“რაგბი ევროპის ჩემპიონატში” (ყოფილი ერთა თასი) გამარჯვების შემდეგ ბორჯღალოსნები ოკეანეთიდანაც დაუმარცხებელნი დაბრუნდნენ სამშობლოში. წინ არანაკლებ საინტერესო ნოემბერი გველის. რას ფიქრობს ბორჯღალოსნების დამრიგებელი მომავალ ტესტებზე, როგორია სამხრეთული ტურნეს მისეული შეფასება და ქართული რაგბის როგორ მომავალს ხედავს ახალზელანდიელი თავკაცი. ამ და ჩვენთვის საინტერესო სხვა საკითხებზე გვესაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
არსებობს მოსაზრება, რომ „რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის“ გადავიზარდეთ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა გეგმები გქონდათ, რას ისახავდით მიზნად გასულ „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ და შეასრულეთ თუ არა ისინი?
გეგმის პირველი ნაწილი მდგომარეობდა იმაში, რომ კარგად გვეთამაშა, ვინაიდან წლევანდელი ერთა თასი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იყო პირველი ტურნირი, სადაც შესაძლებლობა გვქონდა გვეთამაშა შინაურ კედლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგრძელებინა განვითარება და შეგვენარჩუნებინა ის სტანდარტები, რომლებსაც მივაღწიეთ გასული წლის მსოფლიოზე. ეს იყო ჩვენი გეგმა და სწორედ ამიტომ ნაკრების კომპლექტაციისას შევარჩიეთ ძირითადად ის ბიჭები, რომლებმაც ინგლისში ითამაშეს. წლევანდელი ერთა თასი არ გამოგვიყენებია იმისათვის, რომ ბევრი ახალგაზრდა გამოგვეცადა, ვინაიდან ჩვენ გვინდოდა კარგად თამაში და ტურნირის დამაჯერებელად მოგება. საკმაოდ სერიოზულად მოვეკიდეთ აღნიშნულ ტურნირს, რაზეც ის ფაქტებიც მეტყველებს, რომ 3 თამაშში მოვაგროვეთ მინიმუმ 30 ქულა, პორტუგალიასთან 29 და რუმინეთი დავამარცხეთ დიდი სხვაობით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გულშემატკივრების წინაშე კარგად გვეთამაშა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რა გეგმებიც დავისახეთ, მივაღწიეთ კიდეც.
გერმანიასთან შეხვედრაში ორი მგეზავით ვითამაშეთ (ხმალაძე-მალაღურაძე). ეს გადაწყვეტილება ტრავმებით იყო გამოწვეული, თუ გარკვეული ტაქტიკის ნაწილია და შესაძლოა მომავალშიც ვიხილოთ იგივე?
ტრამვებმა მოგვცა შესაძლებლობა მალაღურაძის შუამარბის პოზიციაზე დაყენებით უფრო მეტად გაგვეშალა ბურთი და ცენტრში სხვა წყვილს ეთამაშა. უნდა ვეცადოთ არა მარტო არსებული კომბინაციების (საუბარია მორაგბეებზე – ავტ.) დახვეწა, არამედ იმ მოთამაშეების არეალის გაფართოებაც, რომლებიც უმტკივნეულოდ შეძლებენ ტრამვირებულის ადგილის დაკავებას.
რა საფრთხეებია ორი ათი ნომრით თამაშის დროს და რახან მგეზავი თორმეტი ნომერივით კარგი დამცველი ვერ არის, მოდის თუ არა მეტი წნეხი/დატვირთვა სხვა პოზიციებზე? (მაგალითად: 13 ნომერზე, ან მესამე ხაზზე)
არა, არ ვფიქრობ, ვინაიდან ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორი სელექცია და შესაბამისი მოთამაშის დაყენება აღნიშნულ პოზიციაზე. მალაღურაძე ძალიან კარგია დაცვაში, რაც მან მსოფლიოზე ზელანდიასთანაც აჩვენა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით მის დაცვით შესაძლებლობებში. როდესაც ორი მგეზავით თამაშობ, მნიშნელოვანია, რომ ეს ხალხი სწორად იყოს შერჩეული და მათ შეეძლოთ დავალების შესრულება.
შიდა შუამარბის პოზიციაზე როგორ მოთამაშეს ანიჭებთ უპირატესობას: ჯანიან მოთამაშეს, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის დაცვის გაგლეჯვა; ჭკვიან მორაგბეს, მოედნის კარგი ხედვით და ინტერვალებში შესვლის უნარით; თუ არსებობს მესამე ვარიანტიც – ფაქტიურად მეორე მგეზავი, რომელიც კარგად ხმარობს ფეხს და ტაქტიკური დარტყმებით ტერიტორიის მოგებაზეა მომართული?
