
თედო აბჟანდაძე იმ 20 წლამდელების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, რომელმაც შარშან მიჯრით სამი თამაში მოიგო ირლანდია, იაპონია, შოტლანდიასთან. ნოემბერში კი ეროვნულ ნაკრებშიც ირაგბა და რომ არ გცოდნოდათ, ვერც შეატყობდით, რომ მოედანზე 19 წლის დებიუტანტი თამაშობდა. თედოს 30 დეკემბერს, “აია არენაზე” შევხვდით. სადაც, დამსახურებული დასვენების მაგივრად, ფიტნეს დარბაზში ვარჯიშობდა.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი
- ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატით დავიწყოთ, სადაც სამი მატჩის მოგება მოახერხეთ. მათ შორის ირლანდიასთან და შოტლანდიასთან. ტურნირის წინ რეალური ამოცანა რა იყო და ელოდით თუ არა ამ შედეგს?
საფრანგეთში გამგზავრებამდე მწვრთნელებმა ჯგუფებად დაგვყვეს და გვთხოვეს, ცალ-ცალკე ჩამოგვეწერა ის მიზნები, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გვქონოდა. ყველა ჯგუფში ერთსულოვნება იყო იმაზე, რომ მინიმუმ ორი თამაში უნდა მოგვეგო და წინა წლის შედეგი გაგვეუმჯობესებინა. ირლანდია-იაპონიასთან გამარჯვებით ეს გეგმა შევასრულეთ, თუმცა ორი მოგება უკვე აღარ გვაკმაყოფილებდა. წინა წლებში, ბოლო მატჩში ბიჭები შედარებით ნაკლებად მობილიზებულნი გავდიოდით. ალბათ იმიტომ, რომ მიზანი, მსოფლიოზე ადგილის შენარჩუნება, მიღწეული იყო და გადავწყვიტეთ ამჯერად იგივე არ გაგვემეორებინა. მით უმეტეს, ვიდეო გარჩევაზე შოტლანდია კარგად შევისწავლეთ და გვჯეროდა, რომ მათი დამარცხება თავისუფლად შეგვეძლო.
- ჯგუფებად დაყოფა ახსენე და რომელიმე ჯგუფს მიზნად სამი მოგება თუ გეწერათ?
არა. ჯგუფში ირლანდიასთან მოგებას უეჭველად ვგეგმავდით და შემდეგ იმის მიხედვით, რომელი ადგილისთვის ვიბრძოლებდით, მეორე შეხვედრაში გამარჯვებასაც. თუმცა სამ მატჩში გამარჯვება ნამდვილად არ დაგვიგეგმავს.
- ირლანდიასთანაც და შოტლანდიასთანაც გაგვიჭირდა დაწყებული საქმის ბოლომდე მშვიდად მიყვანა. იგივე დაგვემართა შარშან, არგენტინასთან და უფრო ადრე იტალიასთან, როცა ბოლოს ლელოებს ვუშვებდით. შენი აზრით, რისი ბრალია? როცა ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია, ვდუნდებით, თუ სხვა მიზეზია?
ირლანდიასთან დიდი ანგარიშით ვიგებდით, ბონუს ქულა გვჭირდებოდა და ვუტევდით. თუმცა, ბოლო წუთებში გავიგეთ, რომ არგენტინამ ორი ბონუსი აიღო და მეხუთე-მერვე ადგილების პლეი-ოფში ვეღარ გავდიოდით. ჩემი აზრით, ამან იმოქმედა და გავჩერდით. ამას დაემატა ისიც, რომ შეხვედრა ფაქტობრივად უკვე მოგებული იყო.
შოტლანდიასთან განსხვავებული სიტუაცია გახლდათ. თუ გახსოვთ, იქ ლელო უნდა დაგვედო, თუმცა ამის მაგივრად ჯალაღონიამ ფეხი მოიტეხა, მარჯანიშვილი ისედაც ტრავმირებული იყო და კუნთი უარესად გაეჭიმა. ამას დაემატა კალმახელიძის სინ-ბინი, პლუს მოედანზე სამის მაგივრად ოთხი პირველხაზელი გვყავდა (ერთ-ერთი მეორე ხაზში იდგა). ისე გამოვიდა, რომ თხუთმეტის მაგივრად, ფაქტობრივად თორმეტი კაცი ვთამაშობდით. შოტლანდიელებმაც იგრძნეს მომენტი, შემოგვიტიეს და ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა მაინც მოვახერხეთ ბურთის დაჭერა, მათი დაჯარიმება და თამაშიც მანდ მორჩა.
