შაბათს, ჩიკაგოში, რაგბის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ირლანდია და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ
ირლანდიელი გულშემატკივრები ალბათ საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, როცა საიმონ ზიბოს ლელოს შემდეგ 30-8 დაწინაურდნენ შეხვედრაში.
თუმცა, მოდი თავიდან მივყვეთ
ალბათ იკითხავთ, სად ირლანდია, სად ზელანდია და სად ჩიკაგოო. საქმე იმაშია, რომ უმსხვილესი ამერიკული სადაზღვევო კორპორაციის – AIG-ის სასპონსორო პირობის თანახმად, უკვე მეორე წელია „ოლ ბლექსი“ აშშ-ში მართავს ერთ ტესტ მატჩს. შარშან ისინი ამერიკელებს შეხვდნენ, წელს კი ირლანდიის ჯერი დადგა (სხვათა შორის, ერთი დღით ადრე, „მაორი ოლ ბლექსი,“ რომელიც ზელანდიის „ა“ ნაკრებია, აშშ-ს დაუპირისპირდა და 7-54 გაანადგურა).
ჩიკაგო 2.6 მილიონიანი მეგაპოლისია, სადაც მოსახლეობის 8%-ს ეთნიკურად ირლანდიელები შეადგენენ და შესაბამისად 62 000-იანი ამერიკული ფეხბურთის სტადიონიც ბოლომდე გაივსო.
მატჩის მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჯორჯ მოალამ ირლანდიელთა ლელოში ბურთი დაამიწა, ზელანდიელები დააწინაურა და მატჩის მოცქირალი მილიონობით მაყურებელი ბოლო წლების ტრადიციული სცენარისთვის მოემზადა – ოლ ბლექსის ტოტალური დომინირებისთვის, ლელოების წვიმისთვის და ორნიშნა სხვაობისთვის.
თუმცა, შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რასაც ირლანდიელები აგერ უკვე 111 წელია ელოდებოდნენ: ჯორდი მერფიმ, სიჯეი სტენდერმა, კონორ მარიმ და საიმონ ზიბომ მიყოლებით ოთხჯერ დაალელოვეს „შავები“ და 30-8 დაწინაურდნენ.
ზელანდიელებს არ გამოსდიოდათ საერთოდ არაფერი. ბურთს ძირითადად ირლანდია აკონტროლებდა და იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ბურთი „ოლ ბლექსს“ ჰქონდა, ირლანდიელთა დაცვა გაუვალი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ვერც ზელანდიელები ბრწყინავდნენ და ვერც მათი საფირმო ბურთის სწრაფი ჩათამაშებები ვნახეთ.
„სამყურები“ დომინირებდნენ რაქებში და აუტებშიც. აქვე უნდა აღვნიშნოთ ზელანდიელთა უდიდესი დანაკლისი – მეორეხაზელები სემ ვაითლოქი და ბროდი რეთალიქი, რომელთა შემცვლელებიც რბილადად რომ ვთქვათ ბევრით ვერაფრით გამოირჩნენ.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ირლანდიელები დომინირებდნენ ჰაერშიც, ასევე პირწმინდად ჩააგდო თამაში „შავების“ 9 ნომერმა – აარონ სმითმა, რომელიც ამ ბოლო დროს სკანდალებშია გახვეული და ეტყობა ამ ყველაფერმა მის თამაშზე სერიოზული გავლენა იქონია. საერთოდ დაკარგული იყო ამ სეზონის ალბათ საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, რომელსაც თავიდან არც დარტყმა წაუვიდა და მთელი პირველი ტაიმი თავი არაფრით გამოუჩენია.
საიმონ ზიბოს ლელოს შემდეგ, ზელანდიელები როგორც იქნა გამოფხიზლდნენ, მოსაგებად გაიწიეს და ზედიზედ სამი ლელო გაიტანეს. ამ დროს ძალიან ბევრს ალბათ 2013 წლის მატჩი გაახსენდა, როცა „ოლ ბლექსმა“ 19-0 ჩამორჩენა გააბათილა და შეხვედრა უკვე გაწითლებულ დროზე მოიგო 22-24. შაბათსაც ყველაფერი თითქოს ანალოგიური სცენარისკენ მიდიოდა: განსხვავება 4 ქულამდე შემცირდა, თამაშის დამთავრებამდე დრო საკმარისად რჩებოდა, „ოლ ბლექსიც“ მოემზადა საფინალო შტურმისთვის, თუმცა ამ მატჩის ანტიგმირმა – ჯულიან სავეამ მიყოლებით რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც 75-ე წუთზე ლელოდ დაუჯდათ და რობ ჰენშოუმ საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 40-29.
