მთავარი / 20 წლამდე / ისევ დისციპლინა!

ისევ დისციპლინა!

ირლანდია - საქართველო (ფოტო: Georgian Rugby)
ირლანდია – საქართველო (ფოტო: Georgian Rugby)

 

გახსოვთ შარშანდელი ალაფის პირველი მატჩი?

მაშინ, ურუგვაისთან ფაქტიურად მოგებულ მატჩში, გუნდური ჩხუბი ატყდა და კაპიტანი – ბადრი ალხაზიშვილი გაგვიძევეს. მანამდე, მთელი თამაშის განმავლობაში, ჩვენ შერკინებას (რომელიც ზუსტად ისე ჩაგრავდა ურუგვაელებს, როგორც წელს ზელანდიას, უელსსა და ირლანდიას) პირიდან დამცინავი ღიმილი არ მოშორებია. რაგბის მთავარი პრინციპიც ხომ გახსოვთ? – მეტოქის პატივისცემა. აი, იმ თამაშში, არაფერი გვეტყობოდა რომ მეტოქის მიმართ პატივისცემა გაგვაჩნდა და მოსახდენიც მოხდა: მეორე ტაიმში მამა-პაპური კრივიც გაჩაღდა და მისი მთავარი მოქმედი პერსონა ჩვენი ნაკრების კაპიტანი იყო. არადა, როგორც წესი, სწორედ კაპიტანი უნდა იყოს ყველასთვის მისაბაძი მაგალითი და სანიმუშოდ დისციპლინირებული მორაგბე.

გუშინდელ მატჩს აღარ გაგახსენებთ. ალბათ ყველას თვალწინ გვიდგას სპანდერაშვილის მოქნეული მუშტი და მკერდში მიყოლებული წიხლი.

რა შეიცვალა ამ ერთ წელში?

დისციპლინის მხრივ – არც არაფერი. ისევ ისეთი უდისციპლინოები ვართ, როგორც სათამაშო, ასევე არასათამაშო ეპიზოდებში.

ჩავლილ სამ თამაშში გვაქვს 3 ყვითელი, 1 წითელი და ორიც დისკვალიფიკაცია (9 და 1 კვირიანი).

როდესაც ჩვენსა და პირველი დონის ნაკრებებს შორის განსხვავებებზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება სწორედ დისციპლინაა. ისე არ მინდა ვინმემ გაიგოს, თითქოს დიდი ნაკრებები არ უშვებენ მსგავს შეცდომებს და გუნდს არ აღალატებენ მოთამაშეები, მაგრამ ეს ყველაფერი იქ მინიმალურ დონეზეა დაყვანილი და ადეკვატური რეაქციაც მოყვება ხოლმე.

ჩვენთან რა ხდება ამ დროს და საერთოდ სად არის პრობლემა?

რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ზედიზედ მეორე წელია გუნდში საშინელი უდისციპლინობაა და მწვრთნელის პირველი მოვალეობაც ეგ უნდა იყოს, მსგავსი ფაქტები რომ აღიკვეთოს. ფაქტია, ილია მაისურაძემ და მისმა დამხმარეებმა ეს ვერ მოახერხეს.

თუმცა, პრობლემა უფრო ღრმაა და ბევრად კომპლექსური.

პრობლემა არის ბავშვთა მწვრთნელებში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – თავად მშობლებშიც.

არ შეიძლება ტრიბუნიდან შვილს უყვიროდე – მიდი, რას უყურებ, მოაჭამე მაგას თავიო. დაუშვებელია, 10-12 წლის ბავშვს მშობელი შედეგის დადებას, მოწინააღმდეგის დაღეჭვას, გადავლას  და მიწასთან გასწორებას თხოვდეს. არ შეიძლება 10 წლის ბავშვს „საომრად“ უშვებდე. შესაბამისად, მწვრთნელებიც იძულებულნი არიან (ბევრი მისივე ინიციატივითაც) მოთხოვნის შესაბამისი რაგბი ათამაშონ ბავშვებს, მოთამაშეები სხვა, „წარმატებულ“ და შედეგიან დამრიგებლებთან რომ არ გაექცეთ.

რაგბი ომი არ არის – რაგბი თამაშია. ძალისმიერი, ვაჟკაცური და დიდებული სპორტი. მისი მიზანი „ყელის გამოჭმა“, ცემა-ტყეპა და მოედანზე ხმალამოღებული სირბილი არ არის. ამიტომაც არ შეიძლება ბავშვობიდან ამხელა ფსიქოლოგიური ტვირთის (თან არასწორის და გაუმართლებელის) აკიდება მოთამაშეებისთვის. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სპორტსმენებს ზრდიან და არა მტერთან მებრძოლ რაინდებს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რაგბი მარტო სპორტი არ არის – ცხოვრების წესიაო და დავეთანხმები. მაგრამ, არ შეიძლება კბენა და წიხლების ქნევა ვუქციოთ ახალგაზრდა მოთამაშეებს ცხოვრების წესად. ბოლომდე ბრძოლა, თავდადება და „ჯიგრით“ თამაში, ამ არასპორტულ-არარაგბული გამოვლინებების გარეშეც შეიძლება და აუცილებელიცაა.

მეორე სერიოზული პრობლემა განათლებაა.

გუნდში პრაქტიკულად არავინ იცის ინგლისური. არადა, რაგბში მსაჯთან კომუნიკაცია და მისი მოსმენა ერთ-ერთი უმთავრესია.