- შოტლანდიასთან განსაკუთრებით გამოსარჩევია მეორე ტაიმის 20 წუთიანი მონაკვეთი, როცა მეტოქეს გასაქანი არ მივეცით და ყველაფერი გამოგვდიოდა. მწვრთნელმა შესვენებაზე რა დავალება მოგცათ?
შოტლანდიასთან პირველი ტაიმის ბოლო ძალიან ცუდად მახსოვს: ჩემი შეცდომის გამო ბურთი ჩაგვიჭრეს და როცა ქულები უნდა აგვეღო, ლელო აქეთ გავუშვით. ამის გამო გასახდელში ყურებჩამოყრილი შევედით, თუმცა მწვრთნელები გვეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ ბურთი უნდა დაგვეჭირა, შეგვეტია და ამ მატჩის მოგება თავისუფლად შეიძლებოდა, რადგან მთელი პირველი ტაიმი შოტლანდიელებს პრობლემებს ვუქმნიდით. ამას დაემატა ის, რომ ქარი ჩვენს სასარგებლოდ უბერავდა და ფეხს ძალიან კარგად ვიყენებდით. თან დაერთო ისიც, რომ შოტლანდიელებმა წაგებული ჩვენივე აუტი უკან გვაჩუქეს და გიგოლაშვილმა ლელო გაიტანა. პლუს ეტყობოდათ, რომ მთლად საუკეთესო ფორმაში ვერ იყვნენ…
- როგორ ფიქრობ, შოტლანდიელებსაც იგივე პრობლემა ხომ არ ჰქონდათ, რაზეც ზემოთ ისაუბრე? ანუ ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა და მოდუნებულები იყვნენ.
არამგონია. უბრალოდ ყველა კომპონენტში ვჯობდით: შერკინებაში, მოლში, აუტში… ჩემი აზრით, ჩვენთან შედარებით სუსტი გუნდი იყო და გამარჯვებაც ამან განაპირობა.
- რა მოხდა იაპონიასთან, რატომ გაგვიჭირდა მათთან? პირველ ტაიმში ფაქტობრივად ბურთი არ გვქონია და ისინი დომინირებდნენ. იაპონელებმა კარგად შეგვისწავლეს და სწორი ტაქტიკა დაგვიპირისპირეს, თუ ჩვენ დავუშვით უხეში შეცდომები?
ირლანდიასთან მატჩის მერე ისე მონდომებით აღარ ვვარჯიშობდით, მატჩი წინასწარ მოგებული გვეგონა და პირველი ტაიმის ჩავარდნა სწორედ ამის ბრალი იყო. ყველანი დაბნეულები ვიყავით, ხოლო იაპონელები არ ჩერდებოდნენ და გამუდმებით გვიტევდნენ. მოკლედ, პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობეს.
- მეორე ტაიმში, დაახლოებით მესამოცე წუთისთვის კაცი რომ გაგვიგდეს, მაშინაც გჯეროდათ, რომ მოიგებდით? მით უმეტეს, მანამდე რამდენიმე ძალიან რეალური შანსი გვქონდა და ლელო ვერაფრისდიდებით დავდეთ…
ეგ მომენტი კარგად ნამდვილად არ მახსენდება. გუნდს რომ გავხედე, თითქმის ყველას ხელები თავზე ჰქონდა შემოწყობილი და დაბნეული თვალებით იყურებოდნენ. ვცადე, ბიჭები დამეწყნარებინა, ყველას ვეუბნებოდი, რომ თამაში ჯერ კიდევ წინ იყო და გამარჯვება შეგვეძლო. ასე რომ, კი, მაგ მომენტშიც მჯეროდა, რომ შეხვედრის შემოტრიალებას შევძლებდით და ასეც მოხდა.

- რა გვაკლია ისეთი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სამხრეთი აფრიკა ან საფრანგეთია? კონკრეტულად რა კომპონენტში გვჯობნიან ყველაზე მეტად?
ჩემი აზრით, აფრიკასთან გამოცდილება დაგვაკლდა. ასევე, ცოტა ნერვიულობასაც შეგვიძლია დავაბრალოთ. პირველი ტაიმის შემდეგ ვიგებდით და მეორეში სამი ელემენტარული შეცდომა დავუშვით, რომლებიც ლელოებად დაგვიჯდა. რომ არა ეს შეცდომები, ჩემი აზრით, მათთან მოგება შეგვეძლო.
