
კვირას რუსთავში თვალსასეირო თამაში კი ვიხილეთ, თუმცა კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ახალგაზრდების გამოსაცდელადაც ძნელად თუ გამოგვადგება. იმ გერმანიამ, რომელმაც ერთი კვირით ადრე რუმინეთი წამოაქცია, მცირე წინააღმდეგობაც ვერ გაგვიწია და 50-6 მოისრა. მართალია, იმ გუნდიდან გერმანელებს ძირითადის ოთხი მოთამაშე აკლდათ, მაგრამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მათმა მთავარმა მწვრთნელმა – კობუს პოტხიტერმაც აღნიშნა, რომ მორაგბეები რომც არ მოესაკლისათ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა.
მწვრთნელის ჩანაფიქრი
მილტონ ჰეიგის ჩანაფიქრი პირველივე წუთიდან ნათელი გახდა – შემტევი, ხელდახელ თამაში და რაც შეიძლება ნაკლები ჯაჯგური. თავად განსაჯეთ, მთელი პირველი ტაიმი აუტიდან მოლი არ დაგვიყენებია – ბურთი უმალ ხაზზე გაგვქონდა და მოედნის მთელ სიგანეზე ვათამაშებდით. აუტიდან ბურთის ხაზზე სწრაფად გატანას მოჰყვა პირველი ლელოც. კომბინაცია კარგად დამუშავებული ჩანდა. კოშაძეს ხაზზე გაშლა არც უფიქრია, როგორც კი ჯინჭველაშვილმა ბურთი მიიღო, მომენტალურად წინ დაიწყო მოძრაობა და როცა რეზიმ ბურთი გადაკიდა, უკვე სიჩქარე აკრეფილი ჰქონდა და გერმანელ დამცველებს მისი დაწევის შანსი აღარ ჰქონიათ.
აუტიდან პირველი მოლი მეორე ტაიმის დასაწყისშიღა ავაგორეთ. პირველ ტაიმში დაშავებულ ბადრი ალხაზაშვილს, ტაიმის ბოლოს მის შემცვლელად შემოსული გიორგი ჭყოიძის გაჭიმული კუნთი დაემატა და როგორც ჩანს, სანამ მის მაგივრად ბურჯს შემოიყვანდნენ, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტეს – ლელოდან 5 მეტრში მოლი შეკრეს, ლელო დადეს, ანგარიშში სხვაობა კომფორტული გახადეს და ჭყოიძე მერეღა გამოცვალეს. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ მის მაგივრად აუტის მომწოდებლად დამდგარმა კოკი თხილაიშვილმა საქმეს თავი მშვენივრად გაართვა – არცერთი მოწოდება გაუცუდებია.
სწრაფად ვცდილობდით რაქის გაწმენდას და აქვე უნდა ვახსენოთ გიორგი ბეგაძე, რომელსაც ეს თამაში აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. გარდა გორგაძისთვის გადაკიდებული სალელოვე აბრაგანისა, თამაშშიც აქტიური იყო, რაქებიდან ბურთი სწრაფად გამოჰქონდა და კვირის მატჩში სწრაფი რაგბი რომ ვითამაშეთ, ეს მისი დამსახურებაცაა.
