
წლევანდელ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას თუ დავაკვირდებით, კვირას რუმინეთთან მარცხი ალოგიკური ნამდვილად არ უნდა მოგვეჩვენოს.
მიზეზად ხან რა დასახელდა და ხან რა, მაგრამ ფაქტია, რომ „ბორჯღალოსნებმა“ წლევანდელი გათამაშება ჩააგდეს. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც შედარებით ნორმალურად გამოვიყურებოდით ეს გერმანიასთან დაპირისპირება იყო. თუკი სხვა მატჩები კლასის (უფრო კი მეტოქეთა უკლასობის) ხარჯზე მოვიგეთ, შედარებით ძლიერ რუმინეთთან იგივე ხრიკი აღარ გაგვივიდა და დავმარცხდით.
ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ რუმინელებს არაფერი შეუქმნიათ. თავადაც უსახურად ითამაშეს – ბევრიც იჯაჯგურეს, მაგრამ ქართველთა ერთფეროვანი შეტევები წარმატებით მოიგერიეს, ბოლომდე მედგრად დადგნენ და ასე ნანატრი გამარჯვებაც მოიპოვეს.
რუმინელები
რუმინელთა სათამაშო სტილიდან და ჩვენი სუსტი წერტილებიდან გამომდინარე მათი ტაქტიკა რთული გამოსაცნობი არ იყო. ვლახები დროს და განვითარებას საკმაოდ ჩამორჩნენ. მიუხედავად ბლომად ლეგიონერის ამატებისა, მათი სათამაშო სტილი მაინც ფორვარდებზე და ძალისმიერ თამაშზე გადის. „მუხის ფოთლები“ საკმაოდ ნელი გუნდია, ხაზზე თამაშითაც არ გამოირჩევიან და უპირატესობის მოპოვებას მოკლე-მოკლე დარტყმებით ცდილობენ ხოლმე. რა თქმა უნდა გამონაკლისი არც ჩვენთან დაუშვიათ და სწორედ ამ სტილში გვეთამაშნენ. ერთი კია – ბორჯღალოსნებთან ამ ტაქტიკით უპირატესობის მოპოვება ნამეტანი რთული ამოცანაა. თუმცა მათი ძირითადი მიზანი არა მიძალებებით გადამწყვეტი უპირატესობის მიღება, არამედ ჩვენი რაქებში ჩათრევა და იქ დაჯარიმება იყო. ქართველთა რაქებისადმი და დისციპლინისადმი „სიყვარული“ ხომ საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. რუმინელების მეორე იმედი ზურგსუკან ფეხით გადაკიდებები იყო. ფლორინ ვლაიკუს სახით მათ საკმაოდ კარგი დამრტყმელი ყავთ (თუმცა კვირას ქარისა და ალბათ ნერვიულობის გამო ადვილად გასატანი ბურთები გაუცუდდა), ხოლო ქართველები ჰაერში თამაშში რომ მოიკოჭლებენ ეგ არახალია. ამ მეთოდმა გაამართლა კიდეც – ერთადერთი ლელო სწორედ გადაკიდების შემდეგ დაგვიდეს და რამდენიმე ეპიზოდში, ფეხით დარტყმულზე გვარიანი შიშიც ვჭამეთ.
ქართველები
ალბათ გონების სერიოზული დაძაბვა იქნება საჭირო, რათა ისეთი მატჩი გავიხსენოთ, როცა „ბორჯღალოსნებს“ შერკინებაში ასე მიაწვნენ და დააჯარიმეს. არადა ქართველთა საფირმო ტაქტიკა ხომ მიწოლაში მეტოქეების დაჩაგვრა და იქედან მიღებული უპირატესობაა.
საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ დავაკვირდებით, ერთ საინტერესო დეტალს შევამჩნევთ: საკუთარი ნახევრიდან ბურთი ხელით თითქმის არასდროს მოგვაქვს. როგორც წესი, ბურთს ვიგერიებთ ფეხით, მოწინააღმდეგეს მოაქვს შეტევა, ხოლო ჩვენ რაქებში ბურთის ამოცლაზე თითქმის არ ვაქტიურობთ. უბრალოდ, კარგი ფიზიკის ხარჯზე ვახერხებთ მოწინააღმდეგის იერიშების შეჩერებას და ველოდებით მათ შეცდომას – ბოჭვისას ან პასის დროს ბურთი წინ რომ გაუვარდეთ, დაინიშნოს შერკინება, სადაც დავაჯარიმებთ და ასე გადავდივართ მეტოქის ნახევარზე.
