მთავარი / ბორჯღალოსნები / ჯაჯგური ბელგიურ ტალახში

ჯაჯგური ბელგიურ ტალახში

(ფოტო: Georgian Rugby)

 

ნამატჩევს მილტონ ჰეიგმა თქვა, ბელგიას პირველად რომ შევხვდით, დღეს იმაზე უკეთ ვითამაშეთო.

უკეთ თამაშის რა გითხრათ, მაგრამ ანგარიშში სხვაობა ნამდვილად უკეთესია, რაც მხოლოდ ერთ რამეს უსვამს ხაზს: ბორჯღალოსნები კლასით სხვებზე ორი თავით მაღლა დგანან. თუკი 2013 წელს ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე საქართველომ რის ვაივაგლახით და მამუკა გორგოძის თავდადებით მოახერხა გამარჯვება, შაბათს გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით აუღელვებლად გაიმარჯვა და ბონუს ქულაც მოიპოვა.

აი, თამაშის რა მოგახსენოთ… ისევ ტალახი, ისევ ჯაჯგური, ისევ აიღე და მიეძალე…

 

მწვრთნელის ჩანაფიქრი

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის წინასიტყვაობაში ვწერდით, მილტონ ჰეიგმა გამოსაცდელად თითქმის სულ წინახაზელებს დაუძახაო და როგორც ჩანს, რადგან მათი საქმეში ნახვა აინტერესებდა, ტაქტიკაც შესაბამისი შეარჩია – თითქმის მთელი 80 წუთი შერკინებისა და მოლის გარდა ჩვენი ნაკრების შესრულებით არც არაფერი გვინახავს.

ხუმრობა იქით იყოს და თამაში 2 წუთის დაწყებულიც არ იყო, როცა ბელგიელთა 5 მეტრა ხაზზე პირველი შერკინება დაინიშნა და მომდევნო რვა წუთი მოედნის ამ მონაკვეთში ჯაჯგურში გაილია. აქეთ უკანახაზელები გაითოშნენ, იქით უელსელ რეფერის მობეზრდა შერკინების ამდენჯერ მოწყობა და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერც ხეირს ვნახულობდით და არც შერკინებიდან ბურთის გამომტანებს ვგავდით, აქეთ დაგვაჯარიმა.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, პირველი ტაიმით კმაყოფილი დავრჩიო. მისი ჩანაფიქრი თუ მიწოლაში და მოლში დებიუტანტების გამოცდა იყო, მაშინ ნამდვილად კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. ახლებმა თავი არ შეირცხვინეს და ბეჩავი ბელგიელები ტალახში აღმა-დაღმა ათრიეს. აი უკანახაზელებზე კი რა გითხრათ… კოშაძის გარღვევას და ტაიმის მიწურულს მისივე ლელოს თუ არ ჩავთვლით, ისინი თამაშში, ფაქტობრივად არ გვინახავს.

გიორგი კოშაძის ლელო (ფოტო: Georgian Rugby)

 

შავი ეშმაკები

ამ დღეებში ალბათ ხშირად გაიგონებდით ფრაზას: „მოედანი ისეთ მდგომარეობაში იყო და ბურთი ისე ცურავდა, ამ პირობებში გაშლილი რაგბი როგორღა უნდა გვეთამაშა“.

მაშ, ბელგიელებმა როგორ მოახერხეს?

შავი ეშმაკები პირველი ტაიმის ბოლოსკენ გააქტიურდნენ, ხელდახელ გვარიანად გვიტიეს, ხოლო ქართველებმა ლელოდან 10 მეტრშიღა მოახერხეს და ბელგიელს ბურთი ხელიდან გააგდებინეს.

მეორე ტაიმის პირველი 15 წუთიც ანალოგიური სცენარით გაგრძელდა. მასპინძლებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და თამამად შემოგვიტიეს. ძალიან სწრაფად და კარგად ასუფთავებდნენ რაქს, ცხრა ნომერსაც სწრაფად და ჭკვიანურად გაჰქონდა ბურთი და ხაზზეც მშვენივრად ათამაშებდნენ.რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ ლელოსთან, თუმცა ბორჯღალოსნები ზედ ლელოს ხაზზე აჩერებდნენ და უკან ახევინებდნენ.

