მთავარი / სიახლეები / რუსეთი მსოფლიო თასზე, რუმინეთი და ესპანეთი მის მიღმა?

რუსეთი მსოფლიო თასზე, რუმინეთი და ესპანეთი მის მიღმა?

სიონე ფაკაოსილეა (ბურთით)

 

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის სკანდალი ყველას გემახსოვრებათ, თუმცა მაინც შეგახსენებთ: ბელგია-ესპანეთის შეხვედრაში რუმინელი მსაჯი იყო დანიშნული, ის შეხვედრა პირენეელებმა წააგეს და ამას დიდი ამბებიც მოყვა. საქმეში „მსოფლიო რაგბიც“ ჩაერთო და პირდაპირ განაცხადა, რომ იორდეკესკუს მსაჯობა ინტერესთა პირდაპირი კონფლიქტი იყო და მატჩი უნდა გადათამაშდესო.

თუმცა, ამას უკვე რუსების პროტესტი მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ ნატურალიზებულ რუმინელს, სიონე ფაკაოსილეას, ტონგას შვიდკაცა ნაკრებში ეთამაშა და რუმინეთის სახელით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. ასევე ეჭვი გაჩნდა ორ ესპანელზე (ბელი და ფუსტერი), რომლებსაც საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები და ერთ ბელგიელზე (პაკე).

მოკლედ, ყველაფერი გვარიანად აირია და „მსოფლიო რაგბიმ“ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო, სერიოზულ გამოძიებას ჩავატარებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას 10 მაისს გამცნობთო.

10 მაისამდე ჯერ კიდევ დროა, თუმცა გარკვეულმა ინფორმაციებმა უკვე გამოჟონა, ოღონდ ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ჯერ ისევ „მსოფლიო რაგბის“ გასაჭირს დავუბრუნდეთ. საქმე იმაშია, რომ ნაკრებში თამაშის უფლების არმქონე მოთამაშის გამოყენებაზე სანქცია ჯარიმას ან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს და მსოფლიო რაგბიც გუნდების დაჯარიმებით იოლად გამოძვრებოდა (ამდენი ნაკრების დისკვალიფიკაციის იდეა და დავიდარაბა არავის ხიბლავდა), თუმცა, ბედის ირონიით, ამ სკანდალამდე ორი კვირით ადრე, იგივე მიზეზით გათამაშებიდან ტაიტი მოხსნეს. რითიც პრეცედენტი შექმნეს და უკან დასახევი გზა ფაქტიურად მოიჭრეს.

როგორც აღმოჩნდა, ამ ინციდენტის შემსწავლელ კომისიაზე სულ ორი ვარიანტი განიხილებოდა.

პირველი: მინი ტურნირის ჩატარება ესპანეთის, რუსეთის, ბელგიისა და რუმინეთის მონაწილეობით, თუმცა ეს იდეა მალევე უარყვეს. და მეორე: ტაიტივით, რუმინეთის, ესპანეთისა და ბელგიის მსოფლიოს შესარჩევიდან დისკვალიფიკაცია (ის, რომ ზემოთაღნიშნულმა ქვეყნებმა მორაგბეები წესების დარღვევით ათამაშეს, ეჭვს არ იწვევს).

როგორც სანდო წყაროდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, კომისიამ სწორედ მეორე ვარიანტი აირჩია და შესაბამისად, ზემოთაღნიშნულ ქვეყნებს მსოფლიოზე რუსეთი ჩაანაცვლებს. ხოლო სამოასთან პლეი-ოფში მონაწილეობას გერმანია-პორტუგალიას შორის გამარჯვებული მიიღებს.

ამ ინფორმაციის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე ვიცოდით, თუმცა გახმაურებისგან თავს ვიკავებდით. დღეს კი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: წყნარი ოკეანის გათამაშებიდან რუმინეთი მოხსნეს და მის მაგივრად სამოა ითამაშებს. ამან კი ზემოთაღნიშნული ინფორმაციის სისწორეში კიდევ უფრო დაგვარწმუნა.

იკითხავთ ალბათ, სად წყნარი ოკეანის თასი და სად მსოფლიოს შესარჩევი, ერთმანეთთან რა კავშირი აქვთო.

საქმე იმაშია, რომ მსოფლიო თასზე გასული გუნდები „მსოფლიო რაგბისგან“ გრანტს იღებენ. რახან რუმინეთი შესარჩევიდან მოიხსნა, ეს გრანტი ჩამოერთვა და ის რუსეთს გადაეცემა. სავარაუდოდ, ვლახებს სამხრეთში წასასვლელი ფული აღარ აქვთ. ხოლო პლეი-ოფის გამო, სამოას დიდი ხნით უქმობა უწევდა, ამიტომაც რაგბის მამებმა საკომპენსაციოდ ადგილი ამ ტურნირზე გამოუნახეს.

 

სკანდალი და საქართველო

ალბათ გაინტერესებთ, ჩვენ რაღა შუაში ვართ.

თითქოს არც არაფერში. ამ დრომდე განზე ვართ გამდგარი და ისეთ სიტუაციაში, როდესაც ყველა ყველას უჩივის, ჩვენ შორიდან ვაკვირდებით მოვლენებს. თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სიონე ფაკაოსილეამ შარშან, რუმინეთში, ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა. შესაბამისად, რუმინეთს იმ შეხვედრაში წაგება უნდა ჩაეთვალოს და შარშანდელი თასი კიდევ ერთხელ ჩვენ გადმოგვეცეს, ამჯერად წესების სრული დაცვით (გახსოვთ ალბათ, შარშან თასი რუმინელების მაგივრად შეცდომით ჩვენ გადმოგვცეს და მერეღა გაახსენდათ, რომ რეგლამენტით ჩემპიონები „მუხის ფოთლები“ გახდნენ).

ასევე ნახე

2019 წლის მსოფლიო თასის განრიგი ცნობილია

  ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო რაგბის შეხვედრა იაპონიაში, სადაც ცნობილი გახდა 2019 წლის მსოფლიო …