მთავარი / ბორჯღალოსნები / როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

ვასილ ლობჟანიძის ლელო (ფოტო: გოგიტა ბუხაიძე/Georgian Rugby)

 

 

თამაშის დასრულების შემდეგ რუსთა სათადარიგო სკამს თუ დააკვირდებოდით, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდებოდით:  მწვრთნელებსა თუ მოთამაშეებს შორის ისეთი სიხარული სუფევდა, გეგონებოდა, ეს-ესაა გადამწყვეტი შეხვედრა მოიგესო.

ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია დამარცხებული გუნდის ასეთი სიხარული, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. საქმე იმაშია, რომ რუსები თბილისში მოსაგებად არც ჩამოსულან. ალექსანდრ პერვუხინის გუნდმა თბილისში ჩამოსვლამდე სამი შეხვედრა ჩაატარა, აქედან ორში უშუალო კონკურენტებთან – ესპანეთთან და რუმინეთთან დამარცხდა, ხოლო მაჩანჩალა ბელგიას ბოლო წამებზეღა გამოგლიჯა ხელიდან გამარჯვება. ამის ფონზე საქართველოსთან გამარჯვებაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, უტოპია იქნებოდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პერვუხინმა და კაპიტანმა ვასილი არტემიევმა აღნიშნეს, რომ შეეცდებოდნენ სარაგბო ზეიმში სტატისტის როლი არ შეესრულებინათ და ღირსეული მონაწილეები ყოფილიყვნენ. უნდა ვთქვათ, რომ რუსებმა ამ ამოცანას თავი ნამდვილად გაართვეს, ღირსეულად იბრძოლეს და მატჩის დასასრულს ტაშიც ალალად დაიმსახურეს.

 

უჩვეულო სცენარით

ამხელა სტადიონმა, გულშემატკივრების რაოდენობამ და მრისხანე მეტოქემ მატჩის დასაწყისში რუსები გვარიანად დააბნია და ბლომად შეცდომებიც დაუშვეს, შედეგად ორი ლელოც მიიღეს, თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის დალაგება მოახერხეს და ქართველებს მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს.

რუსთა ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხაზზე ბურთის სწრაფი ჩათამაშება და ზურგსუკან ფეხით შეცურება/გადაკიდება რომ იქნებოდა, ეს საიდუმლო არავისთვის იყო და ამ საქმეს თავი წარმატებითაც გაართვეს. ისიც უნდა ითქვას, რომ მათი უკანა ხაზი ქართველებისაზე უკეთ, გააზრებულად და სანახაობრივად თამაშობდა.

„ბორჯღალოსნებმა“ დიდი ხანია მიგვაჩვიეს, რომ მსოფლიოში თითო-ოროლა ნაკრები თუ მოიძებნება, ვინც შერკინებაში ჩვენთვის გაძალიანებას მოახერხებს და მათ შორის რუსეთი ნამდვილად არ არისს. უფრო პირიქით, შერკინება ყოველთვის „დათვების“ სუსტი წერტილი იყო. ამის ფონზე ნამდვილად უჩვეულო იყო, რომ მიწოლაში ქართველებს არაფერი დაუთმეს, თავის შერკინებაში ყველა ბურთის გატანა მოახერხეს, ერთხელ დაგვაჯარიმეს და ერთხელაც მსაჯმა ადრე მიწოლისთვის თავისუფალი დანიშნა. ჩვენს შერკინებაში როგორც წესი ვაჯარიმებდით და მატჩის დასაწყისში მოთამაშეც გაუძევეს, მაგრამ ქართველებისთვის ჩვეული დომინირება არ გვინახავს.

 

ისტორიული შედეგი

თუკი ესპანეთში ჩატარებული უსახური მატჩი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას დავაბრალეთ, რუსებთან შეხვედრაზე იმავეს თქმა ძალიან გაგვიჭირდება.

უფრო პირიქით – თბილისში, რუსეთთან ჩატარებულ მატჩებში 2004 წლის შემდეგ გავიტანეთ ყველაზე ცოტა ქულა (28), დაფიქსირდა ყველაზე მცირე სხვაობა – 14 ქულა და რუსებმა ისტორიაში პირველად (!) მოახერხეს თბილისში ორი ლელოს დადება.

