შაბათს, საქართველოს ნაკრებმა სამოელები დაძაბულ ბრძოლაში, 27-19 დაამარცხა. გთავაზობთ ბორჯღალოსანთა შეფასებას 10 ბალიანი სისტემით:
მიშა ნარიაშვილი (7): მისი უკეთესი თამაშებიც გვინახავს, ამ შეხვედრაში შერკინებაში გაგვიჭირდა, თუმცა ეს ნარიაშვილის ბრალი ყველაზე ნაკლებად იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში, საკვანძო მომენტში თერნოვერი გაახერხა და ამის შემდეგ, ტაიმის ბოლომდე სამოელები ჩვენს 22-ში აღარც შემოსულან.
ჯაბა ბრეგვაძე (6.5): შეცდომები ქონდა აუტის მოწოდების დროს, დაცვაში გაუცუდდა რამდენიმე ბოჭვა. შეტევაში კარგად გამოიყურებოდა.
დუდუ ქუბრიაშვილი (6): შერკინებაში ერთხელ ჩავარდნისთვის დააჯარიმეს, ინერტული იყო, ერთხელ თერნოვერი გაახერხა.
ნოდო ჭეიშვილი (6): შეტევაში უპირატესობის მოპოვება უჭირდა, ერთხელ ბურთი გაუჭედეს. პროგრესი აქვს, თუმცა ამ დონეზე სათამაშოდ კიდევ უნდა მოუმატოს.
ლაშა ლომიძე (6): შერკინების დროს პირველხაზელებს სათანადოდ ვერ აწვებოდა, კონტაქტის დროს უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. ბოჭვებში კარგი იყო, თუმცა შეტევაში სუსტად გამოიყურებოდა
ოთია გიორგაძე (8): დადო უმნიშვნელოვანესი ლელო, გარდა ამისა ყველა ლელოში მიიღო მონაწილეობა, 51-ე წუთზე მოიგო მეტოქის მნიშვნელოვანი აუტი. მეტოქის 5 მეტრიანში დიდი ძალაა.
გიორგი ცუცქირიძე (9): ბოჭვების მანქანა. ძალიან კარგი იყო დაცვაში და ეფექტური შეტევაში. მის ანგარიშზეა უმნიშვნელოვანესი გარღვევა 64-ე წუთზე, რასაც გელა აფრასიძის ლელო მოჰყვა.
ბექა გორგაძე (8.5): ერთადერთი მორაგბე, რომელიც პირველი ტაიმის 26 წუთიანი კატასტროფის დროს ჩანდა და რაგბის თამაშს ცდილობდა. რომ არა ბექას მონდომება, ყველაფერი პირველივე ტაიმში მორჩებოდა. კრიზისულ მომენტში გუნდს ულიდერა.
ვასკა ლობჟანიძე (7): გაიტანა ლელო, რომელმაც თამაშში დაგვაბრუნა. ეპიზოდებში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, მეორე ტაიმში, როცა ტემპი გავზარდეთ, ბურთს ზედმეტად აყოვნებდა.
თედო აბჟანდაძე (9): კლასიკური მგეზავის თამაში ითამაშა. პასების დროს შეცდომა არ დაუშვია, ბურთს კარგად ანაწილებდა. დებიუტის კვალობაზე საოცრად თავდაჯერებული იყო. გაიტანა უმნიშვნელოვანესი გარდასახვა და ჯარიმა.
ზურაბ ძნელაძე (8): ძალიან საიმედო იყო ჰაერში თამაშის დროს. დაცვაში ბოჭვებიც აკეთა. კარგად იწყებდა კონტრშეტევებს.
თაზო მჭედლიძე (9): იტალიური მატჩისგან განსხვავებით, საიმედო იყო დაცვაში. ბოჭვა არ გაუცუდებია. შეტევაში მთავარი დამრტყმელის და გამგლეჯის ფუნქციას ასრულებდა.
ბუკა შარიქაძე (7.5): როგორც ყოველთვის, საიმედო იყო, თუმცა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არაა.
გიორგი კვესელაძე (7.5): სამოელთა მესამე ლელოზე ბოჭვა გაუცუდდა. ფეთქებადია, შეტევაში გამწვავებას სულ ახერხებდა.
ლაშა ხმალაძე (7): დიდი ხნის შესვენების შემდეგ, პირველად ითამაშა ფულბეკის პოზიციაზე. საიმედოდ გამოიყურებოდა, ცუცქირიძე გარღვევაზე სწორედ მან შეიყვანა. კარგად ითამაშა ფეხით, როგორც აუტზე გადატანის დროს, ასევე ღია თამაშში, თუმცა შეცდომა დაუშვა სამოელთა 22-ში, როცა ფეხით გადაკიდებული ჩაუჭრეს.
მარქაფა:
შალვა მამუკაშვილი (8): აქტიურად შემოვიდა. კარგი იყო აუტში, ღია თამაშში და შერკინებაში.
გურამ გოგიჩაშვილი (9): შესანიშნავად ჩაერთო თამაშში. ძალიან კარგი იყო მიწოლაში, ღია თამაშში და მცირე დროის მიუხედავად, ბლომად ბოჭვებიც გააკეთა. აფრასიძის ლელოს მომენტში ზედიზედ სამჯერ მიეძალა და საკმაო მანძილიც მოიგო.
ბექა გიგაშვილი (9): ძალიან კარგი დებიუტი გამოუვიდა. კარგად ეძალებოდა ღია თამაშში, აქტიურად მოქმედებდა რაქებში და მიწოლაში ვიზავი აშკარად დაჩაგრა.
შალვა სუთიაშვილი (9): ალბათ ყველაზე საიმედო ქართველი მორაგბე. კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გააჩერა სამოელთა მოლები, ბოჭვისას მეტოქეს ბურთს ძალიან უნელებდა. აფრასიძის ლელოს დროს, სწორედ მან გააკეთა ბოლო პასი, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის მოთამაშეებს შეუძლიათ.
გელა აფრასიძე (9): მატჩში საჭირო დროს ჩაერთო და თამაში გამოაცოცხლა. რაქიდან ბურთი სწრაფად გამოჰქონდა, მიმართულებებს სწორად ირჩევდა. ერთ მომენტში სამოელთა სიჩქარეაკრეფილი ზორბა მეორეხაზელი ადგილზე გააქვავა. მატჩის გადამწყვეტი ლელო დადო.
ბექა ბიწაძე (შეფასების გარეშე): მოედანზე იმდენად მცირე დრო გაატარა, რომ მისი თამაშის შესაფასებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლაშა მალაღურაძე: არ უთამაშია
ანზორ სიჭინავა: არ უთამაშია
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: შალვა სუთიაშვილი