მთავარი / ბორჯღალოსნები / ბრწყინვალე გაგრძელება!

ბრწყინვალე გაგრძელება!

გამარჯვების ზეიმი (ფოტო: worldrugby.org)
გამარჯვების ზეიმი (ფოტო: worldrugby.org)

სამხრეთული ტესტების წინ რაგბის გულშემატკივრები მეტწილად  ფრთხილად ვიყავით განწყობილები. ვაცნობიერებდით, რომ ბევრი საკვანძო მოთამაშე გვაკლდა, რომ სტუმრად თამაში ყოველთვის გვიჭირდა, რომ სამოას და ტონგას რევანში ჰქონდა ასაღები.

მოვიდა ივნისი და ნაკრებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუ სამოასთან  ფრეს  ასე თუ ისე ფრთხილად შევხვდით და ვერმოგება გულში ხინჯადაც დაგვრჩა, ტონგასთან მოგებამ აშკარად დაგვანახა, რომ ნაკრები გაიზარდა.

უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე ბევრს არაფერს დავწერთ. ალბათ ყველამ ნახეთ და კიდევაც გაიმეორებთ მშვიდ გულზე. მანსპინძლების 2 ლელოს ჩვენც კაჭარავას 2 ლელოთი ვუპასუხეთ და მეტმა მოპოვებულმა ჯარიმამ საშუალება მოგვცა, 3 ქულით 23-20 დაგვემარცხებინა მეტოქე.

პირველი ლელო ჩვენს გაფუჭებულ დერეფანს მოჰყვა – ბურთი დავკარგეთ, მაგრამ ტონგაც შეცდა. ლაშა ხმალაძე სიტუაციაში სწრაფად გაერკვა და კაჭარავამ რაქიდან გადადო ბურთი.

მეორე ლელო უკვე გაწითლებულ ტაბლოზე დავდეთ. ხანგრძლივ, დამქანცველ შეტევაში დიდი მოთმინება და აკურატულობა გამოვიჩინეთ და კაჭარავამ მეორე  ლელოთი გამარჯვება მოგვიტანა.

რა შეიძლება ითქვას თამაშზე?

ცალკე აღსანიშნავია ხაზის აწევა და დაცვის თამაში, სამოასთან მატჩში მასპინძლებმა ჩვენს ხუთმეტრიანში ორჯერ შემოაღწიეს, ეს წინა სტატიაში აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით კარგ დაცვას, მაგრამ ამავდროულად მასპინძლების უფანატზიობასაც დავაბრალეთ. ტონგასთან თამაშმა დაგვანახა, რომ ეს შემთხვევითობა არაა. კუნძულელებს ძალიან უჭირდათ ჩვენი დაცვის გარღვევა და ჩვენს ხუთმეტრიანს ვინ ჩივის, 22 მეტრიან ზონაში ძალიან ცოტა დრო გაატარეს. პირველ 10 წუთზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან ფიჯიზე არსებული ტექნიკური პრობლემების გამო არ გვინახავს და ამის შემდეგ, ტონგელებმა ჩვენს 22-ში მხოლოდ თაზო მჭედლიძის (უსამართლო) გაძევების შემდეგ შემოაღწიეს  და ლელოც დაგვიდეს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შემთხვევითობა გამორიცხულია და ნაკრები ტურნესთვის ძალიან კარგად მოემზადა.

ბოჭვებზე ტრადიცულად კარგი იყო შარიქაძე. ხშირად მეტოქეს 2 კაცით ვბოჭავდით, ძირითადად ტანში და არ ვაძლევდით ოფლოუდების გაკეთების საშუალებას. ხშირად ვახერხებდით თერნოვერებსაც. კარგად მოქმედებდნენ სუთიაშვილი, მჭედლიძე და თოდუა.

სტატიკაში გვქონდა უპირატესობა. საკუთარი დერეფანი მხოლოდ ერთხელ დავთმეთ, თუმცა იქაც გაგვიმართლა და ეს ეპიზოდი ლელოთი დასრულდა. დანარჩენი დერეფნები ძალიან მარტივად მოვიგეთ. საპასუხოდ, ტონგას აუტი  ორჯერ მოვუგეთ და ერთხელაც თავად დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ დერეფნების მარტივი მოგების მიუხედავად, ბოლო წუთებამდე მოლის დაყენება არ გვიცდია და ბურთი სწრაფად გამოგვქონდა. შეიძლება შემთხვევითობაა, შეიძლება მწვრთნელის დავალება, რომ მეტი ვითამაშოთ ხელით და გაშლილად.

შერკინებაში, პირველ ტაიმში, დამთრგუნველი უპირატესობა გვქონდა, ჩვენი შერკინებიდან ბურთი ერთხელ კარგად გამოვიტანეთ,  ხოლო ორჯერ მეტოქე დაჯარიმდა. ტონგამ ერთხელ თავისუფალი დათმო ადრე შესვლაზე, ერთხელაც დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ტონგა როდესაც თავის შერკინებაში ბურთს ინარჩუნებდა, მისი გამოტანა დიდი წნეხის ქვეშ უწევდა.

