მთავარი / 20 წლამდე / სხვა რაგბი

სხვა რაგბი

გელა აფრასიძის ლელო იაპონიასთან, ფოტო: ლევან ვერძეული (Georgian Rugby)

 

 

დასრულდა 2018 წლის ოცწლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც დასახული მიზნები გადაჭარბებით შევასრულეთ, თუმცა გულშემატკივარში შედეგებთან ერთად ყველაზე დიდ სიხარულს ის წვევს, რომ ქართველების შესრულებით აქამდე არნახული, სხვანაირი რაგბი იხილა.

ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2016 წელს  ვითამაშეთ. რით დაგვამახსოვრდა ის ტურნირი? რა თქმა უნდა, იტალიასთან გამარჯვებით, მსოფლიოზე დარჩენით (სხვათა შორის, პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც სადებიუტო ტურნირზე იასპარეზა და მასში დარჩენა მოახერხა) და… შერკინებით.

რით ვამაყობდით მსოფლიოს დასრულების შემდეგ? იმ ვიდეოთი, სადაც ჩვენი შერკინების მუშაობა ჩანს. სადაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველას თავზე გადავუარეთ.

ლამაზი ლელოები გახსოვთ? მე მხოლოდ ერთი მახსენდება – იტალიასთან, მოედნის ცენტრში დაწყებული და ლადო მიმინოშვილის მიერ დაგვირგვინებული შეტევა. სხვა შემთხვევებში ძირითადად ფორვარდების ხარჯზე, ძალისმიერი ლელოები გავიტანეთ.

წელს კი, როცა ქართველების დადებულ ხუთ საუკეთესოს ვარჩევდით, რამდენიმე ძალიან კარგი ლელო ამ ხუთეულში ვერ მოხვდა. არადა, ნამდვილად იმსახურებდნენ.

სილამაზე სუბიექტური შეფასებაა და ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მოდით უფრო ობიექტურ სფეროს, სტატისტიკას ჩავხედოთ.

2018 წელს დავდეთ 17 ლელო. ორით მეტი, ვიდრე წინა ორ წელს ერთად აღებული და ათით მეტი, ვიდრე 2016-ში გატანილი.

2016 წელს დადებული შვიდი ლელოდან მხოლოდ ორია უკანა ხაზის ანგარიშზე, ხოლო 5 ფორვარდებმა გაიტანეს (ლელოების 71.5%). შეფარდება დიდად არც 2017-ში შეცვლილა. რვა დადებულიდან მხოლოდ სამია უკანა ხაზის ანგარიშზე, ფორვარდებმა კი კვლავ ხუთი დაამიწეს (62.5%).

2018 წელს კი სურათი კარდინალურად იცვლება. 17 ლელოდან ბექებმა 12-ჯერ დაამიწეს, ფორვარდებმა კი, წინა ორი წლის სტატისტიკა გაიმეორეს და ისევ 5 ლელოს გატანა მოახერხეს (ლელოების მხოლოდ 29.4%).

გადავიდეთ გატანილ-გაშვებულ ქულებსა და მათ შეფარდებაზე. ამ სამი წლის განმავლობაში, ყველაზე ადვილი მეტოქეები 2016-ში გვყავდა, თუმცა გავიტანეთ მხოლოდ 58 და გავუშვით 144 ქულა. სხვაობა -86;

2017-ში ტურნირს ვმასპინძლობდით და უფრო რთული ჯგუფი გვერგო, გადავეყარეთ რა მომავალ 3-4 ადგილოსნებს. მთელ ტურნირზე ჯამში გავუშვით 178 და გავიტანეთ 84 ქულა. სხვაობა -95;

2018-ში კი ისტორიაში ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა (მომავალი ჩემპიონი და მე-3 ადგილოსანი), ასევე პლეი-ოფში ექვსი ერის ორ წარმომადგენელს შევხვდით. მიუხედავად ამისა, გავიტანეთ ჩვენს ისტორიაში ყველაზე მეტი, 126 და გავუშვით ყველაზე ცოტა – 130 ქულა. სხვაობა -4 (რომ არა ტრადიციული სენი, ბოლო წუთებში მოდუნება, სხვაობა დადებითიც უნდა ყოფილიყო). ანუ წელს ისტორიაში საუკეთესო დაცვა და საუკეთესო შეტევა ვითამაშეთ.

