მთავარი / პრო D2 / ფრანგული ლეგიონი – პრო დ2

ფრანგული ლეგიონი – პრო დ2

 

დღეს, 22:45-ზე პერპინიანი – ბეზიეს მატჩით დაიწყება საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონი – პრო დ2, სადაც ყველაზე მეტი, 39 ქართველი მორაგბე თამაშობს.

გთავაზობთ მოკლე ისტორიულ ექსკურსს და იმ გამორჩეულ ქართველ ლეგიონერებს, რომლებიც წლევანდელ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

ისტრორიული ექსკურსი

საფრანგეთს რანგით მეორე პროფესიული ლიგა პროდ2 ამჟამინდელი ფორმატით 2000 წელს შეიქმნა. რეგულარულ გათამაშებაში მონაწილეობას 16 კლუბი იღებს, რომლებიც ერთმანეთს წრიული პრიცნიპით ეთამაშებიან.

გასული 19 გათამაშება ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, ამჟამად Top 14-ის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, ლიონს აქვს მოგებული. ასევე სხვადასხვა დროს პროდ2-ში ითამაშეს  თანამედროვეობის ისეთმა გრანდებმა, როგორებიც არიან რასინგ-92, ტულონი და მოპელიე.

2017-2018 წლების სეზონის წინ დამტკიცებული რეგულაციის მიხედვით, 3-6 ადგილებზე გასული კლუბები ერთმანეთს ერთმატჩიანი პლეი-ოფის სისტემით ეთამაშებიან და მათ შორის გამარჯვებულები, ნახევარფინალში 1-2 ადგილზე გასულ კლუბებს ხვდებიან. ფინალში გასული კლუბები ნეიტრალურ მოედანზე არკვევენ ტოპ-14 ამსვლელის ვინაობას, ხოლო დამარცხებული დამატებით ფინალში ხვდება ტოპ 14 მე-13 ადგილოსანს მეორე ვაკანტური ადგილის მოსაპოვებლად. სატურნირო ცხრილის ბოლო ორი კლუბი კი რანგით მესამე დივიზიონში, ფედერალ 1-ში ქვეითდება.

2019-2020 წლების სეზონი

საფრანგეთის დიდ ქალაქებში რაგბის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ამ ქალაქების კლუბებმა ნელნელა შეავიწროვეს პატარა, მაგრამ დიდი ტრადიციის მქონე გუნდები, რომლებიც ნელ-ნელა მეორე პლანზე გადავიდნენ და ამჟამად პროდ2 ში ასპარეზობენ.

2019/20 წლების სეზონში პროდ2 ში იასპარეზებენ საფრანგეთის არაერთგზის ჩემპიონები და დიდი ტრადიციი მქონე კლუბები, როგორებიც არიან ბიარიცი, ბეზიე, მონ-დე მარსანი და პერპინია

ნი.

მომავალ სეზონისთვის პროდ2-ის კლუბებში 39 ქართველი მორაგბე ირიცხება. მათ შორის 22 ბურჯი, 2 კვაჭი, 5 მეორე ხაზელი, 4 მესამე ხაზელი და 6 ხაზის მოთამაშეა. მოთამაშეების საშუალო ასაკი კი 23.4 წელია.

ყველაზე მეტი, 14 მორაგბე ,,ქართულ ფრანჩიზად’’ წოდებულ ორიაკში ირიცხება, ხოლო ერთად-ერთი კლუბი, რომელსაც ქართველი მთამაშე არ ჰყავს, კარკასონია.

 

                                 პროდ2-ის საკლუბო რუკა

 

 

გამორჩეული მოთამაშეები

39 მორაგბის წარდგენით თავს არ შეგაწყენთ. ქვემოთ იმ რამდენიმე მოთამაშეს ჩამოვთვლი, რომელთაგანაც შემდეგ სეზონში გამორჩეულ თამაშს უნდა ველოდოთ.

შალვა სუთიაშვილი –  ვეტერანი ბორჯღალოსანი ანგულემს ჯერ კიდევ ფედერალში ყოფნის დროს, 2015/16 წლების სეზონში შეუერთდა. მას შემდეგ შალვა კლუბის ერთერთი ლიდერია და პროდ2-ში ადგილის დამკვიდრებაში დიდი როლი მიუძღვის. გასულ 4 სეზონში კლუბის მაისური 80-ჯერ მოირგო და 4 ლელოს დადება მოახერხა.

