დღეს, ბრიტანულ ყვითელ პრესაზე – Daily Mail-ზე დაყრდნობით ქართული სპორტული საიტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მზადაა, რომ საქართველოს 6 ერში გაწევრიანების სანაცვლოდ წლიურად 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თავშივე გეტყვით, რომ ქართულ საიტებზე გამოტანილი ეს მყვირალა სათაური როგორც მინიმუმ ფაქტების დამახინჯებაა და თუ უფრო ობიექტურად შევხედავთ – დეზინფორმაცია.
თავი დავანებოთ იმას, რომ „დეილი მეილი“ ალბათ ყველაზე ყვითელი გამოცემაა დიდ ბრიტანეთში და მისი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უბრალოდ სიცრუეა. სტატიაში მოცემული რამდენიმე ინფორმაცია და ინტერვიუერი გვაფიქრებინებს, რომ ეს სტატია რეალობასთან მაქსიმალურად ახლოა, ამიტომ უმჯობესია თუ მის სტრიქონებს გავყვებით და ვეცდებით ამოვიკითხოთ, თუ სად არის ნახსენები ყოფილი პრემიერის მხრიდან წლიურად 10 მილიონი ევროს გადახდის სურვილი. ერთადერთი ფრაზა, სადაც ათ მილიონს ახსენებენ, ეკუთვნის მილტონ ჰეიგს და ის იკითხება შემდეგნაირად: „გვითხარით, რა ფასის გადახდა მოგვიწევს? 10 მილიონი ევრო საკმარისია? ბოლო-ბოლო ან ვიტყვით, რომ “აჰა, 10 მილიონი, ჩვენ თამაშში ვართ, ან ვიტყვით, რომ არ შეგვიძლია გადახდა (თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ).“
როგორც ხედავთ, აქ ივანიშვილის გვარი საერთოდ ნახსენები არაა. მით უმეტეს, რომ ამ 10 მილიონს არც არავინ ითხოვს და ნაკრების მთავარი მწვრთნელის მხრიდან ეს უბრალოდ ჰიპოთეტური დაშვება იყო.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ასეთი შემოთავაზების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა მართლაც გადაიხადოს აღნიშნული თანხა საკუთარი ჯიბიდან, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და ვიტყვით, რომ ამ სტატიაში მსგავსი ინფორმაცია არსად იძებნება.
დიდი ინტერესის გამო ჩვენ ვთარგმნეთ აღნიშნული სტატია (მცირე ცვლილებებით) და მას ქვემოთ გთავაზობთ
საქართველო ექვს ერს კვალში უდგას… რეიტინგში ისინი იტალიაზე წინ არიან, აქვთ მილიარდერის მხარდაჭერა და მზად არიან გადაიხადონ 8.5 მილიონი ფუნტი, რათა უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მოიპოვონ
თბილისის სამხრეთით მდებარე ფერდობზე შუშისა და რკინის სასახლე დგას. სასახლისკენ მიმავალ გზაზე ხშირად შეამჩნევთ სატვირთოებს, რომელთაც აკვარიუმისთვის (რომლის ბინადარი ზვიგენი გახლავთ) ზღვის მარილი გადააქვთ.
რეზიდენციის მფლობელს, 1 მილიარდად შეფასებულ ხელოვნების ნიმუშებთან ერთად, ფარშევანგები, პინგვინები და ზებრებიც ჰყავს. „სულ რვა სახეობის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა სახეობას ვფლობ“ – ამტკიცებს ის.
წლების განმავლობაში სახეზეც კი ვერავინ ცნობდა სასახლის საიდუმლო ბინადარს. თუმცა იცოდნენ, რომ ის ეხმარებოდა თეატრს, ეკლესიებს და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს.
2011 წელს ის მზის შუქზე გამოჩნდა – ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პრემიერიც გახდა, შემდეგ კი ბარაკ ობამასა და დევიდ კამერონსაც კი შეხვდა. და ახლა, მილიარდერი, რომელმაც თავისით მიაღწია ამ ყველაფერს, აფინანსებს კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექვსი ერის წევრად გახდომას.
საქართველო რაგბის მსოფლიო რეიტინგში იტალიას უსწრებს. მაგრამ ელიტისტი ექვსი ერის ბოსები აბუჩად იგდებენ პრეტენდენტს. ტურნირი ქვედა მხრიდან კარგად არის ჩაკეტილი, მაგრამ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას გასაღები აქვს.