დამოკიდებულია მოწინააღმდეგეზე და იმ მოთამაშეებზე, ვინც გყავს მოცემული მომენტისათვის. რამდენიმე წელია, რაც ჩვენი არჩევანი არის ხმალაძე, შარიქაძე და კაჭარავა. ეს ბიჭები ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან შეთამაშებულნი. აღნიშნულ შემთხვევაში გვყავს როგორც ჭკვიანი მორაგბეები, ასევე კარგი შემტევი შარიქაძე და გაუვალი დამცველი კაჭარავას სახით. ზოგადად უნდა შევხედოთ მთლიან სურათს, რის საშუალებას გვაძლევს 10-12-13-ის მოცემული კომბინაცია და თუ არ გვაკმაყოფილებს, მხოლოდ შემდეგ უნდა ვიფიქროთ ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, უკეთესიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე სავსებით მისაღებია.
მინდა გკითხოთ, 2017 წელს გასამართ „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“: როგორც ვიცით, ეს ტურნირი მსოფლიოს საკვალიფიკაციოა და ჩვენ უკვე გასულები ვართ მსოფლიო თასზე, ასევე ჩვენს მოწინააღმდეგეებს ჩვენთან შეხვედრებში ქულები არ დაეწერებათ და შესაძლოა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მოთამაშეებიც დაზოგონ. რა მოტივაცია უნდა გვქონდეს ამ ტურნირში და რა მიზნები გვაქვს?
არ დაგვავიწყდეს, რომ ბორჯღალოსნები წელიწადში მაქსიმუმ 11-12 ტესტს თამაშობენ და „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 5 შეხვედრაში ბიჭები თავისი ქვეყნის ღირსებას იცავენ. მნიშვნელოვანია, ეს ყველამ გაითავისოს, რომ არ აქვს მნიშნელობა გერმანიას ვხვდებით თუ ზელანდიას. გამომდინარე იქიდან, რომ გულშემატკივრები ჩვენგან უპირველეს ყოვლისა გამარჯვებას ელიან, მნიშვნელოვანი იქნება კარგი გუნდით გასვლა და თამაში. თუმცა, სავარაუდოდ, მომავალ წელს უფრო დიდი დოზით ვიხილავთ ახალგაზრდა მოთამაშეებს. ახლა ძნელია თქმა, მაგრამ შეიძლება იყოს 60% გამოცდილი ბიჭებისა და 40% ახალგაზრდების ნაზავი, მოწინააღმდეგიდან გამომდინარე შეიძლება 70/30 იყოს. ეს ყველაფერი იმაზეც იქნება დამოკიდებული, განვითარების რა ეტაპზე ვიქნებით. 2017 წელი უფრო ექსპერიმენტების წელი იქნება, როცა ჩვენ შევეცდებით იმ მოთამაშეებისთვის შემცვლელების საქმეში ნახვას, ვინც 2019-ში უკვე ვეღარ შეძლებენ მაღალ დონეზე თამაშს. მომავალ წელს გულშემატკივრები ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად იხილავენ რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდას.
გადავიდეთ წყნარი ოკეანის ტურნეზე: საიდუმლო არ არის, რომ ნაკრებისგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ მოემზადეთ ამ მატჩებისთვის და რა იყო მიზანი?
ვიცი, რომ არცთუ ისე ბევრს სჯეროდა ჩვენი წარმატების, მაგრამ როგორც ზელანდიელს, მე მჯეროდა, ვინაიდან მიმუშავია კუნძულელებთან და ვიცნობ მათ. ყველაფერი დადის თამაშისთვის მზადებაზე. არა იმდენად ფიზიკურ ნაწილში, ვინაიდან ბიჭები საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობენ და შესაბამისი წრთობა აქვთ გავლილი, რამდენადაც მოწინააღმდეგის თამაშის სტილისა და ტაქტიკის გაცნობაში. კარგად უნდა გაგვეანალიზებინა მეტოქე, რისთვისაც ვნახეთ ყველა მათი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე და შევისწავლეთ მათი სისუსტეები, რომელთა გამოყენებაც დავისახეთ მიზნად. ეს პროცესი თითქმის სამი თვის განმავლობაში ხდებოდა და სამწვრთნელო შტაბის ერთგვარი საშინაო დავალება იყო. შემდეგ მნიშნელოვანი იყო კუნძულებზე ადრიანად ჩასვლა, რომ საკმარისი დრო გვქონოდა დამღლელი, თითქმის 42 საათიანი, მგზავრობის შემდეგ დასასვენებლად და ძალების აღდგენისათვის. ჩვენ წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით, რომელიც ჩვენთვის ქრეგ ვაითმა (ფიზმომზადების