ეს იყო ირლანდიელთა რიგით 29-ე შეხვედრა ზელანდიასთან და პირველი გამარჯვება 111 წლის განმავლობაში. ასე რომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხდებოდა როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე (რომლებიც მთლიანად ამერიკელ ირლანდიელებს ჰქონდათ შევსებული) და მთელს ირლანდიაში.
ასევე, ეს არის პირველი ირლანდიური ნაკრები, რომელმაც „ოლ ბლექსს“ 40 ქულა დაუდო.
ეს იყო ზელანდიელების პირველი მარცხი 2015 წელს ავსტრალიასთან წაგების შემდეგ და მათ თავის მხრივ ახალი რეკორდი დაამყარეს ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობაში.
`ამაზე ამაყი ალბათ არასდროს ვიქნები ჩემი გუნდით და იმ ძალისხმევით, რაც ყველამ ერთად ჩავდეთ ამ გამარჯვებაში`- ეს ირლანდიელთა კაპიტნის, რორი ბესთის სიტყვებია
`ეს იყო საოცარი სანახაობა, ჩვენ ამ გამარჯვებისკენ ძალიან დიდი ხანი მოვდიოდით და დღეს ახალი ისტორია დავწერეთ` – აგრძელებს ბესთი.
რატომ დამარცხდა ზელანდია?
ჩვენი აზრით, ერთი გამოკვეთილი მიზეზი ზელანდიელთა წაგებას არ ჰქონია და იგი რამდენიმე ფაქტის დამთხვევამ გამოიწვია. შევეცდებით ქვემოთ პუნქტებად ჩამოვთვალოთ, თუ რამ გამოიწვია „ოლ ბლექსის“ ისტორიული მარცხი:
- საკადრო პრობლემები
როგორც ზემოთ ვთქვით გუნდს აკლდა ორი გამორჩეული მეორეხაზელი: სემ ვაითლოქი და ბროდი რეთალიქი, ასევე მესამე არჩევანი – ლუკ რომანო. მათ არყოფნაში სთივ ჰანსენმა პატრიკ ტუიპულოტო და ჯერომ კაინო გაამწესა მეორე ხაზში. მოგეხსენებათ, კაინო მესამეხაზელია და მეორე ხაზში თამაშს ალღო აშკარად ვერ აუღო. წაგების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დომინანტი მეორე ხაზის არ ყოლა იყო, რომელიც რაქებში არ გააჭაჭანებდა მეტოქეს და ბურთის შენელებას არ დაანებებდა ირლანდიელებს. კაიონომ და მისმა მეწყვილე ტუიპულოტომ აშკარად ვერ გაართვეს თავი ამ ამოცანას. შედეგად შავებს მათთვის ასე საყვარელი სწრაფი ბურთი დაუძვირდათ და მეტოქეს თავის დაცვაც გაუმარტივდა.არ იყო ისრაელ დეგიც, რომლის არყოფნაშიც ზელანდიელებს ერთადერთი ჰაერში კარგად მოთამაშე უკანახაზელი დარჩათ – ბენ სმითი (არც ვაისაკე ნაჰოლო და არც ჯულიან სავეა ჰაერში კარგი თამაშით არ გამოირჩევიან), რომელიც მარტო ნამდვილად ვერ გაუმკლავდა ირლანდიელებს და შესაბამისად ამ კომპონენტში „სამყურებს“ გვარიანი უპირატესობაც ჰქონდათ.
