მთავარი / ინტერვიუ / ინტერვიუ ბადრი ალხაზაშვილთან

ინტერვიუ ბადრი ალხაზაშვილთან

ბადრი ალხაზაშვილი ტონგას წინააღმდეგ (ფოტო: msy.gov.ge)

 

ბადრი ალხაზაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი მორაგბეა. ბადრი იმ ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო, რომელმაც ისტორიული ალაფა მოიგო და საქართველოს ნაკრები უმაღლეს დონეზე აიყვანა. ის ამჟამად “ტულონში”თამაშობს.

ბადრის თბილისში შევხვდით და მის კარიერაზე გავესაუბრეთ

 

ბადრი, როგორ და სად დაიწყე რაგბის თამაში?

რაგბით 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავინტერესდი. თამაში სარაგბო კლუბ “აკადემიაში” დავიწყე, ლევან ობოლაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სავარჯიშო პირობები გვქონდა, გუნდში კარგი გარემო დამხვდა. თუმცა, თამაში თავიდან არ მომწონდა, არასპორტული ვიყავი, ზედმეტი წონის პრობლემაც მაწუხებდა. მანამდე ბევრი სპორტის სახეობა გამოვცადე – ჩოგბურთი, ფეხბურთი, კარატე და ვერსად ვივარგე. მშობლებს ვუთხარი, რომ რაგბშიც თუ ვერ მივაღწევდი წარმატებას,  სწავლაზე გადავიტანდი აქცენტს.

 

შემდეგ იყო „ლელო“ …

ლელოში გადასვლამდე ინგლისში ვიყავი ერთი წელი. კოლეჯში ვსწავლობდი და თან  ვუსტერის აკადემიაში ვთამაშობდი. სწავლის მერე, ვარჯიშებამდე ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა, ძალიან ვიღლებოდი და გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, სადაც ახალგაზრდულ ნაკრებში მიწევდა თამაში. იმ წელს, აკადემია უმაღლესი ლიგიდან გავარდა. სათამაშო დონის შენარჩუნების და უფო მეტად გაზრდის მიზნით, “ლელოში” გადავედი. “ლელოში” ძალიან კარგი მწვრთნელები დამხვდნენ – ლევან მაისაშვილი და მიშა სუჯაშვილი. ვითამაშე ევროთასებზეც, თბილისის “კავკასიელების” შემადგელობაში, რაც დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.

 

კავკასიელებში
კავკასიელებში

 

ტულონში როგორ მოხვდი?

17 წლიდან, ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი. კლერმონში ამხანაგური ტურნირი გაიმართა, სადაც “კლერმონი”, “ლესტერი”, “მანსთერი” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობდნენ. ამ ტურნირის შემდეგ, ჩემმა აგენტმა, ლევან ღვაბერიძემ ტულონში სინჯები მომიწყო. ყველა ტესტი წარმატებით ჩავაბარე – ღია თამაში, შერკინება, აუტი, რის შემდეგაც 2 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

 

როგორი გარემო და სავარჯიშო სისტემაა ტულონის ესპუარებში და ესპუარების ჩემპიონატის დონეზე რას იტყვი?

ჯერ ქალაქით დავიწყებ, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია სავარჯიშო გარემო. სულ კარგი ამინდი, ზღვა და ეს არის საუკეთესო საშუალება ძალების აღსადგენად. რა თქმა უნდა, ვარჯიშები უმაღლესი დონისაა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიშებთან შედარებით დიდი სხვაობაა. განსხვავება ისაა, რომ იქ პატარა დეტალებზე უფრო მეტს მუშაობენ და უფრო მეტი ინდივიდუალური მწვრთნელია. ჩემპიონატის დონეს რაც შეეხება, თამაშის ტემპი არის ძალიან მაღალი. მაგრამ მე, როგორც შერკინების მოთამაშეს, ძალიან არ გამჭირვებია.

 

როგორ დაიწყო შენი ფრანგული კარიერა?