კონსულტანტი – ავტ.) შეადგინა და ძალიან დაგვეხმარა არა მარტო ამ ტურნესთვის მზადებაში, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზეც. ვიცოდით, რომ სამოასთან ტესტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის, ვინაიდან თუ კარგად ვითამაშებდით და შედეგსაც მივაღწევდით, ბიჭები ირწმუნებდნენ საკუთარ ძალებს და ეს ტურნეს ბოლომდე გაგვყვებოდა. მართალია ფრედ დავასრულეთ, თუმცა ვფიქრობ მაინც გვქონდა მოგების შანსი, მაგრამ არასაკმარისი მოთმინება გამოვავლინეთ ბოლო წუთებში. ტონგასთან თამაშის წინ უკვე თითქმის 2 კვირა ვიყავით კუნძულებზე და საკმარისად შევეჩვიეთ იქაურობას, ძილიც მოგვიწესრიგდა, საკვებიც და ვარჯიშიც მშვენიერი იყო და ვიცოდით, რომ რაც სამოასთან დაგვაკლდა მოთმინების სახით, აქ უნდა გამოგვესწორებინა. რაც პრინციპში ვნახეთ კიდეც; ბოლო 5 წთ-ის განმავლობაში ყოვლისმომცველი დომინირება შევძელით მეტოქის 22-ში და საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ კიდეც. აღნიშნულმა წარმატებამ ბიჭებს კიდევ უფრო შემატა თვითდაჯერებულობა. ფიჯი, რა თქმა, ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ როდესაც ჩვენ სტატისტიკური ანალიზი გავაკეთეთ და ბიჭებს ვაჩვენეთ, ვნახეთ, რომ მათი საუკეთესო მხარე არის შეტევა, მაშინ როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით ბიჭების დარწმუნება, რომ თუ გავაუმჯობესებდით ჩვენს შეტევებს და დაცვაც ძველებურად გაუვალი იქნებოდა, ჩვენ შეგვეძლო ამ თამაშის მოგება. ასეც მოხდა, კონკრეტულად ამ თამაშში ჩვენ უპირობოდ უკეთესი გუნდი ვიყავით. დასკვნის სახით გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი პროცესია, რომელიც დამოკიდებულია დაგეგმვაზე, მზადებასა და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგია, ვინაიდან ქართული რაგბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩავწერეთ. დინამიკაში თუ შევხედავთ მსოფლიო ჩემპიონატს, „რაგბი ევროპის ჩემპიონატს“ და ტურნეს კუნძულებზე, ვნახავთ რომ ვვითარდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუ ასე გავაგრძელებთ, რეიტინგშიც წავიწევთ წინ და „მსოფლიო რაგბი“ და „6 ერის“ ქვეყნებიც უფრო მეტ ყურადღებას მოგვაქცევს.
რა იყო ჩვენი გეგმა და თუ გაგაკვირვეს კუნძულელებმა რაიმე ტაქტიკური სიახლით?
ეს სამივეს ეხება – თუ მათ მისცემ საკმარის დროს და სივრცეს, გვერდით ჩაგიქროლებენ და დაღუპული ხარ. კრიტიკულად მნიშნელოვანი იყო მათთვის სივრცის და დროის შეზღუდვა, რისთვისაც დაცვაში ხაზის დროულად შევსება გვჭირდებოდა. როგორც კი რაქიდან ბურთს გამოიტანდნენ, სწრაფად უნდა ჩაგვეხურა. თუ ამას მოვახერხებდით, ვიცოდით, რომ წნეხის ქვეშ მოვაქცევდით. მნიშვნელოვან შეხვედრებს იგებს დაცვა. რა თქმა უნდა, შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო კარში დარტყმა იქნება თუ ლელოს დადება, მაგრამ ზოგადად ასეთი მაღალი დონის მატჩებში დაცვა გადამწყვეტია.
ქართულ სოციალურ მედიაში მყარად ჩამოყალიბდა აზრი, რომ თქვენ იცით, როგორ დაამარცხოთ წყნარი ოკეანეთის წარმომადგენლები. თქვენს რეცეპტს ხომ ვერ გაგვიზიარებდით?
დაახლოებით 10 წელი ვავარჯიშებდი კუნძულელებს ზელანდიაში, ვიცნობ მათ ფსიქოლოგიას, ვიცი როგორ ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ ზოგადად თუ მენტალურად კარგად მოვემზადებით და ფიზიკაც ხელს გვიწყობს, შეგვიძლია წნეხის ქვეშ ვამყოფოთ არა მარტო კუნძულელები, არამედ იგივე შოტლანდია. მართალია, არგენტინასთან ეს მხოლოდ ერთი ტაიმი შევძელით და შემდეგ მძიმედ დავმარცხდით, მაგრამ ისევ ჩვენ უნდა შევძლოთ უფრო დიდი ხნის მანძილზე კონცეტრირება და თუ შევძლებთ, წარმატებაც მოვა.
