მთავარი / 20 წლამდე / ისტორიული გამარჯვება!

ისტორიული გამარჯვება!

საქართველო იტალია 18-17
საქართველო იტალია 18-17 (ფოტო: Georgian Rugby)

საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული პირველი გამარჯვება იზეიმა. პატარა ბორჯღალოსნებმა იტალიის მომავალი ანგარიშით 18-17 დაამარცხეს.

თუმცა, ანგარიშში მინიმალური სხვაობა ნამდვილად არ ასახავს იმ უპირატესობას, რომელსაც ქართველები ფლობდნენ მატჩის მიმდინარეობისას. რომ არა რამოდენიმე დასანანი შეცდომა და კარში ცუდად დარტყმული ბურთები, ანგარიშში სხვაობა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. თავად განსაჯეთ, სამი დადებული ლელოდან ვერცერთი გარდავსახეთ, რასაც სამ აცილებულ ჯარიმასაც თუ დავუმატებთ, დანაკლისი 15 ქულას შეადგენს. აღარაფერს ვამბობთ მატარაძის ვერდადებულ ლელოზე, როცა ერთი პასით შეგვეძლო ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურება.

თორნიკე მატარაძის ლელო (ფოტო: Georgian Rugby)
თორნიკე მატარაძის ლელო (ფოტო: Georgian Rugby)

რა შეიძლება ითქვას მეტოქეზე: იტალიელები ცდილობდნენ ხაზის გაშლას და ფლანგებზე უპირატესობის შექმნას, თუმცა ამას ისეთ ნელ ტემპში აკეთებდნენ, ჩვენი დაცვა ასწრებდა გადაწყობას და დაცვის ორგანიზებას. ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც მათ უპირატესობა ჰქონდათ, ეს იყო დერეფანი, სადაც ფაქტიურად უშეცდომოდ მოქმედებდნენ.

იტალიელებმა პრობლემები ვერც რაქში შეგვიქმნეს. ქართველები ახერხებდნენ ბურთზე კონტროლის შენარჩუნებას და შეტევის შემდეგი ფაზის ორგანიზებას. მათგან უფრო მეტ წინააღმდეგობას ველოდით დანიშნულ შერკინებებში, თუმცა პატარა ბორჯღალოსნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდნენ ამ კომპონენტში და საკვანძო მომენტებში ჯარიმებიც გამოიმუშავეს. რამაც საშუალება მოგვცა თამაშის მიმდინარეობა ჩვენთვის სასურველ რიტმში გადაგვეყვანა.

ჩვენს თამაშს რაც შეეხება, აშკარად გამოსწორებული იყო დერეფანი, თუმცა იდეალურისგან შორს იდგა და ამ კომპონენტზე მუშაობა გასაგრძელებელია. კვლავ პრობლემად რჩება კარში დარტყმა, რამაც არ მოგვცა გამომოშავებული ჯარიმების ქულებში ასახვისა და თამაშის დაწყნარების საშუალება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გელა აფრასიძემ მოახერხა ნერვების მოთოკვა და რთული ჯარიმის გატანა. ღია თამაშში ტექნიკური წუნი ფაქტიურად არ გვქონია, თუმცა ერთი-ერთზე ჯახში უპირატესობის ხაზის გადაკვეთა გვიჭირდა. აღსანიშნავია, რომ მოვიკოჭლებდით ტაქტიკურ დარტყმებში და საკუთარი 22-დან მოგერიებული ბურთის შემდეგ, იტალიელებს რომოდენიმეჯერ სახიფათო კონტრიერიშის საშუალება მივეცით.

(ფოტო: Georgian Rugby)
(ფოტო: Georgian Rugby)

და ყველაზე მთავარი: ლელო, რომელიც მთელი თამაშის მშვენება იყო, რომელსაც ნებისმიერი გრანდი მოაწერდა ხელს და ვფიქობთ სამართლიანადაც მოხვდება მინიმუმ ტურის საუკეთესო ლელოებში.

ამ ლელოში იყო ყველაფერი, რაც რაგბს ალამაზებს:

  • მელიქიძის ჩარბენა;
  • გორგაძის დანახული ღრიჭო და მაღალ სისწრაფეზე ხაზის გაჭრა;
  • აფრასიძის კარგი მიყოლა და შესანიშნავი შექცეული პასი;
  • ლობჟანიძის მიერ მეტოქის კონტაქტით მოცილება და ბურთის მეტოქის 5 მეტრიან ხაზამდე მიტანა (სადაც ის მხოლოდ წესების დარღვევით გააჩერეს და რისთვისაც იტალიელი ალბათ ყვითელსაც იმსახურებდა);
  • აფრასიძის მიერ რაქიდან ხაზზე სწრაფად გამოტანილი ბურთი;
  • კვესელაძის მიერ იერიშში ჩართული კოშაძე
  • და ამ უკანასკნელის მომსხეპი პასი მიმინოშვილზე, რომელმაც მშვენიერი ფინტით მოძრაობაზე დაიჭირა მეტოქე და ბურთი ლელოში გადადო.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო იტალიაზე უკეთესი გუნდი იყო, დამსახურებულად გაიმარჯვა და ყველას დაუმტკიცა, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ღირსია.

სასიხარულოა, რომ 2017 წელს, საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე  მხოლოდ მასპინძლის სტატუსით არ მივიღებთ მონაწილეობას და ეს ჩვენი თამაშით/ნაჩვენები შედეგით დავიმსახურეთ.

ასევე ნახე

სამხრეთაფრიკელთა ლიდერი ტრავმირებულია!

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ U20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთაფრიკელთა უდაო ლიდერი, ფრანკე ჰორნი ტრავმირებულია …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

1 × 1 =