საერთო ჩათვლაში გატანილი ლელოებით არგენტინასთან გავიყავით 6-7 ადგილი (გავასწარით საფრანგეთს, უელსს, ირლანდიას, შოტლანდიას, იტალიას, იაპონიას). ხოლო გაშვებული ლელოებით სამხრეთ აფრიკასთან ერთად 7-8 ადგილი (გავუშვით უფრო ნაკლები, ვიდრე იტალიამ, შოტლანდიამ, ირლანდიამ და იაპონიამ) დავიკავეთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისტორიაში პირველად მოვახერხეთ ჯგუფში თამაშის მოგება, ასევე ისტორიაში პირველად დავამარცხეთ ექვსი ერის ორი წარმომადგენელი (ირლანდია და შოტლანდია) და დავიკავეთ ისტორიაში ყველაზე მაღალი, მე-9 ადგილი. ასევე პირველად მოვახერხეთ სამი თამაშის მოგება და ტურნირი მოგება-წაგების დადებითი ბალანსით დავასრულეთ.

ამ მცირე სტატისტიკიდანაც კი კარგად ჩანს, რომ აშკარა პროგრესი გვაქვს. თუმცა, კონკრეტულად რამ მოგვიტანა ეს შედეგი?

რაგბი ლოგიკური სპორტია, სენსაციები მასში მინიმალურია და შემთხვევით, ასეთი დონის ტურნირზე, მსგავს შედეგებს რომ ვერ მივაღწევდით, მგონი ყველასთვის ცხადია. მაშინ მოდი მივყვეთ და ჩამოვთვალოთ ის კომპონენტები, რომლის გაუმჯობესებამ, თუ ბედნიერმა დამთხვევამ, ეს ისტორიული შედეგი მოგვიტანა.

 

გამოცდილება

გამოცდილება ორ ნაწილად უნდა გავყოთ:

სატურნირო გამოცდილება: მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ზედიზედ მესამედ ვითამაშეთ და შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა. გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ წინასატურნირო საწვრთნელი პროცესი, სელექცია, რა ფიზიკური დატვირთვებია მოსალოდნელი, რამდენია მოთამაშეთა ტრავმების შანსი, როგორ დავგეგმოთ ლოჯისტიკა (მით უმეტეს, შარშან ამ ტურნირს თბილისში ვუმასპინძლეთ და პატარ-პატარა, მაგარამ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ დეტალებში უფრო გავარკვიეთ) და ა.შ.

მოთამაშეთა გამოცდილება: შარშანდელი მსოფლიოდან გუნდში ერთბაშად 14 მორაგბე იმყოფებოდა, ხოლო გელა აფრასიძე საერთოდ მესამედ თამაშობდა. ახალგაზრდულ დონეზე კი გამოცდილება ძვირად ფასობს და მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

 

უკეთესი ტესტები

ტურნირის ოპტიმალურ ფორმაში შესახვედრად უმნიშვნელოვანესია კარგი მოსამზადებელი ტესტ მატჩები. შარშანდელისგან განსხვავებით, როცა ტურისტებად ჩამოსულ ვესტერნ პროვინსის აკადემიის გუნდს შევხვდით, წელს შეუდარებლად კარგი მატჩები გავმართეთ მზარდ საფრანგეთთან (19 წლამდე ნაკრებთან), ორჯერ სამხრეთ აფრიკასთან და ორჯერაც ინგლისის საგრაფოებთან.

ამ ტესტებმა საშუალება მისცა მწვრთნელებს, რომ უკეთესად დაენახათ გუნდის შესაძლებლობები, შეეფასებინათ მოთამაშეების მზადყოფნა და ფიზიკური კონდიციები.

 

მოთამაშეები

ნებისმიერ ტურნირზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ის მორაგბეებია, რომელიც კონკრეტულ მომენტში მწვრთნელთა განკარგულებაშია.