ნოემბრის ტესტები გვიახლოვდება. ვხედავთ, რომ დიდი პროგრესი აქვთ შოტლანდიასა და იაპონიას. სამოას თითქოს უჭირს, თუმცა ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მომატება და ძალიან ძლიერი გუნდის დაყენება. რას ველოდებით ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან და როგორ ვემზადებით მათთან შესახვედრად?
იაპონიაც და სამოაც აქ ძალიან კარგად მომზადებული ჩამოვლენ. ჩვენ ვერ შევძლებთ მათ გაკვირვებას, როგორც ვთქვათ, რამდენიმე წლის წინ. ეს, რა თქმა უნდა, გაგვირთულებს საქმეს, მაგრამ თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, უკეთესად უნდა ვივარჯიშოთ, უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეთ ყველა, არა მარტო მოთამაშეები, არამედ სამწვრთნელო შტაბი, ექიმები, ანალიტიკოსები და ა.შ. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი მათ მიმართ, კარგი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, „რაგბი ევროპის ჩემპიონატიც“ და სამხრეთული ტურნეც, მაგრამ საქართველოს ისტორიაში პირველად გვაქვს შანსი წელი დავამთავროთ წაუგებლად, რაც მანამდე არ მომხდარა. შეიძლება მომხდარა უკრაინასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან, მაგრამ არა ამ დონეზე. ეს უნდა იყოს მოტივატორი. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვეყოლება და კარგად მოემზადებიან ჩვენთან შესახვედრად, მაგრამ ჩვენ იმაზე უკეთ უნდა მოვემზადოთ, ვიდრე აქამდე ოდესმე ვყოფილვართ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფსიქოლოგიურად სწორად და კარგად ვხვდებით ნოემბერს და მე მჯერა, თუ კარგად დავგეგმეთ და სელექციაც სწორად წავრმართეთ, განსაკუთრებული ნოემბერი გველის წინ.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა იქნება ამ სამ მატჩში კარგი და მისაღები შედეგი?
ნოემბრის მეტოქეებიდან ნებისმიერის დამარცხება უკვე კარგი შედეგია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თამასა აწეულია, ვფიქრობ სამიდან ორი გამარჯვება ძალიან კარგ შედეგად ჩაითვლება. შოტლანდიის კალიბრის გუნდის დამარცხება უკვე ფანტასტიკური იქნება, ვინაიდან ევროპა დაინახავს, რომ საქართველო მძინარე გოლიათი კი აღარ არის, არამედ უკვე გამოღვიძებული გოლიათია. რა თქმა უნდა, ამისკენ მივისწრაფით და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან რთული იქნება, ვინაიდან მეტოქეებმა უკვე იციან, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვიმედოვნებ, რომ მოთამაშეებიც აგვყვებიან. ვნახოთ, რა იქნება.
ზოგიერთ მთავარ მწვრთნელს თანაშემწეთა მთელი არმია ჰყავს (შერკინების, დერეფნის, უნარ-ჩვევების, ფეხით თამაშის და ა.შ.), რა თქმა უნდა, საქართველო ვერ მისცემს თავს ამხელა ფუფუნების უფლებას ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. როგორია თქვენთვის ოპტიმალური სამწვრთნელო შტაბი?
გრძელვადიან პერიოდში ჩვენ არ გვჭირდება ათი მწვრთნელი, მაგრამ იმაზე მეტი ნამდვილად საჭიროა, ვიდრე ახლა გვყავს. გვჭირდება ისეთი ხალხი, ვინც დადებით როლს ითამაშებს იმაში, რასაც ვაკეთებთ, ვინც დამატებით ღირებულებას შეგვძენს. ვფიქრობ, 4 მწვრთნელი და ტექნიკური მრჩეველი (რომელიც ტექნიკურ საკითხებში დაგვეხმარება) საკმარისი იქნება: დაცვის, შეტევის, შერკინების (მიუხედავად იმისა, რომ აქ კარგად ვართ, განვითარება მაინც გვჭირდება) და უნარ-ჩვევების ან დარტყმის სპეციალისტი. ეს უკანასკნელი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან ტაქტიკური დარტყმების გამოყენება ხდება როგორც დაცვაში, ასევე შეტევისას და დიდი გუნდების უმრავლესობას ჰყავს. გასათვალისწინებელია, რომ შერჩეული კანდიდატები უნდა მოერგონ იმ გარემოს, რომელშიც მოუწევთ მუშაობა და თუ ასეთი ხალხი ვერ შევარჩიეთ, მაშინ არსებული ორი მწვრთნელი გავაგრძელებთ მუშაობას.
ხმები დადის, თითქოს ასისტენტები უკვე შერჩეული გყავთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და შეგიძლიათ თუ არა მათი დასახელება ან იმის თქმა, რომელ სარაგბო სკოლას წარმოადგენენ?