გერმანელთა ტაქტიკა
როგორც ჩანს, კობუს პოტხიტერს „ბორჯღალოსანთა“ თამაშები საკმარისად აქვს ნანახი და შესაბამისი ტაქტიკითაც დაგვიპირისპირდა – „ქიქ ოფები“ მოკლეზე გვირტყეს და პირველი ორი დარტყმული ეგრევე აგვართვეს. ასევე, ბურთის მიღებისთანავე, გერმანელი დამრტყმელები მას უმალ ჩვენს ნახევარზე იგერიებდნენ, იმ იმედით, რომ შეცდომას დაგვაშვებინებდნენ. უნდა ითქვას, რომ მატჩის დასაწყისში მათმა ტაქტიკამ გაამართლა – შარიქაძის ვერაღებული „ქიქ-ოფების“ გარდა, ბურთი დაუვარდათ რეზი ჯინჭველაშვილსა და სანდრო თოდუას, ხოლო მეკო კვირიკაშვილს სულაც მოგერიებულზე დაუფარეს, ლელოს ბექა გორგაძის კარგმა თამაშმა გადაგვარჩინა, მაგრამ იმავე შეტევაში სამი ქულა მაინც აგვართვეს. თუმცა, რთული სათქმელია, ფეხით ჩვენს ნახევარზე დარტყმის შემდეგ რატომ არ წევდნენ ხაზს სწრაფად და რატომ არ ცდილობდნენ ჩვენს ნახევარზევე ჩახურვას.
გერმანელებმა სცადეს მათი ერთ-ერთი იარაღის – მოლის გამოყენებაც, რომლითაც რუმინელებს ორი ლელო დაუდეს, თუმცა ქართველებთან ბევრი არაფერი გამოუვიდათ. მართალია, პირველ ტაიმში მსაჯმა ერთხელ დაგვაჯარიმა მოლში გვერდიდან შესვლისთვის, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში მოლში უკან იქით ვახევინებდით და გერმანელებიც იძულებულნი იყვნენ, ბურთი იქიდან ხაზზე გაეტანათ.
რუსთაველთა ბენეფისი
გიორგი კოშაძე პირველად შარშანდელ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ, სადაც ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მილტონ ჰეიგმა შემოდგომაზე ნაკრებშიც იხმო. მისთვის სადებიუტო მატჩში, ზორბა სამოელებთან ფიზიკურად ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მოედანზე ნამდვილად არაფერი დაუთმია. თუმცა სამოელებთან ძირითადად დაცვაში დგომა უწევდა, წელს კი შეტევაში მისი შესაძლებლობებიც ვიხილეთ.
პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის ის, რომ კარგად გრძნობს მეტოქის ღრიჭოებს და კარგად შედის ინტერვალებში. ბელგიასთან მატჩშიც სწორედ მეტოქეთა შორის ინტერვალში შეძვრა და ლელოსთან ძლივსღა შეაჩერეს. გერმანიასთან მატჩში კი ჯერ მოედნის ცენტრში გაჭრა ხაზი და შექცეული პასით ბურთი ბექა გორგაძეს გაატანა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ ლელომდე ერბინა, ხოლო მატჩის მიწურულს საკუთარ 22-თან გაჩენილ ღრიჭოში შეძვრა და მოედნის ცენტრამდე ირბინა.
რაც ასევე თვალშისაცემია, შეუძლია ფინტის გაკეთება – მეორე ლელოს დროს გერმანელ ფულბექს ცრუმოძრაობით თავ-გზა რომ აუბნია, ჩვენზე უკეთ გემახსოვრებათ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ქართველის შესრულებით ფლანგზე გაკეთებული ფინტი და მსგავსი ლელო ნამდვილად იშვიათობაა.
თუმცა გიორგი ჯერ ახალგაზრდაა, კარგი ეპიზოდების გარდა ჰქონდა რამდენიმე შეცდომაც. მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი და იმედია, სხვის შეცდომებს არ გაიმეორებს – იშრომებს, ბევრს ივარჯიშებს და უკანა ხაზში ნაკრებს კიდევ ერთი კარგი მორაგბე ეყოლება.