თუმცა მათ გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია და ამ 15 წუთში 6 ქულასაც გამორჩნენ, ხოლო ბორჯღალოსნები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ.

 

მარადიული გასაჭირი

უკვე იმდენჯერ დავწერეთ ამ პრობლემაზე, რომ სათვალავი აგვერია. ჩვენი მკითხველი ალბათ მიხვდებოდა, რომ რაქებში თამაშსა და ბურთიან კაცზე მიყოლას ვგულისხმობთ. როცა ისეთი გუნდი, როგორიც ბელგიაა, შენზე სწრაფად წმენდს რაქს, შენზე ორგანიზებულად მიყვება ბურთიან კაცს და იცავს ბოჭვის არეს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ვერ გეტყვით, ეს მოტივაციის ნაკლებობის ბრალია, მოედნის სავალალო მდგომარეობის (არადა, ბელგიელებიც იმავე მინდორზე თამაშობდნენ), თუ სხვა მიზეზები აქვს, მაგრამ ბორჯღალოსნები მოედანზე ძალიან ნელა მოძრაობდნენ და რა გასაკვირია, რომ რაქში მეტოქე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა.

კიდევ ერთი გასაჭირი „ქიქ ოფია“ – პირველ ტაიმში ბელგიელების დაკიდებული სამი „ქიქ ოფიდან“ ორში ბურთი მეტოქეს გადავაბარეთ.

ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ შარშან და შარშანწინ ოცწლამდელებსაც. როგორც ჩანს, მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლების დროს კონცეტრაციის დაკარგვა ჩვენი სენია, რომელსაც ამ დრომდე ვერაფერს ვუხერხებთ ანდაც თამაშის ამ კომპონენტში შესაბამისი უნარ-ჩვევების ნაკლებობას განვიცდით.

რაქებში ჩვენს პასიურობას ისიც დაერთო, რომ გიორგი ბეგაძე იქედან ბურთის გამოტანას ძალიან აგვიანებდა, რაც შეტევის ისედაც ნელ ტემპს კიდევ უფრო ანელებდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო ვასილ ლობჟანიძესთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია.

 

სათამაშო მომენტები

მოედნის საფართან და ამინდთან ერთად ბელგიური რეჟისურა და სატელევიზიო სიგნალიც ძალიან ცუდი ხარისხის იყო, ამიტომ თამაშის სრული სურათის დანახვა ჭირდა, გარდა ამისა, თითქმის მთელი თამაში სტატიკურ სიტუაციებში გაილია და გასარჩევი ბევრი არც არაფერი იყო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდის გარჩევას მაინც შემოგთავაზებთ.

პირველ რიგში, მერაბ კვირიკაშვილის სინ-ბინზე შევჩერდებით. ბელგიელმა რეჟისორებმა მომენტის გამეორება არ შემოგვთავაზეს და რეპორტაჟის დროს მეკოს ყვითელი ბარათის მიზეზი გაურკვეველი დარჩა. თამაშის ჩანაწერის და მომენტის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ თითქმის 100%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა გახდა მისი გასინბინების მიზეზი:

ბელგიელთა ფეხით გადაკიდების მერე ბურთი ფრუიძეს ჩაუვარდა ხელში და ისიც მეტოქის ლელოსკენ გაიქცა, ხოლო მას ინსტიქტურად მიყვნენ სხვა ბორჯღალოსნებიც, მათ შორის მეკო კვირიკაშვილი.

 

თუმცა, მსაჯმა მანამდე წესების დარღვევა დააფიქსირა, ამიტომ ბურთი ბელგიელებს გადაეცათ, რომლებმაც სწრაფად ჩამოირბინეს და ბურთი იქვე გაითამაშეს. მათგან განსხვავებით ქართველები რატომღაც ნელა იხევენ უკან და ამ სლაიდზე კარგად ჩანს, როგორ არის ოფსაიდში ჩარჩენილი ერთბაშად 5 ბორჯღალოსანი, რომლებიც წესით და რიგით ლელოს ხაზზე უნდა იდგნენ.