ამ ეტაპზე არ შემიძლია, ვინაიდან ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა. ზოგადად ვიტყვი, რომ გვჭირდება როგორც ზოგადი სარაგბო უნარ-ჩვევებისა და შეტევის განვითარება, ასევე ტაქტიკური დარტყმების დახვეწა. იმ გეგმის მიხედვით, რომელიც 2019 წლისათვის გვაქვს, მოწვეულმა სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ არა მარტო ეროვნულ, არამედ ასაკობრივ ნაკრებებთან, ვინაიდან ჩვენ უნდა აღვზარდოთ ის ბავშვები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ არა მარტო 2019 არამედ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზეც. ასეთი ხალხი ამ ეტაპზე არ გვყავს, თუმცა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ახლოს ვართ მიზანთან. სავარაუდოდ, შემდეგი 4 კვირის განმავლობაში გამოვაცხადებთ. გასული მსოფლიოს შემდეგ არა მარტო ჩემი, არამედ რაგბის კავშირის სურვილიცაა, რომ სამხრეთელი სპეციალისტები გვყავდეს როგორც ასაკობრივ, ასევე ეროვნულ ნაკრებში.
როგორია ქართული რაგბის სიღრმე და რომელი პოზიციაა ყველაზე პრობლემატური? თქვენ აღმოაჩინეთ ვასილ ლობჟანიძე. თუ არიან სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც თქვენი თვალთახედვის არეალში? არსებობს მოსაზრება, რომ თუკი რამოდენიმე საკვანძო მოთამაშე გამოგვაკლდება, საქართველოს ნაკრები სულ სხვა გუნდი იქნება. რა იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ცოტა სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან სამხრეთული ტურნეს წინაც იყო მსგავსი მოსაზრებები, რომ შეთხელებული რაზმით ვერ მივაღწევდით სასურველ შედეგს. რეალობა ისაა, რომ რაგბი კონტაქტური სპორტია და დაშავების ალბათობა მაღალია. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ რეზერვი. სასურველი იქნებოდა, დამატებით 1-2 კაცი კვაჭის პოზიციაზე, გვყავს ტულონში ახალგაზრდა ბიჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც უკვე მოვიაზრებთ, მაგრამ დამატებით კიდევ გვჭირდება ახალგაზრდა ბიჭები ასაკობრივი ნაკრებიდან. მეორე ხაზია მტკივნეული პოზიცია, რა თქმა უნდა აქაც გვყავს კარგი ბიჭები, მაგრამ ზოგადად მაღალი მეორეხაზელების დეფიციტი გვაქვს. შემდეგი პოზიცია არის მგეზავი, სადაც ტრამვების შემთხვევაში გაგვიჭირდება. 20წ ნაკრებიდან ძალიან მოხარული ვარ რამდენიმე უკანახაზელით, მათ შორის ფულბეკით. ძალიან კარგი ბიჭები მოდიან, რომლებთანაც უნდა ვიმუშაოთ თამაშის გააზრების მიმართულებით. აკადემიებში მუშაობენ და ვფიქრობ 2019-2023 წლისათვის ქართულ რაგბს კიდევ უფრო დიდი პროგრესი ექნება. ზოგადად ბევრს ვმუშაობთ ახალგაზრდების მიმართულებით, ვაკვირდებით და ვეძებთ პერსპექტიულ მოთამაშეებს. 20 წლამდელთა მსოფლიოს ყველა თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი ბიჭები არიან. #7 (გიორგი ცუცქირიძე – ავტ.) ძალიან კარგი იყო, ბურჯები გამოირჩნენ. ჩვენზე უკეთესად ვერავინ ზრდის ბურჯებს. „ბრამბიზის“ მორკინალების მწვრთნელს ვესაუბრებოდი და დაინტერესდა, თუ არის შესაძლებელი ბურჯების გაგზავნა.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა უნდა გააგზავნოს ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეები ზელანდიურ სარაგბო აკადემიებში. რა აზრის ხართ ამ იდეაზე?
ჩვენ ვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები გავგზავნოთ ზელანდიაში. იქაურმა აკადემიებმა და რაგბის კავშირებმა 3 პროგრამა შემოგვთავაზეს. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ – უნდა გავითვალისწინოთ როგორც პროგრამა, ასევე ის თუ წელიწადის რომელი მონაკვეთია ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ გვქონდა გეგმა სექტემბერ-ოქტომბერში გაგვეგზავნა 2-3 ახალგაზრდა, მაგრამ ვიზების გამო ჭიანურდება. თუმცა თებერვალ-მარტში აუცილებლად გავუშვებთ ბიჭებს, სავარაუდოდ ქენთერბერის პროგრამით, ძალიან კარგი პროგრამა აქვთ. სამხრეთ აფრიკა მეორე ალტერნატივაა ამ მიმართულებით. ვეცდებით, მომავალ წელს იქაც გავუშვათ მორაგბეები.