და ეს ხდება იმ ფონზე, როცა „ბორჯღალოსნებსა“ და „დათვებს“ შორის სათამაშო კლასში სხვაობა ალბათ ისტორიაში ყველაზე დიდია. ჩვენ ევროპაში მეექვსეობაზე გვაქვს პრეტენზია, „ექვსი ერისკენ“ ვიქაჩებით, ხოლო რუსები ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან და მათ იმედს, 2019 წლის მსოფლიოზე ითამაშონ, წყალი გვარიანად აქვს შემდგარი.

მაშ, რა იყო ასეთი შედეგის მიზეზი?

ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი პირველი ტაიმის ბოლო წუთია, როცა უკვე გაწითლებულ დროზე რუსები დაჯარიმდნენ და იმის მაგივრად, რომ ბურთი კიდეზე გადაგვეტანა და ტაიმი დაგვემთავრებინა, 95 მეტრიდან ბურთის ხელდახელ წამოღება და მეტოქისთვის ლელოს დადება მოვინდომეთ. აღარაფერს ვამბობთ „ოქროს წესის“ კიდევ ერთხელ უგულებელყოფაზე და პირველივე წუთზე დასარტყამი ჯარიმის კიდეზე გადატანაზე.

სამწუხაროდ, მართლდება ეჭვი, რომ გამოცდილ ვეტერანებს ამ ტურნირზე არანაირი მოტივაცია არ აქვთ, მეტოქეებს ზემოდან უყურებენ და თავი უძლეველი ჰგონიათ. სწორედ აქედან მოდის შეხვედრისადმი ზერელე დამოკიდებულება და შესაბამისად ელემენტარული შეცდომები, ხოლო  რიგ შემთხვევებში უსახური თამაშიც. მონდომება მხოლოდ ახალგაზრდებს ეტყობათ, რომლებსაც თავის გამოჩენა სწადიათ და გულიანად ბურთაობენ.

 

ქაოსური თამაშით

დღეს მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ეროვნული ნაკრები, რომელიც საერთაშორისო შეხვედრაში, ძირითადში ერთბაშად ექვს 20 წლის მორაგბეს ათამაშებს, თუმცა ქართველთაგან ყველაზე ნაკლები პრეტენზია სწორედ მათთან გვაქვს. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე თუ ვინმე ცუდად გამოიყურება, ეს სწორედ ვეტერანი და გამოცდილი მოთამაშეები არიან.

კვლავ ჩააგდო შეხვედრა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმაში აშკარად ვერ არის და წლევანდელი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მთლიანად ჩაუვარდა. ამის ფონზე ძალიან უცნაურია, რომ მილტონ ჰეიგმა რეზი ჯინჭველაშვილი მოედანზე ერთი წუთითაც კი არ გამოიყვანა.

ტრადიციულად ცუდად ითამაშა მეორე ხაზმა, რომელსაც ვერც კოტე მიქაუტაძის დაბრუნებამ უშველა. როგორც ჩანს, კოტეს მოტივაციის სერიოზული ნაკლებობა აქვს და სუსტ მეტოქეებთან მობილიზება უჭირს. აშკარად ცუდი სეზონი აქვს გიორგი ნემსაძეს, რომელიც შარშან ერთ-ერთი საუკეთესო „ბორჯღალოსანი“ იყო (თუ საუკეთესო არა), მაგრამ ბრისტოლში გადასვლის შემდეგ, კლუბში ძალიან ცოტას თამაშობს და ფორმიდანაც ამოვარდნილია. შეხვედრაში ცუდად ჩაერთო ლაშა ლომიძეც, რომელსაც შესამჩნევი რეგრესი აქვს.

მიუხედავად ორი ლელოს დადებისა, უკვე მეორე თამაშია სუსტად გამოიყურება ვასილ ლობჟანიძე და მისი უშუალო ფუნქციების შესრულებაში ბლომად ხარვეზი აქვს. როგორც ჩანს, კლუბში პრაქტიკის არქონა მის სათამაშო ფორმასაც გვარიანად დაეტყო.