 

ჟიულიან ბერჟე (#9) ბურთს იქვე ათამაშებს და პასს აწვდის ბრიოკ კორადის (#4), რომელიც საერთოდ მარტოდმარტოა და თითქოს ლელოც გარდაუვალია, მაგრამ ოფსაიდში ჩარჩენილი მეკო (რომელიც კადრში არ ჩანს) უკნიდან შემორბის და ბელგიელთა მეორეხაზელს ბოჭავს. მსაჯმა კვირიკაშვილის ოფსაიდი ვერ შენიშნა და თავიდან ბურთის წინ გავარდნისთვის შერკინების უპირატესობაც კი მოგვცა, თუმცა შემდეგ კიდის არბიტრმა ანიშნა და მეკო 10 წუთიან სინ-ბინში გაუშვა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ გაგვიმართლა, ამ ეპიზოდში ბელგიელებს საჯარიმო ლელო რომ არ ჩაუთვალეს. თუ გახსოვთ, ის კიდის მსაჯი, რომელმაც წესების დარღვევა დააფიქსირა, პირდაპირ ბორჯღალოსანთა ძელებისკენ გაიქცა, რახან ეგონა, რომ მთავარი არბიტრი ტექნიკურ ლელოსაც ჩათვლიდა.

 

ეპიზოდი დინამიკაში, რომლის ბოლოსაც ჩანს, თუ როგორ ჩამორბის ფრუიძე მეკოზე დაგვიანებით

 

შემდეგი ეპიზოდები ბორჯღალოსანთა რამდენიმე არასწორ გადაწყვეტილებას ეხება:

ბელგიელები ადრე მოგვაწვნენ, უელსელი რეფერი თავისუფალს ნიშნავს, ბექა გორგაძე იქვე ათამაშებს და ბელგიელებს უტევს. სლაიდზე კარგად ჩანს, რომ ბელგიელების უმეტესობა მარჯვენა ფლანგზეა განლაგებული, გადაწყობა ვერ მოასწრეს და მარცხნივ აშკარა მეტობაში ვართ. იმის მაგივრად, რომ ბექამ პასი გაუშვას ლომიძეზე ან უმჯობესია მომსხეპი პასი ხმალაძეზე, აკეთებს ფინტს და ერთბაშად ხუთ ბელგიელს უვარდება ხელში.

 

შესაბამისად, სახიფათო შეტევის მაგივრად მივიღეთ პოტენციური თერნოვერი, რახან მიმყოლებმა დააგვიანეს, ხოლო რის ვაივაგლახით გადმოდებული ბურთის მერე ჭეიშვილი არასწორად შედის რაქში, წელში საკმარისად მოხრილი არ არის და კონტრბიძგის მიმართ მოწყვლადია. მისგან განსხვავებით სწორად თამაშობს ორი ბელგიელი, რომლებიც ბოჭვაში „ქვემოდან“ შედიან და ადვილად ახერხებენ ჭეიშვილის მოშორებას. ამ სიტუაციაში მხოლოდ ბელგიელთა უყურადღებობამ და ბურთის წინ დავარდნამ გადაგვარჩინა.

 

სამოასთან მატჩში ჩილაჩავას გაქცევა ალბათ გემახსოვრებათ, ანალოგიური განმეორდა ბელგიასთან შეხვედრაშიც, მხოლოდ ამჯერად ფრუიძის შესრულებით. მანაც ისე გაიარა დაახლოებით 20 მეტრი, რომ მიმყოლი არავინ ყავდა (წითელი ისრით აღნიშნულია მის მიერ განვლილი მანძილი, ხოლო თეთრი X-ით მისი შებოჭვის ადგილი).

 

უკვე შებოჭილი, რამდენიმე წამი კიდევ დარჩა ფეხზე და მარჯვნიდან ელოდა ვინმეს, ვისაც ოფლოუდს ამოუგდებდა, თუმცა ამაოდ…

 

ეპიზოდი დინამიკაში:

 

კვართი

როცა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის წინასიტყვაობაში კვართზე ვსაუბრობდით, შეგნებულად ავუარეთ გვერდი მისი ვიზუალის შეფასებას, რახან გემოვნება ზემდეტად სუბიექტურია, ნაწილს მოსწონს ფორმა და გარკვეულ ნაწილსაც – არა.