ნათელია, რომ გვიჭირს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, ზოგადად თამაშის გააზრება. პრობლემების გვაქვს დერეფანში. ეროვნულ ნაკრებში გამოვასწორეთ, მაგრამ 20 წლამდელების მაგალითზე ვხედავთ, რომ ეს ზოგადად პრობლემაა. თამაშის განახლებისას დაკიდებული ბურთებზეც მოვიკოჭლებთ, არადა გრანდები დიდ ყურადღებას უთმობენ თამაშის ამ კომპონენტს. რამდენად გვეთანხმებით და რა კეთდება მათ აღმოსაფხვრელად?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველად გავედით ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს თავისთავად მეტყველებს განვითარების იმ გზაზე, რომელიც გავიარეთ. შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც შევხვდით ინგლისში (ზელანდია, ირლანდია, უელსი, იტალია და საფრანგეთი), ჩვენგან განსხვავებით თავიანთ ასაკობრივ პროგრამებზე მილიონობით დოლარს ხარჯავენ. ჩვენთვის ამ ეტაპზე უპირველესი ამოცანაა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. ასევე, ნუ დავუკარგავთ ღვაწლს მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, რომლებმაც დაამარცხეს იტალია; ერთი ტაიმი ტოლ-სწორად ითამაშეს ირლანდიასთან; ბოლომდე ანერვიულეს უელსი და საფრანგეთსაც პერიოდულად შეუქმნეს პრობლემები. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის აღქმა და გააზრება, ასევე წნეხის ქვეშ მოქმედება. გასაგებია, რომ პირველად მოხვდე მსოფლიოზე და ითამაშო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც ავსტრალია, ზელანდია და აფრიკა არიან, შეიძლება შიშისმომგვრელიც კი იყოს. მომავალ წელს ვმასპინძლობთ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს, რაც უდიდესი მოვლენაა ჩვენთვის. სამყარო ერთ დღეში არ შექმნილა და ჩვენც ვეცდებით, რომ ახალგაზრდებს გავუზიაროთ იმ მწვრთნელების ცოდნა და გამოცდილება, რომელთა შერჩევაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ვფიქრობ, შემდეგ 8 თვეში, 20 წლამდელთა ეს გუნდი დიდ პროგრესს განიცდის და ყველანი ვიამაყებთ მომავალ წელს.
ცალკე მინდა გამოვყო სერიოზული პრობლემები დისციპლინაში. როგორც ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე წინა წლებში ეროვნულ ნაკრებში, მწვავედ იდგა დისციპლინის საკითხი. როგორ გესახებათ უდისციპლინობის პრევენცია და საბოლოო ჯამში ამ პრობლემის გადაჭრა?
ჩემი პირველი დაკვირვება, როცა 2012-ში ჩამოვედი აქ, იყო ის ფაქტი, რომ საოცრად უდისციპლინოები ვიყავით. შემდეგ დავიწყეთ იმაზე მსჯელობა, თამაშში რამდენი ჯარიმის აღება იქნებოდა მისაღები 12? 8? 7? თამაშის მერე განხილვისას რომ დავიწყეთ შედარება, ბიჭებმა ნელ-ნელა გააცნობიერეს, რომ ჩემ მიმართ კი არა, ერთმანეთის მიმართ იყვნენ პასუხისმგებლები თავიანთ საქციელზე. და დაიწყო ცვლილებები მათ ქცევაში, ვინაიდან ერთია რა უნდა მწვრთნელს – მაგალითად მაქსიმუმ 10 ჯარიმა, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც თვითონ ბიჭები მსჯელობენ ამაზე. რაც შეეხება ჩხუბს მოედანზე, კანადასთან 2013 წლის შემდეგ არ გვიჩხუბია. იყო პროვოკაციის მცდელობები, მაგრამ ამაოდ. ისევ ინდივიდის დისციპლინამდე მივდივართ. ვიღაცამ მუშტი გითავაზა, არ უპასუხო, მეტოქეს გააგდებენ და ჩვენ ვიხეირებთ. თუ უპასუხებ, ჩვენიანსაც გაადებენ. თუ ათეულში გვინდა დამკვიდრება, ასეთ რამეში არ უნდა იყო გარეული. ჩამოსვლიდან პირველი ორი წელი დისციპლინა ნამდვილად ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
როგორ აღიქვამენ მოთამაშეები მწვრთნელების მხრიდან წამოსულ კრიტიკას და იყო თუ არა ეს გამოწვევა, როცა საქართველოს ნაკრების გაწვრთნას იწყებდით?