“გვინდა, საქართველოში მივიწვიოთ ექვსი ერის გენერალური დირექტორი ჯონ ფიენი, ან კომიტეტის რომელიმე წევრი. ჩვენ არასოდეს გვისაუბრია მათთან და გვაინტერესებს, რას ითხოვენ ჩვენგან – სათამაშო დონის მომატებას თუ დამატებითი თანხების გადახდას? ჩვენ ორივესთვის მზად ვართ“ – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
„გვითხარით, რა ფასის გადახდა მოგვიწევს? 10 მილიონი ევრო საკმარისია? ბოლო-ბოლო ან ვიტყვით, რომ “აჰა, 10 მილიონი, ჩვენ თამაშში ვართ, ან ვიტყვით, რომ არ შეგვიძლია გადახდა (თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ).“
ივანიშვილი ქართულ სოფელში, ღარიბ ოჯახში გაიზარდა. მას ყოველდღე მოყინული გზებით, ხუთი კილომეტრის გავლა უწევდა, სკოლაში რომ მისულიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ის ახლაც ძალიან კარჩაკეტილია (რასაც ვერ ვიტყვით მის შვილ ბერაზე, რომელიც სნუპ დოგთან ერთად რეპავდა), თუმცა ბიძინას ხშირად იხილავთ იმ 55 ათას მაყურებელთან ერთად, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მატჩებს ესწრება.
მისი ქონება დაახლოებით 800 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე დონალდ ტრამპისა. ივანიშვილს 12 საწვრთნელი ბაზა აქვს აშენებული, საქართველოს ნაკრებმა კი 2011 წლიდან ერთა თასის ყველა გათამაშება მოიგო. ქვეყანაში არსებობს სარაგბო ტელეარხი, ხოლო კაპიტანი მამუკა გორგოძე ლამის ყველა ავტობუსზეა გამოსახული.
დროა, ექვსი ერის ჩინოვნიკებმა თვალები გაახილონ!
„მორაგბეთა ნაკრებმა არაფრისგან დაიწყო, ახლა კი ფანჯრები ზანზარებს (გულშემატკივართა ემოციებისგან – ავტ.), როცა ჩვენ ვთამაშობთ“ – ამბობს ჰეიგი. „ადამიანებმა ყველაფერი გაყიდეს, კლუბები რომ შეენარჩუნებინათ. ჩვენმა ბიჭებმა საქართველოსთვის სისხლიც კი დაღვარეს“.
„2011 წელს რომ ჩამოვედი, სპონსორები 10 ათას დოლარს იხდიდნენ. ახლა ეს რიცხვი 300 ათას დოლარს გაუტოლდა. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნულ თამაშად ითვლება: ახალი ზელანდია და უელსი. საქართველოც ახლოა ამასთან. დროა, კარი გაიღოს!“.
„თუ ადამიანები საფრთხეს გრძნობენ, ამ დროს რა ხდება? მართალია – ისინი წრეს კრავენ და არავის აძლევენ შიგნით შეღწევის საშუალებას. მოგვეცით შანსი. თუ ორი-სამი წლის განმავლობაში დავიჯაბნებით და ყველა თამაშში 40 ქულიანი სხვაობით დაგვარბევენ (რაც ჩემი აზრით არ მოხდება), პირველები ვიტყვით: „ბოდიში, ბიჭებო, ისევ ჩვენს სოროში ჩავძვრებით.“
დღევანდელ დღეს იშვიათობაა, მაგრამ ნაკრებში სულ საქართველოში დაბადებულები თამაშობენ და ახალგაზრდული ნაკრები მაინც იფურჩქნება. ამ ზაფხულს იქ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ტარდება და ახალგაზრდულის ერთ-ერთ მწვრთნელ ლადო კილასონიას უნდა, რომ ახალმა თაობამ ახალი გვერდი გადაფურცლოს ქართული რაგბის ისტორიაში, რომელიც სათავეს სტალინის ეპოქიდან იღებს.