რუმინეთთან შეხვედრაში ეს ტაქტიკა თავდაყირა დადგა. თავად განსაჯეთ, რამდენიმე შემთხვევაში, როცა წინ გავარდნილი ბურთი აუტში გადავიდა და მსაჯმა არჩევანის საშუალება მოგვცა, შერკინების მაგივრად აუტი ავირჩიეთ.
თუკი პირველ ტაიმში აუტებში კარგად გამოვიყურებოდით, მეორე ტაიმში ეს სურათი მთლიანად შეიცვალა, რუმინელებმა ზედიზედ მოგვიგეს რამდენიმე დერეფანი და სიმწრით მოპოვებულ ტერიტორიას ისევ უკან ვთმობდით. სწორედ ეს მიზეზი იყო, რომ მეორე ტაიმში ვლახების 22-ში პრაქტიკულად არ ვყოფილვართ. აღარაფერს ვამბობთ ხუთმეტრიანზე და სალელოვე შანსზე. მიუხედავად ძლიერი ქარისა, დერეფანში ბურთის არასწორ აგდებას ამინდს ვერ დავაბრალებთ, რადგან ოვალი არასწორ მხარეს კი არ აგვიგდია, უბრალოდ რუმინელები ზუსტად იქ გვიხტებოდნენ, სადაც ბურთი მიდიოდა. საქმე იმაშია, რომ რუმინელებმა უბრალოდ აუტები თავიდან ბოლომდე გაგვიშიფრეს.
ალბათ გემახსოვრებათ აუტების დროს მსაჯმა რამდენჯერმე შენიშვნა მოგვცა, რადგან მოწოდების წინ ქართველები შეჯგუფდებოდნენ და თათბირობდნენ. მამუკა გორგოძის რეაქციასაც გაგახსენებთ, როცა უელსელ რეფერის უხსნიდა, აქაოდა იმათ ქართველი ყავთ და ჩვენი ესმისო. იქვე გაკვირვებული არბიტრის რეაქციამაც არ დააყოვნა: ძალიან კარგად მესმის, მაგრამ თქვენც ადექით და კოდები გამოიყენეთ, თორემ თავისუფალს დავნიშნავო.
რაგბში ე.წ. კოდების სისტემა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მოწინააღმდეგეს, რომელსაც შენი ესმის, თავგზა აუბნიო და დერეფანში შენი კომბინაცია ვერ გამოიცნოს.
აქ კითხვები უკვე ჩვენი შერკინების ავსტრალიელ მწვრთნელს უნდა დავუსვათ. საიდუმლო არავისთვის იყო, რომ ოთარ ტურაშვილი ამ მატჩში ითამაშებდა, მაშ რატომ არ მოხდა ვარჯიშებზე ამ კოდების შემუშავება და შემდეგ პრაქტიკაში გამოყენება?
მიუხედავად უსახური თამაშისა და აუარება შეცდომებისა, მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მიჯრით აუტების წაგება და დაკარგული ტერიტორია გვგონია.
ბორჯღალოსნები მთელი თამაში ცდილობდნენ ხაზის გაშლას, თუმცა რუმინელთა ჯანიან მბოჭავებთან ჭიდილში ჩვენს ფორვარდებს უპირატესობის გაკეთება უჭირდათ, ხოლო უკანა ხაზი საკმაოდ ნელი გვყავს. შესაბამისად, გარდა პირველი ტაიმის მიწურულს გაკეთებული ორი კარგი შეტევისა, ღირებული ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ მგეზავისა და ფულბეკის ცუდი თამაშიც. ლაშა ხმალაძემ გუნდი ვერ დაგეზა, ხოლო მეკო ფინტისა და პასის მაგივრად უჩვეულოდ ხშირად ჯიქურ ეძალებოდა.
ნაკრებისათვის მამუკა გორგოძე რომ უდიდესი ძალაა არაერთხელ აღგვინიშნავს, მაგრამ ამ ბოლო დროს დამაფიქრებელი ტენდენცია შეინიშნება: გაჭირვების ჟამს მოთამაშეები მოედანზე მამუკას ეძებენ და ცდილობენ ბურთი მას შეაჩეჩონ, რომელსაც ერთბაშად სამი მბოჭავი ეძალება და მასაც აღარ გამოსდის უპირატესობების მოპოვება. გორგოძე მაშინაა სახიფათო, როცა ბურთს ხელსაყრელ სიტუაციაში იღებს და არა მაშინ, როცა სხვა გამოსავალი დარჩენილი არაა. განსაკუთრებით ახალგაზრდა მორაგბეებმა უნდა გაითავისონ, რომ ერთი კაცი ყველას გასაკეთებელს ვერ გააკეთებს და ამ ბურთის უაზრო შეჩეჩებით დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
მატჩის მიწურულს გაწბილებული გულშემატკივარიცა და მორაგბეებიც ერთადერთ ადამიანს შეჰყურებდნენ იმედის თვალით – მიშა ნარიაშვილს, რომელმაც მოედანზე მთელი 80 წუთი დაჰყო, რაც პირველხაზელების შემთხვევაში უკიდურესი იშვიათობაა. იომა, იჭიდავა, შერკინებაშიც მისი დამსახურებით დავდექით, მაგრამ თავს ზემოთ ვეღარ ახტა. მართალია რუმინელს ბოლო შერკინებებშიც დაახევინა, მაგრამ სხვებმა მხარი ვერ აუბეს და მსაჯმაც ხელი ჩვენს სასარგებლოდ აღარ გამოიშვირა. კვირის მატჩში ქართველთაგან თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება, ეს სწორედ მიშა ნარიაშვილია.