ამ მხრივაც ძალიან განვვითარდით, მონიტორზე გამოგვაქვს სათამაშო სიტუაცია და ბიჭები თვითონ აანალიზებენ და შეცდომის შემთხვევაშიც თვითონვე აღიარებენ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა ბოლო 6-8 თვეში, რომ ბიჭები ერთმანეთის მიმართ გრძნობენ პასუხისმგებლობას და შეცდომის დაშვების შემთხვევაში აღიარებენ ამ შეცდომას, რაც შემდგომი განმეორების პრევენციისათვის უპირველესი ნაბიჯია.
რა განსხვავებაა ბობოლებსა და ე.წ. მეორე დონის ქვეყნებს შორის? 2015 წლის მსოფლიო თასის მერე ეს განსხვავება კვლავ მცირდება?
ვფიქრობ, სხვაობა მცირდება, ვინაიდან მეორე ეშელონის ქვეყნების პროფესიონალიზმის დონე იზრდება ყველა მიმართულებით (კვება, ფიზ-მომზადება, მწვთნელები). ზოგიერთი მეორე ეშელონის ქვეყანას გრანდებზე არანაკლები მწვრთნელები ჰყავს. მივიჩნევ, რომ სხვაობის ასეთი შემცირება ორგანული ზრდის შედეგია და იმის მიუხედავად, რომ საუკეთესო 4-5 გუნდსა და დანარჩენებს შორის მაინც დიდი უფსკრულია, 2019 კიდევ უფრო დააახლოვებს დონეებს. მაგალითად, ახლა საქართველომ რომ დაამარცხოს რომელიმე პირველი ეშელონიდან, არა მგონია, ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყოს, ვინაიდან ასეთი მოლოდინი უკვე არსებობს გამომდინარე ბოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან.
ახალი ზელანდია დაახლოებით საქართველოსხელა ქვეყანაა მოსახლეობის რაოდენობით, თუმცა ბოლო წლებში ისევე დომინირებენ რაგბში, როგორც „დრიმ თიმი“ კალათბურთში. როგორ ახსნით ამას, რა მიზეზები აქვს?
ზელანდიას დანარჩენი მსოფლიოსგან გამოარჩევს ის ფაქტი, რომ მათი რაგბის ფილოსოფია და სტრუქტურა მკვეთრად განსხვავებულია. დაწყებული 5 წლის ასაკიდან იქნება ეს სკოლის გუნდი, პროვინციათა ნაკრები თუ სუპერ რაგბის ფრანჩაიზი, ყველგან არიან უმაღლესი დონის მწვრთნელები და ზოგადად უკიდურესად პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი. შესაბამისად მოთამაშე მისი განვითარების ყველა სტადიაზე იღებს ყველაზე მოწინავე ცოდნას და ვითარდება უაღრესად კონკურენტულ გარემოში.
ზოგიერთი ექსპერტი შეშფოთებულია რაგბის პოპულარობის ვარდნით ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში. იგივეს ვერ ვიტყვით ზელანდიაზე, თუმცა აშკარად ჩანს სტადიონზე დასწრების პრობლემა იგივე „სუპერ რაგბის“ თამაშების დროს. თქვენი აზრით, რაშია პრობლემა?
წლების განმავლობაში ხდება ასე. ყველაფრის სათავე ტელევიზიაა, რომელიც საშუალებას გაძლევს სახლში ბუხართან ლუდით ხელში კომფორტულად უყურო თამაშს და არ გაითოშო სტადიონზე, ვინაიდან წლის მოცემულ პერიოდში ზელანდიაში გვარიანად ცივა. სამივე სამხრეთული ქვეყანა მუდმივად იბრძვის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებში მოსახვედრად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად დასწრების დაბალი მაჩვენებლისა, მათი დონე ძალიან მაღალია.
„სუპერ რაგბი“ ალბათ ყველაზე ძლიერი საკლუბო ტურნირია მსოფლიოში. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იაპონელების პროგრესი იქნება უფრო დიდი და ჩვენ გაგვიჭირდება მათთან დაწევა, რადგან ისინი თამაშობენ „სუპერ რაგბის“ ტურნირს. რა არის გამოსავალი ჩვენთვის?
გამოსავალი ისაა, რომ შევუერთდეთ სუპერ რაგბს. არის გარკვეული მოსაზრებები და ინიციატივები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა მონაწილეობა მივიღოთ სუპერ რაგბის გათამაშებაში. რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარება გარდამტეხი იქნება რაგბის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში, ვინაიდან საშუალება გვექნება ყოველკვირა ვეთამაშოთ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ 6 ერის, ჩელენჯ ქაფის თუ ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩართვის მცდელობებზე. ჩვენთვის მთავარია, უკეთეს შეჯიბრებაში რეგულარული მონაწილეობით განვვითარდეთ და გავიზარდოთ ისევე, როგორც იაპონია ნოემბერში იქნება მკვეთრად განსხვავებული გუნდი და ძალიან ძალიან ძნელი იქნება მათთან თამაში; გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი სეზონი ითამაშეს სუპერ რაგბის ტურნირში.