სუსტი შეხვედრა ჩაატარა დავით კაჭარავამაც, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ თორმეტი ნომერი არ არის და ამ პოზიციის ფუნქციებსაც ჯეროვნად ვერ ასრულებდა.

ზედიზედ მეორე მატჩია მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს გიორგი ცუცქირიძე. თუ ჩვენი დაკვირვება სწორია, ამ შეხვედრებში მას ბოჭვა არ გაუცუდებია. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბოჭვის იმდენად კარგ ტექნიკას ფლობს, რომ მეტოქეებს ადგილზე აქვავებს და ხშირ შემთხვევაში უკანაც ახევინებს.

საკუთრივ მატჩზე სათქმელი ბევრი არც არაფერია. გამოვიყურებოდით ტრადიციულად, ხელით თამაშში უამრავი წუნით, ხმალაძის უფორმობის გამო ხაზზე ბურთს პრაქტიკულად ვერ ვშლიდით, წინა შეხვედრებთან შედარებით უკეთესი იყო მიყოლა, თუმცა ქიქ ოფებსა და რაქში კვლავ ცუდად ვთამაშობდით, მივიღეთ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები, ვუტევდით ქაოსურად, ხოლო დაცვაში ძალიან უყურადღებოდ ვიდექით. თავად განსაჯეთ, რუსებმა ორივე ლელო ქართველებისთვის ასე ნაცნობი და მშობლიური „აიღე და მიეძალეთი“ დაგვიდეს.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ვცდილობდით მოლის აგორებას და იქიდან უპირატესობის მოპოვებას. მართალია წინსვლას ვახერხებდით, მაგრამ რუსებმა რამდენჯერმე წარმატებით მოახერხეს ჩვენი მოლის დაშლა და ლელოს დაცვა. ზოგადად კარგია, როცა სამწვრთნელო შტაბი მორაგბეებს ხელით მაქსიმალურად თამაშს ავალებს, თუმცა მოლს იარაღად ყველა ძლიერი ნაკრები იყენებს და  ჩვენი აზრით, მასზე უარის თქმა არასწორია, რადგან ამ კომპონენტში ნამდვილად არ ვართ ისე ძლიერები, რომ პრაქტიკა საერთოდ არ გვჭირდებოდეს. შეცდომებიც ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ სხვა შეხვედრებში მისი გამოყენება საერთოდ არ გვიცდია.

 

მამუკა და მეკო

მამუკა გორგოძე არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი და ლეგენდაა. მისი უდიდესი დამსახურებაა, 2015 წლის მსოფლიო თასზე ორი შეხვედრა რომ მოვიგეთ და ზოგადად ქართული რაგბი დღევანდელ სიმაღლეზე ავიდა. საერთოდ, მამუკაზე ძალიან ბევრის წერა შეიძლება, თუმცა ამჯერად სხვა საკითხს გვინდა შევეხოთ.

როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მამუკას მოთამაშეების მოტივაციაზე ჰკითხეს, გუნდში სამი დღის ჩამოსული ვარ, ამ ტურნირში ბიჭებთან ერთად არ ვყოფილვარ და მოტივაციაზე მე ვერ ვისაუბრებო. მართალიც იყო, რადგან რთულია ამდენი ხნით ერთად მყოფ გუნდს უცბად შეუერთდე და საერთო ენა უმალ გამონახო.

ჩვენი აზრით, მის მიერ მოედანზე მიღებული უცნაური გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, თუმცა არა ერთადერთი. აქამდეც გვითქვამს, რომ მამუკა ემოციური მოთამაშეა და როცა კაპიტანია, მაშინაც კი ემოციები სძლევს ხოლმე.

