დღეს, 19:15-ზე, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ მატჩს გავმართავთ, სამხრეთ აფრიკულ “საუზერნ კინგზთან”, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ შევხვდებით შოტლანდიას, რომელიც საქართველოში ჩამოსული ტიერ 1-ის პირველი ქვეყანა იქნება.
მილტონ ჰეიგსა და ფილ ჰილის ამ მატჩებზე, ნაკრების მოსამზადებელ პროცესზე და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ
რაგბი XV: ბატონო მილტონ, დავიწყოთ ყველაზე მთავარით, როგორ მიდის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესი?
მილტონ ჰეიგი: კარგად. ამჯერად ორ ბლოკზე ვმუშაობთ. თბილისში ეს ესაა დავამთავრეთ პირველზე მუშაობა – ეს არის ფიზიკური მომზადება და თამაში მაღალ ინტენსივობაზე. ჩვენ ვცდილობთ, მივუახლოვდეთ ტიერ-1 ქვეყნების სტანდარტს და მათნაირად მაღალ ტემპში ვითამაშოთ, მაგრამ ამისთვის ჯერ ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად მიდის საქმე.
რაგბი XV: თქვენ თქვით, რომ წინა მსოფლიოსთან შედარებით 25%-ით უკეთ ვართ მომზადებული. ეს გაზომვადი კრიტერიუმია თუ უბრალოდ თქვენი აზრია?
მილტონ ჰეიგი: ზუსტი ინფორმაცია ვერ გვექნება, რადგან 2015 წლის მონაცემებს არ ვინახავდით. მაშინ ნაწილობრივ მოყვარულების დონეზე ვიყავით რაღაც ასპექტებში – ახლა GPS და პულსის მონიტორინგი გვაქვს. სიჩქარეებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ახლა ბევრად უკეთესები ვართ, ვიდრე 2015-ში ვიყავით. თუ შევხედავთ ახლა რასაც ვაკეთებთ, ვფიქრობ, 20-25 %-ით უკეთესები ვართ. მოთამაშეებსაც თუ კითხავთ, ისინიც დაგიდასტურებენ, რომ ასეთი დატვირთვით აქამდე არასოდეს უვარჯიშიათ.
რაგბი XV: კითხვა გვაქვს ბატონ ფილ ჰილისთან. ყველა ამბობს, რომ ჩვენი მოთამაშეები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ეს განსაზღვრავს ჩვენი თამაშის სტილს, მაგრამ, როგორაა საქმე გამძლეობაში და ზოგადად, ფიზიკური მომზადების სხვა ასპექტებში?
ფილ ჰილი: კი, ფიზიკურად საქართველო ძალიან ძლიერია. რაც შეეხება გამძლეობას, ფიტნესს, ჩვენ გვაქვს GPS, შესაბამისად გაზომვის საშუალება და ვფიქრობთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. მე ვადარებ ამ მონაცემებს იმას, რაც მინახავს ზელანდიაში, შოტლანდიაში ანუ ტიერ 1-ის საუკეთესო სტანდარტებს და საკმაოდ იმედიანი და კარგი განწყობა მაქვს, მოთამაშეები მზად იქნებიან მსოფლიო თასისთვის. ვფიქრობ, არავის ჩამოვუვარდებით.
რაგბი XV: ბატონო ფილ, თქვენ ამ კუთხით ძალიან საინტერესო გუნდს წვრთნიდით – „ჩიფსი“ სტატიკაში მოიკოჭლებდა, მაგრამ ამას აგრესიული დაცვითა და მაღალი ტემპით აკომპენსირებდა. შესაბამისად, ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოთამაშეები მათ სტანდარტს შეესაბამებიან?
ფილ ჰილი: ვფიქრობ, პრობლემა არ უნდა იყოს. აქ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებს. რაც შეეხება „ჩიფსის“ ვარჯიშს, მომზადება მაინც რაღაც კუთხით მსგავსია და თუ რიცხვებს შევხედავთ, რომელიც ობიექტური მაჩვენებელია, მგონი იმ დონეს ვუახლოვდებით და შეიძლება ვაუმჯობესებთ კიდეც.