სათამაშო ეპიზოდები
ზემოთ უკვე ვწერდით, რომ მგეზავმა და ფულბეკმა თამაში ჩააგდეს. ამიტომ გვინდა პირველ რიგში მათი ორი მომენტი გამოვყოთ.
პირველ სლაიდზე რუმინელთა 22-ში ვართ და ვუტევთ. ბურთი ხმალაძეს აქვს და მეტად უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს – ისე რომ თავს არ წევს და პარტნიორების პოზიციებსა და მოქმედებას არ უყურებს, ოვალს ფეხით მეტოქის ზურგს უკან აცურებს.
სლაიდზე კარგად ჩანს, რომ ამ ბურთზე ერთადერთი მიმსწრები მარჯვენა ფლანგზე სვანიძე იყო, რომელიც წინ საერთოდ არ მოძრაობს, პირიქით განზე მიდის, რათა ფლანგი ბოლომდე აითვისოს. შესაბამისად, ხმალაძის ფეხით თამაშის მომენტში საერთოდ მოუმზადებელი იყო და ბურთიც დაიკარგა. რა უნდა ექნა „ქოქოსას“? უმჯობესი იქნებოდა, თუ ლაშა ბურთს მიმყოლ ჯაბა ბრეგვაძეს გადააწოდებდა, რომელიც იქვე დაარტყამდა, მარჯვენა ფლანგს ბოლომდე ავითვისებდით, მეტოქის მბოჭავებს ჩავითრევდით და ბურთის სწრაფად გამოტანის შემთხვევაში მარცხნივ მეტობაშიც დავრჩებოდით. არსებობდა მეორე ვარიანტიც: მამუკა გორგოძე ხმალაძის საპირისპიროდ მოძრაობდა, შესაბამისდ შეიძლებოდა შექცეული პასით მისი ჯვარზე შეყვანა და რუმინელთა ღრიჭოში დარტყმა.
მეორე ეპიზოდი მეკოს ცუდი გადაწყვეტილება და ტექნიკური წუნია. რუმინელებმა ბურთი ფეხით გადმოკიდეს, რომელსაც თოდუა ეუფლება. ამ დროს, როგორც წესი, კვირიკაშვილი ოდნავ უკან და განზე უნდა წავიდეს, რათა პასის მიღების მომენტში მოწინააღმდეგე ზედმეტად ახლოს არ ყავდეს და ოვალი მეტოქის ნახევარზე გადატანა ადვილად მოახერხოს. თუმცა, ქართველთა ფულბეკმა მარცხენა ფლანგზე ღრიჭო შეამჩნია და იქ გაძრომა მოინდომა, ამიტომ მოძრაობას მეტოქის ნახევრისკენ იწყებს. კვირიკაშვილისგან ასეთი გარღვევა არაერთხელ გვინახავს, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ასეთი მომენტები რისკსაც შეიცავს – მართალია ფალნგზე მოწინააღმდეგედ რუმინელთა მორკინალები იყვნენ, რომლებთანაც სისწრაფისა და ფინტის ხარჯზე ფულბეკს უპირატესობა აქვს, თუმცა მანევრირებისთვის სივრცე მეტისმეტად პატარაა და დიდი შანსია შეტევა ბოჭვითა და თერნოვერით დასრულდეს. თუმცა ამ გადაწყვეტილებას დაერთო ტექნიკური წუნიც. თოდუას ამ ეპიზოდში ვერ დავადანაშაულებთ – მან თავისი კაცი აიყვანა, მისკენ მიიზიდა და პასი გაუშვა, თუმცა მეკო მეტისმეტად ახლოს მივიდა, გადაცემას საერთოდ მოუმზადებელი შეხვდა, რეაგირება ვერ მოასწრო და გაშვებულ ლელოს სასწაულით გადავრჩით.
შემდეგი ორი ეპიზოდი ორი სალელოვე შანსია, რომელთაგან ერთი ქარს გავატანეთ, ხოლო მეორე ლელოთი დავაგვირგვინეთ.