„1920-იან წლებში საფრანგეთის ორმაგი აგენტი საბჭოთა კავშირში გამოუშვეს. ის რამდენიმე ბიჭს რაგბს ასწავლიდა“ – ამბობს კილასონია. „როცა რეპრესიები დაიწყო, რამდენიმე მორაგბე ციხეშიც ჩასვეს. როგორც ამბობენ, ეს იმის გამო მოხდა, რომ სტალინს ჩერჩილი არ მოსწონდა და შესაბამისად, არ მოსწონდა არც რაგბი. იმ სარაგბო გუნდის ერთადერთი სურათი უკვალოდ გაქრა“.
„1990-იან წლებში ჩვენ ბეტონზე ვთამაშობდით და არანაირი დისციპლინა არ გვქონია, რადგან ჩვენი მოთამაშეების ნაწილმა ომისგან სულიერი, ხოლო ზოგმა ფიზიკური ტრავმა მიიღო“.
„2001 წელს ჩვენი ნაკრები დანგრეული შენობის ორ ოთახში ჩერდებოდა. არანაირი გათბობა ან წყალი, 23 მამაკაცს მხოლოდ სამი საბანი გვქონდა. მაგრამ ჩვენ ვამარცხებდით რუსეთს და ვიზრდებოდით წლიდან წლამდე“.
როგორც „დეილი მეილმა“ გაარკვია, ქართულ ფრენჩაიზზე დისკუსია უკვე დაწყებულია. რაგბის კავშირი აპირებს, მაღალი დონის საკლუბო ტურნირებზე კონკურენცია გასწიოს და მისდიოს არგენტინის მოდელს, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში გააღწია.
„ჩვენ მოლაპარაკებები გავმართეთ „პრო12-თან“ და „სუპერ რაგბთან“ – ამბობს ჰეიგი. „სამხრეთ ნახევარსფეროში კარები უფრო მეტად გახსნილია, რადგან, როგორც ჩანს იქ უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან რაგბის გლობალურ სპორტად ქცევის იდეას.“
ბევრმა ქართველმა მორაგბემ კარიერა ჭიდაობით დაიწყო. ისინი ამაყობენ თავისი ტრადიციით, რომელიც ყველა მატჩის შემდეგ ღვინის დალევაში გამოიხატება. სწორედ ამ მიზეზით, სულ ახლახანს კვართის ფერად წითელი ღვინის ფერი აირჩიეს.
დედაქალაქის არქიტექტურა ირანის, რუსების, ოსმალეთის იმპერიის და არაბების გავლენას განიცდის. საგრძნობია საბჭოთა სტილიც. ქალაქს ეტყობა, რომ სასტუმროების ინდუსტრია სწრაფად მზარდია. ადგილობრივები ძალიან კეთილგანწყობილები არიან და მზად არიან დასახმარებლად იმ შემთხვევაშიც კი, როცა ღამის 1 საათზე, მინუს 8 გრადუსში, აეროპორტის ტრანსფერთან დაკავშირებით რამე პრობლემებია.
ქალაქი ზედგამოჭრილია სატესტო შაბათ-კვირისათვის და რაგბის ჩინოვიკებმა საქართველო გამყინვარებიდან უნდა გამოიხსნან და მიიღონ 6 ერში. მნიშვნელოვანია დახურული კლუბის გახსნა და ერთ დროს კომუნისტური კავშირისთვის თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული კონკურენციის დაშვება.
„რაგბი ქართველის ხასიათში ზის“ – დასძენს ჰეიგი. „ეს ბიჭები მეომრები არიან. ისინი ათასობით წლის განმავლობაში მიწათმოქმედებას ეწეოდნენ და იცავდნენ თავის მამულს მტრის შემოსევებისგან. ჩვენი 9 ნომერი გიორგი ბეგაძე 2008 წელს, ცხინვალში რუსებს ებრძოდა.” რაგბი მათთვის თამაშის ჩარჩოებში მოქცეული ბრძოლაა. ბრძოლაში გამარჯვება კი მათი მოწოდებაა. ადრე ქართველები თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საქართველოს ექვს ერში თამაშის შანსი ექნებოდა. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ გამოვიდა უფროსი ძმის, რუსეთის ჩრდილიდან და მსოფლიო არენაზე წარსდგა. პატარა ძმა მზადაა, ამ ჩრდილიდან გამოძვრეს და გახდეს ზრდასრული.
დაბოლოს: დღესვე „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის კომენტარი, სადაც ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 8.5 მილიონი ფუნტის გადახდის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.