წლევანდელ ოცწლამდე ნაკრებში თავი მოიყარა ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა შემადგენლობამ, რომელიც ამ ასაკში საქართველოს ოდესმე ჰყოლია. გუნდში იყვნენ წინა მსოფლიოზე გამოცდილება მიღებული შერკინების მოთამაშეები (პაპიძე, გოგიჩაშვილი, ზამთარაძე, მაჩალაძე, ჯალაღონია, საღინაძე, ჯაიანი, მამამთავრიშვილი, კალმახელიძე), ხოლო ხაზში თამაშობდა ძალიან გამოცდილი გელა აფრასიძე, რომელმაც მონპელიეს შემადგენლობაში სამი მატჩის გამართვაც მოასწრო და მთელი წლის განმავლობაში საშუალება ჰქონდა ისეთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევარჯიშა, როგორიც ვერნ კოტერია.  მგეზავის პოზიციაზე ირჯებოდა ბოლო დროის ალბათ ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ქართველი ათი, თედო აბჟანდაძე. უკანა ხაზში იყვნენ უკვე გამოცდილება მიღებული წიკლაური და მამუკაშვილი, ასევე ახალგაზრდა ლომიძე და თაფლაძე, რომლებმაც ერთი თვით ადრე, 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგი თანატოლები დაამარცხეს. და „დიდი 10“-ის ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელი, სანდრო სვანიძე.

მოკლედ, გუნდი დაკომპლექტებული იყო გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავით.

თორნიკე ჯალაღონია (ბურთით) და არსენ მაჩალაძე შოტლანდიის წინააღმდეგ, ფოტო: ლევან ვერძეული (Georgian Rugby)

 

სწორად დაგეგმილი ტურნირი

უმნიშვნელოვანესია შენი შესაძლებლობების კარგად ცოდნა, რეალობისთვის თვალის გასწორება და ტურნირის შესაბამისად დაგეგმვა.

მწვრთნელთა შტაბს ძალიან კარგად ჰქონდა გათვლილი, რომ ირლანდიას არც სიამაყე, არც ტრადიციები, ისტორია და არც ამბიციები მისცემდა იმის საშუალებას, რომ აფრიკასთან და საფრანგეთთან ბოლომდე გამარჯვებისთვის არ ებრძოლა. შესაბამისად, მესამე მატჩისთვის, მათი გუნდი გადაღლილი იყო, ხოლო ქართველებმა მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან შერკინების საკვანძო მოთამაშეები დაასვენეს, რამაც საშუალება მოგვცა, ირლანდიასთან დაპირისპირებას მათზე მეტი ენერგიის მარაგით შევხვედროდით. ასეთ გუნდთან დაპირისპირებაში კი ეს კრიტიკულად აუცილებელია.

 

ფსიქოლოგია და ხასიათი

რაგბში ხასიათი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია და მის გარეშე დიდი რაგბის თამაში წარმოუდგენელია. რომ არა ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა 90-იანი წლების ნანგრევებიდან ამოსვლა და იმ შედეგების მიღწევა, რომელიც დღეს ქართულ რაგბს აქვს. მნიშვნელოვნად გასწრება იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც ჩვენზე ბევრად უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდათ.

სწორედ ეს ხასიათია, რამაც ამ ტურნირზე, მნიშვნელოვან მომენტებში მატჩის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაგალითად იაპონიასთან, როცა 10 ქულას ვაგებდით, წესით ლელო უნდა დაგვედო, აქეთ დავჯარიმდით და სანდრო მამამთავრიშვილი სინ-ბინში გაუშვეს. ძალიან ბევრი გუნდი იმ მომენტში გატყდებოდა და თამაშის შემობრუნებას ვერ მოახერხებდა. ეჭვი მაქვს, იგივე ფიქრმა თავში ძალიან ბევრ გულშემატკივარსაც გაუელვა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი თამაშების შემობრუნებას ის ხასიათი ჭირდება, რომელმაც ზოგადად ქართული რაგბი დღევანდელ შედეგებამდე მოიყვანა.

და ხასიათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაც. თავდაჯერება და იმის რწმენა, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება შეგიძლია. ასევე სპორტული სითავხედეც. რომ არა ეს ყველაფერი, იაპონიასთან იმ შეხვედრაში გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა და არამგონია ირლანდიასთან ან შოტლანდიასთანაც გამოგვსვლოდა რამე. თუ მოედანზე იმ რწმენით არ გადიხარ, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება შეგიძლია, იმ შეხვედრაში გამარჯვება თითქმის წარმოუდგენელია. და ეს თავდაჯერება ამ ბიჭებს აქვთ. აქვთ იმიტომ, რომ მსგავსი რამ უკვე გაუკეთებიათ. აქ არიან მორაგბეები, რომლებსაც აქამდეც დაუმარცხებიათ ირლანდია, იტალია და საფრანგეთი. და ასეთი მოთამაშეების თავდაჯერება იგებს მნიშვნელოვან თამაშებს.