ბექა გორგაძეზე აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავმეორდებით: მას აქვს ყველაფერი, რომ დიდი რაგბი ითამაშოს. მიუხედავად მესამე ხაზში არსებული დიდი კონკურენციისა, ნამდვილ რვა ნომერზე მდიდარი არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს. ბექა კი ნამდვილი რვა ნომერია. მას აქვს ყველა უნარ-ჩვევა, რაც ამ პოზიციის მოთამაშეს სჭირდება – ძლიერია ფიზიკურად და კონტაქტის დროს ყოველთვის აკეთებს უპირატესობას, აქვს ძალიან კარგი ხელის ტექნიკა და შეუძლია მშვენიერი ოფლოუდების ამოგდება, ძალიან კარგია ჰაერში თამაშისას. გემახსოვრებათ მისი პირველი ლელოს დროს, როგორ მოპარა გერმანელ შონ არმსთრონგს ბურთი ჰაერში და შებოჭილი ლელოს მიწვდა. შეუძლია ფინტების გაკეთებაც, კოშაძის მეორე ლელო სწორედ ბექას ფინტებს და მოედნის ცენტრში გაჭრილ ხაზს მოყვა. მესამეხაზელის კვალობაზე ნორმალური სისწრაფეც აქვს და კარგადაც იყენებს (გავიხსენოთ მისი მეორე ლელო) და რაც ყველაზე მთავარია – მოედანზე აზროვნებს და მხოლოდ ჯანის ხარჯზე თამაშს არ ცდილობს.
ბექა ძალიან კარგად გამოიყურებოდა გერმანიასთან შეხვედრაში და ჩვენი აზრით, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც იყო.
თუმცა გიორგი კოშაძესავით ისიც ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. შარშან, როდესაც მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ტოპ14-ზე ჩამოვუგდეთ სიტყვა და გვითხრა, რომ ჰქონდა გადასვლის შანსი, თუმცა იქ სკამზე ჯდომას, პრო დ2-ში დარჩენა და სტაბილურად თამაში ამჯობინა. ჩვენი მხრიდან ვიტყვით, რომ მისი გადაწყვეტილება მისასალმებელია და სწორადაც იქცევა, როცა გრანდში გადასვლას სათამაშო პრაქტიკის ქონას ამჯობინებს. გრანდების დრო აუცილებლად მოვა, ხოლო თუ განვითარება და უფრო მაღალ დონეზე ასვლა უნდა, მუდმივი სათამაშო პრაქტიკის ქონა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ახალგაზრდები
მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა ბურჯები შეაქო – ძალიან კარგად გამოიყურებოდნენო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბურჯის პოზიციისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიწოლაში ნამდვილად კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა დინამიკაში მათი თამაში ფაქტობრივად არ გვინახავს. ბურჯების პოზიციაზე ნაკრებში იმხელა კონკურენციაა, ახალ თაობას ძველების შევიწროება ამ ეტაპზე გაუჭირდება, თუმცა მომავალში ნაკრებში ფეხის მოკიდების პოტენციალი ნამდვილად აქვთ.
მართალია რეზი ჯინჭველაშვილს შეცდომები ჰქონდა, მაგრამ მისი თამაში მაინც დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს. ცდილობდა ეთამაშა და გუნდიც ეთამაშებინა. რეზის ძალიან კარგი ფეხის ტექნიკა აქვს და რაგბში ეს კომპონენტი ძვირად ფასობს. კოშაძისთვის გადაკიდებული ბურთი სულაც არ იყო შემთხვევითი, მსგავსი თამაში მისგან არაერთხელ გვინახავს ახალგაზრდულ ნაკრებში. თუმცა, მისი პოტენციალიდან გამომდინარე, მას ბევრად უკეთ შეუძლია თამაში და იმედია, მომავალში მეტი მონდომებით გააგრძელებს ვარჯიშს. ჩვენი აზრით, მილტონ ჰეიგმა ის ესპანეთთანაც ძირითად შემადგენლობაში უნდა დააყენოს და კიდევ ერთხელ მისცეს თავის გამოჩენის შანსი.
