მთავარი / ბორჯღალოსნები / წინათქმა: საქართველო – სამოა

წინათქმა: საქართველო – სამოა

 

ხვალ, 19 ნოემბერს თბილისის დროით 15:00-ზე საქართველო სამოას უმასპინძლებს და ეცდება ერთი კვირის წინანდელი იმედგაცრუების შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს ქართველი გულშემატკივრის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ სასწორზე დევს მთელი სეზონი, რომელიც ასე კარგად დავიწყეთ, უპრობლემოდ გავიარეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ზღვისრეთის ტურნეზეც ისტორიული გამარჯვებები მოვიპოვეთ და როდესაც ყველანი იმედიანად ველოდით ნოემბრის საშინაო ტესტებს, პირველივე თამაშში მწარე ალიყური ვიწვნიეთ ნამდვილად კლასიანი თუმც კი ორიოდე კვირით ადრე პირველად შეკრებილ იაპონიისგან.

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ხვალ რომ ფეხი დაგვიცდეს, მთელი წლის შრომა წყალს უნდა გავატანოთ და „კეთილისმსურველებს“ მორიგი არგუმენტი ჩავუგდოთ ხელში: „ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“-ო.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე არ მოხდება და შაბათს ნაშუადღევს ერთად გავიხარებთ.

მანამდე კი შევეცდებით მოკლედ გავიხსენოთ სამოასთან წლევანდელი ფრე, მიმოვიხილოთ  შემადგენლობები, სათამაშო კომპონენტები და შანსები.

მივყვეთ თანმიმდევრობით

ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ბორჯღალოსნები არათუ სამოას, არამედ ზოგადად დაუმარცხებლად მოივლიდნენ სრულიად ოკეანეთს. მაგრამ ყოფილი ერთა თასის ჩემპიონატში შეთამაშებულმა გუნდმა მოახერხა და ტოლი არაფერში დაუდო საფუძვლიანად გადახალისებულ და ახალი გუნდის მშენებლობის გზაზე შემდგარ სამოას. შეიძლება ითქვს, რომ ახალმა მწვრთნელმა ალამა იერემიამ თავისთვის სადებიუტო ტესტი საქართველოს წინააღმდეგ ერთი კვირის შემდეგ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებლად და ახალი კადრების გამოსაცდელად გამოიყენა აქედან გამომდინარე სქემების დახვეწისა და კომბინაციების შესათამაშებლად. ამით რა თქმა უნდა არ გვინდა ბიჭების ღვაწლი რამენაირად დავაკნინოთ, მაგრამ გვიჯობს რეალობას თვალი გავუსწოროთ და სირაქლემას პოზიციაში არ აღმოვჩნდეთ. აღსანიშნავია, რომ ივნისის თამაშში მონაწილე 23 კაციანი რაზმიდან ხვალინდელ რკენაში მხოლოდ 7 სამოელი იწყებს ძირითადში და კიდევ 3 თადარიგში დაელოდება თავის რიგს.

ცვლილებებს თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მეტოქემ უპირველესად შერკინების პირველი ხაზი შეცვალა, სადაც დალალებიანი უნივერსალ ლოგოვი მულიპოლასი (29წ, ლესთერ) ძლიერ ეიმედებათ. ძნელი სათქმელია, რამდენად კარგად აუბამს ამ უკანასკნელს მხარს ბრისთოლელი ენთონი პერენისე (34წ). მეტოქემ თადარიგში ერთით მეტი მორკინალი დასვა და ეცდება მეორე ტაიმში როგორც მინიმუმ პარიტეტი მაინც შეინარჩუნოს ფიზიკურ ორთაბრძოლებში.