რაგბი XV: ტექნიკური კუთხით, რამდენად კმაყოფილი ხართ? აღჭურვილობა ხომ არ გვაკლია, თუ ყველაფერი გაქვთ?
ფილ ჰილი: არა, არაფერი გვაკლია, ყველაფერი ისეა, როგორც მიჩვეული ვარ. ჩვენს მოთხოვნებს შეესაბამება.
რაგბი XV: ბატონო მილტონ, შოტლანდიასთან მატჩზე რომ ვისაუბროთ, საფრანგეთთან ცოტა ცუდად გამოიყურებდნენ. როგორ ფიქრობთ, ეს ნამდვილი ტესტ-მატჩი იქნება თუ მსოფლიო თასის წინ კარტებს არ გავხსნით?
მილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან მატჩისთვის ცხადია ბევრ რამეს ვითვალისწინებთ და კონკრეტული ამოცანები გვექნება. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, არ გვინდა ყველაფერი ვაჩვენოთ, რადგან სხვა გუნდები – უელსი, ფიჯი, ავსტრალია, ურუგვაი აუცილებლად ნახავენ ამ თამაშ და გაარჩევენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, აუცილებელი და მნიშვნელოვანია შოტლანდიასთან გამოვცადოთ ის, რის გამოყენებასაც მსოფლიო თასზე ვაპირებთ. ასე რომ, რაღაც-რაღაცები იქნება, მაგრამ არა ყველაფერი.
რაგბი XV: ეს თქვენი ბოლო მატჩი იქნება თბილისში, რას გრძნობთ?
მილტონ ჰეიგი: ამას თამაშის მერე ვიტყვი. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ადვილი არ იქნება. როდესაც ცხოვრების 8 წელს უძღვნი რაღაცას და ამდენს რამეს დებ მასში, მასთან განშორება ადვილი არაა. ბოლო მატჩი რთულია, მითუმეტეს ამ ქვეყანაში.
რაგბი XV: შეგიძლიათ, შეადაროთ ეს და 2015 წლის გუნდი პოზიციების მიხედვით?
მილტონ ჰეიგი: ცალკეულ პოზიციებს არ შევადარებ, ერთს ვიტყვი, რომ 2015 წელთან შედარებით უკეთეს სიტუაციაში ვართ. სხვა თუ არაფერი, სიღრმე გვაქვს მეტი. მაშინ საკმაოდ მცირე კონტიგენტიდან ვირჩევდით. დღეს ვიცით, რომ რამდენიმე კარგი მოთამაშე გუნდს მიღმა დარჩება. ეს კონკურენცია აიძულებს მორაგბეებს, რომ მეტი იმუშაონ.
რაგბი XV: ჩვენი თამაში მაღალ ბურთზე გაუმჯობესდა, მაგრამ რაქი კვლავ პრობლემატურია. რას იტყვით ამაზე?
მილტონ ჰეიგი: სტატისტიკას ვუყურებთ ამის შესახებ, 96% შემთხვევაში გვაქვს 3 წამზე ნაკლები რაქი, მაგრამ ამოცანაა, რომ სულ ასე გვქონდეს. ამისთვის, რამდენიმე კომპონენტია საჭირო – კონტაქტში შესვლა, მიყოლა და ყველაზე პრობლემატური – ბურთის სწორად ჩადება. ამაზე გრემი (რაუნთრი) მუშაობს და თანაც ძალიან ბევრს. პროგრესით კმაყოფილები ვართ.
რაგბი XV: გამოყოფდით მოთამაშეებს, რომლებიც გამოირჩევიან ვარჯიშზე? ვისით ხართ კმაყოფილი?
მილტონ ჰეიგი: ყველა კარგად მუშაობს, კმაყოფილი კი მე პირადად არასოდეს ვარ, პერფექციონიზმი მახასიათებს. ვცდილობ, სულ გავაუმჯობესოთ შედეგები, ხან წახალისებას ვიყენებ, ხან სასჯელს, მოთამაშეები მიცნობენ და იციან ამის შესახებ.
რაგბი XV: ბატონო ფილ, ასე თუ ისე გავეცანით თქვენ კვლევას ცივი წყალის მოხმარებაზე, ზოგიერთი ვარჯიშის დეტალების შეცვლაზე. ეს პატარა დეტალები ასეთი მნიშვნელოვანია თუ მაინც ზოგადი მომზადების დონეა გადამწყვეტი?