თავიდან არც თუ ისე კარგად. პირველივე თამაშში ყვითელი მივიღე, რამდენიმე თამაშის შემდეგ კი ვიჩხუბე და კლუბმა დამსაჯა. ერთი კვირის განმავლობაში ფიზიკური ვარჯიშები მქონდა. ვარჯიშის დროს ტრავმა მივიღე და 3 თვე გამიცდა. რეაბილიტაციას კიდევ ერთი თვე დასჭირდა და დავბრუნდი თუ არა, შარქსთან 8 წუთი მათამაშეს. ბედმა გამიღიმა, ვინაიდან 2 ჰუკერი დაშავებული გვყავდა.

 

შარქსთან შეხვედრაში
“შარქსთან” შეხვედრაში

 

ბერნარ ლაპორტისგან შექებაც დაიმსახურე…

შარქსთან თამაშის მერე, დიდებთან დავიწყე ვარჯიში, ბოლო 3 თვე მათთან გავატარე  და იქ მოვეწონე. ზოგადად, მას არ ახასიათებს მოთამაშეების შექება და ყველას გაუკვირდა. მემგონი, ყვითელი ბარათები, დასჯა და ტრავმა მომიხდა, მას შემდეგ ძალიან კარგად აეწყო ყველაფერი.

 

რამდენად ხედავ შენს მომავალს ტულონის ძირითად გუნდში, იმის ფონზე რომ 3 ძალიან ძლიერი კონკურენტი გყავს – გირადო, ორიოლი და ეტრილა?

ამაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა. ახლა მაქვს მეორე წელი და თავი უნდა დავიმკვიდრო. დამპირდნენ თამაშების მოცემას. ამ შანს კი გამოყენება უნდა. მოსამზადებელ ეტაპს დიდ გუნდთან ერთად გავივლი და იქ გამოჩნდება ყველაფერი. ზოგადად, ვგეგმავ მინიმუმ 3 წელი ტულონში ვითამაშო, რის შემდეგაც საფრანგეთში ლეგიონერად აღარ ჩავითვლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შარქსთან თამაშზე რას იტყვი, რა შეგრძნებაა დიდ გუნდში თამაში?

თამაშამდე ძალიან ვნერვიულობდი, რაც ამ ბოლო დროს, როგორც წესი არ მახასიათებს. ტულონი პატარა ქალაქია, როცა გაიგეს რომ უნდა მეთამაშა, გულშემატკივარი ქუჩაში მაჩერებდა და მესალმებოდა. სავსე ტრიბუნებმა ძალიან იმოქმედა, მაგრამ თამაში დაიწყო თუ არა, დავმშვიდდი. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ,  8 წუთში 2 აუტი კარგად ავაგდე, ორი შერკინება და სამჯერ ბურთით შევუტიე. თუმცა, მეტოქე ისეთი დონის იყო, ვიგრძენი, 30 წუთი რომ მეთამაშა, ძალიან გამიჭირდებოდა.

 

ბადრი, სუპერ ვარსკვლავების მიდგომა როგორია ვარჯიშების, თანაგუნდელებისა და ახალგაზრდების მიმართ?

დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის, ტულონში ყველაზე დიდი ვარსკვლავი მამუკა გორგოძეა. ახალგაზრდებთან დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვარსკვლავები მათ დიდად არც აქცევენ ყურადღებას. პირადად მე, მამუკა ძალიან დამეხმარა, ისევე როგორც კოტე და ლევანი. კარგად მახსოვს, დიდებთან ახალი გადასული ვიყავი. ესპუარებს და დიდებს, აუტებში სხვადასხვა კომბინაციები გვაქვს. ფრანგული კარგად არ ვიცოდი, რის გამოც ახალი კომბინაციების ერთ კვირაში შესწავლა ცოტა გამიჭირდა. როცა აუტებს აცხადებდნენ, ბურთს ვარაუდით ვისროდი. მამუკამ გვერდით გამიყვანა და მირჩია, თუ არ იცი რომელი კომბინაციაა, არ ააგდო, იკითხე და ისე ააგდეო. იმ ღამეს, ვიდეოანალიტიკოსს ჩანაწერი გამოვართვი და ყველა აუტი დავიზეპირე, რის შემდეგაც მსგავსი შეცდომა აღარ დამიშვია.

