მთავარი / ბორჯღალოსნები / როცა რეალობა ოცნებაზე უკეთესია

როცა რეალობა ოცნებაზე უკეთესია

ფიჯი - საქართველო 3-14
ფიჯი – საქართველო 3-14

ორიგინალური არ ვიქნებით, თუ ვიტყვით რომ ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი იმაზე მეტია, რაც ყველაზე გამოუსწორებელ ოპტიმისტს შეიძლება  წარმოედგინა.

ჩახვიდე კუნძულებზე არაოპტიმალური გუნდით, ეთამაშო სამივეს (სამართლიანობისთვის: მათაც გვარიანად აკლდათ ხალხი) და შინ დაუმარცხებელი დაბრუნდე, ძალიან ბევრს ნიშნავს და ბევრ რამესაც ამტკიცებს.

უპირველესად იმას, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა. იგი უკვე სულ სხვა დონის გუნდია და ამ ისტორიული ტურნეს მერე მეტოქეები უფრო სხვა თვალით შეხედავენ. მართალია, ჩვენი შედეგები ბობოლების სამხრეთულ ტესტებში ჩაიკარგა და საკადრისი გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა რაგბის სამყაროში შეუმჩნეველი რომ დარჩეს, გამორიცხულია.

რაც შეეხება თავად თამაშს:

ყველაზე დიდი მოულოდნელობა ბორჯღალოსნებმა შეტევაში შემოგვთავაზეს   – ფაქტიურად უარი თქვეს მორკინალებით ბუღრაობაზე, საერთოდ ვერ ვნახეთ ჩვენთვის ასე ნაცნობი და საყვარელი „აიღე და მიეძალე“, მოლიც პირველ ნახევარში მხოლოდ ერთხელ ავაგორეთ. ამის საპირისპიროდ, საკმაოდ მრავალფეროვნად და რაც მთავარია, მოედნის მთელ სიგანეზე ვუტევდით:

  • ქოქოსამ ჯერ 22-ის მისადგომებიდან შეაცურა ბურთი, რომელსაც კარგად მიყვნენ შუამარბები და აიძულეს მეტოქე ფეხით განემუხტათ სიტუაცია
  • შემდეგ ფაზაში ყველა „აიღე და მიეძალეს“ რომ ელოდა, ხაზზე თამამად გავიტანეთ ბურთი და ფრთაზე ბოლომდე ჩავათამაშეთ
  • 5 მეტრიანი დერეფნიდან მოლის ნაცვლად ჯაბას დავარტყმევინეთ მოკლე ფრთაზე
  • კონტრიერიშის დრო კი ჩვენმა მგეზავმა, ამჯერად უკვე მეტოქის დაცვას ზურგსუკან მოკლეზე გადაუკიდა და თაზოს ტექნიკური წუნის გამო გადაგვირჩა ფიჯი დალელოვებას.
  • ტაიმის მიწურულს ავაწყვეთ ფაზები, რამდენჯერმე შევცვალეთ შეტევის მიმართულება და მეტოქის დაცვაშიც გამოჩნდა ხვრელები, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა არ მოგვცა იერიშის ქულებში გარდასახვის საშუალება.

ასეთმა მრავალფეროვნებამ ფიჯის დაცვას გვარიანი საფიქრალი გაუჩინა, ვინაიდან მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ქართველებს ერთფეროვნების არაფერი ეტყობოდათ და მხოლოდ მოლის და მოკლე დარტყმების იმედად არ იყვნენ.

რა თქმა უნდა, გვქონდა წუნიც (განსაკუთრებით, შედარებით მაღალ სიჩქარეებზე არაზუსტი პასები უნდა გამოვყოთ), რის გამოც შეტევები გვიფერხდებოდა და ტემპი ეცემოდა, რაც თავის მხრივ მეტოქის დაცვას გადაწყობის და ზონების აღების საშუალებას აძლევდა.

მაგრამ, თუნდაც ის ფაქტი, რომ ფიჯის თამაში გავუშალეთ უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ასეთ თამაშს შეცდომებიც ახლავს თან და სწორედ მათ გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს სამწვრთნელო შტაბმა, რათა მარტო ერთა თასზე კი არა, მეორე ეშელონის ქვეყნებთან ტესტებშიც შევძლოთ მრავალფეროვანი და რაც მთავარია სწრაფი შეტევების ორგანიზება.