ფილ ჰილი: მთავარი მაინც სამი კომპონენტია: ძილი, კვება, სითხის მიღება, მაგრამ ეს დეტალები გიმატებს 2%-ს აქ, 2%-ს იქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როდესაც მოკლევადიანი პროგრამა გაქვს, რადგან საშუალებას გაძლევს, სწრაფად აღიდგინო ძალები.
რაგბი XV: ჩემი, როგორც მოყვარულის მოლოდინი მაინც იყო, რომ ასეთ დეტალებზე უფრო ტოპ გუნდები არიან ორიენტირებულები, ჩვენ იქამდე ბევრი გვაკლდა. ასევე, მაინტერესებს, რამდენად იცვლება მომზადება – მეცნიერულად ხომ არ ხდება გარღვევები, რამდენად გაიზარდა ფიზმომზადების დონე?
ფილ ჰილი: ჩვენთანაც საჭიროა, მაგალითად, გვყავს ძალიან კარგი კვების სპეციალისტი ინგლისიდან – რას ვჭამთ, რამდენს ვჭამთ, როდის ვჭამთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მილტონ ჰეიგი: ბაზისზე ვმუშაობთ, მაგრამ, როცა მიდიხარ პირამიდის წვერისკენ, გაუმჯობესება სულ საჭიროა. იგივე, ისეთ მატჩში, როგორც უელსთან გვქონდა, როდესაც ანგარიშში სხვაობა ძალიან მცირე იყო. 2%-ს 1 დეტალი შეგმატებს, 2%-ს მეორე და 10-მდე ადიხარ და ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
რაგბი XV: ანუ ეს 10% გვაკლდა 2015 წელს?
მილტონ ჰეიგი: როგორც ვთქვი, 2015 წელს რაღაც ასპექტებში მოყვარულები ვიყავით. იგივე კვება ვახსენეთ, ამაზე ადრეც ვსაუბრობდით, მაგრამ ისეთ ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევდით, როგორც ახლა. არადა, ეს სულ ახლახანს იყო. მაშინ უბრალოდ ვიცოდით, რომ უნდა მოვმზადებულიყავით და ამან ნორმალური შედეგი მოგვცა.
რაგბი XV: და ტიერ 1-ის ქვეყნები – ისინიც ვითარდებიან ამ კუთხით, თუ ისედაც უმაღლეს დონეზე არიან? იგივე ახალი ზელანდია, განვითარდა ბოლო წლებში?
ფილ ჰილი: დიახ, ისინიც განვითარდნენ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სავარჯიშო პროცესი დასაგეგმია იმ მოთამაშეებისთვის, რომელიც გყავს. რაც გამოადგება უელსს, შეიძლება არ გამოგადგეს შენ ან ახალ ზელანდიას. მაგრამ, როდესაც მიზნისკენ მივდივართ, ასეთ უამრავ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია აღდგენა, რომ უკეთესად ივარჯიშო და გავიმეორებ, მთავარი მაინც სამი კომპონენტია: ძილი, კვება, სითხეების მიღება. თუ ფუნდამენტი ეს არ გაქვს, ზემოდან რაც არ უნდა დააშენო, აუცილებლად ჩამოგენგრევა. მაგალითად, ახალ ზელანდიას ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს და პატარ-პატარა დეტალებს აუმჯობესებენ. ჩვენ ახლა ვუყრით ყველაფერს თავს და ამ მცირე დეტალებსაც ვაქცევთ ყურადღებას, რაც შანსს მოგვცეს მეტი ვივარჯიშოთ უნარებზე და უფრო ინტენსიურად.
რაგბი XV: ბატონო ფილ, როდესაც მიიღეთ შემოთავაზება სამსახურზე, რა იცოდით საქართველოზე? რას ელოდით და რა დაგხვდათ?
