პატარა ბორჯღალოსნები ისტორიაში პირველად ითამაშებენ U20 მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ ტურნირზე მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდი ასპარეზობს და მასზე საქართველო 2015 წლის U20 ალაფის მოგების შედეგად გავიდა. შესაბამისად, ბორჯღალოსნები ტურნირზე მე-12 გუნდად არიან განთესილნი, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის პირველ მატჩს, რომელიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ და ტურნირზე პირველ გუნდად განთესილ ახალ ზელანდიასთან ჩატარდება.
ახალი ზელანდია
ისტორია
U20 მსოფლიო ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება და ახალმა ზელანდიამაც პირველად ამ წელს იჩემპიონა. მათ იგივე შედეგი გაიმეორეს 2009, 2010 და 2011 წლებში, შემდეგ ჰქონდათ სამწლიანი ჩავარდნა და შარშან, ახალი მწვრთნელის თაოსნობით, კვლავ მოიპოვეს მსოფლიოს საუკეთესო U20 გუნდის ტიტული.

სტატისტიკა
შედეგებიდან გამომდინარე საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ მათი სტატისტიკა ძალიან შთამბეჭდავია. „პატარა შავოსნებმა“ სულ ითამაშეს 40 მატჩი, მოიგეს 34, მოიპოვეს 1 687 ქულა და გაუშვეს მხოლოდ 230. ყოფილი ოცწლამდელებიდან ნაკრებში (All Blacks) ითამაშა 27-მა მოთამაშემ, მათ შორის სემ ვაითლოქმა, რომელმაც 73 კეპი მოიხვეჭა.
2015 წელს მსოფლიო თასის მომგებ გუნდში ათ მოთამაშეს ჰქონდა ოც წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება.
გუნდის მწვრთნელი არის სკოტ რობერტსონი, რომელიც წარსულში ცნობილი მორაგბეა და 2013 წლიდან ქენთერბერის გუნდს წვრთნის. ოცწლამდელთა მწვრთნელად იგი 2015 წელს დაინიშნა და ზელანდიელებს ჩემპიონობა დაუბრუნა.
გუნდს უკაპიტნებს ველინგტონელი კვაჭი ლენე აპისაი, რომელიც ზე-რაგბის გუნდ ჰარიქეინზის გაფართოებულ შემადგენლობაში ირიცხება.
ყურადღების ცენტრში
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალი ზელანდიის ნაკრების ათი ნომრის ბოდენ ბარეტის უმცროსი ძმა, ჯორდი ბარეტი, რომელიც ცენტრში – 12 ნომრის პოზიციაზე თამაშობს. მას მომავალ სონი-ბილ ვილიამსადაც მოიხსენიებენ სათამაშო უნარებიდან და ფიზიკური მონაცემიდან გამომდინარე. ზელანდიის მწვრთნელის, სკოტ რობერტსონის აზრით, ჯორდი თავის ასაკთან შედარებით ბევრად დაღვინებული მორაგბეა და მას ათ, თორმეტ და თხუთმეტ ნომრებზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში.

საქართველო
ისტორია
საქართველოს ოცწლამდელთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იღებს მონაწილეობას, თუმცა ალაფაზე 2008 წლიდან ასპარეზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ალაფა საქართველოში ჩატარდა, მათ ტურნირში გამარჯვება მხოლოდ 2015 წელს მოახერხეს. მანამდე პატარა ბორჯღალოსნების საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი იყო, რომელიც 2008 და 2011 წლებში მოიპოვეს.
სტატისტიკა
არ არსებობს.
გუნდს მთავარი მწვრთნელია ილია მაისურაძე, კაპიტანი – ვასილ ლობჟანიძე.
ყურადღების ცენტრში
ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი და ოცწლამდელთა კაპიტანი ვასილ ლობჟანიძეა. 2015 წლის მსოფლიო თასზე იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც ტურნირში მონაწილეობა მიიღო. იგი არის სწრაფი, საკმაოდ ღონიერი, აქვს მოედნის კარგი ხედვა და კარგი პასი. მიუხდავად ასაკისა, ლობჟანიძე თანატოლებთან შედარებით ძალიან გამოცდილია. „ბორჯღალოსნებში“ მან უკვე მოიპოვა 15 კეპი. 2016 წლის სეზონიდან იგი ფრანგული „ბრივის“ შემადგენლობაში ირიცხება.

პროგნოზი
სხვადასხვა სარაგბო გამოცემის აზრით ახალი ზელანდია ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა რომ საქართველომ მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნას. რა თქმა უნდა, ბორჯღალოსნები ტრადიციულად ძლიერები იქნებიან შერკინებაში, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მათ ასეთ ძლიერ მეტოქესთან წარმატებას მიაღწიონ. ბუკმეიკერები ვარაუდობენ, რომ ახალი ზელანდია 50 ქულიანი სხვაობით მოახერხებს საქართველოს დამარცხებას.
ჩვენი აზრით, საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებს ნამდვილად შესწევს ძალა რომ მეტოქეს რამდენიმე სიურპრიზი შესთავაზოს. საბოლოო პროგნოზი ასეთია – მატჩის გამარჯვებული იქნება ახალი ზელანდია, სხვაობა ქულებში +25.
თამაში საქართველოს დროით 22:45-ზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს
შემადგენლობები
ახალი ზელანდია
- აიდენ ჯონსტონი 2. ლენე აპისაი (კაპიტანი) 3. სოსეფო კაუტაი 4. კვენტინ სთრეინჯი 5. ისაია ლეავერე 6. ლუკ ჯეიქობსენი 7. მიჩ ჯეიკობსენი 8. მარინო მიკელე-ტუ’უ 9. სემ ნოკი 10. თი-ჯეი ვა’ა 11. ჯონა ლოუ 12. ჯორდი ბარეტი 13. პატელესიო ტომკინსონი 14. ქეილებ მაკენე 15. შო ტივენსონი
სათადარიგოები: 16. ასავო აუმუა 17. შონ სტოდდარტი 18. ალეხ ფიდოვი 19. ჰამიშ დალზელი, 20. ჰაპაკუკი მოალა-ლიავა’ა 21. ჯოანათან ტაუმატეინე 22. სტივენ პეროფეტა 23. მალო ტუიტამა
საქართველო
- ნიკა ნეფარიძე 2. ლაშა საჯაია 3. გიორგი მელიქიძე 4. მიხეილ ბაბუნაშვილი 5. დემურ ეფრემიძე 6. ირაკლი ცხადაძე 7. გიორგი ცუცქირიძე 8. ოთია გიორგაძე 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპიტანი) 10. დავით მოძღვრიშვილი 11. სანდრო მერკვილაშვილი 12. სანდრო ილურიძე 13. გიორგი კოშაძე 14. დავით მესხი 15. ირაკლი სვანიძე
სათადარიგოები: 16. თორნიკე მატარაძე 17. გიორგი ხუროშვილი 18. ლაშა ტაბიძე 19. გიორგი ჯავახია 20. ბექა გორგაძე 21. გელა აფრასიძე 22. რატი შანიძე 23. გურამ ქანდაურაშვილი
გერმანე ჭეიშვილი