უცნაურ გადაწყვეტილებებში „ოქროს წესის“ კიდევ ერთხელ უგულებელყოფას, პირველივე წუთზე დასარტყამი ჯარიმის აუტში გადატანას (იაპონიასთან ნოემბერში ჩატარებულ შეხვედრაშიც იგივე მოხდა), ხოლო მეორე ტაიმში 21-7-ზე მოპოვებული ჯარიმის დარტყმის გადაწყვეტილებას ვგულისხმობთ. ასევე პირველ ტაიმში, გაწითლებულ დროზე ბურთის ხელდახელ წამოღებას, რომლის შედეგიც ის იყო, რომ დავჯარიმდით და რუსებს ანგარიშში სხვაობის შემცირების შანსი მივეცით, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

ალბათ აჯობებდა, რომ კაპიტანი ამ ჩემპიონატის განმავლობაში გუნდთან ერთად მყოფი მორაგბე ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ შარშან, ანალოგიურ სიტუაციაში, როცა გორგოძე ბოლო თამაშში შემოგვიერთდა, რუმინეთთან კაპიტნად ისევ შალვა სუთიაშვილი იდგა. მართალია შარიქაძეს ტრავმა ჰქონდა და ვერ თამაშობდა, მაგრამ კაპიტნის ფუნქციების თავის თავზე აღება გიორგი ნემსაძესაც შეეძლო, რომელიც ვეტერანი და ძალიან გამოცდილი მორაგბეა.

ქართული რაგბის კიდევ ერთი ლეგენდა მერაბ კვირიკაშვილია. რუსებთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მიუხედავად გადატანილი უმძიმესი ტრავმისა, მეკო “ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში დღემდე ყველაზე კრეატიულ და მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება.

ეს დღეებია, მისი გარღვევა მედიასა თუ სოციალურ სივრცეში აქტიურად ტრიალებს და სამწუხარო ისაა, რომ ამ ეტაპზე, ქართველთაგან ერთადერთი მორაგბეა, ვისაც მსგავსი ეპიზოდების გულშემატკივრისთვის ჩუქება შეუძლია.

 

სათამაშო ეპიზოდები

პირველ რიგში, გვინდა გორგოძისა და ბუტენკოს დაპირისპირებას შევეხოთ, რადგან რეჟისორებმა გამეორება არ შემოგვთავაზეს და ჩხუბის მიზეზი ბევრისთვის გაურკვეველი დარჩა.

როგორც ქვემოთ სლაიდზე ჩანს, რუსთა რვა ნომერი მოლის დროს გორგოძეს ყელში წვდა, მოითრია და მიწაზე დაანარცხა. ასე რომ, გორგოძის აღშფოთება სრულიად სამართლიანი იყო. ამ მატჩზე ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო და ეს ეპიზოდი გაერჩიათ, ბუტენკო როგორც მინიმუმ ჯარიმას ვერ გადარჩებოდა და საკმაო შანსი იყო, ყვითელი ბარათითაც დასჯილიყო. გორგოძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პროვოკაციაზე მუშტი-კრივით არ უპასუხა და მხოლოდ ძიძგილაობით შემოიფარგლა. როგორც იცით, რაგბში მუშტის დარტყმაზე კარგა ხანია წითელი ბარათია და აუცილებლად კაცნაკლულნი დავრჩებოდით.

ალექსანდრ პერვუხინის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ „ბორჯღალოსნები“ კარგად ყავდა შესწავლილი და ამის ერთ-ერთი ნათელი დასტური ყველა ქიქ ოფის გამოუცდელი სვანიძის მიმართულებით დარტყმაა. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდი ბურთის დაკარგვად და საბოლოოდ მიღებულ ლელოდ დაგვიჯდა.

გაისინმა ოვალი მოედნის სიღრმეში, სვანიძის პოზიციისკენ დაკიდა. კადრებში ჩანს, როგორ იხევს ირაკლი უკან პოზიციის ასაღებად, თუმცა ბურთის ტრაექტორიას ვერ თვლის და ორი ნაბიჯით ნაკლებს დგამს (X-ით აღნიშნულია ის პოზიცია, სადაც სვანიძე უნდა მდგარიყო)

 

შემდეგ სლაიდში ჩანს, რომ სვანიძეს უკან წახტომა და ჰაერში თამაში ჭირდება, რათა ბურთს დაეუფლოს (X-ით აღნიშნულია ახტომამდე მისი პოზიცია).

