მთავარი / სიახლეები / პიშო “6 ერს” გაფართოებისკენ მოუწოდებს

პიშო “6 ერს” გაფართოებისკენ მოუწოდებს

“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე ტონგასთან გამარჯვებას აღნიშნავენ

 

 

თუ რაგბისთვის კარგი გვინდა, საქართველოს და სხვა ტიერ2 ქვეყნებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ „6 ერის“ გათამაშებაში ჩაერთონ – აცხადებს „მსოფლიო რაგბის“ არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო, „დეილი მეილთან“ ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც მისი ძალისხმევით არგენტინა სამხრეთულ „4 ერში“ ჩაერთო, აგუსტინ პიშოს სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩინოვნიკად ასახელებენ.

„დარწმუნებული ვარ, ეს ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ „6 ერს“ მოვუწოდებ, რომ შანსი სხვა ქვეყნებსაც მისცენ. ფაქტია, მათ იმ სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდათ, რომელიც უკვე მრავალი წელია ჩამოყალიბდა“ – აცხადებს „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტი.

„მართალია, დღესდღეობით ტიერ2 გუნდებს ადრინდელთან შედარებით უფრო მეტი თამაშები აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მშვენიერი იქნებოდა, თუ „6 ერში“ აღზევება-დაქვეითების სისტემა დაინერგებოდა. თუკი დღევანდელი სტატუს-კვო არ შეიცვალა, რაგბი ვერ განვითარდება და ისევ ანგლო-საქსური ქვეყნების ჩაკეტილ თამაშად დარჩება.“

„ჯონ ფიანს („6 ერის“ პრეზიდენტი – ავტ.) მოვუწოდებ, რომ საქართველოში ჩავიდეს და ყველაფერი საკუთარი თვალით იხილოს. და ამას მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვამბობ, მათ სერიოზულად უნდა დაიწყონ ფიქრი ჩაკეტილი სისტემის შეცვლაზე. სისტემის შეცვლას მხარს ბილ ბომონტიც უჭერს („მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტი – ავტ.). შესაძლოა სამი წლის შემდეგ ამ თანამდებობაზე აღარ ვიყო, მაგრამ ამ იდეის მხარდაჭერას მაინც აქტიურად გავაგრძელებ.“

“მსოფლიო რაგბის” ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიო თასის გარდა, საქართველო მხოლოდ სამჯერ შეხვდა ტიერ1-ის ნაკრებს. 2016-ში შოტლანდიას, 2014-ში ირლანდიას და 2013-ში არგენტინას.

„6 ერი“ კომერციული ტურნირია, რომელზეც „მსოფლიო რაგბს“ არანაირი გავლენა აქვს.

„არ ვიცი როგორ მოახერხეს მათ საკუთარი ორგანიზაციის ისე შექმნა, რომ „მსოფლიო რაგბთან“ არანაირი შემხებლობა არ აქვთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ერთად მუშაობა, რათა ვიზრუნოთ თამაშზე და მის გლობალურად განვითარებაზე“-ამბობს პიშო, რომელიც რეფორმების აქტიური მხარდამჭერია.

„რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის საკუთრება არ არის („6 ერის“ და „4 ერის“), ეს არასწორი მიდგომაა და უნდა შეიცვალოს.“

„თავად თამაშის განვითარებისთვის იქნება შესანიშნავი, თუკი საქართველოს და საქართველოსნაირ ქვეყნებს შანსი მიეცემათ. მათ მისწრაფებას  „მსოფლიო რაგბიც“ მხარს უჭერს. ფაქტი კი ისაა, რომ „ექვსი ერის“ ქვეყნები მეტად კონსერვატიულები არიან. წარსულს თუ გავიხსენებთ, იგივე სიტუაცია იყო არგენტინასთან მიმართებაშიც, სანამ ის „4 ერის“ გათამაშებაში ჩაერთვებოდა. ამ ქვეყნებმა (საუბარია ტიერ1 ქვეყნებზე – ავტ.) უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ რაგბის განვითარებაზე.“

მომზადებულია espn.co.uk-ის მიხედვით

 

ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ აგუსტინ პიშო ნატურალიზაციის წესის შეცვლისა და უფრო გართულების იდეითაც გამოდის.

ამჟამად მოქმედი წესის მიხედვით მორაგბემ რომელიმე ქვეყნის ნაკრებში რომ ითამაშოს საჭიროა, აღნიშნულ ქვეყანაში იყოს დაბადებული ან წინაპრები ჰყავდეს მისი მოქალაქეები, ანაც ზემოთაღნიშნული ქვეყნის შიდა ჩემპიონატში მინიმუმ 3 წელი ჰქონდეს ნათამაშები. პიშოს იდეის მიხედვით კი ვადა უნდა გაიზარდოს და მინიმუმ 5 წელი გახდეს.

„მსოფლიო რაგბის“ რეიტინგის პირველი ოცეულიდან საქართველო და არგენტინა ორად-ორი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც არცერთი ნატურალიზებული მორაგბე არ თამაშობს.

ასევე ნახე

საქართველო მოლაპარაკებებს პრო12-თან და “სუპერ რაგბთან” აწარმოებს

როგორც BBC Wales Sport იუწყება, საქართველოს რაგბის კავშირმა “გინეს პრო12-თან” და “სუპერ რაგბთან” ამ ტურნირებში …