიც აღარ არსებობდა, რაღაც მომენტში ხაზზე კარგად ჩავათამაშეთ, რაღაც მომენტში მალაღურაძემ ფეხით კარგად გადაკიდა და არ გაგვიმართლა (თაზო მჭედლიძემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა), შერკინებამ კვლავ  დაამტკიცა, რომ სტატიკაში ძალიან ცოტა თუ შეედრება და შეტევაშიც გავატარეთ დრო, მაგრამ ურემი უკვე გადაბრუნებული იყო – შოტლანდიელებმა თავისი საქმე პირველივე ტაიმში გააკეთეს და ჩვენი გამოცოცხლება მხოლოდ სახის შენარჩუნების მცდელობაღა იყო.

 

უხეში შეცდომებით

უკვე განხილული არასწორი ტაქტიკა და სამატჩო განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენივე უხეშმა შეცდომებმა. რომ არა ისინი, ვინ იცის, ეგებ სხვაობა ამხელა არც ყოფილიყო.

ვეცდებით რამდენიმე მათგანი განვიხილოთ:

ზემოთ უკვე ნახსენები ფეხით არასწორი მოგერიების ნათელი მაგალითია გაშვებული მეორე ლელო. შეიძლება ვინმეს არ ახსოვდეს და შევახსენებთ, რომ სანამ მასპინძლები მოლში მოგვაწვებოდნენ, მანამდე ერთი წუთით ადრე ლევან ჩილაჩავამ სქოთებს მოლიდან ბურთი ამოაცალა. აი ეს მომენტიც:

ამ სიტუაციაში რა იქნებოდა სწორი მოქმედება ჩვენი მხრიდან? – რა თქმა უნდა იქვე მორკინალებით მოკლე-მოკლე დარტყმების გაკეთება, ცოტა მანძილის მოგება და რაც მთავარია ცენტრისკენ შემოწევა, რათა დამრტყმელებს მოსაგერიებლად უკეთესი კუთხე ჰქონოდათ. რას ვაკეთებთ ჩვენ? – ლობჟანიძეს მომენტალურად გააქვს ბურთი მალაღურაძეზე, რომელიც ძალიან ცუდი პოზიციიდან ურტყამს და სიმწრით მოპოვებული ბურთიდან რამდენიმე წამში ვიღებთ შოტლანდიელთა აუტს ზუსტად იგივე ადგილიდან. შედეგად გასინბინებული კოტე მიქაუტაძე და -7 ქულა

მესამე ლელოც ჩვენს შეცდომას მოყვა: ქართველებმა ჯარიმა გაიტანეს და მასპინძლები ქიქ ოფს ურტყამენ. ფინ რასელი ბურთს შეგნებულად კიდებს ზუსტად იმ ადგილას, სადაც წესით მიქაუტაძე უნდა იდგეს, მაგრამ იგი 10 წუთიან სინბინშია. თოდუა ცდილობს დაკიდებულ ბურთს დაეუფლოს, თუმცა მას მარკ ბენეთი სჯობნის. ამის მერე მასპინძლები შეტევის მიმართულებას რამდენიმეჯერ ცვლიან და ამ მომენტიდან წუთნახევარში საბოლოოდ ლელოსაც გვიდებენ.

უხეში შეცდომების კასკადს მოყვა მეოთხე ლელოც. ჯერ იყო და მეკო კვირიკაშვილმა გააკეთა ცუდი პასი, რის შედეგადაც ბურთი დავკარგეთ, შემდეგ ეს ბურთი მისდის სტიუარტ ჰოგს და ფეხით მოკლეზე იკიდებს. დავაკვირდეთ ამ დროს რას აკეთებს თოდუა:

მან ჯერ ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა, ხოლო როცა ამას მიხვდა, გაჩერდა და ბურთის მის სასარგებლოდ ახტომას დაელოდა, რაც საბედისწერო შეცდომა იყო.  რა უნდა ექნა მას? -როცა მიხვდა, რომ ბურთი მისთვის სასურველი ტრაექტორიით არ მოდიოდა, გაჩერების მაგივრად უნდა ჩაწოლილიყო და ნახტომში ეცადა ბურთის დაუფლება. ნათელი მაგალითი იმავე მატჩიდან, თოდუას ვიზავის – თომი სეიმურის შესრულებით

