მთავარი / ბორჯღალოსნები / პირველივე ტურში მოკლული ინტრიგა

პირველივე ტურში მოკლული ინტრიგა

 

ანთიმოზ ივერიელის თასით ხელში (ფოტო: ლევან ვერძეული)

 

გემახსოვრებათ, შარშან რაგბი ევროპაში დიდი გარჩევები იყო. აღმოჩნდა, რომ ერთბაშად სამი ქვეყანა, საკუთარ რიგებში ისეთ მორაგბეებს ათამაშებდა, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ. დიდი ბჭობის და ვაივაგლახის მერე ესპანეთი, რუმინეთი და ბელგია დასაჯეს – ყველა იმ შეხვედრაში, სადაც ამ მორაგბეებმა ითამაშეს, გუნდებს -5 ქულა დაუწერეს. ამის გამო ესპანეთი და რუმინეთი მსოფლიო თასს მიღმა დარჩნენ, გარდა ამისა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი კალენდარიც გვარიანად აირია. მოგეხსენებათ, კალენდარი ორწლიანი ციკლის შედეგების მიხედვით დგება და პირველი – ბოლოს/ქვედა დივიზიონიდან ამოსულს, მეორე – მეხუთეს, ხოლო მესამე – მეოთხეს ერაგბება.

ამიტომაც იყო, წელს პირველი შეხვედრა “ბოლოადგილოსან” რუმინეთთან სტუმრად რომ მოგვიწია და სატურნირო ინტრიგაც ამ ტურშივე დასრულდა – საქართველომ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა, ხოლო ესპანელებმა მსოფლიო თასის მონაწილე რუსები დაიბრიყვეს 16:14.

 

 

“ბავშვებით”

როცა მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა, გულშემატკივარი ხუმრობდა, ბატონმა მილტონმა ნამდვილად იცის, რომ პირველ ტურში ტრადიციულ მაჩანჩალას კი არა, რუმინელებს ვხვდებითო?

მატჩის 23 კაციან განაცხადში გვყავდა 3 დებიუტანტი (აქედან ორი სასტარტოში), ძირითადის თხუთმეტეულიდან ექვსი მორაგბე იყო ისეთი, ვისაც 5-ზე ნაკლები კეპი ქონდა მოხვეჭილი. რუმინელთა ყველაზე ძლიერი მხარე შერკინებაა და მათ წინააღმდეგ ბურჯებად იდგნენ 1 კეპიანი, 20 წლის გოგიჩაშვილი და 2 კეპიანი გიგაშვილი. ხოლო მარქაფიდან ჰუკერის პოზიციაზე შემოვიდა დებიუტანტი, 18 წლის კარკაძე.

მთლიანი გუნდის საშუალო ასაკი იყო 25 წელი, ხოლო 23 წლის ან ნაკლები ერთბაშად 12 მორაგბე (52%).

რუმინული რაგბის პერსპექტივებს და მათ ახალგაზრდულ ნაკრებებს თუ გადავხედავთ, ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდული და შედარებით გამოუცდელი გუნდით ვიყავით, ალბათ ტინკუ ფიქრობდა, რომ მისი გუნდისთვის საქართველოს დამარცხების ერთ-ერთი ბოლო შანსი იყო. ამიტომაც თავი მოუყარეს ყველას, ვისი გამოძახებაც კი შეიძლებოდა. მათ შორის გამოცდილ მაკოვეის, ლაზარს, ანტონესკუს, ფან ჰირდენს, ურსაკეს და გორინის, რომლებიც საფრანგეთის ტოპ დივიზიონებში თამაშობენ.

რამდენიმე წლის წინ რუმინეთში მსგავსი შემადგენლობით რომ წავსულიყავით, კარგი დღე ნამდვილად არ დაგვადგებოდა. დღეს კი, ფაქტიურად 23-25 წლის ბიჭებით უშანსოდ ვამარცხებთ. არადა, „სტეჟარი“ ამ ტურნირის ყველაზე ძლიერი გუნდია.

ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ალბათ თავად ხვდებით ამ ტურნირის დონესა და მის სამომავლო პერსპექტივებს.

 

უფანტაზიო რუმინეთი

როგორც ჩანს, რუმინელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, მარიუს ტინკუს, ჩვენთან შეხვედრამდე ბევრი უფიქრია, ქართველთა ბოლოდროინდელი თამაშებიც უნახავს და კარგადაც გაურჩევია.