პირველ ეპიზოდში ოვალით მამუკა გორგოძეა, რომელიც მეტოქის მორკინალს ეძალება. საკმარისია აქ მამუკამ მარჯვნივ გაიხედოს და მის სტილში ბურთი ამოაგდოს, რომ ლელო თითქმის გარდაუვალია.
ბურთის ამოგდების შემთხვევაში, დიდი ალბათობით ორიდან ერთ-ერთი სცენარი ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
- კვირიკაშვილი ბურთის მიღების შემდეგ, სისწრაფის ხარჯზე დაჯაბნის დუმიტრუ-უმანგას წყვილს, შეძვრება უშველებელ სივრცეში და ლელომდე ირბენს
- მეორე ვარიანტში უმანგა მოახერხებს ამოგდებულ ბურთზე რეაგირებას და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვირიკაშვილის შებოჭვას ეცდება. ამ შემთხვევაში მეკოს ერთადერთი ფუნქცია რჩება – მიმყოლ თხილაიშვილსა და გორგაძეს პასი გადააწოდოს, რომელთა გამჩერებელი მოშიშვლებულ ფლანგზე უბრალოდ აღარავინ იქნება.
სამწუხაროდ მამუკამ პასი არ ამოაგდო და ლელოს დადების ასეთი კარგი შანსი ხელიდან გავუშვით.
და ბოლო ეპიზოდი, სადაც ყველაფერი თითქმის იდეალურად გავაკეთეთ.
პირველ სლაიდზე გარჩეული ხმალაძის ფეხით შეცურების მაგივრად ამჯერად ოვალი ფლანგზე ბოლომდე ჩავიტანეთ, რუმინელები რაქებში ჩავითრიეთ, ვასო ლობჟანიძეს ბურთი სწრაფად გამოაქვს ხაზზე თოდუასთან, სადაც უკვე სერიოზულ მეტობაში ვართ. ფლორინ ვლაიკუ ხედავს ამ დისბალანსს და გარდაუვალი ლელოს თავიდან ასაცილებლად მიდის უდიდეს რისკზე – არღვევს ხაზს და ამორბის ლაშა ხმალაძისკენ, რათა თოდუას პასის ჩაჭრა სცადოს. სანდროს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ეს ეპიზოდი ზედმიწევნით სწორად შეაფასა, პასის გაკეთება გადაიფიქრა და მეტოქის ლელოსკენ დაიძრა.
აქ უკვე ვლაიკუს სხვა აღარაფერი დარჩენოდა და მის შესაბოჭად გაიწია, თუმცა თოდუამ დროული პასით ხმალაძე მოძებნა და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო – შენანთან 4-1-ზე დარჩენილ ქართველებს ბურთის დამიწება აღარ გასჭირვებიათ.
ტაქტიკურად რაც არ უნდა განსწავლული იყო, მერე მას მოედანზე გადატანა და შესრულება სჭირდება. მიუხედავად ფლანგზე ამხელა უპირატესობისა, ერთი არასწორი პასი და შეიძლება ლელო იქეთ მიგვეღო. ასე რომ, სანდრო თოდუას წამის მეთედებში მიღებული სწორი გადაწყვეტილებები უნდა დავუფასოთ. ეს ლელო რომ დავდეთ დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა.
უნიათო „რაგბი ევროპა“
ჩემპიონატის მიმდინარეობისას ოფიციოზის უნიათობას არაერთხელ შევეხეთ, მაგრამ კვირას რაც მოხდა ეს უკვე ნამეტანი იყო.
როგორც ჩანს, „რაგბი ევროპაში“ საკუთარ დებულებებზე მეტად „6 ერისას“ კითხულობენ და თანაბარი ქულების შემთხვევაში ბობოლების ტურნირის რეგლამენტით იხელმძღვანელეს – გამარჯვებულად ქართველები გამოგვაცხადეს, თასი საზეიმო ვითარებაში გადმოგვცეს და მერე ბანკეტზე ბოდიშებით ჩამოგვართვეს. ამ ერთი მომენტიდანაც კარგად ჩანს თუ რამდენად უმაქნის ორგანიზაციასთან და ჩამყაყებულ სტრუქტურასთან გვაქვს საქმე, თუმცა ამ საკითხს ფართოდ მომავალში შევეხებით.
ასე დასრულდა წლევანდელი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, რომელიც აგერ უკვე ექვსი წელი არ წაგვეგო.
ტურნირის ზოგად შეფასებას, ქართველთა გამოსვლას, სელექციისა და მწვრთნელების შეფასებას მომდევნო კვირის შემაჯამებელ სტატიაში შემოგთავაზებთ.