თუკი ჩავერთვებით „სუპერ რაბში“, ალბათ დაგვჭირდება პრობლემატურ პოზიციებზე გაძლიერება, რათა ღირსეულად გამოვიდეთ ამ ტურნირზე. რა აზრის ხართ უცხოელი ლეგიონერების (მაგალითად კუნძულელების) დამატებაზე და შემდგომში მათ ეროვნულ ნაკრებში ინტეგრაციაზე?
იდეალურ შემთხვევაში ყველა ლეგიონერი უნდა დავაბრუნოთ საქართველოში. ვინაიდან თუ გვინდა, რომ ქართული რაგბი განვითარდეს, „სუპერ რაგბის“ ჩვენი ფრანჩაიზის მოთამაშეთა უმრავლესობას ქართველები უნდა შეადგენდნენ. შესაძლოა, დავიმატოთ რამდენიმე რუმინელი, ისევე როგორც რამდენიმე რუსი (კომერციული მხარეც გასათვალისწინებელია). არ ვფიქრობ, რომ კუნძულელები უნდა დავიმატოთ, ვინაიდან ჩვენი საქმეა ქართული რაგბის განვითარება და არა პრობლემის მოკლევადიანი მოგვარება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მარკეტინგულადაც და ზოგადადაც, სუპერ რაგბის ფრანჩაიზი აღმოსავლეთ ევროპის გუნდია – ქართველები, რუმინელები და რუსები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ერთი წლით შეიძლება მოიწვიო ვინმე პრობლემური, მაგალითად გარემარბის, პოზიციის შესავსებად. პირველივე ჯერზე აქ რომ ჩამოვედი, მთხოვდნენ ორი ზელანდიელის დამატებას – 9 და 10 ნომრების, მაგრამ უარით გავისტუმრე. თქვენ უნდა აღზარდოთ საკუთარი მორაგბეები, ეს არის ჩემი ფილოსოფია.
როგორი ტიპის მწვრთნელი ხართ? მოთამაშეებთან მეგობრული ურთიერთობის მომხრე ხართ, თუ უფრო დისტანცირებას ამჯობინებთ?
უფრო მოთამაშეებზე ორიენტირებული. აქ გატარებული არასრული 5 წლის განმავლობაში ძალიან კარგად გავიცანი ბიჭები, ისინიც მიცნობენ, იციან როდის ვხუმრობ და როდის ვარ სერიოზული. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ლიდერებთანაც და ახალგაზრდებთანაც. თუ ოდესმე მომიწევს ამ ქვეყნის დატოვება, მინდა რომ ბიჭებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მინდოდა მათი უკეთეს მოთამაშეებად და ადამიანებად ქცევა. ამისათვის კი საჭიროა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომელიც მუდმივად უბიძგებს როგორც მოთამაშეს, ასევე მწვრთნელებს განვითარებისაკენ.
დიდი ხანია უკვე საქართველოში ცხოვრობთ. ყველაზე მეტად რა გენატრებათ ზელანდიური?
ზღვა, სანაპირო და ტალღები… კიდევ ზღვის პროდუქტები. სხვა არაფერი, ვინაიდან გვიყვარს აქაურობა და კარგად ვგრძნობთ თავს. არც ღვინო, არც ზოგადად საკვები, მაგრამ ქვიშიანი სანაპირო და კარგი ზღვის პროდუქტები ნამდვილად. რა თქმა უნდა, ნათესავები და მეგობრებიც.
ყველაზე მეტად რასთან შეგუება გაგიჭირდათ საქართველოში (რა თქმა უნდა საგზაო მოძრაობის გარდა)?
არც კი ვიცი, ალბათ ენა, რთული იყო სასწავლად და კომუნიკაცია გვიჭირდა თავიდან, თუმცა მეც უკვე მესმის და ჩემი ქალიშვილი თავისუფლად ფლობს ქართულს. რაც შეიძლება საგზაო მოძრაობას, უნდა ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით ოდნავ გამოსწორებულია სიტუაცია.
და ბოლო კითხვა: ვის თვლით ამ წლის საქართველოს და მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებად?
„ბინგო“ (გიორგი ჩხაიძე – ავტ.), ან გიორგი ნემსაძე… ან ორივე ერთად… მსოფლიოში ბოდენ ბარეტი. წელს ძალიან კარგად თამაშობს, „ჰარიქენზშიც“ და „ოლ ბლექსშიც“ ძალიან გამორჩეულია.