მთავარი / ბორჯღალოსნები / წინათქმა: შოტლანდია-საქართველო

წინათქმა: შოტლანდია-საქართველო

შაბათს, თბილისის დროით 18:30-ზე ალბათ 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის კილმარნოკში შოტლანდიის ნაკრებთან.ეს არის ერთადერთი ტესტი 2016 წელს, რომელსაც ე.წ. პირველი დონის ნაკრებთან გავმართავთ.

შოტლანდიელები სრული სერიოზულობით ემზადებიან ქართველების სამასპინძლოდ. მათ ბანაკში მშვენიერი განწყობაა. წინა შაბათს არგენტინის დამარცხების შემდეგ (19-16) სქოთებმა რეიტინგში მეშვიდე ადგილზე აინაცვლეს და სერიოზული განაცხადი გააკეთეს 2019 წლის მსოფლიო თასზე მეორე კალათაში მოხვედრაზე.

მასპინძლებმა უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი. არგენტინასთან შედარებით სულ 5 ცვლილებაა. სერიოზული დანაკლისი მხოლოდ ახალგაზრდა შუამარბი ჰიუ ჯონსია, რომელიც არგენტინასთან დაშავდა. მის ნაცვლად მასპინძლებმა მარკ ბენეთს უხმეს. (ეს უკანასკნელი შარშან წლის აღმოჩენაზე იყო ნომინირებული ჩვენს ვასილ ლობჟანიძესთან ერთად, როგორც გახსოვთ ჯილდო ახალ ზელანდიელ ნეჰე მილნერ-სქადერს დარჩა) სამაგიეროდ გუნდში დაბრუნდა მომჯობინებული გოლიათი – მეორეხაზელი რიჩი გრეი, რომელიც უთუოდ დიდ პრობლემებს შეგვიქმნის როგორც ღია თამაშში, ასევე აუტებში. სხვა ცვლილებებიდან აღსანიშნავია გამოცდილი ჰუკერის – როს ფორდის სასტარტოში დაბრუნება. კიდევ 2 ცვლილება მესამე ხაზშია, სადაც შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ჰემიშ უოთსონმა შეინარჩუნა. #6 რობ ჰარლი ნამდვილი მეომარი და მებრძოლი ბიჭია – განსაკუთრებით კარგია დაცვაში, მოლის და რაქის გვერდით ნოლში მოქმედებისას, ასევე დერეფანშიც ხტება და შერკინებაშიც კარგად აწვება. ჯონ ბარკლის სათადარიგოთა სკამზე გაამწესებით მასპინძლები მეორე ტაიმში დაღლილ მეტოქეზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას შეეცდებიან.

ემზადება საქართველოც. მილტონ ჰეიგმა დაასახელა თავისი საბრძოლო რაზმი. ძირითადი შემადგენლობა პროგნოზირებადი იყო. შუამარბად შემოიწია თაზო მჭედლიძემ, ხოლო მისი ადგილი ფრთაზე გიორგი აფციაურმა დაიკავა. სხვა ცვლილებები არ გვაქვს. მცირეოდენ გაოცებას იწვევს სათადარიგო სკამი. აქ ერთბაშად 6 მორკინალი გვყავს და მხოლოდ 2 უკანახაზელი (9 ნომერი ბეგაძე და ფულბეკი წიკლაური) სკამზე კვლავ არ გვიზის სპეციალისტი მეორეხაზელი. სამაგიეროდ გვყავს 3 მესამეხაზელი. როგორც ჩანს ცვლილებების შემდეგ კვლავ მამუკა გორგოძე გადაინაცვლებს მეორე ხაზში.

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან?
შოტლანდიელთა ჩანაფიქრი აშკარაა, არსებობს მოსაზრება, რომ მათ ხელოვნურსაფარიანი კილმარნოკის პარკ არენა შემთხვევით არ აურჩევიათ. ასეთი საფარი მშრალ ამინდში უფრო ჩქარია ვიდრე ბალახი. მასპინძლები ყველა ინტერვიუში ხაზს უსვამენ ქართველთა ძალისმიერ სტილს. შესაბამისად, მათგან ხაზზე სწრაფ ჩათამაშებებს უნდა ველოდოთ.

ბუნებრივია, ეცდებიან მაქსიმალურად გაშალონ თამაში და შეტევაში მოედნის მთელი სიგანე აითვისონ. ამისათვის მათი მგეზავი ფინ რასელი ხშირ-ხშირად მიმართავს როგორც მომსხეპ პასებს (მინიმუმ ერთი, შეიძლება ორი კაცის გამოტოვებითაც კი), ასევე ფეხით გადაკიდებებს. ვფიქრობთ, ხშირად ვიხილავთ შეტევის მიმართულების ცვლასაც, რომლის დროსაც ფულბეკ სტუარტ ჰოგის ჩართვით ეცდებიან რიცხობრივი უპირატესობის შექმნას და სისწრაფის ხარჯზე ჩვენი დაცვის გაჭრას.