- შმიდტის ტაქტიკა და ირლანდიური დაცვა
ირლანდიელთა მწვრთნელმა აირჩია ალბათ ერთადერთი ტაქტიკა, რომელმაც შეიძლება „შავებთან“ მოგების შანსი მოგცეს – ბურთის ტოტალური კონტროლი. დავალება იყო მარტივი: მოთამაშეებს რაც შეიძლება დიდხანს უნდა ჰქონოდათ ბურთი და შეეტიათ ზელანდიელებისთვის. უნდა ვთქვათ, რომ ირლანდიელებმა ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვეს (მეორე ტაიმის 15 წუთიან ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით). დროის უმეტესი ნაწილი ბურთს ისინი აკონტროლებდნენ და კარგადაც უტევდნენ. აკი თქვა თამაშის შემდეგ რორი ბესთმა – „ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა გავსულიყავით მოედანზე და შეგვეტია მათთვის. თუკი თქვენ ბურთს მისცემთ მათ (ზელანდიელებს), ისინი წარმოუდგენლად სახიფათოები არიან…“
დროის იმ მცირე მონაკვეთებში, როდესაც ბურთს ზელანდიელები აკონტროლებდნენ, ირლანდიელთა დაცვა უბრალოდ გაუვალი იყო. ისინი კარგად ასწრებდნენ ჩახურვას, არ აკეთებინებდნენ „ოლ ბლექსს“ მათ საფირმო ზედმეტობას ფლანგებზე და უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ რაქებსა და მოლებში. ზელანდიელები კი პირიქით: თითქოს შენელებულ მოძრაობებს აკეთებდნენ, ვერ ასწრებდნენ გადაყრას, რაქის სწრაფად გასუფთავებას და ხაზზე ბურთის მომენტალურ გაშლას. ირლანდიურ დაცვას ცალკე ხელი შეუწყო ზელანდიელთა ძალიან ცუდმა პასებმა. იმდენად ხშირი იყო არაზუსტი, ან უხერხული გადაცემები, რომ მანამ სანამ „შავები“ ბურთის დამორჩილებით იყვნენ გართულები, ირლანდიელები თავისუფლად ასწრებდნენ დაცვაში გადაწყობას და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო ზელანდიელებმა მთელი პირველი ტაიმი ფაქტიურად ხაზის გაჭრა რომ ვერ მოახერხეს.
- სთივ ჰანსენის ახირებანი
„ოლ ბლექსის“ მთავარი მწვრთნელი ცოტა არ იყოს უცნაური კაცია. როგორც ჩანს მას დიდად არ უყვარს სიახლეები, ცვლილებები შემადგენლობაში და ექსპერიმენტები. სხვაგვარად რთულია აიხსნას რატომ ათამაშებს ჯულიან სავეას, რომელმაც წლევანდელი სეზონი ფაქტიურად ჩააგდო ჰარიქენზში და ბოლოს უკვე ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდებოდა. რთულია შეხვედრის წაგება ერთ კაცს დააბრალო და ზელანდიელთა ამხელა ჩამორჩენა მართლაც არ ყოფილა ჯულიანის ბრალი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ სავეას ძალიან ცუდი თამაშის გამო ზელანდიელებმა საბოლოოდ დაკარგეს შეხვედრის შემობრუნების შანსი (ჯერ ბურთი გაუვარდა უწყინარ სიტუაციაში, ხოლო შემდეგ საკუთარ ლელოში, იმის მაგივრად რომ ბურთი უბრალოდ მოეგერიებინა, ფინტებით მეტოქის მოტყუება მოინდომა, შებოჭეს და შემდეგ გამარჯვების მომტანი ლელოც დაიდო).
ასევე რთული ასახსნელია, თუ რატომ დააყენა აარონ სმითი ძირითად შემადგენლობაში, რომელსაც რაგბისთვის საერთოდ არ სცხელა, რადგან სასტუმროს საპირფარეშოში უცხო ქალთან ერთად გამოიჭირეს, ამის გამო ოჯახი ენგრევა და აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. აკი დაეტყო კიდეც ეს პრობლემები თამაშის მიმდინარეობისას და ზელანდიელებს სწრაფი ბურთი რომ არ ჰქონდათ და უპირატესობებს ვერ ქმნიდნენ, სწორედ სმითის ძალიან ცუდი სათამაშო ფორმის ბრალია.
საპირისპირო შეიძლება ითქვას თიჯეი პერენარაზე, რომელიც მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებთან ცუდი თამაშის შემდეგ ჰანსენს ათვალწუნებული ყავდა და მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ჰარიქენზში და სუპერ რაგბის მოგებაში ლომის წილი აქვს შეტანილი, მაინც მესამე ცხრა ნომრად განიხილავდა. რომ არა ქერ ბარლოუს ზედიზედ ორი საშინელი თამაში უელსსა და ავსტრალიასთან, შესაძლოა თიჯეი შაბათის შეხვედრაში განაცხადშიც კი არ ყოფილიყო. არადა, ზელანდიელები თამაშში რომ დაბრუნდნენ და 75-ე წუთამდე მოგების შანსს ინარჩუნებდნენ პირველ რიგში სწორედ პერენარას დამსახურებაა.
ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ ათამაშებს ჰანსენი ძირითად შემადგენლობაში ჯულიან სავეას უმცროს ძმას – არდის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი იყო მთელი სუპერ რაგბის მიმდინარეობისას, საუკეთესო თუ არა. მის მაგივრად ითამაშა ლიამ სქუეარმა, რომელსაც მოედანზე ხეირიანი არაფერი გაუკეთებია.