კვართის დიზაინზე საუბრით არც ამჯერად შეგაწყენთ თავს, უბრალოდ ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: თეთრ მაისურზე ოქროსფერი ციფრებით ნომრების დაწერა აშკარად ცუდი იდეა გამოდგა. ბელგიური რეპორტაჟის განმავლობაში მოთამაშეებს აღნაგობით თუ იცნობდით, თორემ ნომრების ამოკითხვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

კარგი იქნება, თუ კავშირი გაითვალისწინებს ამ პრობლემას და კვართს მინიმუმ ნომრებს მაინც სხვა ფერში დააბეჭდავს.

(ფოტო: Georgian Rugby)

სენსაცია ოფენბახში

გერმანული რაგბი აშკარა აღმავლობის გზას ადგას და როცა ბოლო ადგილს ვუწინასწარმეტყველებდით, მათი შესაძლებლობები აშკარად არ დავაფასეთ.

გერმანელებმა შარშან პორტუგალიის დივიზიონიდან გაგდება არ იკმარეს და ამჯერად მსოფლიო თასზე გასვლის მთავარი კანდიდატი – რუმინეთი წამოაქციეს.

ვინც თამაშს უყურა, ალბათ დაგვეთანხმება, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევით მოგება და გერმანელებმა გამარჯვება ალალად დაიმსახურეს. პრინციპში, ამის მიხვედრას მატჩის ნახვაც არ სჭირდება, რადგან ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს – 41 ქულას შემთხვევით ვერავის დაუდებ. თან ქულებიცაა და ქულებიც. გერმანელებმა არც მეტი, არც ნაკლები ორი ლელო მოლით გაიტანეს და შერკინებაშიც ყოჩაღად იდგნენ პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე რუმინელებთან.

რუმინულ რაგბზე რა შეიძლება ითქვას? სანუგეშო ნამდვილად არაფერი. ბოლო წლებია, მხოლოდ უკან და უკან მიდიან, ახალგაზრდებში კატასტროფული მდგომარეობა აქვთ და ვერც ნატურალიზებული მოთამაშეები შველით. „სტეჟარის“ მდგომარეობას ყველაზე კარგად ერთ-ერთი რუმინული სარაგბო საიტი გამოხატავს, რომლის მხოლოდ სათაურის წაკითხვაც სრულიად საკმარისია

 

იქაური რაგბის ფედერაცია უფრო შორს წავიდა და ოფიციალურ გვერდზე წაგებისადმი მიძღვნილი ლექსების გამოქვეყნებითაა დაკავებული (ტექსტი ნათარგმნია Google Translate-ით).

 

რუმინელებისგან განსხვავებით პროგნოზები გაგვიმართლა ესპანეთმა, რომელმაც ნაკლებად სანახაობრივ მატჩში რუსების დამარცხება მოახერხა, თან ისე, რომ ბონუსიც არ ააღებინა.

მოკლედ, გერმანელთა ვაჟკაცობამ ბელგიელების და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუსების ქვედა დივიზიონში დაქვეითების შანსები გაზარდა, ხოლო სამსოფლიოთასო ცხრილი გვარიანად არია. ამ ყველაფერში ჩვენთვის კარგი ის არის, რომ ჩემპიონატი შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი მოვიგოთ, თუკი რუმინეთში პატარა სენსაცია მოხდება და დავმარცხდებით.

მანამდე კი, ამ კვირას, მოგებით ფრთაშესხმულ გერმანელებს ვხვდებით, რომლებმაც, არა მგონია, ჩვენთან განწირულ შეხვედრაში თავი მოიკლან.

ასე რომ, თუკი ამინდმა ყველაფერს დაღი არ დაასვა, უხვლელოიან და თვალსასეირო მატჩს ველით.

ასევე ნახე

ოფიციალურად: მილტონ ჰეიგი სამუშაოდ იაპონურ გრანდში მიდის!

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი, მსოფლიო თასის შემდეგ სამუშაოდ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

fourteen − 2 =