გელა აფრასიძე სულ რამდენიმე წუთით ვნახეთ და გაჩნდა მოსაზრება, რომ ფიზიკურად სუსტია, თუმცა ამ აზრს ვერ დავეთანხმებით. ტრავმის მომენტში ის ისეთ ადგილას შეძვრა და ისეთი ბოჭვის გაკეთება სცადა, რომელსაც ცხრა ნომრების უმეტესობა უბრალოდ თავს აარიდებდა, რაც მის ხასიათზე მიუთითებს და რაგბში ხასიათი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. გელას უბრალოდ არ გაუმართლა და მოწინააღმდეგის მესამეხაზელის მუხლი თავში მოხვდა. ჩვენი აზრით, მასაც, ისევე როგორც ჯინჭველაშვილს, მილტონ ჰეიგმა კიდევ უნდა მისცეს შანსი.
პირველი ცენტურიონი
მეკო კვირიკაშვილს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული რაგბის ლეგენდა. გარდა 100 ჩატარებული მატჩისა, მას უასპარეზია „ბორჯღალოსნების“ მიერ ნათამაშებ ყველა მსოფლიო თასზე, ნაკრების შემადგენლობაში დადებული აქვს 14 ლელო, გატანილი აქვს 139 გარდასახვა, 142 ჯარიმა და 3 არეკნი, ხოლო ჯამში 783 ქულას მოუყარა თავი და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მექულეების სიაში მე-13 ადგილზეა.
გერმანიასთან თამაშში მან ახალგაზრდობაც გაიხსენა და გელა აფრასიძის ტრავმის მერე ცხრა ნომრადაც ითამაშა. უნდა ითქვას, რომ საქმეს თავი მშვენივრად გაართვა და გუნდიც კარგად ათამაშა.
სათამაშო ეპიზოდები
პირველ რიგში გვინდა, საქართველოს ნაკრების დადებული მესამე ლელო განვიხილოთ, რომელიც თითქმის იდეალურად გათამაშდა.
გერმანელთა დაკიდებულ ბურთს ჯინჭველაშვილი იღებს და გორგაძეს აწვდის, რომელიც ხედავს, რომ #14 ოლივერ პეინი ძალიან სწრაფად ამორბის და მეკოზე პასის გაშვების შემთხვევაში პეინის მხრიდან ჩაჭრის ან კვირიკაშვილის მომენტალურად შებოჭვის დიდი შანსია. ამიტომ ბექა პასის გაშვებას აჩვენებს და იწყებს მოძრაობას მოწინააღმდეგის #12-სკენ, რომლის დასახმარებლადაც გადმოდის #17 შრიოდერი. ამ დროს ბექა კიდევ ერთ ფინტს აკეთებს, შრიოდერის გამოთავისუფლებულ სივრცეში ხაზს ჭრის და მოედნის ცენტრამდე ბურთის ამოტანას ახერხებს
რაქი ძალიან სწრაფად იწმინდება და ბეგაძესაც ბურთი მომენტალურად გააქვს მარცხნივ – რეზი ჯინჭველაშვილზე, სადაც უკვე აშკარა მეტობაში ვართ – 4 ქართველი უკანახაზელი ორი გერმანელის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთი მესამეხაზელია და სისწრაფეში აუცილებლად დაიჩაგრება.
„ბორჯღალოსნებმა“ ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს, გიორგი კოშაძე ფრთაზე უსხლტება მბოჭავ ოლივერ პეინს და ცენტრისკენ იწყებს მოძრაობას
კოშაძის მოძრაობაზე გერმანელი აუნალაც მომენტალურად იწყებს მარცხნივ მოძრაობას (ლურჯი ისრით). გიორგის აქვს ორი არჩევანი: 1. გააგრძელოს ცენტრისკენ მოძრაობა იმის იმედად, რომ სისწრაფე ეყოფა და დაუსხლტება სამ გერმანელ უკანახაზელს, რომლებიც მისთვის გზის მოჭრას ცდილობენ ან 2. დაიჭიროს მოძრაობაზე აუნალა (#15) და ფრთაზე ბოლომდე ირბინოს. კოშაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ძალიან სწრაფად აანალიზებს შექმნილ სიტუაციას და ირჩევს იმ ვარიანტს, რომლის შემთხვევაშიც ლელოს შანსი უფრო მაღალია.