სამოასთან მატჩის მსგავსად, რუმინელებმაც ძალიან ბევრჯერ მოახერხეს ქართველების მაღლა დაჭერა და ბურთის გაჭედვა. ასევე, მთელი თამაში, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ცდილობდნენ მოლის დაყენებას და სულ მცირე უპირატესობა ამ კომპონენტში ნამდვილად ჰქონდათ.

საკითხავი ისაა, ყველგან მოლის აგორება ბორჯღალოსანთა დანახული სისუსტეების გამო აირჩიეს, თუ უბრალოდ მეტი არც არაფერი შეუძლიათ?

ალბათ, ერთიც და მეორეც.

ნოემბრის ტესტების დროს ნამდვილად გვქონდა მოლში პრობლემები, განსაკუთრებით იტალიასთან შეხვედრაში, ხოლო რუმინელები ამ კომპონენტში ნორმალურად გამოიყურებიან და საკუთარი ტაქტიკაც თითქოს სწორად ჰქონდათ აგებული. თუმცა, ერთია მოლში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდე და მეორე ყველგან მოლებს აყენებდე. განსაკუთრებით თვალსაჩინო მეორე ტაიმის ბოლოსკენ, ცენტრში აგორებული მოლი იყო, როცა სამიოდე რუმინელის გარდა, ყველა ამ მოლში იყო ჩაბმული და გვეძალებოდა. რთული სათქმელია რას აპირებდნენ, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მოედნის ცენტრიდან მოლით ლელოს დადებას მოახერხებდნენ.

მოლიდან-მოლამდე პერიოდში კი რუმინელები ძალიან უფანტაზიოდ უტევდნენ. თითქოს ხაზზე ბურთის გაშლას ცდილობდნენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ, რომ ამ ჩათამაშება-ჩამოთამაშებით დაცვის გარღვევის მინიმალური შანსი თუ ჰქონდათ. უმეტეს შემთხვევაში, უპირატესობის ხაზის გადაკვეთის მაგივრად უკან-უკან იხევდნენ და რომ არა ქართველთა უდისციპლინობა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, იმ ცხრა ქულის მოპოვებაც ძალიან გაუჭირდებოდათ.

(ფოტო: გოგიტა ბუხაიძე, Georgian Rugby)

 

უბურთო პირველი ტაიმი

რუმინული მატჩის პირველი ტაიმი ძალიან უსახური გამოდგა, რაც პირველ რიგში ბორჯღალოსნების დამსახურებაა, თორემ რუმინელებს მეტი არ შეუძლიათ და რაც იციან, იმას თამაშობენ.

მილტონ ჰეიგის სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკა შემდეგი იყო: საკუთარი ნახევრიდან ფეხით უნდა გამოვსულიყავით, ხაზი სწრაფად უნდა აგვეწია და ნელი რუმინელები მათსავე ნახევარზე იზოლაციაში მოგვექცია. ხოლო თუ იქ ბურთის მოპოვებას მოვახერხებდით, ოვალი ე.წ. ფლეთზე უნდა გაგვეშალა.

სამწუხაროდ, არც ერთმა და არც მეორემ პირველ ტაიმში არ იმუშავა. პირველი მიზეზი თავად ამ დარტყმების ხარისხია. ჩვენს დამრტყმელებს უჭირდათ ისეთი ადგილების პოვნა, სადაც ან თავისუფალი სივრცე იქნებოდა ან რუმინელი იქნებოდა ისეთ პოზიციაში, რომ ბურთის აღება გაუჭირდებოდა და მალე ჩავხურავდით. დაკიდებული ბურთების უმეტესობა “სტეჟარიმ” მარტივად დაიჭირა და შეტევა წამოიწყო ან ისევ ფეხით დაგვიბრუნა. მეორე მიზეზი ბურთზე მიმყოლებია, რომლებიც საკმარისად სწრაფად ვერ ადიოდნენ და იზოლაციაში ვერ აქცევდნენ რუმინელებს. თუ ვინმეს აინტერესებს როგორია უმაღლესი დონის ფეხით თამაში და მერე ბურთზე მიყოლა, ვურჩევდი ინგლისი-საფრანგეთის ბოლო მატჩისთვის ეყურებინა. საჰაერო ბრძოლებშიც არანაირი უპირატესობა არ გვქონია. ინერტული იყო ზურაბ ძნელაძე, რისი მიზეზიც უფრო პოზიციის ცვლილება და გუნდის ტაქტიკაა. წინა შეხვედრებში ის ფლანგზე ირჯებოდა და ბურთები სწორედ მისი მიმართულებით იკიდებოდა. ამჯერად კი მან ცენტრში გადაინაცვლა და მისი ფუნქცია გიორგი აფციაურმა შეითავსა, რომელიც ჰაერში ისეთი ეფექტური ნამდვილად ვერ არის, როგორც “ტურბო”.