 

როგორი დამოკიდებულება აქვთ ტულონში ქართველების მიმართ?

როცა ქართველს ახსებენ, “მენტალ” -პირველად ამ სიტყვას ამბობენ. ანუ მენტალურ სიძლიერეს გულისხმობენ. ქართველები ძალიან უყვართ და აფასებენ. ამასთან, ქართველები ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ და პროფესიონალ მოთამაშეებად ითვლებიან საფრანგეთში. ტულონის სტადიონ “მაიოლის” შესასვლელთან, მოთამაშეების  დიდი და პატარა ვარსკვლავებია გახსნილი. ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი გია ლაბაძისაა. ქუჩაში გამოსვლაც კი უჭირთ ჩვენს ბიჭებს. გულშემატკივრები აჩერენ, ესაუბრებიან, სურათებს იღებენ.

 

შარშანდელ ალაფაზე შენ კაპიტანი იყავი. გვითხარი როგორია კაპიტნობა, რთულია თუ არა და რა პლიუს-მინუსები აქვს?

სირთულე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის გვერდით გიწევს თამაში. ჩემი კაპიტნობის დროს, გუნდში ბევრი ლიდერი იყო და ეს ყველაფერი ძალიან მეხმარებოდა. თუ მარტომ მოგიწია ყველაფრის კეთება,მაშინ ძალიან რთულია. დიდი პასუხისმგებლობა გაქვს მოედნის გარეთ. თუკი შენ რაიმე არასწორად გააკეთე, რეჟიმი დაარღვიე, მერე სხვას იგივეზე პასუხს ვეღარ მოსთხოვ. უნდა შეეცადო, რომ სამაგალითო იყო და როცა ვინმეს შენიშვნას აძლევ, შენ იგივე არ გქონდეს გაკეთებული.

 

ალაფაზე გამარჯვების ზეიმი (ფოტო: worldrugby.org)

 

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ენის ცოდნას როგორც მოედანზე, მსაჯთან ურთიერთობაში, ასევე უცხო ქვეყანაში ადაპტაციისთვის?

ენის ცოდნას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. ადაპტაცია ბევრად ადვილი გასავლელია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მოედანზე, მსაჯის ნათქვამი რომ გაიგო და მისი მითითება შეასრულო. შეიძლება ენა არ იცოდე, მაგრამ ელემენტარული რამეები, რაც უშუალოდ თამაშს ეხება, მაინც უნდა ისწავლო. მაგალითად: რაქში, ბურთზე ხელის გაშვებას, ოფსაიდიდან გასვლას და მსგავს ბრძანებებს როცა გაძლევს რეფერი, უნდა მიხვდე რას გეუბნება და ამის გამო არ უნდა დაჯარიმდე.

 

აუცილებლად უნდა გკითხო ურუგვაისთან ინციდენტზე. წელსაც გვქონდა პრობლემა დისციპლინაში და თუ შეგიძლია გვითხრა, რა მოხდა იმ შეხვედრაში, რატომ ვერ მოახერხე თავის შეკავება და რამდენად რთულია ფსიქოლოგიურად, როცა თანაგუნდელები შენ გამო მოედანზე კაცნაკლულნი რჩებიან?

ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და მერე  ვინანე, თავის გაკონტროლება რომ ვერ მოვახერხე. უბრალოდ, იმ თამაშში ძალიან აფორიაქებულები ვიყავით , მე-განსაკუთრებით. ურუგვაელებიც ცოტა ბინძურად თამაშობენ  რაქში და შერკინებაში… მაგალითად, მეორეხაზელმა ხელი რომ გამოყოს და ამოგარტყას, ამას დღეს რაგბში თითქმის აღარავინ აკეთებს.  მიუხედავად ამისა, მე მაინც თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. თუმცა, ისეც არ ყოფილა რომ დავარტყი. უბრალოდ, როცა ჩამომეკიდა, ხელი ვკარი. მერე, სადისციპლინო კომისიაზე ავუხსენი სიტუაცია და მინიმალური სასჯელი მაკმარეს, თორემ, ალბათ სამკვირიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ.