სავარაუდოდ, მასპინძლები უარს არც ფეხით თამაშზე იტყვიან. წესით, ჰაერში მათ უპირატესობა უნდა ჰქონდეთ.

როგორც ვერნ ქოთერმა განაცხადა, ისინი აპირებენ უპირატესობა მოიპოვონ რაქში და იქედან ჩვენთვის ბურთების ამოცლა სცადონ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველები ამ კომპონენტში არ ბრწყინავენ, გათვლა ლოგიკურია და ხვალინდელ მატჩში სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

საპირისპიროდ, ჩვენ აქცენტს სავარაუდოდ ჩამშლელ რაგბზე გავაკეთებთ, ბევრი ჭიდაობა, ბურთის მაქსიმალური კონტროლი, მოკლე დარტყმები და მოწინააღმდეგის შეცდომის დალოდება.

თუკი ყველაფერი შოტლანდიელთა სცენარით განვითარდა, წესით სწრაფი შეტევები, რაქის მაქსიმალურად სწრაფად გაწმენდა და ბურთის ფლანგიდან-ფლანგზე ჩათამაშებები უნდა ვიხილოთ.

თუმცა, არის შანსი (მხოლოდ მიზერული), რომ თამაში ქულა-ქულაში წავიდეს და სიტუაცია დაიძაბოს. ამ შემთხვევაში შოტლანდიელებს თავიანთი „საშინაო დავალებები“ აქვთ – ისინი ეცდებიან, რომ რაქში მაქსიმალურად აგვკიდონ ჯარიმები და კომფორტული სხვაობის შესაქმნელად კარში დაარტყან (არაა გამორიცხული ეს სცენარი მატჩის დასაწყისშიც გამოიყენონ, როცა სხვაობა მინიმალური იქნება). მოდი დავაკვირდეთ როგორ ცდილობდნენ სქოთები რაქში ჯარიმების გამომუშავებას არგენტინის მატჩში:

პირველ გიფზე ჩანს რაქში ჩავარდნილი აგუსტინ კრივი, რომელიც ცდილობს გადაგორდეს, რადგან არ დაჯარიმდეს. ამ დროს დავაკვირდეთ რას აკეთებენ ლეიდლოუ და ჰოგი: ისინი კისერსა და ზურგში მუხლებს აჭერენ კრივის, რადგან ვერ გადაგორდეს და იწყებენ მსაჯთან აპელირებას, რომ ბურთის გატანას ვერ ახერხებენ. რეფერი თავიდან თითქოს ეუბნება ბურთი ჩანს და ითამაშეთო, თუმცა შემდეგ მაინც აჯარიმებს არგენტინელებს.

 

და მეორე გიფი, სადაც ჩანს როგორ ბოჭავს არგენტინელი ლეგიზამონი შოტლანდიელ თიმ სვინსონს და შემდეგ სწრაფად ცდილობს ბოჭვის არეს გაერიდოს, თუმცა სვინსონი უჭერს მარცხენა მხარს და რაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. ამით, ერთის მხრივ მალავს ბურთს და რაქში მისულ არგენტინელებს არ აძლევს მისი ამოღების საშუალებას, ხოლო მეორეს მხრივ აპელირებს მსაჯთან, რომ ლეგიზამონი არგადაგორებისთვის დააჯარიმოს. წინა ეპიზოდისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მსაჯმა არგენტინელები არ დააჯარიმა, თუმცა ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ იგივეს გააკეთებს ინგლისელი არბიტრი ჩვენთან თამაშში. ასე რომ, ბორჯღალოსნები მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცალონ ბოჭვის არეს, რათა რეფერის ჩვენი დაჯარიმების საბაბი არ მისცენ.