ბოლო სლაიდში კი ვხედავთ, რომ სვანიძე სიმპლიკევიჩის დახმარების გარეშე, ინერციით გადადის მოედნის კიდეზე და ბურთი იკარგება. არადა, ზემოთ ნახსენები ორი ნაბიჯი რომ გადაედგა, თავისუფლად მოახერხებდა ახტომის გარეშე ბურთის დაჭერას, ამასთანავე მარჯვენა ფეხის კიდის ხაზს იქით დაბიჯებას თან ისე, რომ სიმპლიკევიჩი ბურთზე თამაშს ვერ მოასწრებდა და მოედნის ცენტრში ქართველების სასარგებლოდ შერკინება დაინიშნებოდა.

რუსთა მეორე ლელოზე თვალნათლივ იკვეთება შეუთამაშებლობა ჩვენი დაცვის ორგანიზებისას. მეტოქეს ბოჭვის არედან გააქვს ბურთი, ხაზში დგანან ჟვანია, გორგოძე და ბეკოშვილი. მამუკას ბურთის ნაცვლად ყურადღება გადატანილი აქვს მის წინ მდგარ შემტევზე და სწრაფად ცდილობს მეტოქის ჩახურვას, მაგრამ ბურთი ერთი კაცის გამოტოვებით მიდის დიმიტრი კროტოვთან, რომელიც ბეკოშვილის ასაყვანია, მაგრამ ჩვენი სათადარიგო ბურჯი ვერ უწყობს ფეხს მამუკას სისწრაფეს და ადგილზე რჩება, რის გამოც ჩნდება ინტერვალი, რომელშიც ადვილად შევარდა გამოტანილი ბურთის ადრესატი. ლელოს გადავრჩებოდით დაცვის ხაზი რომ არ დარღვეულიყო: ან მამუკა არ ავარდნილიყო წინ და ადგილზე ეცადა მომხდურის შეჩერებას ან ბეკოშვილსაც მამუკასთვის გაესწორებინა ხაზი და ორივეს ერთად ჩაეხურათ.

დაბოლოს, მერაბ კვირიკაშვილის ცნობილი გარღვევა:

რუსები ბურთს ქართველთა ნახევარზე იგერიებენ და ხაზს უწესრიგოდ წევენ. მეკოს აქვს ორი არჩევანი: 1. გაიტანოს ბურთი ხაზზე მარჯვნივ, ან 2. ისარგებლოს რუსთა უწესრიგობით, სცადოს კურაშოვის მოტყუება და ხაზის გაჭრა.

კვირიკაშვილი მეორე ვარიანტს ირჩევს და მთავარი სირთულე კურაშოვის დაფინტვაა. თუკი რუსთა გარემარბი მის შებოჭვას მოახერხებს, შესაძლოა თერნოვერი და სახიფათო კონტრშეტევა მივიღოთ. ძირძველი მოშვიდკაცის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი ადვილად ახერხებს კურაშოვის მოძრაობაზე დაჭერას და სცდება მას. აქ უკვე ერთადერთი სწორი გაგრძელება ღრიჭოში გაძრომაა, რადგან მძიმე გრესევი და ჰასანოვი უშველებელი სივრცის უმალ შევსებას და სწრაფი უკანახაზელის შებოჭვას ვერ მოახერხებენ.