შეცდომა დავუშვით მეოთხე ლელოს დროსაც – მაშინ, როცა ბორჯღალოსნები მოლის შეკვრას ელოდნენ, ზანდერ ფეგერსონი მოლს მოწყდა, ბურთი ჰემიშ ვოთსონს გაატანა და ლელოც მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ეს კომბინაცია აშკარად კარგად ჰქონდათ დამუშავებული, ლელოს თავიდან არიდება მაინც შეიძლებოდა, რომ არა ჯაბა ბრეგვაძის დაგვიანებული რეაქცია. ხოლო წიკლაურსა და ლობჟანიძეს ვოთსონის შესაჩერებლად ჯანი არ ეყოთ.

და ბოლო ლელო: მაშინ როცა ჩვენი სახიფათო იერიში უნდა განვითარებულიყო, აუტში ბურთი დავკარგეთ, ხოლო შემდეგ მოლში დავჯარიმდით. დავაკვირდეთ ამ დროს რას აკეთებს ბეგაძე:იმის მაგივრად, რომ უკუსვლით – სწრაფი ნაბიჯებით საკუთარ პოზიციას დაბრუნებოდა, მან ეპიზოდი დამთავრებულად ჩათვალა, შემოტრიალდა და მშვიდად გაემართა საკუთარი ნახევრისაკენ. შედეგად ბურთი იქვე გათამაშდა და სანამ ბეგაძე სიტუაციაში გაერკვა, შემოტრიალდა და ბურთიან კაცს წაეპოტინა, ალი ფრაისმა გვერდით ჩაუქროლა. არადა სწორედ გიორგი უნდა ყოფილიყო დაცვის პირველი ზღუდე და სწორედ მას უნდა შეებოჭა შოტლანდიელთა ცხრა ნომერი.

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად შოტლანდიელთა ძალიან დიდი უპირატესობისა, თითქმის ყველა ლელო ჩვენივე უხეშ შეცდომას ან არასწორ გადაწყვეტილებას მოყვა და მისგან თავის არიდება შეიძლებოდა. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს შეცდომები რომ არა შოტლანდია გამარჯვებას ვერ მოახერხებდა, თუმცა ანგარიშში სხვაობა თავისუფლად შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო.

 

მსაჯობა

ქართულ სოციალურ ქსელებში სამი დღეა ვნებები არ ცხრება  და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერს მხარი ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც აუბა. თურმე ნუ იტყვით და ამხელა ანგარიშით რომ წავაგეთ, მსაჯის – მეთიუ ქარლის ბრალი ყოფილა.

არგუმენტად მოჰყავთ შოტლანდიელთა პირველი ლელო, აქაოდა სეიმურმა ბურთი ვერ დაამიწა და წინ გადაუვარდაო. ეს ეპიზოდი ბევრჯერ გაირჩა, ალბათ თითეულმა ჩვენგანმა არაერთხელ დაატრიალა და თავიდან ნახა. ამდენი ნახვიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: 100% იყო თუ არა ლელო, არცერთი გამეორებიდან ჩანს. როცა 50/50-ზეა, აქ უკვე ყველაფერი მსაჯზეა დამოკიდებული და გასაკვირი არ არის, მასპინძლის მხარე რომ დაიჭირა. ვიღაცა გააპროტესტებს და იტყვის: რაღა სულ სხვების მხარეს იჭერენ, ჩვენ როცა ვართ მასპინძლები, ჩვენს სასარგებლოდ რატომ არავინ სტვენსო?! პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დამოკიდებულება ძირშივე მცდარია.

ცოტა შორიდან მოვუვლით და ზოგადად რაგბში არსებულ სამსაჯო პრობლემებს შევეხებით: რაგბის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ძალიან ბევრი წესი აქვს და ამ წესებიდან უმრავლესობაში მთავარი პერსონა მსაჯია. ანუ ის წყვეტს ერთპიროვნულად ესა თუ ის სიტუაცია როგორ განსაჯოს. შესაბამისად, ფართოდაა დამკვიდრებული ე.წ. დაბალანსების პოლიტიკა. თუკი მსაჯები ერთ ეპიზოდში ერთი გუნდის სასარგებლოდ დახუჭავენ თვალს მცირე დარღვევაზე, მეორე ან მესამე ეპიზოდში აუცილებლად მეორე გუნდის სასარგებლოდაც იგივე განმეორდება. თანაბარ შეხვედრებში, თითქმის ყოველთვის, ოდნავ მასპინძლის სასარგებლოდ მსაჯობენ. ხოლო თუ ორი არათანაბარი ძალის მეტოქე ხვდება ერთმანეთს, უფრო ძლიერის მხარეს გადაიხრებიან ხოლმე.