ფილ ჰილი: გულწრფელად რომ გითხრათ, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მილტონი იყო აქ. მოლოდინი მქონდა, რომ კარგი შერკინება და კარგი მოლი დამხვდებოდა, მინდოდა, ეს ყველაფერი საქმეში მენახა. როცა ჩამოვედი, იმედები ნამდვილად არ გამცრუებია. რამაც მიმიზიდა იყო ის, რომ მათ სურდათ, სხვა ასპექტებშიც განვითარებულიყვნენ, ასევე, მიმიზიდა იმ უამრავმა ადამიანმა, რომლებმაც მომმართეს, რომ მემუშავა მილტონთან და მის გუნდთან ერთად და მონაწილეობა მიმეღო განვითარების პროცესში.
რაგბი XV: ბატონო მილტონ, ფიჯი მაინცდამაინც არ ბრწყინავდა ბოლო მატჩებში. როგორ შეაფასებდით ჩვენს შანსებს მათთან?
მილტონ ჰეიგი: რომ გაიგო, რა შეუძლია ფიჯის, საკმარისია ნახო მათი ლელო სამოასთან, რომელიც ბოლო თამაშისას, თერნოვერიდან დადეს. ფიჯის რამდენჯერმე შევხვდით და ვიცით, რას უნდა ველოდოთ და ამ მატჩს უნდა ველოდოთ. მაგრამ, ისევ და ისევ, ჩვენ არ ვემზადებით მხოლოდ ფიჯისთვის, ჩვენ ველოდებით მსოფლიო თასს და ფიჯი ერთ-ერთია იმ 4 გუნდიდან. რომელთანაც მოახლოვდება მატჩი, მასზე გავაკეთებთ აქცენტს. ახლა მთლიანად „საუზერნ კინგზსა“ და შოტლანდიის ნაკრებზე ვართ ფოკუსირებული. იაპონიაში როდესაც ჩავალთ, უფრო მეტს ვიფიქრებთ მოახლოებულ მატჩებზე.
რაგბი XV: გულშემატკივრების უმეტესობა ფიქრობს, რომ ფიჯისთან შეხვედრა საქართველოს მთავარი მატჩია, რადგან უელსი და ავსტრალია ჯერჯერობით ჩვენთვის დაუმარცხებელია.
მილტონ ჰეიგი: აი, აქ განვსხვავდებით თქვენ და ჩვენ. ჩვენ, ვინც აქ ვმუშაობთ, ყველა მატჩს ერთნაირად ვუყურებთ, რადგან თუ არ გაქვს საკუთარი თავის რწმენა, ვერაფერს ვერ მიაღწევ. თუ მხოლოდ ფიჯიზე და ურუგვაიზე იფიქრებ, მანდაც დარჩები. მაგრამ თუ აწევ თამასას, უფრო მაღალ მიზანს დაისახავ, მიაღწევ იმას, რითიც იამაყებ. ასე რომ, ჩვენ არ ვფიქრობთ ფიჯიზე, ჩვენ ვფიქრობთ ოთხივე ოპონენტზე. ვიცით, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა გვწამდეს, რომ შეგვიძლია ამ მატჩების მოგება.
რაგბი XV: თუ გადავხედავთ ტიერ 1-ს ქვეყნებთან მატჩებს, დასაწყისში საკმაოდ უიმედოდ გამოვიყურებოდით და მერეღა ვაუმჯობესებდით. რა არის ამის მიზეზი? ფსიქოლოგიური პრობლემები?
მილტონ ჰეიგი: ალბათ, უფრო ფსიქოლოგიური. დიდ ბიჭებთან თამაშის არც თუ ისე დიდი გამოცდილება გვაქვს. მაგრამ ახლანდელ გუნდში კარგი რაცაა – ბევრია ახალგაზრდა მორაგბე, რომლებიც დიდ გუნდებს შეხვედრიან ოცწლამდელთა ტურნირზე და დაუმარცხებიათ კიდეც ისინი. ასე რომ, როდესაც ეს გუნდი მიგყავს მსოფლიოზე, ისინი ხედავენ უელსს, შოტლანდიას, ირლანდიას, მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, მათ უთამაშიათ ამ ნაკრებების წინააღმდეგ და აქვთ საკუთარი თავის რწმენა.
რაგბი XV: თქვენ ამბობთ, რომ განსხვავებული ფსიქოლოგია აქვთ. არის თუ არა განსხვავება სათამაშო უნარებშიც?
