მთავარი / მოსაზრება / რამდენად რეალურია ევროპის ჩემპიონატი?

რამდენად რეალურია ევროპის ჩემპიონატი?

ანრი დელონი 1883-1955

 

გსმენიათ რაიმე ანრი დელონის შესახებ? – ალბათ ძალიან ცოტას და გუგლის დახმარების გარეშე მისი დამსახურებების გახსენებაც გაგიჭირდებათ.

ვინ იყო დელონი? – ერთი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ მსაჯობა გადაწყვიტა და იმით გახდა ცნობილი, რომ მატჩის მიმდინარეობისას ბურთი სახეში მოხვდა და საკუთარი სასტვენი გადაყლაპა.

ამ ინციდენტის შემდეგ მსაჯობას შეეშვა და საფეხბურთო ჩინოვნიკი გახდა.

ანრი დელონი არის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი (ჟიულ რიმესთან ერთად) და მისი პირველი გენერალური მდივანი. ასევე, იმავე ჟიულ რიმესთან ერთად იყო მსოფლიო ჩემპიონატის იდეის მთავარი ლობისტი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დამსახურებებისა, დელონის ერთი უცნაური ახირება ჰქონდა: მისი სურვილი იყო, რომ მსოფლიო თასის გარდა, ევროპის ჩემპიონატიც ჩატარებულიყო. ეს იდეა პირველად 1927 წელს გააჟღერა, როცა უკვე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. თუმცა, ფიფას გავლენიანი წევრები ამ იდეის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ტურნირი მსოფლიო თასს კონკურენციას გაუწევდა.

“ევროპის ერთა თასი” (დღევანდელი ევროპის ჩემპიონატი) პირველად 1960 წელს ჩატარდა, ანრი დელონის მიერ იდეის გაჟღერებიდან 33, ხოლო გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი ცხოვრება ევროპის ჩემპიონატის გამართვის იდეას შეალია, მის განხორციელებას თავად ვეღარ მოესწრო. თუმცა, მისი ღვაწლი შესაბამისად დააფასეს და ევროპის ჩემპიონატის თასი დღემდე ანრი დელონის სახელს ატარებს.

ესპანელთა კაპიტანი იკერ კასიიასი ანრი დელონის სახელობის თასით ხელში. 2012 წ.

 

1960 წლის ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდა, თუმცა შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ჩვიდმეტმა ნაკრებმა გამოთქვა. უარი განაცხადეს ინგლისმა (პირველ ორ მსოფლიო თასზე მონაწილეობაზე უარის თქმამ ჭკუა ვერ ასწავლათ), იტალიამ და დასავლეთ გერმანიამ (იმ დროისთვის ევროპიდან მხოლოდ ეს ორი ქვეყანა გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი), ჰოლანდიამ, ბელგიამ, შოტლანდიამ, შვეიცარიამ, შვედეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

ფინალურ ეტაპზე 4 ნაკრები გავიდა: მასპინძელი საფრანგეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირი. ჩემპიონი კი ეს უკანასკნელი გახდა.

რას მოვაყოლე ეს ამბავი? იმას, რომ რაგბი ალბათ ერთადერთი გუნდური სპორტია, რომელშიც ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება.

ერთის მხრივ, არსებობს შპს “ექვსი ერი”, რომელიც უფრო სტუდენტების დახურულ კლუბს ჰგავს და შიგნით არავის უშვებენ. მეორეს მხრივ გვაქვს აბსოლუტურად უმაქნისი ევროპული რაგბის მმართველი ორგანო. რომელსაც, გარდა იმისა, რომ კონტროლის და ქვეყნებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ აქვს, ასევე აბსოლუტურად შემთხვევითი ხალხისგან დაკომპლექტებული სტრუქტურაა და არც იმის სურვილი აქვთ, რომ რაიმე შეცვალონ.

ეს ორგანო ატარებს ტურნირს, სახელად “რაგბი ევროპის ჩემპიონატი,” სადაც აგერ ამდენი წელია ერთ ადგილს ვტკეპნით. სადაც ჩინოვნიკები საკუთარ დაწერილ რეგლამენტს არ კითხულობენ და გამარჯვებულად შეცდომით სხვა ქვეყანას ასახელებენ. სადაც უმნიშვნელოვანეს მატჩში გუნდს უშუალო კონკურენტის ქვეყნიდან უნიშნავენ წარმომადგენლებს. საუბარია იმ სტრუქტურაზე, რომელიც 18 წლამდელებში ატარებდა ევროპის ჩემპიონატს და იმხელა ავტორიტეტიც კი არ აქვს, რომ ასაკობრივი ტურნირიდან 5 გუნდი გაექცა. ეს იმ “რაგბი ევროპაზეა” საუბარი, რომელსაც უცერემონიოდ ჩამოართვეს მსოფლიოზე გამსვლელი ერთი ადგილი… მოკლედ, შეგვიძლია ეს სია უსასრულოდ გავაგრძელოთ.

დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, რამაც ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა: რატომ არ ტარდება რაგბში ევროპის ჩემპიონატი და საერთოდ, რამდენად რეალურია მსგავსი ტურნირის ჩატარება?

 

მონაწილე გუნდები

პირველი პრობლემა, რაც ევროპის ჩემპიონატს შეექმნება, წარმომადგენლობაა. რა თქმა უნდა, ექვსი ერის გუნდები მასში მონაწილეობაზე უარს იტყვიან. თუმცა, მოდით ისევ 1960 წელს გამართულ ფეხბურთის ევროპის ერთა თასს მივუბრუნდეთ, სადაც მონაწილეობა არ მიუღია ორ მსოფლიო ჩემპიონს, ინგლისს და კიდევ რამდენიმე ძლიერ საფეხბურთო ქვეყანას. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უეფასთვის, რომ ტურნირი მაინც ჩაეტარებინა. და დღეს ისტორიას გამარჯვებულად საბჭოთა კავშირი რომ ახსოვს და არა გერმანია, იტალია ან ინგლისი, ეს ამ ქვეყნების პრობლემაა და არა თავად ევროპის ჩემპიონატის. 4 წლის თავზე მასში უკვე თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო დღეს პრესტიჟით მეორე სანაკრებო ტურნირია, მსოფლიო თასის შემდეგ.

თუკი ოდესმე რაბში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, 50 და 100 წლის შემდეგ არავის ემახსოვრება პირველ ჩემპიონატზე ინგლისი ან უელსი მონაწილეობდა თუ არა. სამაგიეროდ ისტორიას პირველი ტურნირის გამარჯვებული დარჩება.

 

მონაწილეთა რაოდენობა და ტურნირის ფორმატი

ამ იდეის კრიტიკოსები სავსებით სამართლიანად შენიშნავენ, რომ “6 ერის” გარეთ იმდენი ძლიერი ნაკრები არაა, ევროპის ჩემპიონატზე სერიოზულად ვიფიქროთო.

ამ კრიტიკის საპასუხოდ ორი არგუმენტია:

  1. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არაა აუცილებელი მაინცდამაინც 8 ან 12 გუნდი მონაწილეობდეს. ისევ და ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ – 1980 წლამდე (მთელი ოცი წელი) ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 4 ნაკრები მონაწილეობდა. ხოლო პირველი ევროპის ჩემპიონატი ძლიერი გუნდების სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. მთელი 4 წლიანი ციკლი, მანამ სანამ ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ა და ბ დივიზიონი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც შესარჩევი ეტაპი, საიდანაც 4 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

ვიღაცა იკითხავს, თუ მაინც იგივე ნაკრებებმა უნდა იასპარეზონ, ვინც “რაგბი ევროპის ჩემპიონატში” მონაწილეობს, მაშინ ევროპის ჩემპიონატის გამართვას რაღა აზრი აქვსო.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტი კი ისაა, რომ ნებისმიერ სპორტში, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებს ანდა ოლიმპიადას პრესტიჟულობას ის ანიჭებს, რომ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, საფესტივალო ფორმატით და გუნდები ამისთვის სპეციალურად ემზადებიან.

  1. მონდომების შემთხვევაში, შესაძლებელია 8 გუნდიანი ჩემპიონატის გაკეთებაც. აქედან შესაძლოა 6 ნაკრები იყოს ევროპიდან, ხოლო ორიც მოწვეული გუნდი. მაგალითად რომელიმე კუნძულელი, აშშ, კანადა ან იაპონია. სად ევროპის ჩემპიონატი და სად იაპონიაო იტყვით, თუმცა არც მექსიკა და აშშ-ა სამხრეთი ამერიკა, მაგრამ “კოპა ამერიკაზე”, როგორც მიწვეულ გუნდებს,  არაერთხელ უასპარეზიათ. ვინც ფეხბურთს ადევნებს თვალს, იცის, “კოპა ამერიკა” მსოფლიო თასთან და ევროპის ჩემპიონატთან ვერ მივა, მაგრამ ძალიან პრესტიჟული ტურნირია და არც ისინი თაკილობენ სხვა კონტინენტებიდან გუნდების მიწვევას.