ჰასანოვსა და გრესევს გაცდენილი კვირიკაშვილი იხედება მარცხნივ და ხედავს, რომ ფლანგზე სანდრო თოდუა მიჰყვება. მეკოს შეუძლია პასი მისი მიმართულებით გაუშვას და თოდუა 8-10 მეტრის მოგებას მოახერხებს, თუმცა ათმეტრა ხაზთან მას დიდი ალბათობით გერასიმოვი შებოჭავს. მეორე ვარიანტია #9 უზუნოვის მისკენ მოზიდვა და მიმყოლი ლობჟანიძისთვის პასის გაკეთება და ამ სიტუაციაში ალბათ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი – სიჩქარეაკრეფილმა სცადოს კიდევ ერთი ფინტი და უზუნოვს მარჯვნიდან გაცდეს. მართალია ცხრა ნომერი სწრაფია, მაგრამ ფიზიკურად მეკოზე სუსტი, ამიტომ კვირიკაშვილი მას ხელის კვრით იშორებს და ცდება, ხოლო მარჯვნიდან ცენტრისკენ მოძრავი მძიმე ზიკოვი მისთვის გზის მოჭრას ვერ ასწრებს. წინ ერთადერთი წინაღობა #10 გაისინია, რომელსაც თავისკენ იზიდავს და ბოლო მომენტში მშვენიერ პასს უკეთებს ძალიან კარგად მიმყოლ ვასო ლობჟანიძეს, რომელსაც ისღა დარჩენია, გაწმენდილ გზაზე ლელომდე უკანმოუხედავად ირბინოს.

 

გულშემატკივარი

ზემოთ უკვე განხილულ კვირიკაშვილის გარღვევას თუ არ ჩავთვლით, კვირას ყველაზე თვალსასეირო სანახავი სავსე სტადიონი და ქომაგობა იყო.

რუსეთთან შეხვედრა გულშემატკივრის ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, თუმცა თვალშისაცემი ისაა, რომ ქომაგი ნელ-ნელა სულ უფრო მეტად ერკვევა სარაგბო ნიუანსებში და სტადიონზე მხოლოდ „დათვების“ რბევის სანახავად არ დადის. ამის დასტურად თუნდაც რუმინეთთან შარშან გამართული შეხვედრა გამოდგება.

სავსე სტადიონი მშვენიერი არგუმენტია უცხოური პრესისა და სპეციალისტების ხელში, რომლებიც აქტიურად ლობირებენ ქართველთა „6 ერში“ გაწევრიანებასა თუ უფრო მეტ მაღალი დონის ტესტ-მატჩს.

თუმცა არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც ჯერ კიდევ გამოსასწორებელია და ეს უპირველესად თამაშზე დაგვიანებული ქომაგია. ალბათ არავისთვისაა საიდუმლო, რომ ტრიბუნები სრულად მეორე ტაიმის დასაწყისისთვის ივსება.

კარგია გულშემატკივრისთვის ადრე მოსვლისკენ მოწოდება, მაგრამ არ გვგონია ვინმეს სიამოვნებდეს  ერთი საათით ტრიბუნებზე უსაქმოდ ჯდომა. სტადიონზე დაგვიანებით მისვლა მხოლოდ ქართველთა სენი არ არის.  ამიტომაც შეხვედრის ორგანიზატორები ათასგვარ ხრიკს იგონებენ, რათა ქომაგი არენაზე ადრეულად მიიყვანონ და კარგი იქნება, თუ სხვების გამოცდილებას ჩვენც გავითვალისწინებთ.

ამ დარგის სპეციალისტებმა ჩვენზე უკეთ იციან, რისი გაკეთება უმჯობესია, მაგრამ მაგალითად თავისუფლად შეიძლება, რომ სტადიონზე ადრიანად მოსულ გულშემატკივარს სამსახსოვროდ მცირე სუვენირები გადავცეთ, რომელიც დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. ამისთვის ცალკე სპონსორების მოზიდვაც შესაძლებელი გვგონია, რომელიც თავიანთი ლოგოს სუვენირზე დატანის სანაცვლოდ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებენ. შესაძლებელია წამახალისებელი გათამაშებების მოწყობა და ა.შ.

რა თქმა უნდა, სუვენირის გამო ორმოცდაათიათასივე ქომაგი ერთი საათით ადრე არ გამოცხადდება, თუმცა გვგონია, რომ ამგვარ ინიციატივებს ეფექტი აუცილებლად ექნება და მატჩის დაწყებამდე დარჩენილ ბოლო წუთებში ე.წ. ტურნიკეტებთან უსაშველო რიგებს აუცილებლად შეამცირებს.

ასევე ნახე

ესპანური წყევლა

    ერთა თასზე ბოლოს 2012 წელს წავაგეთ. ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩვენი დამარცხება არა რუმინეთმა, …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

nineteen − one =