მილტონ ჰეიგი: არა მგონია. უბრალოდ, სხვანაირი ხედვა აქვთ თამაშის და უფრო სწრაფად ითვისებენ, სხვა მხრივ, უნარები შესადარია. თავდაჯერებულობა მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.
რაგბი XV: რუსებმა უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვლაზე. „საუზერნ კინგზი“ უკეთესი გუნდია, მაგრამ ამ ცვლილებამ ხომ არ აგვირია მოსამზადებელი გეგმები?
მილტონ ჰეიგი: არა, პირიქით, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ზე რაგბის ყოფილი და ამჯერად პრო 14-ის მონაწილე აფრიკული გუნდი ჩამოდის ჩვენთან. ასე რომ, კმაყოფილები ვართ. ვიცით, რომ არის დიდი, ძლიერი და სწრაფი გუნდი, უყვართ ბურთით თამაში და ეს სწორად ისაა, რაც გვჭირდება, რადგან ეს წააგავს იმას, რასაც ითამაშებს ავსტრალია და ფიჯიც, როცა ბურთი ექნებათ.
რაგბი XV: „საუზერნ კინგზი“ მთლად ტიპური აფრიკული გუნდი არაა, უფრო ბურთაობის მოყვარულია.
მილტონ ჰეიგი: კი ასეა. რაც ვნახეთ, უყვართ კონტრშეტევები, ყავთ სწრაფი გარემარბები და ფორვარდები. ვფიქრობ, ასევე ითამაშებენ ჩვენს წინააღმდეგ და ეს კარგია.
რაგბი XV: დიდი ალბათობით, უელსი ჩვეთან თამაშისას, მსოფლიო რეიტინგში ნომერი 1 იქნება. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და თქვენი აზრით, ჯობიან ახალ ზელანდიას?
მილტონ ჰეიგი: (იცინის) ამას ახალ ზელანდიელს ეკითხებით? ამჯერად ისინი დამსახურებულად უსწრებენ რეიტინგში. რაც შეგვეხება ჩვენ, 2015 წელს ჩვენ ვეთამაშეთ მაშინდელ მსოფლიო რეიტინგის ლიდერს კარდიფში და ვეთამაშებით წელსაც იაპონიაში. თუ ასეთ მატჩში კიდევ დამატებითი მოტივაციაა საჭირო, ეს სწორედ ესაა.
რაგბი XV: ბატონო ფილ, როგორ ფიქრობთ, ზერაგბში „ქრუზეიდერსმა“ დამსახურებულად დაამარცხა „ჰარიქენზი“ თუ მსაჯის დახმარება იყო გადამწყვეტი?
ფილ ჰილი: მე მაგ დროს სერფინგით ვიყავი დაკავებული…
მილტონ ჰეიგი: არც მე არ მინახავს…
რაგბი XV: უამრავი მოთამაშე ტოვებს ზერაგბს, როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებს ის თავის დონეს?
ფილ ჰილი: ახალ ზელანდიაში უამრავი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლიათ დაუძახონ ზერაგბში სათამაშოდ და ბევრი ახალგაზრდა დაიკავებს გამოცდილი მოთამაშის ადგილს. ზელანდიელებს გაგვიმართლა, რომ სასკოლო რაგბი ჩვენთან ძალიან ძლიერია. თითქმის ისევე, როგორც პროვინციულ დონეზე, ფაქტიურად ნახევრად პროფესიონალურია. ყავთ მუდმივი მწვრთნელები, გადიან კარგ მომზადებას.
რაგბი XV: თუმცა, ზელანდია ბოლო ორ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ბრწყინავდა. „ნიუ ზელანდ ჰერალდის“ ზოგიერთი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ზელანდიაში მცირე კრიზისია. რას იტყვით?
ფილ ჰილი: ჩემი აზრით, ზელანდიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა, რომლებსაც მიმდინარე კონტრაქტები აქვთ ევროპაში, ასევე, რამდენიმე, რომელსაც შეეძლო თამაში, მაგრამ ზერაგბში გამოდიოდა.
მილტონ ჰეიგი: დავამატებ, რომ ზელანდიაში ძალიანაც არ ღელავენ მოგებაზე, ცხადია გამარჯვება უნდათ, მაგრამ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.