 

როგორ ფიქრობ, აგრესია შენი პრობლემაა და ხშირად გამოხატავ?

ადრე ძალიან დიდი პრობლემა იყო, მომენტალურად საჩხუბრად მივიწევდი. თუმცა, დღეს უკვე სულ სხვანაირად ვუდგები. ჩემი აზრით, ეს მოიტანა გამოცდილებამ და დასჯამ. მერე ფიქრობ ამ ყველაფერზე და აცნობიერებ, იმის გამო რომ შენი ეგო დაიკმაყოფილო, გუნდს აღალატებ. მეტოქე თუნდაც აშკარა პროვოკაციაზე მოდიოდეს, უნდა მოითმინო, გაუღიმო და შემდეგ, თამაშში შეგიძლია გადაუხადო სამაგიერო – იგივე, რაქში ხისტად გადაყრით, შერკინებაში დაჩაგვრით, ან კარგი ბოჭვით.

 

სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა მარტო შენი პრობლემა და თითქოს გარკვეული ტენდეციის სახე აქვს ასაკობრივ გუნდებში. შენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს მიდგომებში, მსგავსი არასპორტული ქცევები მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ?

არ ვიცი რა უნდა შეიცვალოს, ამაზე საუბარი გამიჭირდება. ალბათ გამოცდილება და მაღალ დონეზე ბევრი თამაში მოიტანს იმას, რომ ბიჭები თავად  მიხვდებიან ჩხუბის და წითელი ბარათების უაზრობას. ჯობია საქმით და თამაშით დაამტკიცო შენი უპირატესობა. შეიძლება ამხელა აგრესია იქედანაც მოდის, რომ თამაშის წინ, ტონუსში შესასვლელად და წინასამატჩო მუხტის მისაღებად, ზედმეტ ფსიქოლოგიურ ტვირთს ვიკიდებთ. მეც ასე ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ჯობია გახვიდე და ლაღად ითამაშო. რა თქმა უნდა, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენი ქვეყნისთვის თამაშობ, მაგრამ როგორც ომში, ისე არ უნდა გადიოდე თამაშებზე. იმის თქმა მინდა, რომ უნდა დააბალანსო: მეტოქის მიმართ სპორტული აგრესია უნდა გქონდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეგბოჭოს.

 

ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც საფრანგეთში ხარ, შენი აზრით, როგორც მოთამაშე წინ წახვედი?

ჩემი აზრით, ძალიან წინ წავედი. საფრანგეთში რომ ჩავედი, მერე მივხვდი, რომ  შერკინებაში ძალიან  ბევრი რამ არ ვიცოდი. ბურთის აგდებაზეც ბევრი მავარჯიშეს. ადრე ძალიან დაძაბული ვიყავი, ხელებიც არასწორ პოზიციაში მქონდა და აუტის აგდების დროს ვიღლებოდი, ახლა კი ეს კომპონენტიც გამოსწორებული მაქვს.

 

გულშემატკივარს აინტერესებს შენი სათამაშო პოზიციის ნიუანსები და შენი ნებართვით, რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამ:

დერეფანში ჰუკერი მხოლოდ ბურთის აგდებაზეა პასუხისმგებელი. თუ შეგიძლია გვითხრა რას ნიშნავს კარგად აგდებული ბურთი?