დაცვაში მეტწილად ადგილზე ველოდით მომხვდურს და მეტოქეს სიჩქარის აკრეფის საშუალებას ვაძლევდით. ერთი პირობა (განსაკუთრებით პირველი ტაიმის დასაწყისში) ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ინდივიდუალურად გვიჭირდა; რა თქმა უნდა ვბოჭავდით და დაცვას სუფთად ვერ გვიჭრიდნენ, მაგრამ ახოვანი მასპინძლები მაინც ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთასა და წინსვლას. თუმცა, ბორჯღალოსნებმა არა მარტო საწყის იერიშებს გაუძლეს, არამედ მთელი თამაშის განმავლობაში არ შეეპუენ მეტოქეს და მიუხედავად მასპინძლების არაერთი მცდელობისა, ლელო ბოლომდე დაიცვეს. დაცვის გამართულ თამაშზე მარტო ის ფაქტიც ნათლად მეტყველებს, რომ 80წთ-ის განმავლობაში ფიჯიმ ერთადერთხელ შემოაღწია ჩვენს 5 მეტრიან ზონაში (ზედ ლელოს ხაზთან რომ დავაგდებინეთ ბურთი) და საბოლოო ჯამში მხოლოდ 3 ქულას „დასჯერდა“.

წინა თამაშებისგან განსხვავებით, როცა ფიჯელები მეორე ტაიმში უმატებდნენ და იგებდნენ კიდეც შეხვედრებს, ამჯერად პირიქით მოხდა და მეორე ნახევარში საერთოდ უქულოდ დარჩნენ.

არ დაადებინო ფიჯის ლელო, მთელი მეორე ტაიმში ქულა არ გააკეთებინო და საბოლოო ჯამში მხოლოდ 3 ქულა აკმარო, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

სტატიკაში ულაპარაკოდ ვაჯობეთ მეტოქეს:

    • მიწოლაში დიდი უპირატესობის ხარჯზე ვაკონტროლებდით ბურთს და გამომუშავებული ჯარიმების შემდეგ ვიგებდით მანძილს;
    • დერეფანში აქტიურად ვაყენებდით ბლოკებს და 3-ჯერ მეტოქის მოწოდებულიც კი წამოვიღეთ
    • კიკოფიდან ჩვენს ბურთს სუფთად ვიგებდით; მეორე ტაიმის დასაწყისში კი მეტოქისაც მოვიგდეთ ხელში, რასაც თამაშის ერთადერთი ლელო მოყვა.

ფიჯი - საქართველო

ბორჯღალოსნების ეს წარმატება ბევრი ფაქტორის დამთხვევის და სწორი მუშაობის შედეგია. თუმცა, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც ასე კარგად მოვიარეთ სამხრეთული ტურნე – შეთამაშებაა.

მილტონ ჰეიგის განკარგულებაში იყო ის გუნდი, რომელმაც ერთა თასის 5 შეხვედრა ჩაატარა (პლიუს-მინუს რამოდენიმე მოთამაშე) და ის თამაშები სწორედ ამ ტურნესთვის მოსამზადებლად გამოიყენა. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: მოთამაშეები კარგად უგებდნენ ერთმანეთს, მინიმალურ დონეზე იყო დაყვანილი ტექნიკური წუნი და სამივე თამაშში, დაცვაში მოქმედებდნენ პრაქტიკულად უშეცდომოდ. რაც, რა დონის გუნდიც არ უნდა იყოს, გამორიცხულია შეთამაშების და მოედანზე ურთიერთგაგების გარეშე მოახერხო.

ნოემბერში კიდევ ერთი გამოცდა გვექნება ჩასაბარებელი – თბილისს სამოა და იაპონია ეწვევა. ამ შეხვედრებში, კიდევ ერთხელ მოგვიწევს იმის დამტკიცება რომ მეორე დონეზე ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები ვართ და სამართლიანადაც ვითხოვთ პირველი დონის გუნდებთან რეგულარულ თამაშს.

შემდეგ იქნება თამაში შოტლანდიაში. ამ შეხვედრაში უეჭველი გამარჯვების მოთხოვნა არაადეკვატურობა გვგონია. თუმცა, ბიჭები ბოლომდე რომ იბრძოლებენ, მეტოქეს არაფერს დაუთმობენ და დაძაბული შეხვედრა იქნება, ამაში დარწმუნებულები ვართ.

ასევე ნახე

მილტონ ჰეიგი – გვენდეთ!

მილტონ ჰეიგი 2012 წლიდან “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელია. მის სახელს უკავშირდება ქართველთა ორი გამარჯვება მსოფლიო თასზე, მეორე …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

17 − thirteen =