 

კალენდარი

ამ თეორიული ტურნირის კიდევ ერთი პრობლემა კალენდარია.

რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის გამო გლობალურ კალენდარს არავინ შეცვლის. იდეალური იქნება, თუკი მსოფლიო თასივით სექტემბრის ბოლოს დაიწყება და ოქტომბერში დამთავრდება, თუმცა ეს ვარიანტი ნაკლებ სავარაუდოა, რადგან კლუბებიდან მოთამაშეების გამოშვების სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით.

მეორე ვარიანტი ე.წ. ივნისის ტესტების ფანჯარაა. ივნისს ბევრი პლიუსი და ცოტა მინუსი აქვს.

პირველი პლიუსი ამინდია – სადაც არ უნდა ჩატარდეს  ჩემპიონატი, ყველგან სითბო და მზიანი ამინდები იქნება.

მეორე პლიუსი ისაა, რომ საერთაშორისო სატესტო ფანჯარაა, საკლუბო სეზონი უკვე მორჩენილია და მოთამაშეების გამოძახების პრობლემა არ იქნება. ასევე არ იქნება გუნდების მოწვევის პრობლემაც. ჩვენი გათვლით, თუკი “ვორლდ რაგბისთან” შეთანხმება მოხდება, აღნიშნული მოწვეული ნაკრებები არც-ერთ მნიშვნელოვან ტესტ მატჩს არ დაკარგავენ (მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს და იმ კონკრეტული წლის ტესტ მატჩს ტიერ1-ის გუნდთან, სხვა წლებზე გადაუნაწილებენ). ზემოთაღნიშნულ ქვეყნებს მეორე დონის ნაკრებებთან თამაშის ვალდებულება ისედაც აქვთ და ევროპის ჩემპიონატზე თამაშით ამ ვალდებულებების ნაწილი შესრულებულად ჩაეთვლებათ.

ეს კალენდარი მით უმეტეს პრობლემა არ უნდა იყოს “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მონაწილე გუნდებისთვის. იგივე ესპანეთი და რუსეთი გაუგებარ ტესტებს თამაშობენ მესამე დონის ქვეყნებთან, ხოლო მაგალითად ფიჯისნაირ მეტოქესთან შეხვედრაზე ვერც იოცნებებენ. ასე რომ, მათთვის ევროპის ჩემპიონატი ერთი დიდი პლიუსია.

ერთადერთი მინუსი, რაც ამ ეტაპზე ჩანს, ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატი ემთხვევა “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” ტურს სამხრეთ ნახევარსფეროში. როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნე, ევროპა 4 წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს და როგორც სხვა სპორტების პრაქტიკა და საღი აზრიც გვეუბნება, ოპტიმალური მსოფლიო თასის შუალედში (მაგ: 2021 ან 2025 წელს) ჩატარებაა. ამ დროს კი, სწორედ “ლომების” ტურია სამხრეთში და მომავალში, ბრიტანული გუნდების ჩემპიონატში ჩართვაში სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება.

რაც შეეხება ტურნირის გამართვის ვადებს: ჩემპიონატზე 4 გუნდის მონაწილეობის შემთხვევაში სულ 2 სათამაშო დღე იქნება საჭირო (ნახევარფინალები და ფინალი). ხოლო 8 გუნდის შემთხვევაში, უკვე ჯგუფური ეტაპის ჩატარებაც შეიძლება და სათამაშო დღეების რაოდენობა ხუთამდე იზრდება. თუ მატჩებს შორის შუალედად საშუალოდ 4-5 დღეს ავიღებთ, მთელ ტურნირს ჯამში 20-25 დღე დასჭირდება და ივნისის ტესტების ფანჯარაში თავისუფლად ჩაეტევა.

თუკი გუნდების უმრავლესობა ასეთ მცირე დროში 5 შეხვედრის გამართვის წინააღმდეგ წავა, შესაძლებელია პირდაპირ პლეი-ოფის სისტემის შემოღებაც. ასეთ შემთხვევაში თამაშების რაოდენობა 3-მდე შემცირდება და შესაბამისად ტურნირის ხარჯებიც მოკლებს. თუმცა, ორგანიზატორები ყველანაირად უნდა ეცადნონ, რომ ეს არ მოხდეს. ჯგუფურ ეტაპს თავისი ხიბლი აქვს და ასეთი დონის ტურნირებში აუცილებელიც კია.