 

“ფლეთ რაგბი”

აგერ უკვე მესამე წელია “ფლეთზე” თამაშს ვამუღამებთ და მიღწეული შედეგებით ჯერ ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. კლუჟურ მატჩშიც ბევრი ვცადეთ, თუმცა სიბრტყეზე თამაშიდან არაფერი გამოგვივიდა. ვერც ერთხელ დაცვის გარღვევა ან რამე ხეირის შექმნა ამ ტაქტიკით ვერ მოვახერხეთ და მეორე ტაიმში ისევ სიღრმიდან თამაშს დავუბრუნდით. ზოგადად, სიბრტყეზე გაშლის დროს, მთავარი ე.წ. თაიმინგია: რაქის სწრაფად გაწმენდის შემდეგ, ცხრას ბურთი სწრაფადვე, ამასთანავე ძლიერად უნდა გაჰქონდეს მგეზავზე, რომელსაც, თავის მხრივ ასევე ძლიერი და მოჭრილი პასით უნდა შეჰყავდეს თანაგუნდელი გარღვევაზე. ამასთან ერთად, შემტევმა ზუსტად უნდა იცოდეს რა მომენტში დაიძრას, რათა ბურთი მაქსიმალურად სწორ პოზიციაში, მაქსიმალურად სიჩქარეაკრეფილმა მიიღოს. მოკლედ,  შესასრულებლად ურთულესი ტაქტიკაა, რომელიც წამის მეათედის სიზუსტეს და უმაღლეს საშემსრულებლო ოსტატობას მოითხოვს არა მარტო 9, 10 ან 12 ნომრებისგან, არამედ მოედანზე მყოფი პრაქტიკულად ყველა მორაგბისგან. შაბათის შეხვედრაში, სწორედ ამ ყველაფრის დაუცველობის გამო, რამდენჯერმე უკვე შებოჭილ მოთამაშეს მოუწია ურთულესი ბურთის დაჭერა.  ერთხელაც, გარღვევაზე შესულმა კვესომ ბურთი ვერ დაიმორჩილა და რუმინელები ლელოს გადაგვირჩნენ.

ძალიან ბევრი გულშემატკივარი ითხოვს, შევეშვათ ამ სიბრტყეზე რაგბობას და ისევ სიღრმეებიდან ჩათამაშებებს დავუბრუნდეთო, თუმცა მე ამ შემთხვევაში ისევ მილტონ ჰეიგს დავეთანხმები: თანამედროვე რაგბის თამაში და ბობოლების დამარცხება თუ გვინდა, სიბრტყეზე თამაში უნდა ვისწავლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ რობოტივით სულ ერთი ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ, არა, სადაც სიტუაცია მოითხოვს, სიღრმეშიც უნდა გავიტანოთ, უბრალოდ “ფლეთი” აუცილებლად დასამუღამებელი გვაქვს.

(ფოტო: გოგიტა ბუხაიძე, Georgian Rugby)

 

აუტი, რაქი, კონტაქტის არე და დისციპლინა

იმ რაგბით, რასაც რუმინელები თამაშობენ, ვერც ერთი ლოგიკით 75-ე წუთამდე 7 ქულაში ვერ უნდა ყოფილიყვნენ.

თუმცა, რუმინელებზე მეტად ჩვენვე მოვინდომეთ, რომ ეს ასე ყოფილიყო.

აუტი: შეხვედრის პირველმა ტაიმმა 2017 წლის მატჩი გამახსენა, როცა მამუკა გორგოძე მსაჯს უხსნიდა, იმათ ქართველი ყავთ და ამიტომ გვიწევს დიდხანს თათბირიო. უელსელი მსაჯის გაოგნებული სახეც მახსოვს და მამუკაზე ნათქვამი ფრაზაც – მერე თქვენც ადექით და კოდები გამოიყენეთო. რა უნდა გამოგვეყენებინა, რაც არ გვქონდა? ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ქართული ენა უცხოელი მორაგბეებიდან ცოტამ თუ იცის და ჩვენც დიდი თავის მტვრევა არ გვჭირდება, რათა კოდების რთული სისტემა მოვიფიქროთ, მეტოქემ რომ არ გაგვშიფროს. 2017 წლის არ იყოს, რუმინელებმა კვაჭად ისევ ქართველი ტურაშვილი დაგვიყენეს, ქართველია მათი შერკინების მევრთნელი თავართქილაძეც, ხოლო ქართველები ისევ ძველებურად თათბირობდნენ და აუტში აგდების დროს, ჩვენი გამომცხადებლისგან დაძახებული კოდები ნამდვილად არ გამიგონია. ამიტომაც იყო, რომ რუმინელებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აუტი აგვართვეს.

