
ირლანდია – საქართველო
შესავალი
მეორე სათამაშო დღეს, ირლანდიელებმა ალბათ ტურნირის უდიდესი სენსაცია გამოაცხვეს და ახალ ზელანდიას 33:20 აჯობეს. სავარაუდოდ საქართველოს ნაკლებ სერიოზულად უდგებიან, შესაბამისად მწვანეთა მთავარმა მწვრთნელმა ნაიჯელ კაროლანმა გუნდში ცამეტი ცვლილება განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ მათ პირველ ხაზში ჯეიმს ბოლარდთან და ვინსენტ ო’ბრაიენთან ერთად სამი ნომრის პოზიციაზე ვახო აბდალაძე ითამაშებს.
მეორე ხაზი სრულიად ახალია – ევან მიტერნი და შონ ო’ქონორი. მესამე ხაზში კი გრეგ ჯოუნსი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ზელანდიის წინააღგმდეგ დაიწყო, მას ქონალ ბუმერი და კელვინ ბრაუნი ამოუდგებიან მხარში.
გუნდის კაპიტანი 12 ნომერი პოლ კიერნანია.
ნაიჯელ კაროლანმა (მწ.) საქართველოზე შემდეგი სიტყვები თქვა: „ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ, რადგან ორივე მატჩი მოვიგეთ. საქართველო ძალიან ფიზიკური გუნდია, რომელიც უელსს ბოლო წუთამდე ეთამაშა. ისინი ამ თამაშით მოტივაციას შეიძენდნენ და თავდაჯერებულები იქნებიან ჩვენთან თამაშის დროსაც. ტურნირი ისეა ორგანიზებული, რომ მატჩები ძალზედ მალ-მალე მოდის, ასე რომ მთლიანი გუნდის გამოყენებაა მნიშვნელოვანი.“
საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა. 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძის ნაცვლად ვასილ ლობჟანიძე დაიწყებს, აგრეთვე – გიორგი ხუროშვილის ნაცვლად კვაჭის პოზიციაზე ლაშა საჯაია გაირჯება. დემურ ეფრემიძემაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად მიხეილ ბაბუნაშვილი იქნება.
რეალობა
მოცემულობა ასეთია – ირლანდიელმა ახალგაზრდებმა პირველ ორ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო პატარა „ბორჯღალოსნები“ კი დამარცხდნენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ორივე გუნდისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან „აირიშები“ ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას ინაღდებენ, ხოლო ქართველთათვის კი ეს პირველი და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შანსია სადებიუტო ტურნირზე. თანაც, ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ქულები შემდეგ ათმაგად ფასეულია. დიდი ალბათობით, გაბრაზებული ზელანდიელები უელსს დაამარცხებენ, რაც ქართველებს გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილზე დასრულების უმცირეს შანსს აძლევს.
როგორც ჩანს, ირლანდიელებს აქვთ იმის რესურსი, რომ მატჩიდან მატჩამდე გუნდის როტაცია განახორციელონ. ასეთი „ფუფუნება“ ქართველებს არ აქვთ, შესაბამისად ირლანდიელები დღევანდელ მატჩში ბევრად უფრო დასვენებულები იქნებიან.
პროგნოზი
როგორც ნაიჯელ კაროლანმა აღნიშნა, ქართველები უელსთან მატჩის შემდეგ პოზიტიურ განწყობაზე იქნებიან და დიდ ბრძოლას გამართავენ. მატჩის ბედი საბოლოოდ ალბათ მეორე ტაიმში გაირკვევა. როგორც არაერთგზის თქმულა, ნამდვილი რაგბი მე-60 წუთიდან იწყება, შესაბამისად ბევრი რამ სწორედ ბოლო ოც წუთში გადაწყდება.
საბოლოო ჯამში, პატარა „ბორჯღალოსნების“ შემართება საკმარისი არ აღმოჩნდება, დაღლილობაც თავს იჩენს და ირლანდიელები რთულ გამარჯვებას იზეიმებენ.
ჩვენი ვარაუდით, ანგარიშში სხვაობა 15 ქულა იქნება.