ფოტო: ლევან ვერძეული (Georgian Rugby)

 

მწვრთნელები და ტაქტიკა

მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების მთავარი შემოქმედები, მორაგბეებთან ერთად, მათი სამწვრთნელო შტაბია, ილო მაისურაძის ხელმძღვანელობით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფიზმომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ნაკრებთან ერთად გაიზარდნენ, როგორც მწვრთნელები და საკუთარი უნარ-ჩვევები და სამწვრთნელო კლასიც ზუსტად ისე დახვეწეს, როგორც თავად მორაგბეებმა.

ისევ 2016 წელს დავუბრუნდეთ, როცა მხოლოდ ვჭიდაობდით და ლაღი თამაში თითზე ჩამოსათვლელ ეპიზოდებში გამოგვივიდა. საქართველოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ჩანდა ის მონახაზი, რის დანერგვასაც ეს სამწვრთნელო შტაბი ცდილობდა და წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს.

ძლიერი ფორვარდები საქართველოს არასდროს უჭირდა, უბრალოდ რთული იყო წინა ხაზსა და ბექებს შორის ისეთი ბალანსის პოვნა, რომ გუნდს არსენალში მხოლოდ მიწოლა არ ჰქონოდა. რაც მთავარია, მოხერხდა ის, რომ მორკინალები მარტო მიწოლაში კი არ არიან მაგრები, უკვე ღია თამაშშიც არაფრით ჩამოუვარდებიან ძლიერ მოწინააღმდეგეებს. გაუმჯობესებულია როგორც რაქში თამაში, ასევე აუტები. ფორვარდებს შეუძლიათ სისწრაფეში ბურთის მიღება, დამუშავება და პასის გაშვება ან რაქში სუფთა ბურთის ჩადება. კოტე მარჯანიშვილის პირველი ლელო ზემოთთქმულის ნათელი მაგალითია.

ამას თან დაერთო უკანა ხაზში ისეთი კლასის მორაგბეების გამოჩენა, რომლებსაც შეუძლიათ ფორვარდების მოპოვებული უპირატესობის ქულებში გარდასახვა და გარდა ამისა, თავადაც ქმნიან სალელოვე მომენტებს სწრაფი კონტრშეტევებიდან.

მაღალი კლასის გუნდის ნიშანი ჰაერში და ფეხით კარგი თამაშია და ამ კომპონენტებში ტურნირზე ღირსეულად გამოვიყურებოდით. თუ არ ჩავთვლით სამხრეთ აფრიკას, სხვა მოწინააღმდეგეს ფეხით დაკიდებული ბურთებით ჩვენთან უპირატესობა არ ჰქონიათ. რაც შეეხება ქიქ-ოფს, ქართული რაგბის ოდინდელ თავისტკივილს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესანიშნავად გამოვიყურებდოთ. განსაკუთრებით ახლო, საბრძოლო დაკიდებულ ბურთებზე, რომელიც არაერთხელ ავართვით მოწინააღმდეგეს. როცა ქიქ-ოფებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ თორნიკე ჯალაღონია, რომელიც როგორც ჩვენს, ასევე მოწინააღმდეგის ნახევარში დაკიდებულ ბურთებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და არაერთი რთული ბურთის მოგება მოახერხა.

 

მინუსები

მთავარი ნაკლი თითქმის მოგებულ თამაშში კონცენტრაციის დაკარგვაა. წელს მსგავსი რამ ორჯერ დაგვემართა, ირლანდიასთან და შოტლანდიასთან. როცა მეტოქე თითქოს გატეხილი იყო, მათ თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით და სერიოზულადაც ვინერვიულეთ. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ამ ჩემპიონატზე არ გვქონია. იგივე დაგვემართა შარშან და შარშანწინ, არგენტინასა და იტალიასთან. სამომავლოდ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადავჭრათ, თორემ ოდესღაც ძალიან ცუდ სამსახურს გაგვიწევს.

