მთავარი / ბორჯღალოსნები / წინათქმა: საქართველო – იაპონია

წინათქმა: საქართველო – იაპონია

2fb06f46985ede4bcfafcaf0eca0a4e9

 

ხვალ, 12 ნოემბერს თბილისის დროით 15:00-ზე საქართველო იაპონიას უმასპინძლებს. ამ ტესტების მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ, განვმეორდებით და ვიტყვით: გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მეათე ადგილზე გადაინაცვლებენ. ახლა შევეცდებით მიმოვიხილოთ იაპონიასთან მატჩი, ჩვენი  და მეტოქის შემადგენლობა, ტაქტიკა და შანსები

უკვე ბევრი დაიწერა, რომ იაპონია შესუსტებული შემადგენლობითაა ჩამოსული. საკურების ახალმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა აქცენტი 2019 წლის მსოფლიო თასზე გააკეთა და ყველა მატჩს ამ ტურნირისთვის მოსამზედებელ ჭრილში განიხილავს.

საქართველოს უძლიერესი შემადგენლობა გამოყავს. ტრავმა მოიშუშა და ნაკრებს დაუბრუნდა ვიტო კოლელიშვილი. სხვა მხრივ, დანაკლისი არც გვემუქრებოდა. ამ თამაშში დებიუტი ექნება ორ ახალგაზრდა მორაგბეს – ბადრი ალხაზაშვილს და ანზორ სიჭინავას, რომლებიც 2015 წლის ახალგაზრდული ალაფის ტრიუმფით მომგები გუნდის გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ.

ზრდის თუ არა იაპონიის შემადგენლობაში ცვლილებები საართველოს ნაკრების შანსებს?  – უდაოდ!

ამ შემადგენლობას აუცილებლად უნდა მოვუგოთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაპონია მზარდი სარაგბო ქვეყანაა, სავარაუდოდ ახალი თაობა პოტენციურად უკეთესია, ვიდრე წინა. მათი უმეტესობა ჩვენთვის  პრაქტიკულად უცნობია და სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. იმედია, საქართველოს ნაკრები, მწვრთნელიც და მოთამაშეებიც აცნობიერებენ ამას და იაპონიელებს მზად დახვდებიან.

 

რას უნდა ველოდოთ იაპონიისგან? სავარაუდოდ, იაპონია თავის საფირმო სტილს დაგვიპირისპირებს, სწრაფი, დინამიკური თამაში, რაქებში ბურთის მინიმალური შეყოვნება, მაღალი სათამაშო დისციპლინა.

ამ კომპონენტებში იაპონიის უპირატესობა აშკარაა. რა შეიძლება დაუპირისპიროს მას საქართველოს ნაკრებმა?

  • შერკინება – აქ სიახლე არაფერია. შერკინება ჩვენი უმთავრესი კოზირია.  გახსოვთ ალბათ წინა თამაში თბილისში ალუბლებთან, სადაც საქართველოს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც ჩვენი წარმატება. 2015 წელს ინგლისის მსოფლიო თასის მოსამზადებველ ტესტში უპირატესობა არ გვქონდა, თუმცა იმ მოსამზადებელ მატჩებს ალბათ დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან  სხვა შეხვედრებმა დაგვარწმუნა, რომ შედეგს მაშინ მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით.  ჩვენი პროგნოზით, იაპონიის პირველი ხაზის ფონზე, შერკინებაში მოწინააღმდეგე უსიტყვოდ უნდა დავჩაგროთ. თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი: იაპონელები სისტემატურად არღვევენ წესს შერკინებაში ბურთის შეგდების დროს – სანამ 9 ნომერი ბურთს შეაგდებს, მანამ იაპონელთა კვაჭს ფეხი უკვე წინ აქვს გამოწეული, რათა ბურთი უმალ 8 ნომერთან გაიტანოს (რაც წესებით აკრძალულია), ხოლო ბურთის გატანისთანავე მოედანზე იმუხლება და მოწინააღმდეგეს მიწოლის შანსს უსპობს (რაც ასევე აკრძალულია წესებით), თუმცა იგივე არგენტინასთან მატჩში მსაჯს ამისთვის არანაირი ყურადღება მიუქცევია. როგორც დღეს მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თამაშის წინ არბიტრებს გაუმახვილებენ ყურადღებას აღნიშნულ საკითხზე. იმედია მსაჯები დააკვირდებიან იაპონელთა ამ ეშმაკობას და შესაბამისად განსჯიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შერკინებაში სრული უპირატესობის მოპოვება გაჭირდება.
  • მოლი- ძალისმიერი თამაში მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
  • აუტები – საქართველოს აუტებში ძალიან აქვს მომატებული. წესით, უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ იაპონიის არცთუ მაღალ გუნდთან.
  • დაცვა – ეს ასპექტი მუდან ითვლებოდა საქართველოს ძლიერ მხარედ. ოკეანეთში შესუსტებული შემადგელობით თამაშმა ამას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როდესაც ქართულმა დაცვამ მთლიანად გაანეიტრალა მოწინააღმდეგეები, ამჯერად, გაძლიერებული საქართველოს ნაკრებიდან მეტი თავდაჯერებულობით თამაშს და კიდევ უფრო ნაკლებ შეცდომას ველოდებით
  • შეტევა – ოკეანეთში ტუნემ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრებს ამ კომპონენტშიც ძალიან აქვს მომატებული. განსაკუთრებით ეს ფიჯისთან გამოჩნდა. ფრთაზე საკმაოდ სწრაფი ჩათამაშებები, მოკლე პასები, ფეხით შეცურებები. იმედია , იაპონიასთან კიდევ უფრო გაუმჯობესებულ საქართველოს ვიხილავთ