რაგბი XV: მაგრამ საქართველოში ზელანდიელებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავდათ – ვილ ჯორდანი, ასაფო აუმუა.
მილტონ ჰეიგი: მაგრამ, რამდენიმე მოთამაშე რომ დააკლო, გუნდი ძალიან დასუსტდება.
რაგბი XV: ბევრი ზელანდიელი ისე არ გამოირჩევა საფრანგეთის ტოპ 14-ში, როგორც სახლში. მაგალითად, აარონ ქრუდენს არ აეწყო კარიერა, ჯულიან სავეას თამაში კატასტროფა იყო, მაა ნონუსაც ჰქონდა მცირე პრობლემები. რა არის მიზეზი, ფსიქოლოგია თუ სხვა რამ?
მილტონ ჰეიგი: განსხვავებული თამაშია მაინც საფრანგეთში. ქრუდენს არ აეწყო კარიერა ევროპაში, რადგან ტრავმები ჰქონდა. როცა ის ჯანმრთელია, მას შეუძლია თამაშზე გავლენა მოახდინოს. თავიდან ჭირს, სხვა ამინდი, სხვა თამაში, რაგბი არ არის ისეთივე ღია, როგორც ახალ ზელანდიაში. ბევრ მოთამაშეს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.
რაგბი XV: მაგალითად, მაა ნონუ გაცილებით უკეთესად თამაშობს „ბლუზში“ დაბრუნების შემდეგ, ვიდრე „ტულონში“ იყო.
მილტონ ჰეიგი: და მამუკა გორგოძეს რომ კითხოთ, ნონუ ბრწყინავდა „ტულონში“. ხანდახან სხვანაირად ვხედავთ, ვიდრე რეალურადაა საქმე კლუბში. მეთ გიტომაც ისაუბრა მაა ნონუს პროფესიონალიზმზე. ის დიდ მოთამაშეა, 100-მეტი კეპი აქვს მოპოვებული „ოლ ბლექსში“.
რაგბი XV: ზერაგბს ბევრი პრობლემა აქვს – მოთამაშეების ნაკლებობა, ხანგრძლივი ფრენები, ფანების დეფიციტი სტადიონზე.
მილტონ ჰეიგი: ფანებმა უკვე 15 წელია მიატოვეს სტადიონი.
ფილ ჰილი: უცნაურია, მაგრამ ახალ ზელანდიაში ხანდახან უნდა გაგიმართლოს, რომ 2000 კაცი შეკრიბო სტადიონზე.
მილტონ ჰეიგი: ბევრს ურჩევნია, რომ სახლში, კომფორტულად, ლუდით ხელში უყუროს, ვიდრე გადაიხადოს 40 დოლარი და მივიდეს სტადიონზე. ტელევიზიებმა შეამცირეს ხალხის რაოდენობა, მაგრამ ნუ ასე ხდება, დიდ აუდიტორიას შოულობ სამაგიეროდ და მცირეს კარგავ.
რაგბი XV: ახალ ზელანდიაში არსებული რეგულაციის თანახმად, თუ არ თამაშობ ზელანდიაში, ვერ მოხვდები „ოლ ბლექსში“. ხომ არ ფიქრობენ ამ წესის შეცვლაზე, რადგან ფაქტია, ზერაგბს უამრავი ზელანდიელი ვარსკვლავი ტოვებს.
მილტონ ჰეიგი: გრძელვადიან გეგმებზე ვერაფერს ვიტყვი. თუ გახდება ეს პრობლემა, შეცვლიან, მაგრამ ჯერჯერობით არა მგონია. ბევრი ერთგული მოთამაშეა და ზელანდიური რაგბისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალი კლასის მორაგბეები დარჩნენ ადგილზე და სხვებმა მათთან ივარჯიშონ. მაგრამ ეს ბიზნესია და თუ შეიცვალა სიტუაცია, დარწმუნებული ვარ, წესსაც შეცვლიან.
რაგბი XV: მსოფლიო თასის 3 მთავარი ფავორიტი რომ დაასახელოთ…
მილტონ ჰეიგი: ახალი ზელანდია, ცხადია. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზედიზედ სამჯერ მოგება. ასევე, ინგლისი იქნება ძლიერი მსოფლიოზე, სამხრეთ აფრიკას ჰყავს კარგი გუნდი და საქართველო, რა თქმა უნდა.