მთელ ეპიზოდს – ბურთის მიღებას, გორგაძის ორ დაქნევას, შებოჭილი ცენტრამდე მისვლას, რაქის გაწმენდას, იქიდან ბურთის გამოტანას, ფრთაზე 3 პასით ბურთის ჩათამაშებას, კოშაძის ფინტს, ლელოს და ჯამში 60 მეტრის გავლას დაჭირდა სულ 19 წამი.
შემდეგი ეპიზოდი უკვე „ბორჯღალოსნების“ ტექნიკურ წუნზეა.
მეტოქის ლელოდან 7-8 მეტრში ბეგაძეს ბურთი სწრაფად გამოაქვს და მარჯვნივ შლის… ბურთი მისდის კვირიკაშვილს და მაღალ პასს აძლევს კოშაძეს, რომელიც ბურთის დამუშავებას წამის მეათედით მეტს ანდომებს, შესაბამისად გერმანელი უკანახაზელი ამოსვლას ასწრებს, თუმცა კოშაძეს მაინც აქვს შესაძლებლობა, პასი მარჯვნივ გაუშვას. სადაც იმდენად აშკარა მეტობაში ვართ, რომ ლელო თითქმის გარდაუვალია. სამწუხაროდ გიორგი მეტოქეზე ფინტებით გაცდენას მოინდომებს და ბოჭვისას ბურთი უვარდება. ასე დაიკარგა პოტენციურად სალელოვე შეტევაში ბურთი მცირე ტექნიკური წუნის და არასწორი გადაწყვეტილების გამო.
და ბოლო ეპიზოდი, სადაც სწორი გადაწყვეტილებაც შეგვიძლია ვნახოთ და არასწორი გაგრძელებაც.
მალაღურაძე ბურთს აწვდის კოშაძეს, რომელიც ხედავს რომ გერმანელთა #21 შტინდრა მარცხნივ – ფლანგზე სივრცის შესავსებად მოძრაობს და ძალიან კარგად შედის ინტერვალში
კოშაძეს მარჯვნიდან ძალიან კარგად მოყვება ფრუიძე, თუმცა გიორგის მისკენ არც გაუხედია, ჯიქურ აგრძელებს აუტის ხაზის პარალელურად სირბილს და მეტოქის 10 მეტრა ხაზთან ორ გერმანელს უვარდება ხელში.
ბრძოლა მსოფლიო თასზე კვალიფიკაციისათვის
ამ ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.
ბუქარესტში რუმინეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და წვალებით, კინკილა ლელოთი მოახერხა გამარჯვება 13-3. თამაშის სანახაობრიობაზე ანგარიშიც მეტყველებს, ხოლო ესპანელებს ოდნავ რომ გამართლებოდათ, ანგარიში შეიძლება სულ სხვა ყოფილიყო.
ჩვენგან ძლეული ბელგიელები რუსებს დაუპირისპირდნენ და ბოლო წამებზე დამარცხდნენ. რუსები თავიდანვე დაწინაურდნენ, თუმცა ბელგიელებმა მოახერხეს და ზედიზედ ორი ლელო დაუდეს „დათვებს“. „შავი ეშმაკები“ ორჯერ იგებდნენ და რუსებმა ორივეჯერ ჯარიმით გაქვითეს სხვაობა, ხოლო ბოლო წუთზე სულაც გამარჯვების ლელო დადეს.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ სამსოფლიოთასო ცხრილში პირველ ადგილზე რუმინეთია 5 ქულით, ხოლო გერმანიას, რუსეთსა და ესპანეთს 4-4 ქულა აქვთ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული (როგორც იცით, საქართველოსთან ნაჩვენები შედეგი სამსოფლიოთასო ცხრილში არ აისახება).