- ჩვენ ვნახეთ საფრანგეთი, რომელსაც ფიზიკურად ძალიან ჯანიანი ბიჭები ყავდა. მით უმეტეს, ასაკობრივში ეს სხვაობა უფრო ჩანს, ვიდრე დიდებში. ხოლო, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გუნდი გვყავდა მსოფლიოზე. შესაძლებელია ფიზიკაში ამხელა უპირატესობის სხვა რაღაცების ხარჯზე გადაწონვა და მათთან გამარჯვება?
საფრანგეთთან ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბურთს ვერ ვაკონტროლებდით. როცა დროის დაახლოებით 70% დაცვაში ხარ, რთულია ასეთ შეხვედრაში გამარჯვებაზე იფიქრო. ძალიან ძნელია ასეთი დონის გუნდი კონტრშეტევაზე დაიჭირო და ლელოები დაუდო. ზოგადად, ქულებსაც ის აგროვებს, ვინც ბურთს აკონტროლებს. როცა ბურთი გვქონდა, პრობლემებიც შევუქმენით და მათი შეცდომებიც გამოვიყენეთ. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ფრანგებს ალბათ ისტორიაში საუკეთესო 20 წლამდელთა გუნდი ჰყავდათ და ჩემპიონებიც დამსახურებულად გახდნენ. მოკლედ, გამარჯვება ალბათ შესაძლებელია, თუკი ბურთს დავიჭერთ და თამაშის ტემპის გაკონტროლებას მოვახერხებთ.
- წელს ახალგაზრდულ მსოფლიოზე იქნები თუ არა? ესაუბრე უკვე ილო მაისურაძეს და მილტონ ჰეიგს ამ თემაზე?
არა, ჯერ არ მისაუბრია და ამ წუთას ნამდვილად არ ვიცი, ვიქნები თუ არა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
სანაკრებო დებიუტი
- ეროვნულ გუნდზე გადავიდეთ. შენი დებიუტი სამოასთან ურთულეს მატჩში შედგა. თან პირდაპირ ძირითადში დაიწყე და 80 წუთი ითამაშე. მოედანზე მშვიდი ჩანდი, თუმცა მატჩამდე ან მატჩის მიმდინარეობისას არ ნერვიულობდი?
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ პირდაპირ ძირითადში დავიწყებდი და ძალიან გამიკვირდა. თამაშამდე დარჩენილ დღეებში ბიჭები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, არ ინერვიულოო. თუმცა ყველას ვპასუხობდი, რომ არ ვნერვიულობდი და თავი დაენებებინათ (იცინის)…
უშუალოდ მატჩის დაწყების წინ, ალბათ, ოდნავ ვღელავდი. თუმცა როგორც კი თამაში დაიწყო, ამანაც გამიარა.
ადრე, მაგალითად თბილისში ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიოზე, პირველი სამი მატჩი მაგრად ვნერვიულობდი და დაეტყო კიდეც ჩემს თამაშს. არგენტინასთან გადავლახე და უკეთესადაც ვითამაშე. მერე მივხვდი, რომ ნერვიულობა უბრალოდ ხელს გიშლის და ჯობია საერთოდ არ იფიქრო მაგაზე. იგივე ეხება თამაშის დროს დაშვებულ შეცდომას (მაგალითად შოტლანდიასთან ჩაჭრას) – ვივიწყებ ასეთ მომენტებს და ვფიქრობ შემდეგი ნაბიჯის სწორად გაკეთებაზე.

- უამრავი სპორტსმენისგან გვსმენია, რომ სადებიუტო მატჩის წინა ღამეს დაძინებასაც ვერ ახერხებენ ხოლმე…
წინა ღამეს მშვენივრად მეძინა (იცინის)…
- კარში დარტყმები ცალკე ფენომენია. როგორია 19 წლის დებიუტანტისთვის პირველი დარტყმის სწორად შესრულება, რთულია ამ დროს ნერვებზე არაყოლა?
კარში დარტყმის დროს მცირე ნერვიულობის მომენტი მაინც არის. იგივე სამოასთან, დარტყმის წინ ვფიქრობდი, რომ პირველი ჯარიმა აუცილებლად უნდა გამეტანა. ზოგადად, ასეთ დროს კონცენტრირებული ვარ კარზე და გატანაზე, ხოლო ხმაურს, სტვენას და ტრიბუნებიდან შეძახილებს ყურადღებას არ ვაქცევ. თუმცა შეხვედრის მიმდინარეობა, ანგარიში, რომელი წუთია და მსგავსი ფაქტორები, რა თქმა უნდა, გავლენას მაინც ახდენს.