რა თქმა უნდა რაგბში დამკვიდრებულ ზოგად ტენდენციას გამონაკლისებიც აქვს და არის შემთხვევები, როცა რეფერი ერთი გუნდის სასარგებლოდ ძალიან მიკერძოებულია, თუმცა შაბათს ასეთ შემთხვევასთან საქმე ნამდვილად არ გვქონია.

ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას რომ დავუბრუნდეთ, რატომ ჩვენს სასარგებლოდ არავინ სტვენსო, გვინდა სულ რაღაც ორი კვირის წინ, თბილისში, იაპონიასთან ლობჟანიძის დადებული ლელო გავიხსენოთ. არც იქ ჩანდა, რომ ბურთი ნამდვილად შეეხო მიწას, მაგრამ მსაჯებმა 50/50 სიტუაციაში ისევ მასპინძლის მხარე დაიჭირეს. მართალია მასპინძლები არ ვყოფილვართ, მაგრამ გავიხსენოთ იგივე ზაფხულის შეხვედრა ტონგასთან, როცა იმათი პირველხაზელი დაშავდა და კუნძულელებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ შერკინებაში მიწოლა აღარ ყოფილიყო, თუმცა ზელანდიელმა რეფერიმ ლამის რკინის ქალამნები ამოიცვა, გასახდელამდე სდია ტონგელებს და მაინც დააბრუნებინა ჯანმრთელი  პირველხაზელი.

ასე რომ, მსაჯები ჩვენს სასარგებლოდაც საკმაოდ ხშირად სტვენენ. უბრალოდ ერთ მოცემულობას უნდა შევეგუოთ: 50/50-ზე სიტუაციაში რეფერიმ ჩვენს სასარგებლოდ შეიძლება ჩასტვინოს ტონგასთან, სამოასთან, რუმინეთთან, მაგრამ ნამდვილად არ ჩასტვენს შოტლანდიაში შოტლანდიასთან.

მეთიუ ქარლის მსაჯობას დავუბრუნდეთ: პირველი ლელო უკვე განვიხილეთ. მეორე ლელოს დროს კოტე მიქაუტაძე ნამდვილად გასაგდები იყო, რადგან გარდაუვალი ლელოსგან თავი წესების დარღვევით დაიცვა (შეგნებულად ჩააქცია მოლი).

დავაკვირდეთ ამ გიფს: ვიტო კოლელიშვილი (#6) მოლში შედის გვერდიდან და მსაჯი უპირატესობას აძლევს შოტლანდიელებს. იმავე მომენტში კოტე იხედება ქარლისკენ და ხედავს მის გაშვერილ ხელს, ხოლო ერთ წამში განზრახ აქცევს მოლს და სქოთებს უეჭველი ლელოს დადების საშუალებას არ აძლევს. მსაჯის ქმედება არის აბსოლუტურად სწორი: ე.წ. ცინიკური ჯარიმის გამო ყვითელი ბარათი და საჯარიმო ლელო.

ჩვენს მეორე ლელოზე ნამდვილად შეეძლო ოფსაიდიდან მოთამაშე ლეიდლოუს გაგდება და ეს ასეც მოხდებოდა, ვასილ ლობჟანიძეს გამოვარდნილი ბურთი რომ არ აეღო და დაემიწებინა. რახან ლელო დაიდო, ლეიდლოუს ვირეშმაკობას ყურადღება აღარ მიაქციეს (მიზეზებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ). თუ ვინმეს ჩვენი სასარგებლო მაგალითი უნდა, სამოასთან შეხვედრა გაიხსენოს, როცა თაზო მჭედლიძემ საკუთარ 5 მეტრიანში ყელში შებოჭა რეი ლიილო და უეჭველ ყვითელსაც იმსახურებდა, მაგრამ რახან სამოელებმა ლელო დადეს, არბიტრებს არც იმ ეპიზოდის გარჩევა დაუწყიათ..