სამოა ოპტიმალურს მიახლოებული შემადგენლობითაა ჩამოსული და წარმატების არცთუ უსაფუძვლო იმედი აქვს. დანაკლისიდან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მხოლოდ შემდეგ ბიჭებს თუ ექნებოდათ:

  • კვაჭი მოტუ მატუჰუ (გლოსთერ)
  • ბურჯი სენსას ჯონსთონ (ტულუზა)
  • მგეზავი ტუსი პისი (სანვულვზ)
  • გარემარბი ალაპატი ლეიუია (ვოსფს)
  • უნივერსალი უკანახაზელი თიმ ნანაი-ვილიამს (ჩიფს)

ტრავმების გადამკიდე ცვლილებებია ბორჯღალოსნების რიგებშიც: მგეზავის პოზიციაზე როგორც მოსალოდნელი იყო ლაშა მალაღურაძე დაიწყებს, ნაკრებში დებიუტი ექნება ახალგაზრდა გიორგი კოშაძეს (20წ, რუსთავის ხარები), რომელიც დავით კაჭარავას არყოფნაში შუამარბად დადგება. რეზერვში გადანაცვლებული გიორგი აფციაურის ნაცვლად კი მეორე გარემაბრად სანდრო თოდუა ითამაშებს.

რას უნდა ველოდოთ მომავალი მატჩისგან?

  • შერკინება – ბევრი ახსნა არ სჭირდება, რომ მეორე ეშელონის ქვეყნებთან შერკინება ჩვენი ლამის ერთადერთი კოზირია. ვფიქრობთ, თავიდანვე დომინანტური უპირატესობის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს და მხოლოდ მცირედით ვაჯობებთ, სამაგიეროდ სტუმართა სათადარიგოების საქმეში ჩართვის შემდეგ უფრო უნდა ვიმძლავროთ.
  • მოლი – ძალისმიერი თამაშის ეს მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება საჩვენოდ გამოვიყენოთ, ვინაიდან სამოელები არ გამოირჩევიან კარგი დაცვითი მოლით, განსაკუთრებით კი მოლის გვერდით არიან მოწყვლადი.
  • აუტები – წინა შაბათისგან განსხვავებით მეტი ყურადღება გვმართებს როგორც საკუთარი, ასევე მეტოქის დერეფნებზე, ვინაიდან უფრო ტანმაღალი მორკინალებით დაგვიპირისპირდება სტუმართა გუნდი და ჩვენს ბიჭებს სრული მობილიზება დასჭირდებათ სტატიკიდან ხარისხიანი ბურთის მოსაპოვებლად.
  • დაცვა – გასულ შაბათს იმდენად ცუდი იყო, ძნელად რომ ხვალ უარესი ვიხილოთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება შუამარბებისა და გარემარბების მოქმედება დაცვის დროს, ვინაიდან სტუმართა უკანახაზელების თამაშის ფეთქებადი მანერა ინტერვალებში შესვლისა თუ ოფლოუდების უნარით საყოველთაოდ არის ცნობილი. სამოელები ფეხის ხშირად ხმარებით ნამდვილად არ გამოირჩევიან (ერთადერთი ზურგსუკან ფეხით შეცურებებს უნდა ვუფრთხილდეთ), სამაგიეროდ მიმხდომი დაცვის გარეშე მათი ხაზის გაჩერება ძალიან გაგვიჭირდება.
  • შეტევა – იაპონიასთან წაგებულ თამაშში ჩვენი შეტევის ლამის ერთადერთი მოტივი ბუნებრივი ჯანის ხარჯზე მეტოქის ერთი-ერთზე გადათელვა და უპირატესობის ამგვარად მოპოვება იყო. სამწუხაროდ არასახარბიელო მიყოლის გამო, მომცრო იაპონელებთანაც კი ვერ შევძელით ამ კოზირის ქულებში ასახვა. ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენთან შედარებით არანაკლებ ჯანიან სამოელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ისეთივე უპირატესობა მოვიპოვოთ.

 

ვის უნდა ვუფრთხოდეთ: #9 კენ ფოტუალიჰი ძალიან გამოცდილი და ცბიერი გამთამაშებელია. სწრაფი პასების გარდა თვითონაც სახიფათოდ უტევს და აბრაგანებიც ეხერხება.