მეორე ტაიმში ბურჯები შევცვალეთ ჟვანია-ფეიქრიშვილის ნაცვლად ასიეშვილი-მირცხულავა შემოვიდნენ. შემდეგ ჰუკერიც შევცვალეთ (ბრეგვაძეს ნაცვლად მამუკაშვილი). სათადარიგო შერკინებისას, ჩვენი უპირატესობა სტატიკაში ოდნავ გაუფერულდა და ერთხელ თავისუფალი დავთმეთ ადრე შესვლაზე, შემდეგ კი იგივე დარღვევის გამო დავჯარიმდით კიდეც, თუმცა ამ ორი შემთხვევის გარდა, ტონგელებს მაინც უჭირდათ და ჯარიმდებოდნენ. რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში, ბოლო წუთებზე,  ჩვენმა შერკინებამ კიდევ ერთხელ იძალა, ზედიზედ რამდენიმე შემთხვევაში პირწმინდად დაჩაგრა მოწინააღმდეგე და ლომის წვლილი დაიდო გამარჯვების ლელოში.

(ფოტო: Georgian Rugby)

აღსანიშნავია რაქებში თამაშიც. ტონგას ბევრჯერ წავართვით ბურთი და კონტრშეტევებიდან ვუტიეთ.  ერთხელ თავის რაქში დაჯარიმდნენ კიდეც, ნემსაძის აქტიურიობის წყალობით.  საპასუხოდ, არ გვახსენდება არც ერთი მომენტი, როდესაც ტონგელებმა ჩვენს რაქში ბურთი წაგვართვეს. ეს კომპონენტი მუდამ ჩვენს სუსტ წერტილად ითვლებოდა და კარგია, რომ ამჟამად  უკეთესობისკენ მიდის საქმე.

რა შეიძლება ითქვას შეტევაზე? გუნდს ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი. აქტიურად  ეძალებოდნენ თხილაიშვილი, შარიქაძე, ასიეშვილი, თოდუა. ორჯერ ბრწყინვალე გარღვევა მოაწყო ბექა ბიწაძემ. დასანანია, რომ პირველი გარღვევა მანვე ძალიან ცუდი პასით დაასრულა და შეტევა ჩაიშალა. სამაგიეროდ, ძალიან ეფექტური გამოდგა მეორე გარღვევა – სუთიაშვილი სწრაფად მიეხმარა ბექას და ბურთი წაწია, ბეგაძემაც ძალიან დროულად გააგრძელებინა ნემსაძეს. სამწუხაროდ, შეტევა ლოგიკურად არ დამთავრდა,

ვნახეთ ფეხით ორი ძალიან კარგი შეცურება. პირველ ეპიზოდში ბიწაძის კარგ ბოჭვას, სუთიაშვილის შესანინავი თერნოვერი მოყვა და ბეგაძემ ფეხი იხმარა. მივყევით კიდევაც, მაგრამ ბურთი აუტზე გადავიდა. მეორედ, ხმალაძემ შეაცურა სახიფათოდ, მაგრამ ბუკას ბურთი ცუდად აუხტა.

ასევე აღსანიშნავია თაზო მჭედლიძის ლამაზი და თამამი გადაკიდება და რა თქმა უნდა მეკოს ულამაზესი ეპიზოდი, როდესაც მან ჩვენს 22-ში, თითქმის აუტის ხაზთან აიღო მეტოქის ფეხით დარტყმული, მოკლე ფრთაზე გაექცა მოწინააღმდეგეს და შეტევა გააგრძელებინა ბორჯღალოსნებს. ტონგელებმა გაგვაჩერეს და თამაში ჩვეულ ტემპში გაგრძელდა, მაგრამ თავად ეს  ეპიზოდი ძალიან ეფექტური და დინამიური გამოვიდა და გული გაგვიხარა.

ნაკლს რაც შეეხება, იყო რამდენიმე დასანანი ჯარიმა (სუთიაშვილის და ჟვანიას ოფსაიდი, თაზოს ჰაერში ბოჭვა, კოკის მაღალი ბოჭვა) მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, რაც ამ შესანიშნავ გამარჯვებას ჩრდილს მიაყენებდა

ზოგადად, ტონგას ზედიზედ ორჯერ დამარცხება მრავლისმთქმელი ფაქტია და ჩვენი ნაკრებში დიდ სათამაშო და მენტალურ პროგრესზე მიუთითებს. შეგვიძლია ვისაუბროთ ტონგას საკადრო დანაკლისებზე (რომელიც მართლა მნიშვნელოვანია), მაგრამ კვლავ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენც არანაკლები ხალხი გვაკლდა.

სამხრეთულ ტურნეს 24 ივნისს, თბილისის დროით დილის 7 საათზე ფიჯისთან მატჩით დავასრულებთ. იმედია, ფიჯის ძალიან ძლიერ გუნდთან არანაკლებ კარგად ვითამაშებთ.

ასევე ნახე

კეფუ: ბედნიერი ვიქნები, თუ ფოლაუ ტონგას სახელით ითამაშებს

ავსტრალიელთა ლეგენდა, ტოუტაი კეფუ, რომელიც ამჟამად ტონგელთა მწვრთნელია, ამბობს, რომ ის აუცილებლად შეხვდება ფოლაუს, თუკი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

eighteen − fourteen =