არგენტინასთან თამაშში გამოჩნდა იაპონელთა სუსტი მხარეებიც, მაგალითად ცუდი დაცვა. არგენტინელები ადვილად ახერხებდნენ იაპონელების ხაზის გაჭრას როგორც დაცვის ცენტრში, ისე ფლანგებზე. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ არგენტინას უფრო სწრაფად და ნაკლები ხარვეზებით შეუძლია ხაზის გაშლა, ვიდრე საქართველოს. პლიუს ამას, იაპონელებს ერთი კვირა ჰქონდათ შეცდომების გამოსასწორებლად. ასე რომ, გარღვევებს ალბათ მოვაწყობთ და ლელოებსაც დავდებთ, მაგრამ იაპონია-არგენტინის სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია

რა შედეგს უნდა ველოდოთ? ჩვენი აზრით საქართველოს ნაკრების გამარჯვებას. ამას რამდენიმე მიზეზის გამო ველით:

  • საქართველოს ნაკრების ლიდერები კარგ ფორმაში არიან. მამუკა გორგოძე ტულონში ბრწყინავს და გუნდის ლიდერადაც იქცა, კოლელიშვილი მშვენივრად დაბრუნდა ტრავმის შემდეგ, ჩილაჩავა და ნარიაშვილი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ასევე კოტე მიქაუტაძეც. პრობლემა იყო გიორგი ნემსაძის უთამაშებლობა, თუმცა ნაკრებში ჩამოსვლამდე მან ბრისტოლში მთელი მატჩი ითამაშა, ლელოც დადო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. რა თქმა უნდა მისგან ნაკრებში ორმაგი მოტივაციით თამაშს უნდა ველოდოთ. თაზო მჭედლიძეც, დავით კაჭარავაც და ბუკა შარიქაძეც კარგ ფორმაში არიან
  • გადაღლილობა და აკლიმატიზაცია- იაპონიამ 5 ნოემბერს სახლში ითამაშა საკმაოდ მძიმე ტესტი არგენტინასთან და შემდეგ 12 საათიანი დამქანცველი ფრენა ჰქონდათ თბილისამდე. მართალია თითქმის მთელი კვირაა თბილისში იმყოფებიან, თუმცა აღდგენას და აკლიმატიზაციას მაინც საკმარისი დროს სჭირდება.
  • იაპონიის გადახალისებული შემადგენლობა – ამაზე უკვე ვწერდით
  • გულშემატკივრები – თამაშამდე ორი დღით ადრე ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო. შესაბამისად სავსე ტრიბუნებს და ომახიან ქომაგობას უნდა ველოდოთ, რაც მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაციაა.

 

მწვრთნელთა კომენტარები:

ჯეიმი ჯოზეფი

არგენტინასთან თამაშში პრობლემები გქონდათ შერკინებაში. ალბათ სიახლე არავისთვისაა, რომ საქართველოს ნაკრებს არანაკლები სიძლიერის შერკინება ყავს. როგორც ვნახეთ თქვენ გარკვეული ცვლილებები შეიტანეთ შემადგენლობაში. რას დაუპირისპირებთ ბორჯღალოსნებს ამ კომპონენტში?