ფილ ჰილი: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და საქართველო, რა თქმა უნდა!
რაგბი XV: სამხრეთ აფრიკას ირლანდიაზე წინ აყენებთ? და ასევე, ავსტრალიასაც სულ კარგი გუნდი ყავს ხოლმე მსოფლიოზე.
მილტონ ჰეიგი: მსოფლიო თასი განსხვავებული ტურნირია და ისტორია ირლანდიის წინააღმდეგაა. ავსტრალიას კარგი გუნდი ჰყავს, ისინი სულ აუმჯობესებენ თამაშს, მაგრამ სამხრეთ აფრიკის სიღრმეს მივანიჭებ უპირატესობას.
რაგბი XV: 2 წლის წინ, „ოლ ბლექსი“ აბსოლუტურად დაუმარცხებელი ჩანდა, ახლა თითქოს ასე არაა. აფრიკამ, ირლანდიამ, ავსტრალიამ მას ბრძოლა გაუმართა. რა შეიცვალა? ბენ სმიტი, ქირან რიდი ხომ არ გაუარესდნენ ცოტა და ეს დაეტყო გუნდს? ბენი მაგალითად კრიზისშია, ქირანიც თუ ბოლო მატჩს არ ჩავთვლით, თავის ჩვეულ დონეს ვერ აჩვენებს.
მილტონ ჰეიგი: ყოველთვის მნიშვნელოვანია გყავდეს ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა ბენ სმიტი, ქირანი, აარონ სმიტი, სემ ქეინი. მსგავსი პრობლემები ადრეც გვინახავს. რაც ხდება მსოფლიო თასამდე – არაფერს ნიშნავს. მთავარია დაწყების მერე რა მოხდება და ამ ბიჭებმა ეს იციან, გამოცდილმა მწვრთნელებმა იციან, რომ მოსამზადებელი მატჩები არაფერს ნიშნავს. უორენ გეთლანდმა, ედი ჯოუნზმა, სტივ ჰანსენმა, ერასმუსმაც. შეიძლება ახლა სხვანაირად ჩანს, მაგრამ, როდესაც დაიწყება ნამდვილი მძიმე თამაშები, შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ დიდი ბიჭები იტყვიან თავის სიტყვას.
რაგბი XV: ბატონო მილტონ, თუ დავუშვებთ, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, ბარემ გკითხავთ იაპონურ რაგბიზეც, სადაც თქვენ გააგრძელებთ სამწვრთნელო კარიერას.
მილტონ ჰეიგი: ბევრი წარმტებული გუნდი ჰყავთ ისტორიით. ჰყავთ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე. კარგი სიტუაციაა. იაპონიაში რაგბი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ეს ასოცმილიონიანი ქვეყანაა. მეც მაინტერესებს, რას გავაკეთებ, რომ დავეხმარო, მაგრამ, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ახლა მთლიანად იმაზე ვფიქრობ, როგორ დავეხმარო საქართველოს.
რაგბი XV: როგორ შეაფასებდით საქართველოში გატარებულ 8 წელს?
მილტონ ჰეიგი: ჯერ არ დამთავრებულა. კიდევ მაქვს ერთი დიდი შანსი და გამოწვევა დარჩენილი. მაგრამ ადრინდელთან შედარებაც არაა. როცა აქ ჩამოვედი, ამ ბაზაზე (შევარდენის) მთელი აგვისტო ისე გავატარე, ირგვლივ არავინ იყო. ახლა კი, 24/7-ზე დაკავებულია. ბევრი რამე შეიცვალა იმ პერიოდში, რაც აქ ვარ და საქართველოს რაგბი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ხანდახან არც კი გვჯერა. როცა უყურებ 18-წლამდელთა შედეგებს, ოცწლამდელთა შედეგებს, ეროვნული ნაკრების შედეგებს, ზოგადად რაგბის რეპუტაციასა და ადგილს, უზარმაზარი პროგრესია. და შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ვიცი, რომ უკეთეს ადგილს ვტოვებ, ვიდრე დამხვდა და ესაა მთავარი.