რისი იმედი შეიძლება გქვონდეს?
შერკინება – ისევ და ისევ ჩვენი მთავარი იარაღი. შოტლანდიელებს საკმაოდ გაუჭირდათ შერკინებაში არგენტინელების გამკლავება. სამხრეთელებმა თავისი ყველა შერკინება მოიგეს და ერთი შოტლანდიისასაც წაიღეს. ბრიტანული პრესა განსაკუთრებით სათადარიგო ბურჯებით დარჩა უკმაყოფილო. წესით, მასპინძლებს ჩვენგან ბევრად მეტი ჯაფა უნდა დაადგეთ.
აუტები – შოტლანდიელებმა არგენტინასთან 2 საკუთარი დერეფანი წააგეს , სანაცვლოდ კი ვერაფერი წაართვეს, საპირისპიროდ, ქართული დერეფანი ჯაბა ბრეგვაძის მეთაურობით ბრწყინვალედ გამოიყურება. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. აუტებში კარგმა თამაშმა შეიძლება ბურთი მოგვიპოვოს და ჩვენს დაცვას წნეხი შეუმსუბუქოს. ასევე, აუტიდან აგორებული მოლი ჩვენი შეტევებისთვის სასიცოცხლოა. თუმცა, რიჩი გრეის დაბრუნება ამ საქმესაც ერთიორად გვირთულებს
ტრადიცია – საქართველოს ნაკრები სერიას, როგორც წესი მძიმედ იწყებს და თანდათან უმატებს. ასე იყო ერთა თასზე, ასე იყო სამხრეთულ ტურნეში. იმედია, ეს ტრადიცია შენარჩუნდება და ბორჯღალოსნები საუკეთესო მატჩს ჩაატარებენ.

მნიშვნელოვანი მოთამაშეები
მასპინძელთა რიგებში შეგვეძლო დაგვესახელებინა ტანმორჩილი ტაქტიკოსი გრეგ ლეიდლოუ ანდა ფეხმარდი ფულბეკი სტუარტ ჰოგი. მაგრამ ჩვენი არჩევანი ორ მორკინალზე შეჩერდა. ვფიქრობთ, ტანმაღალი რიჩი გრეი დერეფანში ჩვენი მთავარი თავისტკივილი იქნება, მღლეტელი ჰემიშ ვოტსონი კი შეეცდება ბოჭვის არეში გადაგვიკეტოს ჟანგბადი.

როგორი სანატრელია, მაგრამ იმედია შოტლანდიელთა ბევრ ტექნიკურ წუნს და შერკინებას ვიხილავთ და აქ მიშა ნარიაშვილის გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის. მან აუცილებლად უნდა დაჩაგროს ახალგაზრდა ვიზავი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტევის ლამის ერთადერთ შესაძლებლობას ვკარგავთ.

ჩვენი პროგნოზი: საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან ლიმიტირებული შესაძლებლობები აქვს. მწირქულიან თამაშს და შოტლანდიის 18-20 ქულით გამარჯვებას ველით

შემადგენლობები

შოტლანდია
15. სთიუართ ჰოგი 14. შონ მეითლენდი 13. მარკ ბენეთი. 12 ალექს დანბარი 11. თომი სეიმური 10. ფინ რასელი 9. გრეგ ლეიდლოუ (კ) 8. რაიან ვილსონი 7. ჰამიშ უოთსონი 6. რობ ჰერლი 5. ჯონი გრეი 4. რიჩი გრეი 3. ზანდერ ფეგერსონი 2. როს ფორდი 1. ალან დელი

მარქაფა
16. ფრეიზერ ბრაუნი 17. ალექს ალანი 18. მორეი ლოუ 19. გრანთ გილქრისთი 20. ჯონ ბარქლი 21. ალი ფრაისი 22. ფით ჰორნი 23, რორი ჰიუზი

მწვრთნელი: ვერნ ქოთერი

საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი 14. გიორგი აფციაური 13 თამაზ მჭედლიძე 12. მერაბ (ბუკა) შარიქაძე 11, სანდრო თოდუა 10.ლაშა მალაღურაძე 9. ვასილ ლობჟანიძე 8. ბექა ბიწაძე 7. მამუკა გორგოძე (კ) 6. ვიტო კოლელიშვილი 5. გიორგი ნემსაძე 4. კოტე მიქაუტაძე 3. ლევან ჩილაჩავა 2. ჯაბა ბრეგვაძე 1. მიხეილ ნარიაშვილი

მარქაფა
16. ბადრი ალხაზაშვილი 17. კარლენ ასიეშვილი 18. დუდუ ქუბრიაშვილი 19. ლაშა ლომიძე 20. გიორგი (კოკი) თხილაიშვილი 21. გიორგი ბეგაძე 22. ბექა წიკლაური 23. შალვა სუთიაშვილი
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

მსაჯთა ბრიგადა

მთავარი მსაჯი- მეთიუ ქარლი (ინგლისი)
დამხმარე მსაჯები – მატიე რეინალი (საფრანგეთი) დენ ჯოუნსი (უელსი)
ვიდეო რეფერი – საიმონ მაქდაუელი (ირლანდია)

მატჩის დასაწყისი 26 ნოემბერი 18.30 (თბილისის დროით) რაგბი პარკი, კილმარნოკი, შოტლანდია

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

sixteen − 14 =