 

გამორჩეული მორაგბეები

თავდაპირველად იმას ვიტყვით, რომ ამ ჩემპიონატზე გამოკვეთილად სუსტი რგოლი ნაკრებში არ ყოფილა. ყველამ ითამაშა ან კარგად ან მინიმუმ დამაკმაყოფილებლად. რაც მთავარია, დადებითი შედეგი მთლიანად გუნდის დამსახურებაა და არა რომელიმე მორაგბის ინდივიდუალური მოქმედების. თუმცა ოთხ მოთამაშეს მაინც გამოვარჩევთ:

გელა აფრასიძე, ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი და გუნდის ლიდერი. ბურთი სწრაფად გამოჰქონდა რაქიდან, ცდილობდა გუნდი ეთამაშებინა. გამორჩეულია თავისი სპორტული სითავხედით, რის ხარჯზეც გაიტანა კიდეც გადამწყვეტი ლელო იაპონიასთან. გარდა შეტევისა, გამოირჩეოდა ძალიან კარგი დაცვით და მასზე ერთი თავით მაღალი მოთამაშეების შებოჭვასაც არ ერიდებოდა.

თედო აბჟანდაძე,  ბოლო წლების ალბათ ყველაზე იმედისმომცემი ქართველი მორაგბე. ძალიან მშვიდი და თავდაჯერებული. კრიტიკულ მომენტში, იაპონიასთან, საკუთარ თავზე აიღო თამაში და გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. შოტლანდიასთან გვაჩვენა, რომ მის არსენალში კარში დარტყმაც შედის. თედოს თავდაჯერებაზე ისიც მეტყველებს, რომ შეცდომის დაშვების მიუხედავად, არ კარგავს წონასწორობას. კარგად ხმარობს ფეხს ღია თამაშში, თუმცა ხელით პასის ტექნიკაში მოსამატებელი აქვს. ისევე როგორც გელა აფრასიძე, გამოირჩევა ძალიან კარგი დაცვით. მოხვდა ჩემპიონატის 20 საუკეთესო მბოჭავში, რაც მგეზავისთვის ძალიან იშვიათი შემთხვევაა. იაპონიასთან და შოტლანდიასთან მეტოქეთა ბოლო შეტევებისას, სწორედ აბჟანდაძემ გაუჭედა ბურთი იაპონელს, ხოლო შოტლანდიელს, დააგდებინა.

თორნიკე ჯალაღონია, სწრაფი და ტექნიკური უნივერსალი მესამეხაზელი. ძალიან კარგად თამაშობს ჰაერში, ასევე კარგად აკონტროლებს ბურთს შერკინებაში, შეუძლია სწრაფად მოხსნა და შეტევის წამოწყება. არის ძალიან აგრესიული მბოჭავი და ამ კომპონენტში ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სარაგბო პორტალ Rugby Pass-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურშიც მოხვდა.

ლუკა ჯაფარიძე, „სხვა რაგბის“ კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ძალიან მოძრავი და ამასთანავე ძალისმიერი ბურჯი. ეხერხება როგორც ბურთის წაღება, ასევე კარგია დანიშნულ შერკინებაშიც.

თედო აბჟანდაძე შოტლანდიის წინააღმდეგ, ფოტო: ლევან ვერძეული (Georgian Rugby)

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ძლიერი და განსხვავებულად მოთამაშე საქართველო აქამდე ნანახი არ გვქონდა. როგორც ჩანს, ასე მობურთალ გუნდს არ ელოდნენ მოწინააღმდეგეებიც.

თუ მეტოქეთა მატჩის წინანდელ კომენტარებს გადავხედავთ, ქართველებისგან ელოდნენ ფიზიკურ ორთაბრძოლებს, ძლიერ შერკინებას, ბევრ ჯახს და შესაბამისადაც ემზადებოდნენ. ამიტომაც, მათთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა ის კონტრშეტევები, თუ მორკინალთა ბურთაობა, რომელიც მათ შევთავაზეთ.

მოულოდნელობის ეფექტი გარკვეულწილად გაქრება მომავალი წლისთვის, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სტერეოტიპებით მოაზროვნე სარაგბო სამყარო ადვილად დაიჯერებს მობურთალი ქართველის არსებობას.

პატარა ბორჯღალოსნები იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ, ფოტო: ლევან ვერძეული (Georgian Rugby)

ასევე ნახე

ქართველებისგან ბევრი ვისწავლეთ – ედი ჯოუნზი

როგორც იცით, ქართველი მორაგბეები ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთობლივ წვრთნაში იღებენ მონაწილეობას. ამ მოვლენას …