ისიც მოვისმინეთ, მეორე ლელოს დროს სქოთებმა აუტი არასწორად მოაწოდესო. ქვემოთ მოცემული სლაიდი არის ზუსტად ის მომენტი, როცა როს ფორდმა ბურთი შემოაგდო და მას რიჩი გრეი ეუფლება. არ გვგონია ამის მერე ზედმეტი ახსნა იყოს საჭირო – ისედაც კარგად ჩანს, რომ ბურთი წესების სრული დაცვითაა მოწოდებული.

არ გვგონია ქარლისთან სხვა პრეტენზია ვინმეს ჰქონდეს: კარგად იმსაჯა რაქები, ნორმალურად აუტები, შერკინებაში ყველა ჯერზე დააჯარიმა შოტლანდიელები და ზოგადად, მთელს შეხვედრას დამაკმაყოფილებლად გაუძღვა.

ჩვენი აზრით, მსაჯის შეცდომებზე აპელირება სჯობს გვერდზე გადავდოთ და ამხელა სხვაობით მარცხის რეალური მიზეზები საკუთარ თამაშშივე ვეძებოთ.

 

გამორჩეული მოთამაშეები

მასპინძელთაგან გამოვარჩევთ ფულბეკ სტიუარტ ჰოგს, რომლის უმაღლესი ინდივიდუალური ოსტატობით დადებული ლელო მთელი მატჩის მშვენება იყო. აქტიური იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში და გვარიანად შეგვაწუხა თავისი ტაქტიკური დარტყმებით თუ შეტევაში ჩართვებით.

ქართველთაგან ძნელია გვერდი აუარო ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძეს, რომელმაც 2 ლელო მიითვალა და უდაოდ დიდი პოტენციალი აქვს. იმედია დაცვაზეც ჯეროვნად იმუშავებს და მისი სახით მაღალი დონის მორაგბე გვეყოლება.

 

დასკვნის სახით

რა შეიძლება ითქვას?

სამწუხაროდ, დამაიმედებელი ბევრი ვერაფერი.

მეტოქეს სისწრაფესა და ტექნიკურ არსენალში რომ ჩამოვუვარდებოდით თავიდანვე ვიცოდით, პოზიციურ შეცდომებსაც რომ დავუშვებდით და ნელი გადაწყობის გამო დაცვაში ხვრელები რომ წარმოიქმნებოდა, არც ეს იყო მოულოდნელი.

მაგრამ ერთი-ერთზე ფიზიკურ ორთაბრძოლებსაც თუ დავთმობდით, ნამდვილად არ გვეგონა. მასპინძლები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ხშირად ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას და წინსვლას, რის გამოც ჩვენს დაცვას პერმანენტულად უკანდახევა უხდებოდა და რა გასაკვირია, რომ მეტოქეზე ჯეროვან ზეწოლას ვერ ახდენდა.

შერკინებაში მიწოლის გარდა შეტევაში სხვა მოტივები ფაქტიურად არ ჩანს არათუ პირველი ეშელონის, ჩვენი დონის გუნდებთანაც კი (აღნიშნული თემის უფრო ვრცლად გაშლას ნოემბრის ტესტების შემაჯამებელ სტატიაში შევეცდებით).

შოტლანდიამ გვაჯობა ულაპარაკოდ. თან ისე, რომ გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია.  ქართველ გულშემატკივართა იმედები, რომ თანაბარ ბრძოლას გავუმართავდით, სამწუხაროდ იმედებადღა დარჩა.

ჩვენი აზრით, ექვს ერამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ბედს შევეგუოთ. განვითარება და წინსვლა სწორედ ასეთ მატჩებს მოაქვთ – მათ შორის პირველ რიგში მწარე დამარცხებებს.

 

 

დავით სელეპანიშვილი

ლევან ყურაშვილი

ბექა მგელაძე

Rugby XV © 2016

ასევე ნახე

როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

    თამაშის დასრულების შემდეგ რუსთა სათადარიგო სკამს თუ დააკვირდებოდით, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდებოდით:  …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

2 × 3 =