- ტონგასთან ერთი ჯარიმა აგიცდა და შემდეგი უფრო რთული პოზიციიდან გაიტანე. ასეთ მომენტებში კარში დარტყმის გადაწყვეტილების მიღება არ გიჭირს?
კი, მაგ ეპიზოდში ყოყმანის მომენტი ნამდვილად მქონდა. ვფიქრობდი, აუტში გადატანა ხომ არ ჯობიათქო. თუმცა, როგორც კი ბუკა შარიქაძე მოვიდა და მკითხა, კარში თუ დაარტყამო, ეგრევე ვუპასუხე – კი, დავარტყამ-მეთქი.
- ზოგადად, კარში დარტყმები გაუმჯობესებული გაქვს. 18 წლამდელთა ნაკრებში ასეთი ეფექტურობით ვერ ურტყამდი. სპეციალურად დამატებით ვარჯიშობ ამ კომპონენტზე?
კი, ძირითადად ვარჯიშის შემდეგ ვრჩები და დარტყმებს ვასრულებ. წლების მატებასთან ერთად კუნთიც იმახსოვრებს და ეჩვევა მოძრაობას, რაც კარში ზუსტად დარტყმას აადვილებს.
- შენი აზრით, რომელ კომპონენტში გიჭირს და ყველაზე მეტად რაზე მუშაობ?
მთავარ პრობლემად, ალბათ, ისევ ფიზიკა რჩება. გამძლეობა ნაკლები პრობლემაა, მაგრამ კუნთის მასა მოსამატებელი მაქვს.
- ახალგაზრდულ და დიდ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა? და თუ კი, კონკრეტულად რაში?
20 წლამდელებში დინამიკა მეტია და უფრო სწრაფი თამაში მიდის. ტონგა-სამოასთან კი მეტი ყურადღება კონტაქტზე და ფიზიკაზე იყო გამახვილებული. თან ყველა კაცია, ყველა ჯანზეა და ფიზიკურად თამაში უფრო რთულია. ახალგაზრდულში ფიქრისთვის შედარებით მეტი დრო მქონდა, ხოლო ეროვნულში გადაწყვეტილებების მიღებასაც უფრო სწრაფად გთხოვენ. ალბათ, უკეთესი დაცვის გამო, რადგან მეტოქე ხელზე გაზის, ფიქრისათვის უფრო ნაკლები დრო გაქვს.
- მოედანზე როგორი ტიპის 12 ნომრის გვერდით უფრო გიადვილდება თამაში: ფიზიკურად ძლიერ და გაგლეჯვაზე ორიენტირებულთან თუ უფრო მოპასავის და ფეხით დამრტყმელთან?
დინამიკაში თამაში მიყვარს – ბურთის გაშლა, ფლანგიდან ფლანგზე ჩათამაშება, პასები. თამაშის დროს რაღაცების შეცვლა, ახალი რამის მოფიქრება და ა.შ. შესაბამისად, ხელით მობურთალ მორაგბესთან უფრო კომფორტულად ვარ, ვინც თამაშში ამყვება. გარისკვაც მიყვარს. რისკის გარეშე არაფერი ხდება. ახალგაზრდულში ვრისკავდით და გამოგვდიოდა კიდეც. თან მწვრთნელებიც არ გვიშლიდნენ და უფრო თამამად ვთამაშობდით.
- იმ ახალგაზრდულიდან რამდენიმე უკვე ეროვნულ გუნდში ხართ. რისკის და თამაშის სიყვარული აქაც გადმოგყვათ?
მგონი, კი. მაგალითად, ტონგასთან მქონდა მომენტი, როცა იმავეს ვაპირებდი, რაც ახალგაზრდულში არაერთხელ მიქნია – ფეხით დარტყმის ჩვენებას და ამ დროს ჭრაზე წასვლას. თუმცა სამწუხაროდ ფეხი დამიცდა და არ გამოვიდა. უფრო ადრე, „ა“ ნაკრებში, მე და სანდრო სვანიძემ წამოვიღეთ ბურთი საკუთარი 5 მეტრიანიდან.

- იაპონიასთან, ბოლო წუთზე შენი გაჭრილი ხაზი რომ გაიხსენო…
რაქის გვერდით, როგორც წესი მორკინალები დგანან. ბურთი როცა მივიღე და გვერდზე გავიხედე, დავინახე, რომ ერთ-ერთი იაპონელი ამოვარდა, პატარა სივრცე გაჩნდა და ეგრევე ამ ღრიჭოში შევვარდი. ვიცოდი, პირველხაზელებს სისწრაფეში ვაჯობებდი და საბედნიეროდ გამოვიდა.