უცნაურია ისრაელ დეგის არ დაყენება არათუ სასტარტო შემადგენლობაში, არამედ 23 კაციან რაზმში. როგორც ზემოთ ვთქვით, მის არყოფნაში ბენ სმითი მარტო ნამდვილად ვერ გაუმკლავდა ირლანდიელებს და ჰაერში თამაშისას სერიოზული პრობლემებიც შეექმნათ.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შმიდტმა ტაქტიკური დუელი პირწმინდად მოუგო სთივ ჰანსენს და როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს ამ ბოლო დროს ზელანდიაში, „ოლ ბლექსის“ მომავალ მწვრთნელად სწორედ ირლანდიელთა ამჟამინდელი თავკაცი განიხილებოდა.
- ჟანრის კლასიკა ანუ ზედმეტი თავდაჯერება
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა და შეცდომებისა, ზელანდიას მაინც შეეძლო ამ მატჩში კომფორტული სხვაობით გამარჯვება, რადგან ობიექტურად მართლაც დიდია სხვაობაა სათამაშო კლასში მათსა და დანარჩენებს შორის და ეს გამოჩნდა კიდეც მეორე ტაიმში, როდესაც მათთვის ჩვეულ სიჩქარეებზე გადაერთვნენ და ზედიზედ სამჯერ დაალელოვეს ირლანდიელები, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მისაღწევად აღარც დრო ეყოთ და აღარც დენთი.
მიზეზი კი ზედმეტად ტრივიალურია: როგორც ჩანს, ზელანდიელებმა თავადაც ირწმუნეს გულშემატკივრებისა თუ სპეციალისტების არაერთხელ ნათქვამი, რომ „ამ პლანეტიდან არ არიან, ისინი სულ სხვა სპორტს თამაშობენ და დანარჩენები სხვას,“ მოდუნდნენ, შეხვედრას არასათანადო განწყობით შეხვდნენ, მეტოქე არ დააფასეს და დაისაჯნენ კიდეც.
ამას დაემატა ამერიკელებისთვის დამახასიათებელი პროდუქტის შეფუთვის და კარგად გაყიდვის მიზნით „ოლ ბლექსის“ საცირკო წარმოდგენასავით აქეთ-იქეთ ტარება. იმის მაგივრად, რომ მთელი კვირა აკლიმატიზაციისთვის დაეთმოთ და მატჩისთვის მომზადებაზე მოეხდინათ კონცენტრირება, ზელანდიელებს ნახავდით ნბა-ს საკალათბურთო მატჩიდან დაწყებული, გოლფის მსოფლიო სერიის ფინალური შეხვედრით დამთავრებული ყველგან.
ამ ყველაფრის წერტილი ალბათ მეოთხე წუთზე დადებული ლელო იყო, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნა „ოლ ბლექსი“ მათ უძლეველობაში და შემდეგ, როცა ირლანდიელებმა ბრჭყალები გამოაჩინეს, აღმოჩნდა რომ ფსიქოლოგიურად საერთოდ არ იყვნენ მზად თამაშის ამგვარი სცენარისათვის. ხოლო როცა საბოლოოდ გამოფხიზლდნენ, უკვე 22 ქულით აგებდნენ და ასეთ სიტუაციაში თამაშის შემტრიალება თვით ზელანდიელებისთვისაც ურთულესი ამოცანაა.
თუმცა, ამ მატჩით არაფერი მთავრდება. 19 ნოემბერს, დაბლინში ეს ორი გუნდი ისევ დაუპირისპირდება ერთმანეთს და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა თვალსასეირო შეხვედრის ნახვა მოგვიწევს – გაბრაზებული და მიწაზე მწარედ დაშვებული „ოლ ბლექსი“ ისტორიული გამარჯვებით ფრთაშესხმული „სამყურების“ წინააღმდეგ.
ამ შეხვედრაში ტრავმები მიიღეს ჯორჯ მოალამ და რაიან ქროთიმ. აქედან მოალას თამაში გამორიცხულია და მის მაგივრად უკვე გამოიძახეს ჩიფსის ყოფილი შუამარბი სეტა ტამანივალუ. რაც შეეხება ქროთის, მისი ტრავმა შედარებით მსუბუქია და არაა გამორიცხული საფრანგეთთან თამაში შეძლოს.
სავარაუდოდ, ირლანდიასთან განმეორებითი მატჩისთვის მზად იქნება ბროდი რეთალიქიც.
წინ არანაკლებ საინტერესო ჯახი გველის. მანამდე კი კიდევ ერთხელ დავტკბეთ ისტორიული თამაშის ჰაილაითებით