 

კვალიფიკაცია

საკვალიფიკაციო ეტაპი მსოფლიომდე და მსოფლიოს შემდეგ წლებში უნდა გაიმართოს (მაგ: 2019-ში და 2020-ში), 2 წლის თავზე, “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ა დივიზიონის პირველი ოთხი გუნდი ევროპაზე პირდაპირ ითამაშებს, ხოლო ბოლო ორი ნაკრები ბ დივიზიონის ორ მოწინავესთან პლეი-ოფში გაარკვევს ურთერთობას. მხოლოდ, ამ სქემის ასამუშავებლად საჭიროა, რომ ის იდიოტური სისტემა, რომელიც “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” ყოველ წელს ასვლა-ჩამოსვლას ითვალისწინებს, შეიცვალოს.

მოკლედ, კვალიფიცირებულ 6 ნაკრებს, ორი მოწვეული გუნდი დაემატება და ჩემპიონატზე თავს 8 გუნდი მოიყრის.

 

საპრიზო ფონდი

როგორც იცით, მაისის ბოლოს საკლუბო ტურნირები მთავრდება, მორაგბეები გადაღლილები არიან და ბევრი მათგანი ნაკრებში ჩასვლას, კარგ დასვენებას ამჯობინებს ხოლმე.

ამიტომ, საჭიროა, რომ ამ ტურნირში მონაწილეობისათვის მათ დამატებით მოტივაცია ჰქონდეთ. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ტურნირს საპრიზო ფონდიც ექნება და თანხა მთლიანად მოთამაშეებზე გადანაწილდება.

მაგალითად, თუკი საპრიზო ფონდი ნახევარი მილიონი დოლარი იქნება, ის შეიძლება შემდეგნაირად გადანაწილდეს:

ჩემპიონი – 200 000$

2 ადგილი – 150 000$

3 ადგილი – 100 000$

4 ადგილი – 50 000$

რაგბი მდიდარი სპორტი რომ არ არის, ყველას მოგეხსენებათ. შესაბამისად, დამატებით 5-10 000$-ზე უარს წესით არავინ იტყვის.

ალბათ ფული იქნება გადასახდელი მოწვეული გუნდებისთვისაც. საორიენტაციოდ რომ ავიღოთ, ახალ ზელანდიელი მაორების ჩამოყვანა ჯდება დაახლოებით 220 000$, ისეთი ძლიერი ნაკრების ჩამოყვანა, როგორიც ფიჯია, ალბათ დაახლოებით ამდენივე დაგვიჯდება. თუ ამას დავუმატებთ საპრიზო ფონდს, ფიჯის თავისუფლად შეუძლია, რომ ერთ ტურნირზე 350-400 000$ გააკეთოს. თუ მათ ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, არამგონია ამხელა ფულზე ვინმემ უარი თქვას. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე ფიჯი ეს 20-25 დღე ისედაც თამაშობს, ოღონდ ამაში მგზავრობის და კვების გარდა ფულს არავინ უხდის.

 

ფინანსები

ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებია. რაგბი, როგორც უკვე ვთქვით, მდიდარი სპორტი არაა. მით უმეტეს, როცა “6 ერს” გარეთ მყოფ ევროპულ გუნდებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას ასტრონომიული თანხები არ სჭირდება, თუმცა ერთი და ორი მილიონი ნამდვილად არ ეყოფა.

ჩემპიონატის ჩატარებისთვის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შესაბამისი ფინანსები სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს.

რუსეთი: ჩვენს არც თუ ისე კეთილ მეზობლებს, ალბათ, დღესვე შეუძლიათ მსგავს ტურნირს უმასპინძლონ და ამისთვის არც ფინანსებს დაიშურებენ (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იქაური კავშირის პრეზიდენტი რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი გახდა).

საქართველო: რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსგავსი ტურნირის მასპინძლობა ჩვენც შეგვიძლია. ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უკვე არსებობს. შარშან ერთბაშად 11 გუნდს ვუმასპინძლეთ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დროს. შესაბამისად საკმარისი სავარჯიშო მოედნები და ბაზები ჩვენთან უკვე არსებობს. ერთადერთი პრობლემა ფინანსური რესურსია, რომლის მობილიზებაც 4 წელში ვფიქრობ, რომ შესაძლებელია.