არგენტინასთან დანიშნულ შერკინებაში იყო კარგი და ცუდი მომენტებიც. ვფიქრობ არგენტინაზე უკეთესი შერკინება გყავთ და ამიტომ მთელი კვირა ძალიან დიდი ყურადღებით ვიმუშავეთ თამაშის ამ ასპექტზე. ვიცით, რომ დაპირისპირება მოგვიწევს ძალიან გამოცდილ და ძლიერ გუნდთან. იმედი გვაქვს, რომ ბევრ შეცდომას არ დავუშვებთ და ნაკლები შერკინება დაინიშნება. ბუნებრივია იაპონია არგენტინასა და საქართველოსგან მკვეთრად განსხვავებულ რაგბს თამაშობს, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად ვითამაშოთ და თამაშის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. სწორედ თამაშისადმი ასეთი განსხვავებული მიდგომაც ხვალინდელი რკენის ერთ-ერთი ინტრიგა იქნება.

პრობლემები გქონდათ დაცვაშიც. არგენტინელებმა ბევრჯერ მოახერხეს ხაზის გაჭრა…

თამაშამდე ერთი კვირით ადრე შევიკრიბეთ ახალი მოთამაშეები და ახალი მწვრთნელები. დავსვით კითხვა, რაში გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული დრო. ვიმუშაოთ სტატიკაზე, დავხვეწოთ დაცვა თუ პოზიტიურად მივუდგეთ საკითხს და შეტევაზე ვიფიქროთ. ჩვენ შეტევა ვარჩიეთ. შეცდომები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ არა ბიჭების მხრიდან მონდომების სახით, არამედ ორგანიზაციული.  რა თქმა უნდა ამის შემდეგ გარკვეული დრო ჩვენს დაცვასაც დავუთმეთ, მაგრამ თამაშების მოგება თუ გვინდა, უნდა გვქონდეს საკითხისადმი პოზიტიური მიდგომა ანუ უნდა შევუტიოთ და დავალელოვოთ მეტოქე. ამიტომ სიმართლე გითხრა, ნაკლებად ვფიქრობთ, თქვენ რას შემოგვთავაზებთ, ჩვენთვის მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და როგორ დავუპირისპირდებით ძალიან ძლიერ საქართველოს.

ჰარუმიჩი ტატეკავა და ჯეიმი ჯოზეფი

მილტონ ჰეიგი

შერკინება ჩვენი კოზირი რომ არის არახალია. იაპონელების ბოლო თამაშს თუ დავაკვირდებით, კარგად ჩანს რომ ისინი ჯარიმის ზღვარზე თამაშობენ და ძალიან ხშირად წესების დარღვევითაც შედიან შერკინებაში, თუმცა მსაჯები რატომღაც თვალს ხუჭავენ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რათა ჩვენი უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ?

რასაც ყველა ელის ჩვენგან. არავისთვის არის სიახლე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი შერკინება გვყავს. ვგულისმობ, რომ მეტოქის მწვრთნელიც აცნობიერებს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ დანიშნულ შერკინებაში ჩვენ უნდა გვქონდეს უპირატესობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თამაშის ამ ასპექტში ჩვენი ძლიერი მხარე შესაბამისად გამოვიყენოთ. ბუნებრივია თამაშის წინ გავესაუბრებით მსაჯს და მივუთითებთ, რომ ჯეროვნად მართოს შერკინება და არ მისცეს იაპონელებს მათი ხრიკების განხორციელების საშუალება, რომლებიც თავის მხრივ ჩვენ შეგვიშლის ხელს გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობა მიწოლაში.

ყურადღების ცენტრში

კოტარო მაცუშიმა – წელს გადავიდა ავსტრალიურ რებელსში. 2014 წლიდან არის ნაკრებში, მაგრამ გორომარუს გადამკიდე ძირითადად გარემარბის პოზიციაზე უწევდა თამაში. არის საკმაოდ სწრაფი და ძალიან კარგად ხედავს მოედანს. კარში არ ურტყამს, მაგრამ ბურთის გადაკიდება და ჩახურვაზე სწრაფად ასვლა ეხერხება.