- ვინაა შენი მისაბაძი მაგალითი, რომელი მგეზავის თამაში მოგწონდა ან მოგწონს ყველაზე მეტად?
თანამედროვეობაში ჩემი იდეალი ბოდენ ბარეთია. ხელით იდეალურად თამაშობს, ხაზს ძალიან მაგრად ჭრის… ფეხი ისეთი მაგარი არ აქვს, როგორიც ჯონი სექსთონს. ირლანდიელი უფრო გაწონასწორებული და მშვიდი მორაგბეა. შეიძლება ხაზი არ გაჭრას, მაგრამ კლასიკური მგეზავია. გუნდს ათამაშებს და ფეხი აქვს ძალიან მაგარი. მოკლედ, ვცდილობ ამ ორ მორაგბეს მივბაძო, თუმცა იდეალი მაინც ბარეთია.
საკლუბო კარიერა და სწავლა
- როგორც გავიგეთ, მსოფლიოს მერე „პერპინიანი“ ერთწლიან კონტრაქტს გთავაზობდა, თუმცა უარი თქვი. რა იყო უარის მოტივი?
ფრანგი აგენტი მოვიდა და თან კონტრაქტი მოიტანა. შემოთავაზება იყო ერთწლიანი, ანაზღაურებაც დაბალი, ესპუარებში უნდა მეთამაშა და დიდ გუნდში მხოლოდ მეოთხე 10 ნომრად მოვიაზრებოდი. სიმართლე გითხრათ, ეს პირობები არ მომეწონა, თუმცა ილო მაისურაძეს და სხვა მწვრთნელებს მაინც დავეკითხე და მათაც იგივე მითხრეს, რომ აჩქარება არ ღირდა. ანაზღაურებას თავი რომ დავანებოთ, კონტრაქტის ხანგრძლივობაც დაბალი იყო, „ჟიფიც“ ვერ ვხდებოდი. ასევე, კაცმა არ იცის, დიდ გუნდში თამაში საერთოდ მომიწევდა თუ არა. მით უმეტეს, „პერპინიანის“ ძირითადი მგეზავი ირლანდიის ნაკრებში ნათამაშები პედი ჯექსონია. ამიტომაც უარი ვთქვი.
- „აიაში“ პრობლემებია. შარშანდელი ფინალისტი გუნდი წელს ბევრ თამაშს აგებს. მიზეზი რა არის?
ძირითადი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ბევრი მოთამაშე დაგვაკლდა. წავიდნენ ძნელაძე, ხანთაძე, როხვაძე, ლოსაბერიძე. ტრავმა აქვს მოდებაძეს და ბაბუნაშვილს. მოკლედ, ძირითადი ბირთვი, ვისზეც თამაში იყო აწყობილი, გამოგვაკლდა და პრობლემებიც ამან გამოიწვია. სტატიკაში თამაშიც ვერ გამოვასწორეთ, უკანა ხაზში თითქმის სულ 20 წლამდელები ვართ და ალბათ ჯანშიც გვიჭირს. თუმცა ვეცდებით, სეზონის მეორე ნახევარში თამაში გამოვასწოროთ.
- შეძლებთ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლას?
ამ წუთას მთავარი ამოცანა ფლეი ოფში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა და მერე ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. ფლეი ოფის ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- რამდენიმე დღის წინ, როცა ინტერვიუს ვათანხმებდით, გამოცდები გქონდა. უნივერსიტეტი, ნაკრები, კლუბი… ამდენი საქმის ერთად კეთება არ გიჭირს?
კი, მართლა ძალიან მიჭირს.
თავიდან ძალიან ბევრი გაცდენა მქონდა და უნივერსიტეტში ბევრსაც მსაყვედურობდნენ, რადგან ქულებს ვერ ვაგროვებდი. ნოემბრის ტესტების მერე თავისუფალი დრო გამომიჩნდა და უნივერსიტეტში მივედი, რათა ქულები აღმედგინა. პროფესორებმაც ხელი შემიწყეს, როცა დაინახეს, რომ რეალურად ვსწავლობდი და გამოტოვებულ მასალას ვაბარებდი.
- მოკლედ, სწავლისთვის თავის დანებებას არ აპირებ…
ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებ. თუ უცხოეთში წავედი სათამაშოდ, მერე ალბათ მომიწევს სწავლის დროებით გვერდზე გადადება.