ესპანეთი: მართალია ესპანურ რაგბის კავშირს ფინანსურად დიდად არ ულხინს, თუმცა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქაც არსებობს და თუკი იქაური რაგბის ჩინოსნები მოინდომებენ, ალბათ ფინანსური რესურსის მოზიდვასაც მოახერხებენ.

 

გაშუქება

თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად მთავარი პროდუქტის კარგად შეფუთვა და სწორად დაგეგმილი PR კამპანიაა. ასე რომ, ტურნირის ორგანიზატორებს ამ კუთხით სერიოზული მუშაობა მოუწევთ.

აუცილებელია, რომ ჩემპიონატი რაც შეიძლება ფართოდ გაშუქდეს. ამას ხელს ის უწყობს, რომ ზაფხულია, ტურნირები მორჩენილია, ევროპაში აღარავინ თამაშობს და სატელევიზიო ბადეც გადატვირთული არაა.

პირველ რიგში, ორგანიზატორები უნდა მოელაპარაკონ ყველა მონაწილე ქვეყნის რომელიმე მაუწყებელს, რათა ჩემპიონატი მათთან გადაიცეს. აუცილებლად უნდა დაელაპარაკონ ევროსპორტს, რომელიც ფაქტიურად ყველაფერს აჩვენებს, ოღონდ სატელევიზიო ბადე შეავსონ და წესით ევროპის ჩემპიონატის ჩვენებაზეც არ იტყვიან უარს.

შესაძლებელია რამდენიმე საკაბელო მაუწყებელთან მოლაპარაკებაც, რომლებიც თავიანთ ბადეში ჩასვამენ ამ ტურნირს.

ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ აუცილებელია, თორემ თუ ადგილობრივი ტელევიზიების იმედად დავრჩით, ამ ტურნირს მომავალი არ ექნება. ეს ჩემპიონატი ლოკალურ მოვლენად დარჩება და დროთა განმავლობაში ჩაიფუშება.

 

მაყურებელი

გარდა სატელევიზიო გაშუქებისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტადიონზე მოსული მაყურებელი.

ტურნირის წარმატებისთვის გულშემატკივრების ჩართულობას და სტადიონების გავსებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

თუკი ეს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება, ბორჯღალოსნების თამაშებს გულშემატკივარი ნამდვილად არ მოაკლდება და ალბათ ყველა თამაშზე ანშლაგი იქნება, თუმცა მეორე ჯგუფის შეხვედრებზე მაყურებლების სიმცირეს უნდა ველოდოთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ერთი ჯგუფის თამაშები რომელიმე რეგიონში ჩატარდება (მაგ: ქუთაისში ან ბათუმში, თუკი მანამდე დაპირებული სტადიონი აშენდა).

ასევე, არამც და არამც არ შეიძლება თამაშების პატარა სტადიონებზე ჩატარება. ჯობია დიდი, მაგრამ ცარიელი არენა ჩანდეს, ვიდრე სავსე, ორიათასიანი მოედანი. ასეთ არენებზე თამაში ტურნირის პრესტიჟზე პირდაპირ აისახება. ამიტომაც, როცა ზემოთ ქუთაისი ვახსენე, თამაშის არა აია არენაზე, არამედ “ტორპედოს” სტადიონზე გამართვას ვგულისხმობდი (დაახლოებით იმ მოცულობსაა, რამხელა სტადიონზეც 2015 წლის მსოფლიო თასზე, ტონგასთან შეხვედრა ჩავატარეთ). ბოლოს და ბოლოს, არამასპინძლის თამაშებზე მაყურებელთა ნაკლებობა ტრაგედია არ არის. მაგალითად, ევრობასკეტს ამხელა და ამდენწლიანი ტრადიცია აქვს, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე, თუ მასპინძელი არ თამაშობს, დარბაზები ლამის ცარიელია ხოლმე. თუმცა, ამის გამო, ევრობასკეტის ორგანიზატორებს შეხვედრები სტუდდარბაზებში არ გადაუტანიათ. მოკლედ, დიდ არენებზე თამაში სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

ტურნირის ორგანიზება

და მივადექით მთავარ პრობლემას: ვინ უნდა ჩაატაროს ეს ტურნირი, “რაგბი ევროპამ”?

ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ დაწერილ რეგლამენტს არ კითხულობს, რომელსაც მის მთავარ ტურნირზე ვიდეო არბიტრის პრობლემა ვერ მოუგვარებია და მასპინძელი ქვეყნის მხრიდან თამაშის ტრანსლირების ვალდებულება სულ ახლახანს შემოიღო?

რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრი, რომ ამ ფორმაციის “რაგბი ევროპა” რაიმენაირ ტურნირს თავს მოაბამს, სრული უტოპია და არასერიოზულობაა. მათ ამის არც სურვილი აქვთ და არც შნო.

ეს სტრუქტურა დასაშლელია და თავიდანაა ასაწყობი. და ეს საქმე უნდა ითავოს იმ ქვეყანამ, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტურნირის წამყვანი ძალაა, რომელსაც სხვა კავშირებთან შედარებით აწყობილი სისტემა აქვს და რომელიც მართლა ერთი თავით წინაა დანარჩენებზე.

მესმის, რომ ლაპარაკი ადვილია, რეალურად იქ შიდა დინებებია და ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენი მხრიდან მცდელობებიც არ ჩანს. თითქოს განზე ვართ გამდგარი და შორიდან სეირს ვუყურებთ.

თუ არ გვინდა, რომ ამ ჭაობში ბოლომდე ჩავეფლოთ, როგორმე ჭაობის დაშრობაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ. თუ აქ ვართ და ვამბობთ, რომ სხვა უკეთესი ტურნირი ჩვენ არ გაგვაჩნია, მაშინ ისე მაინც უნდა ვქნათ, რომ ტონის მიმცემები ჩვენ ვიყოთ.

ან არის მეორე ვარიანტიც: ვაკაკუნოთ “6 ერის” კარზე და ველოდოთ, დიდი ბიჭები თავიანთ კლუბში როდის მიგვიღებენ. უბრალოდ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – დიდი ბიჭები თავს უჩვენოდაც მშვენივრად გრძნობენ და არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ინგლისელი და ირლანდიელი არ დაიწყებს ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს, იმიტომ, რომ თავისი ტურნირითაც კმაყოფილია და მოდი სიმართლე ვთქვათ: დიდი შორსმჭვრეტელობითაც არ გამოირჩევიან. ასე რომ, ან ჩვენ უნდა წამოვწიოთ ეს თემა ან მრავალი ათეული წელი უნდა ველოდოთ, რომელიმე დაბლინელ ჩინოვნიკს მსგავსი იდეა თავში როდის მოუვა.

მთელი ეს საუბარი, რა თქმა უნდა, ახლა მხოლოდ უტოპია ჩანს, მაგრამ ოდესმე ამაზე ლაპარაკი უნდა დაიწყოს. შეიძლება ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას 10, 20 ან სულაც ფეხბურთივით 33 წელი დასჭირდეს, მაგრამ ოდესღაც ეს აუცილებლად მოხდება. შეუძლებელია “დახურული კლუბები” სამუდამოდ არსებობდეს. ამიტომ, რაც მალე დავიწყებთ ამაზე ფიქრს და საუბარს, ეს დღე მით უფრო მოახლოვდება.

რაგბის გულშემატკივრის გადმოსახედიდან ფეხბურთს შეიძლება ბევრი მინუსი ჰქონდეს (ვიდეორეფერის არარსებობა, მოთამაშეების მხრიდან დროის გაყვანის მცდელობა, სიმულაციები, მსაჯთან გაუთავებელი კამათი და ა.შ.), თუმცა ორგანიზაციული თვალსაზრისით რაგბს ათწლეულებით რომ უსწრებენ, ამის უარყოფა სისულელეა. ასე რომ, არ იქნება ცუდი, თუ მათ განვლილ გზას კარგად გავაანალიზებთ და მიღწევებსა თუ შეცდომებს გავითვალისწინებთ. სხვისი წარმატებული მაგალითის გამოყენება სათაკილო ნამდვილად არ არის.

პ.ს. 50-იან წლებში, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის იდეის მთავარი მომხრე და ლობისტი არა საფეხბურთო ჩინოვნიკები, არამედ ფრანგული სპორტული გაზეთი “ეკიპი” იყო.

 

 © Rugby XV

ასევე ნახე

გიორგი ნემსაძე: ამ საქმეში ან საუკეთესო უნდა იყო, ან საერთოდ უნდა შეეშვა

გიორგი ნემსაძეს წარდგენა არ სჭირდება. ის წლებია საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრია. გიორგის კარიერაში …