ამანაკი-ლელეი მაფი – ძირით ტონგელი მესამეხაზელიც წლეულს გადავიდა სუპერ რაგბის რებელსში , მანამდე ინგლისურ ბასში გამოდიოდა. სახიფათოა ღია თამაშში და კარგად ეხერხება როგორც გადაკიდებული, ასევე შერკინებიდან ბურთის წამოღება. ხშირად უტევს მესამე ზონაში, სადაც სისწრაფისა და ბუნებრივი ჯანის ხარჯზე ადვილად კვეთს უპირატესობის ხაზს. კარგად ეხერხება დამცველების მიზიდვა და ოფლოუდების ამოგდება.

ბექა ბიწაძე: მეორე წელია რაც საფრანგეთში გადაბარგდა და ფედერალ1-ის შონბრიში გამოდის. მართალია ერთადერთი მორკინალია, რომელიც არა-ელიტარულ (და ნახევრად პროფესიულ) დონეზე რაგბობს, მაგრამ ძალიან პერსპექტიული მესამეხაზელია. ძლიერ მხარეებს მიეკუთვნება ინტერვალებში შესვლის უნარი და ზოგადად შემტევი სტილის შემკვრელია. აშკარად გამოირჩეოდა ივნისის ტესტებისას შორეულ კუნძულებზე.

თაზო მჭედლიძე:ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი, რომელიც საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში (პრო დ2) ასპარეზობს. მისი კლუბი აჟენი გასულ წელს სულაც ტოპ14-ში გამოდიოდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა ადგილი და დაქვეითდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნაკრებისგან განსხვავებით წლეულს კლუბში ძირითადად შიდა შუამარბის (#12) პოზიციაზე თამაშობს და ძალიან შედეგიან სეზონსაც ატარებს (8 მატჩში 4 ლელო). ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ხაზის გაგლეჯვაც ეხერხება.

თაზო მჭედლიძე
თაზო მჭედლიძე

შემადგენლობები:

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი; 14. თამაზ მჭედლიძე; 13. დავით კაჭარავა; 12. მერაბ შარიქაძე; 11. გიორგი აფციაური; 10. ლაშა ხმალაძე; 9. ვასილ ლობჟანიძე;

1. მიხეილ ნარიაშვილი; 2. ჯაბა ბრეგვაძე; 3. ლევან ჩილაჩავა; 4. კოტე მიქაუტაძე; 5. გიორგი ნემსაძე; 6. მამუკა გორგოძე (კაპ.); 7. ვიტო კოლელიშვილი; 8. ბექა ბიწაძე

სათადარიგოები: 23. ანზორ სიჭინავა; 22. ლაშა მალაღურაძე; 21. გიორგი ბეგაძე;

16. ბადრი ალხაზაშვილი; 17. ვასილ კაკოვინი; 18. დუდუ ქუბრიაშვილი; 19. ლაშა ლომიძე; 20. გიორგი თხილაიშვილი

 

იაპონია: 15. კოტარუ მაცუშიმა; 14. ლომანო-ლავა ლემეკი; 13. ტიმოთი ლაფაელე; 12. ჰარუმიჩი ტატეკავა (კაპ.); 11. ქარნ ჰესქეთ; 10. იუ ტამურა; 9. ფუმიაკი ტანაკა

1. სატოში ნაკატანი; 2. შოტა ჰორიე; 3. ჰეიჩირო იტო; 4. კოტარო იატაბე; 5. კიოსუკე კაძიკავა; 6. მელ’ჯინ ილაუა; 7. შუნსუკე ნუნომაკი; 8. ამანაკი-ლელეი მაფი

სათადარიგოები: 23. კენკი ფუკუოკა; 22. ამანაკი ლოტოაჰეა; 21. კეისუკე უჩიდა;

16. ტაკეში ჰინო; 17. მასატაკა მიკამი; 18. იასუო იამაძი; 19. სამუელა ანისე; 20. უვე ჰელუ

 

რეფერი  ფედერიკო ანსელმი (არგენტინა)
კიდეებზე:  პასკალ გა’იუზერ (საფრანგეთი)  /  დენ ჯოუნზ (უელსი)
ვიდეო  ბრაიან მაკ’ნის (ირლანდია)

რაგბი 15-ის პროგნოზი: გაიმარჯვებს საქართველო 10-12 ქულით.

 

ასევე ნახე

როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

    თამაშის დასრულების შემდეგ რუსთა სათადარიგო სკამს თუ დააკვირდებოდით, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდებოდით:  …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

eighteen − three =