ვისი გვეიმედება: ამჯერად ორ ისეთ მორაგბეს გამოვყოფთ, რომელთაგანაც გასულ შაბათს გაცილებით მეტს ველოდით, მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა. შუამარბი მერაბ შარიქაძე და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე უჩვეულოდ ინერტულად გამოიყურებოდნენ და ყველანაირად ეცდებიან რეაბილიტაციას როგორც მაყურებლის, ასევე თანაგუნდელების თვალში. სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე ორივეს გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს ლელოზე დაგეშილი სტუმრების ასალაგმად.

 

საინტერესო დაპირისპირება: წარმატების შანსი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ შანსს ჩვენი შერკინების მოუღლელი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად თუ მოვიპოვებთ. ფორვარდების დაპირისპირება, განსაკუთრებით კი დინამიკაში, შაბათის რკენის მთავარ ინტრიგად მიგვაჩნია.

პროგნოზი

გამარჯვება თუ გვიწერია, სხვაობა მინიმალური იქნება. საქართველო 1-3 ქულით.

ასეთი ფრთხილი მოსაზრება კი შემდეგი ფაქტორებით არის ნაკარნახევი:

  • უკანა ხაზი – მოყვავილე ალუბლებთან თამაშმა დაგვანახა, რომ დღეისათვის სულ 2 ბიჭია, რომლებიც ამ დონეზე თამაშისთვის მზად არიან და თავის საქმეს აკეთებენ, ვასილ ლობჟანიძე და თაზო მჭედლიძე. დანარჩენების კი რა გითხრათ, ნამდვილად ვერ გაამართლეს გულშემატკივართა იმედები. მოკლე სკამის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა: დაგვიშავდა ძირითადი მგეზავი ლაშა ხმალაძე და დაცვის ბურჯი დავით კაჭარავა;
  • რეაბილიტაციის წყურვილი – იაპონიასთან ნაწვნევი სირცხვილის შემდეგ ჩვენები რომ გულშემატკივრის თვალში დაცემული რენომეს აღდგენას შეეცდებიან, არ ახალია. რამდენად შეძლებენ მოძალებული ემოციების ჯეროვნად მართვას და სასურველ კალაპოტში მოქცევას?

 

 

საქართველო:

15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 გიორგი კოშაძე, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე, 8 ბექა ბიწაძე, 7 მამუკა გორგოძე (კაპ.), 6 ვიტო კოლელიშვილი, 5 გიორგი ნემსაძე, 4 კოტე მიქაუტაძე, 3 ლევან ჩილაჩავა, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 1 მიხეილ ნარიაშვილი
სათადარიგოები: 16 ბადრი ალხაზაშვილი, 17 კარლენ ასიეშვილი, 18 დავით ქუბრიაშვილი, 19 შალვა სუთიაშვილი, 20 გიორგი თხილაიშვილი, 21 გიორგი ბეგაძე, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 23 გიორგი აფციაური

 

სამოა:

15 ალბერთ ნიკორო, 14 პოლ პერეზ, 13 ჯორჯ პისი, 12 რეი ლიილო, 11 დევიდ ლემი (კაპ.), 10 პატრიკ ფააპალე, 9 კენ ფოტუალიჰი, 8 ალაფოტი ფაოსილივა, 7 გრეგ ფო, 6 ჯეკ ლემ, 5 ტეოფილო პოლო, 4 ჯეფ ლეპა, 3 ენთონი პერენისე, 2 მაატულიმანუ ლეიატაუა, 1 ლოგოვი მულიპოლა
სათადარიგოები: 16 ელია ელია, 17 ჰისა სასაგი, 18 ნეფი ლეატიგაგა, 19 ტალაგა ალოფიპო, 20 გენეზის მამეა-ლემალუ, 21 ონეონე ფააფოუ, 22 პელეიფოფოგა ქოული, 23 დიანჯელო ლეუილა

 

მთავარი მსაჯი: ალექს რუის (საფრანგეთი)

კიდის მსაჯები: ჯეიპი დოილ და ტომ ფოლი (ორივე ინგლისი)

ტელე-რეფი: ბრაიან მაკნის (ირლანდია)

 

დავით სელეპანიშვილი

Rugby XV © 2016 

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

sixteen − twelve =