მნიშვნელოვანია რამდენად კარგი ხელი აქვს, რამდენად ზუსტად აგდებს ბურთს ჰუკერი. მაგრამ, არანაკლებ მნიშნელოვანია სწორი მომენტის შერჩევა ამგდებსა და მხტომელს შორის, რაც კარგი შეთამაშების შედეგად მოდის. შესათამაშებლად კი თითქმის ყოველდღიური, ერთობლივი ვარჯიშებია საჭირო. ცალკე აღებული კვაჭის ვარჯიში არ არის საკმარისი. მეც მქონდა პერიოდი, როდესაც მარტო ვარჯიშობდი, მაგრამ თამაშებზე არ გამომდიოდა კარგად აგდება,  თუნდაც 18 და19 წლამდე ნაკრებებში. შემდეგ უკვე, ოცწლამდელებში ბიჭები ვრჩებოდით ვარჯიშის შემდეგ და დერეფნის ყველა კომბინაციაზე დამატებით ვმუშაობდით. კლუბში ეს უფრო ადვილია, ვინაიდან იცნობ მხტომელებს და იცი, რომ ზოგიერთი ნელა ხტება, ზოგი შედარებით სწრაფად, ზოგს ცალი ხელით უყვარს ბურთის მოგება და ა.შ. ყველაფერს უნდა დააკვირდე. პლუს, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ დაღლილზე, ანუ თამაშის მიწურულს, ამწევები ისე მაღლა ვეღარ აწევენ მხტომელს და შედარებით დაბლა უნდა ააგდო. მოკლედ, ძალიან ბევრი დეტალია.

 

bdr1
“შარქსთან” შეხვედრაში

 

დაცვის აუტის დროს რა ევალება ჰუკერს?

გააჩნია სად აყენებენ. თუ მეტოქის კვაჭსა და პირველ კაცს შორის დგას, ანუ 5 მეტრიან ზონაში, მაშინ მხოლოდ ამ ორი მორაგბის გათამაშებაზე უნდა მოახდინოს რეაგირება. შედარებით რთულია, როდესაც 9 ნომრის ზონაში დგას; ამ დროს უნდა მოახერხოს საკუთარ მგეზავთან დაცვის გადაბმა და ცოტა რთული დაცვა არის სათამაშო – ბოლო პერიოდში ძირითადად სწორედ აქ აყენებენ ჰუკერებს, თუმცა ამ დროს, რამე განსაკუთრებული მოვალეობა დერეფნისთვის არა აქვს

 

რა და როგორ უნდა გააკეთოს ჰუკერმა, საკუთარი შერკინების სტაბილურობა რომ უზრუნველყოს?

ბევრისგან მსმენია, როდესაც შერკინება აწვება მეტოქეს, რომ „აი, ყოჩაღ ბურჯებს“ და არავინ ახსენებს კვაჭს. ამ დროს კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვაჭის პოზიციას, ვინაიდან ის მართავს მთლიანად შერკინებას, არა მხოლოდ მიწოლის მიმართულებას, არამედ დროის შერჩევასაც ჰუკერი ახდენს, როდის ჩავდივართ და ა.შ დაახლოებით, როგორც გემის კაპიტანი მართავს გემს.

 

შერკინებისთვის მზადების პროცესში აქვს თუ არა მნიშნელობა სად მოეჭიდება ჰუკერი თავის ბურჯებს? ზოგიერთი ჰუკერი ბურჯის კისერთან იღებს მოჭიდებას, ზოგიერთი გარე მხარზე კიდებს ხელს. რა არის თითოეულის პლიუს-მინუსი და შენ როგორ ამჯობინებ?

ძალიან ინდივიდუალურია. საერთოდ, ჰუკერი უნდა მოერგოს ბურჯებს და არა პირიქით. ვინაიდან ჯერ ბურჯებმა უნდა იგრძნონ თავი კომფორტულად და მხოლოდ შემდეგ კვაჭმა. ბევრ გუნდში მითამაშია და აბსოლუტურად ყველა ბურჯი ინდივიდუალურად უდგება საკითხს. ჩემი მოვალეობაც ისაა, რომ მათ იგრძნონ თავი კომფორტულად, ზოგს შედარებით მჭიდროდ ურჩევნია მოჭიდება, ზოგს პირიქით, შედარებით თავისუფლად.

 

ჰუკერის მხრები შერკინებაში ჩასვლისას სტატიკურად უძრავია, თუ შესაძლებელია გარკვეული მოძრაობები? თუ კი, რა მიზნით?

საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს მხრებს, ვინაიდან კვაჭი ძალიან აქტიურად იყენებს მათ. მაგალითად, თუ უტევ მარცხენა მხარეს, ე.ი შედიხარ მეტოქის 3 ნომერზე და თუ მხარი ამოწეული დაგრჩა, მეტოქის კვაჭი აუცილებლად ამოგაგდებს და შეიძლება ტრავმაც მიიღო. ასეთ დროს მხარი აუცილებლად უნდა ჩაწიო დაბლა, რათა მეტოქის ჰუკერი არ შემოუშვა შენთან და თან პირველი ნომერიც მოქაჩო შენსკენ. თუ მეტოქის კვაჭზე შედიხარ, ორივე მხარი უნდა „ჩაკეტო“ და მოწინააღმდეგე ასე უნდა დაბლოკო. მესმის, რომ ცოტა რთული ახსნელია. თან ეს ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის და ბევრი პრაქტიკაა საჭირო.

 

რამდენად აქვს მნიშვნელობა სად შეაგორებს ბურთს #9? თუ არსებობს ე.წ შეგორების ზონები და რომელია ბურთის მოგების თვალსაზრისით შედარებით ადვილი/ძნელი ჰუკერისათვის?

მთავარია ძალიან სწრაფად არ შეაგოროს ბურთი, რათა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ დავძარით მეტოქის შერკინება, ბურთი ჩემს ფეხებთან გაჩერდეს და ადვილად გამოვაგორო უკან.

 

გამომდინარე იქედან, რომ მეტოქის მხრიდან უფრო დიდი დაწოლა მარჯვენა ბურჯზე მოდის, პირველი ხაზის შეკვრისას, ჰუკერი შედარებით მარჯვენა ბურჯისკენ ხომ არ იხრება მისაშველებლად? აღნიშნული ქმედება პროაქტიული ნაბიჯია, თუ მეტოქის მოქმედებების საპასუხოდ უფრო კეთდება?

უფრო ხშირად ასეა, თუმცა შეიძლება განსხვავებული შემთხვევებიც იყოს, როდესაც მეტოქის ჰუკერზე გვინდა ზეწოლა და ჩვენი მარჯვენა ბურჯი პირიქით ჩემსკენ იხრება.

გააჩნია რა გეგმა გვაქვს მწვრთნელისგან კონკრეტულად ამ თამაშისთვის. რა თქმა უნდა მოედანზეც შეიძლება შეცვალო წინასწარი გეგმა, გამომდინარე მეტოქის მოქმედებიდან. თუმცა, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად გამოცდილი ბურჯები გყავს.

 

თუ შეუძლია ჰუკერს მორკინალის მიერ გამოცხადებულის ნაცვლად, სხვა კომბინაცია შესთავაზოს გამომდინარე იქიდან როგორ გრძნობს თავს, როგორი აგდება გამოსდის იმ დღეს და როგორი არა?

კომბინაციის შეცვლა არ შეუძლია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თავიდანვე ჰუკერი აცხადებს ზონას, სადაც მისი აზრით მეტოქეს არ უყენია დაცვა და სადაც აპირებს ბურთის აგდებას. შესაბამისად, მხტომელი მითითებულ ზონაში ხტება.

 

თუ არის განსხვავება სამხრეთელ და ჩრდილოეთის წარმომადგენლებს შორის ღია თამაშში და შენ რომელს ანიჭებ უპირატესობას, ან რომელს უფრო მიეკუთვნები?

სამხრეთელები უფრო მობურთალი კვაჭები არიან მაღალი სათამაშო კლასის ხარჯზე, მაშინ როდესაც ევროპელები უფრო შერკინებაზე არიან კონცეტრირებული. ჩემთვის უფრო სასურველი სამხრეთული ვარიანტია, თუმცა გარემო ისევ ჩრდილოეთისკენ მიბიძგებს.

 

ასევე ნახე

მილტონ ჰეიგი – გვენდეთ!

მილტონ ჰეიგი 2012 წლიდან “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელია. მის სახელს უკავშირდება ქართველთა ორი გამარჯვება მსოფლიო თასზე, მეორე …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

3 × one =