რაქი: გრემ რაუნთრის წარდგენისას ვკითხეთ, რა კომპონენტებში ჭირდებოდა ქართულ შერკინებას გამოსწორება და პირველი რაც ახსენა, ბოჭვის შემდეგ გადაგორება და სწრაფად წამოდგომა იყო. რუმინული მატჩიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ინგლისელს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ქართველები რაქში ჩავარდნისა და არგადაგორებისთვის არაერთხელ დაჯარიმდნენ. ზოგადად, ნაკრებში პროფესიონალი მღლეტელის პრობლემა ნამდვილად დგას. მიუხედავად ძალიან პერსპექტიული და ახალგაზრდა მესამე ხაზისა, მღლეტელი მათგან არც-ერთია.

კონტაქტის არე: ნოემბერში, სამოასთან ტესტშიც და კლუჟურ მატჩშიც ბურთიანი მოთამაშე მეტოქემ არაერთხელ გაგვიჭედა. პირველ რიგში ამის მიზეზი ისაა, რომ შემტევები ზედმეტად გამართულნი შედიან ბოჭვაში და მეტოქე მათ მაღლა დაჭერას ახერხებს, თუმცა მიმყოლებიც აგვიანებენ დახმარებას, რათა თამაში რაქში გადაიყვანონ და მოწინააღმდეგესაც უფრო უადვილდება შემტევის მაღლა დაჭერა.

დისციპლინა: როცა მეტოქე მოედნის ცენტრში უშანსოდ გიტევს და წინსვლის მაგივრად უკან-უკან იხევს, რთული სათქმელია, რა საჭიროა ასეთ დროს გაუმართლებელი რისკის გაწევა და დაკარგული პოზიციის მიუხედავად, ბურთის ამოსაღებად რაქში ჩაძრომა?! იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბოჭვის შემდეგ დროულად არგადაგორებაზე. მსგავსი შემთხვევაც რამდენიმე იყო, როცა რუმინელებს განწირული შეტევის გადარჩენის და ჯარიმით 30-40 მეტრის მოგების საშუალება მივეცით.

რომ არა ზემოთაღნიშნული შეცდომები, ანგარიშში სხვაობა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო და მიუხედავად ასე გადახალისებული შემადგენლობისა, პირველად ისტორიაში, რუმინეთში ბონუსიც უნდა აგვეღო.

 

ეპიზოდურად

მართალია თვალსასეირო თამაში არ გამოვიდა, თუმცა ქართველებმა ეპიზოდურად მაინც შეძლეს იმ რაგბის ჩვენება, რის ხარჯზეც წლევანდელ მსოფლიო თასზე დასახულ მიზანს უნდა მივაღწიოთ. როგორც კი ბორჯღალოსნები ტემპს უმატებდნენ და ფეხით გადაკიდების მაგივრად ბურთი ხელდახელ მოჰქონდათ, რუმინელთა მძიმე დაცვაში იმწამსვე ღრიჭოები ჩნდებოდა და ამით ორჯერ ვისარგებლეთ კიდეც. დავდეთ ორი ძალიან ლამაზი და კლასიანი ლელო, რომელიც შესასრულებლად ადვილი ნამდვილად არ იყო, მით უმეტეს ასეთი დონის მეტოქესთან. ტრადიციულად კარგი ვიყავით მიწოლაში და მიუხედავად ახალგაზრდული შერკინებისა, „სტეჟარი“ გვარიანად ვაჯარიმეთ.

ბექა გორგაძის ლელო (ფოტო: ლევან ვერძეული)

 

სატურნირო მდგომარეობა

ერთი კვირის წინ რუსები გვემუქრებოდნენ, ფინალში საქართველოს უნდა შევხვდეთ კრასნოდარში და 35 000 გულშემატკივრის თვალწინ დავამარცხოთო, ამ დროს კი ესპანეთთან წააგეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუმინეთშიც სათამაშო აქვთ, ხოლო ჩვენ დარჩენილი მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერ ესპანეთს შინ ვმასპინძლობთ, სათუოა რუსებს ნანატრი ფინალი გამოუვიდეთ. უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ბოლო ტურამდე ჩემპიონის ბედი გარკვეული იქნება და კრასნოდარში რუსებთან მოგების ტრადიციის გასაგრძელებლადღა ვითამაშებთ.

 

ასევე ნახე

რუმინეთი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდება

  რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიუს ტინკუმ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. გუნდშია …