მირიან მოდებაძე უელსთან თამაშში შევაქეთ და ირლანდიასთანაც მშვენივრად ითამაშა. უბრალოდ, ორი ძალიან ცუდი შეცდომა დაუშვა: ერთხელ დაკიდებულ ბურთს მიყვა ოფსაიდიდან და მეორედ რაქიდან წესების დარღვევით ამოიღო ბურთი. ორივე შემთხვევაში მსაჯმა გააფრთხილა მოდებაძე რომ წესებს არღვევდა, მაგრამ მან ან არ მოუსმინა არბიტრს, ან უბრალოდ ვერ გაიგო რას ეუბნებოდნენ.

რაგბის კავშირმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ამ პრობლემას ყურადღება და ისე უნდა იმოქმედონ, რომ ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრილ ბიჭებს მაინც, ელემენტარული ინგლისურის სწავლის მოტივაცია ჰქონდეთ.

რაც შეეხება თავად თამაშს, იგი ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო – უკვე მეხუთე წუთზე, ვასკა ლობჟანიძემ ბურთი ორჯერ დაიქნია, ირლანდიის დაცვა გააბითურა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართული ლელო დადო. მოძღვრიშვილმა ზუსტად გარდასახა და 7-0.

ვასილ ლობჟანიძის ლელო
ვასილ ლობჟანიძის ლელო (ფოტო: worldrugby.org)

 

ირლანდიელებმა უმალ შემოგვიტიეს, მოკლე ფრთაზე ბურთი სწრაფად გაგვითამაშეს და ლელოს ლელოთი უპასუხეს.

თუმცა, ლელომდე რამოდენიმე წამით ადრე, სპანდერაშვილმა მიუტევებელი საქციელი ჩაიდინა – ძირს წაქცეულ მეტოქეს ჯერ მუშტი, შემდეგ კი წიხლი უთავაზა და სრულიად სამართლიანად დაისაჯა წითელი ბარათით.

ამის შემდეგ ქართველებს ერთადერთი ამოცანაღა დარჩათ – მატჩი რაც შეიძლება ნაკლები სხვაობით წაეგოთ.

პატარა ბორჯღალოსნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ და ზელანდია-უელსის მომგებ გუნდთან ბოლომდე იბრძოლეს.

ტრადიციულად შესანიშნავი იყო შერკინება მიწოლაში და ირლანდიელებს სისხლიც გაუშრეს. კარგად ვიდექით დაცვაშიც და სწრაფად ვასწრებდით გადაწყობას. შეტევაშიც, წინა თამაშებისგან განსხვავებით, შედარებით თამამად ვმოქმედებდით, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ დიდი უპირატესობები არ შეგვიქმნია და საწყისი წუთების მერე სალელოვე შანსიც აღარ გვქონია.

კვლავ ძალიან კარგად ითამაშა შერკინების ბურჯმა – თორნიკე მატარაძემ. რომელსაც, ეჭვი გვაქვს, ამ მსოფლიოს მერე საქართველოს ჩემპიონატში აღარავინ დატოვებს. დაცვაში კარგად მოქმედებდა მთელი უკანა ხაზი და რამოდენიმეჯერ ლელოსაც გადაგვარჩინეს. ამ ბიჭებს აქვთ ზრდის პოტენციალი და იმედია მათი პროგრესი არ გაჩერდება.

კიდევ ერთი კომპონენტი, რაშიც წამყვან გუნდებს შესამჩნევად ჩამოვრჩებით, ეს არის რაქში თამაში. ირლანდიელებმა საკუთარ რაქს არ მიგვაკარეს, ხოლო ჩვენსაში ბევრჯერ დაგვაჯარიმეს. თუ გვინდა ამ დონეზე ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ, ამ ასპექტში მომატება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

სამწუხაროდ, ამ ტურნირზე უკვე ტრადიციად გვექცა აუტებში საშინელი თამაში. ეს კომპონენტი უბრალოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პირველ რიგში, ეს მწვრთნელების პასუხისმგებლობაა.

ფოტო: Georgian Rugby
(ფოტო: Georgian Rugby)

 

არადა, მეტოქის 22-ში სუფთად მოგებულ პირველივე აუტს ლობჟანიძის ლელო მოჰყვა. წარმოიდგინეთ, წარმატების რამდენად მეტი შანსი გვექნებოდა იგივე უელსთან და ირლანდიასთან, სიმწრით მოპოვებულ შესატევ პლაცდარმს მეტოქეს რომ არ ვაბარებდეთ და აქეთ არ ვიღებდეთ კონტრშეტევებს.

ამ მატჩში სამწუხარო კიდევ ის მოხდა, რომ ოთია გიორგაძეს მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინეს და იტალიასთან მატჩში ვერ ითამაშებს. ასევე დაშავდნენ ბაბუნაშვილი და გორგაძე. დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება ქანდაურაშვილი და სპანდერაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ილია მაისურაძემ ირლანდიასთან მატჩში საბრძოლო შემადგენლობა დააყენა და გარდა ტრავმებისა, ასეთი მატჩის შემდეგ, 4 დღეში ძალების აღდგენა ბიჭებს ძალიან გაუჭირდებათ.

რამდენად მართებული იყო უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ძირითადი შემადგენლობის გამოყვანა და ირლანდიისთვის ბოლომდე შესკდომა, ეგ იტალიასთან გამოჩნდება.

თუკი ბიჭები ჯანმრთელად იქნებიან, ძალების აღდგენას მოასწრებენ, აუტში სიტუაციას გამოვასწორებთ, დისციპლინას მივხედეთ და ჩვენი თამაში ვითამაშეთ, იტალიელებთან გამარჯვების შანსი აუცილებლად გვექნება. ჩვენი ფინალიც ეს არის და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ასევე ნახე

სამხრეთაფრიკელთა ლიდერი ტრავმირებულია!

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ U20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთაფრიკელთა უდაო ლიდერი, ფრანკე ჰორნი ტრავმირებულია …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

3 × 5 =