 

  შალვა სუთიაშვილი

 

დუდუ ქუბრიაშვილი – ექს ბორჯღალოსანი გრენობლს გასულ სეზონში შეუერთდა. მისი კალიბრის მოთამაშე პროდ2-ში ძალიან იშვიათია. თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, კლუბის ერთერთ ლიდერად მოგვევლინება.

 

 დუდუ ქუბრიაშვილი

 

ბუკა შარიქაძე – ბორჯღალოსნების კაპიტანს ტრამვების გამო გასული სეზონი ფაქტიურად გაუცდა, მაგრამ როცა ჯანმრთელადაა, ორიაკის შეუცვლელი ფიგურაა. კლუბში 2014/15 წლების სეზონიდან ირიცხება და მის რიგებში 77 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

ბუკა შარიქაძე

 

გიორგი ცუცქირიძე – ორიაკის გასული სეზონის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის მოედანზე ყოფნა-არყოფნით ორიაკი ორი სხვადასხვა გუნდი იყო. დიდი ალბათობით, გიორგი მომავალ სეზონშიც მესამე ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იქნება.

 

გიორგი ცუცქირიძე

 

ბექა საღინაძე – ახალგაზრდა მესამეხაზელმა ახალ კლუბში ადაპტირება მალევე მოახერხა და პირველივე სეზონში რამდენიმე თამაში ჩაატარა. თუ ბექა მსოფლიო თასზე წასვლას ვერ მოახერხებს, გიორგი ცუცქირიძის ჩანაცვლება სწორედ მას მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ცუცქირიძემ წინა სეზონის ბოლოს JIFF სტატუსი მიიღო, რაც ბექას უფრო მეტ შანსს მიცემს, რომ მის მხარდამხარ ითამაშოს.

 

ბექა საღინაძე

 

თორნიკე ჯალაღონია – ქართული რაგბის ერთ-ერთი იმედი გასულ სეზონში ბიარიცის ესპუარებში შთამბეჭდავად გაისარჯა, რაც სამწვრთელო შტაბმა დაუფასა და ახალი სეზონისთვის ძირითად გუნდში დააწინაურა. მოუხედავად მესამე ხაზში დიდი კონკურენციისა, თორნიკემ სათამაშო დროის მოპოვება მაინც უნდა მოახერხოს.

 

 თორნიკე ჯალაღონია

 

ნიკა ნეფარიძე – კლერმონიდან ვანში გადასვლის შემდეგ სათამაშო დროის მოპოვება შეძლო და სტაბილურ ბურჯად ჩამოყალიბება დაიწყო. კარგია როგორც სტატიკაში, ასევე ღია თამაშში. აღსანიშნავია, რომ ნიკამ გასული სეზონის ბოლოს ხელშეკრულება გრენობლთან გააფორმა, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმების საფუძველზე მომავალ სეზონს კვლავ ვანში გაატარებს.

 

 ნიკა ნეფარიძე

 

თაზო მჭედლიძე – ბოლო ორი სეზონი, სხვადასხვა მიზეზების გამო აჟენში ვერ აეწყო, ამიტომ პროდ2-ში ახლად აღზევებულ რუანში მოუწია გადასვლა. თაზოს სათამაშო სტილიდან გამომდინარე, პრო დ2 დონე მისთვის უფრო ადვილად დასაძლევია, რასაც მისი 2016/17 წლებში აჟენში გატარებული სეზონი მოწმობს, რომელშიც 20 შეხვედრა ჩაატარა და 7 ლელოს დადება მოახერხა.

 

თაზო მჭედლიძე

 

თორნიკე მატარაძე – გასული სეზონის მეორე ნახევრიდან ნევერის წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. საკმაოდ აქვს მომატებული სტატიკასა და დინამიკაში.

 

თორნიკე მატარაძე

 

მიშიკო ალანია – მიუხედავად იმისა, რომ ახალ კლუბს ჯერ არ შეერთებია, მიმაჩნია რომ სათანადო მონდომების და ორიაკის საკადრო პრობლემების ფონზე შეუძლია კლუბის კაპიტნის, ლეგენდის, კოლორიტის და უცვლელი წევრის, პოლ ბოსეს დუბლიორის ადგილი მოიპოვოს.

 

მიშიკო ალანია

 

2018/19 წლის სეზონის ყველა ქართული ლელო პრო დ2-ში

 

 

 

გიორგი ბეჭვაია

Rugby XV © 2019