მთავარი / 20 წლამდე / 2 მეტრი სიგიჟემდე

2 მეტრი სიგიჟემდე

საქართველო - უელსი

სიმართლე გითხრათ, რთულია ამ მატჩზე ემოციების გარეშე წერა. მატჩზე, რომელშიც გვქონდა შანსი, ექვსი ერის დიდი სლემით მომგები გუნდი დაგვემარცხებინა და „2 მეტრი“ დაგვაკლდა.

არადა, უელსმა ისე დაიწყო, შეგვეშინდა ზელანდიის სცენარი არ განმეორებულიყო – უკვე მეოთხე წუთზე 7-0 იგებდნენ და შემგომი ათწუთეულიც გვარიანად გვიტევდნენ.

საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საწყის მღელვარებას და დაშვებულ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით, დაცვაში ძალიან კარგად მოქმედებდნენ, მოლებში, რაქებში სწორად შედიოდნენ, სწრაფად ახერხებდნენ გადაწყობას და ჯარიმის გარეშე ახერხებდნენ სიტუაციიდან გამოსვლას.

ამასობაში, უელსმაც დაიწყო შეცდომების დაშვება ხელით თამაშში (რაშიც საშინელი წვიმის დამსახურება ალბათ დიდია) და საქმეში ჩვენი შერკინება ჩაერთო, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით წალეკა უელსი. არ ვიცით ამის დამსახურებაა, თუ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ამის შემდეგ, პატარა დრაკონებმა თამაში ვეღარ დაალაგეს და ქაოტურადღა ცდილობდნენ შეტევების ორგანიზებას.

ბორჯღალოსნები ალბათ მეტ ხეირსაც ნახავდნენ შერკინებაში ამხელა უპირატესობისგან, რომ არა უბრალოდ ძალიან ცუდად მოწოდებული აუტები. მთელი თამაშის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ჩვენივე დერეფანი სუფთად მოვიგეთ და მოლის შეკვრა მოვახერხეთ. დანარჩენ შემთხვევებში, ან უბრალოდ ბურთს ვკარგავდით, ანაც ძალიან გვიჭირდა მისი დამორჩილება და შესატევი პლაცდარმის შექმნის მაგივრად, უკან გვიწევდა დახევა.

ამის მიუხედავად, გელა აფრასიძემ მაინც მოახერხა ორი რთული ჯარიმის გატანა და პირველი ტაიმი 7-6 დამთავრდა.

გელა აფრასიძე
გელა აფრასიძე

 

მეორე ტაიმში უელსმა შეძლო შერკინებაში სიტუაციის ოდნავ გამოსწორება, თუმცა თამაში მაინც ვერაფრით დაალაგა. ისინი ძირითადად ფეხით ცდილობდნენ თამაშის ჩვენს 22-ში გადმოტანას, თუმცა ქართველები უბრალოდ ძალიან კარგად თამაშობდნენ ჰაერში. განსაკუთრებით გამოსარჩევია ბექა გორგაძე, რომელმაც ურთულესი ბურთების მოხსნა მოახერხა, შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სრულიად სამართლიანად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

შემდეგ იყო მეტოქეების გაცვლილი თითო ჯარიმა და მატჩის 75-ე წუთი, როდესაც გელა აფრასიძის დარტყმული ზედ კარის წინ დაეცა.

საბოლოო ჯამში, უელსმა მაინც მოახერხა გამარჯვება, თუმცა დამსახურებული იყოო, გადაჭარბებული ნათქვამი იქნება.

მსაჯიც საკმაოდ მიეხმარა შეშინებულ პატარა დრაკონებს (დიახ, მოსალოდნელი წაგების შიში სახეზე ეწერათ უელსელებს) რამოდენიმე საკვანძო მომენტში და საბოლოოდ, სანუგეშო ერთი ქულის აღებაღა მოვახერხეთ – 10-9.

თუმცა, მსაჯის მსგავს ქმედებებს შეგუებულები უნდა ვიყოთ და არ არის ჩვენთვის ეს ახალი. ზოგადად, რაგბში ძლიერებს წყალობენ ხოლმე. იყო დრო, როდესაც საქართველოს ნაკრების დაჩაგვრას პორტუგალიასთან და ესპანეთთან ცდილობდნენ მსაჯები, შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა – ჩვენი ნაკრები ავტორიტეტი გახდა ერთა თასზე და მსაჯები მსგავს რამეს რუმინეთთანაც ვეღარ გვიბედავენ, არათუ ზემოთხსენებულ აუტსაიდერებთან. ეს ეტაპი „ბობოლებთანაც“ გასავლელია. რა თქმა უნდა, მათთან ეს ბევრად რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. არ ვიფიქროთ მსაჯის მიკერძოებაზე და ვითამაშოთ ჩვენი თამაში.

თუმცა, მოდი სიმართლე ვთქვათ, ვერც იმას ვიტყვით რომ მოგება ჩვენ დავიმსახურეთ. კი, ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა შერკინებაში, მაგრამ შეტევა ძალიან გვიჭირდა. მეტოქის 22-ში პრაქტიკულად არ ვყოფილვართ და საერთოდ არ გვქონია სალელოვე შეტევა. გვიჭირდა როგორც ხაზის გაშლით, ასევე მორკინალებით, ღია თამაშში უპირატესობის გაკეთება.

ბიჭებს თავდადებას და ბოლო წამამდე ბრძოლას არ ვუკარგავთ, მაგრამ თუ ასეთი გუნდების დამარცხება გვინდა, კიდევ უნდა გავიზარდოთ – სათამაშო კლასი ავიმაღლოთ, ელემენტარული ტექნიკური წუნი უნდა შევამციროთ და შეტევაში უფრო თამამად ვიმოქმედოთ.

გვესმის, ამ ბიჭებისთვის პირველია, როცა მსგავსი რანგის გუნდებს ხვდებიან და მომავალში თამაშთან ერთად გამოცდილება/გამბედაობა მოვა, მაგრამ აუტში ბურთის ამდენჯერ არასწორად აგდება, მაინც არ გვეპატიება.

რომ არა ძალიან ცუდად შესრულებული ეს კომპონენტი, თამაშის მოგების უფრო მეტი შანსი გვექნებოდა.

ჩვენი შემადგენლობიდან ბევრმა ჩაატარა კარგი შეხვედრა, თუმცა, ხუთი მოთამაშის გამოყოფა განსაკუთრებით შეიძლება.

მთლიანად შერკინება – რომლებმაც უბრალოდ სისხლი გაუშრეს უელსელებს, განსაკუთრებით კი თორნიკე მატარაძე და ლაშა ტაბიძე, რომლებმაც, პირველ ტაიმში ულაპარაკოდ დაჩაგრეს თავიანთი ვიზავები.

მირიან მოდებაძე – ძალიან კარგად მოქმედებდა დაცვაში, ხშირად აზღვევდა სხვა მოთამაშეებს, ფეხითაც ნორმალურად ამოჰქონდა ბურთი და ერთ მომენტში ისეთი რთული სიტუაციიდან გამოძვრა, მაღალი კლასის მოთამაშეებს რომ შეუძლიათ ხოლმე

რუნ ვილიამსი და მირიან მოდებაძე
რუნ ვილიამსი და მირიან მოდებაძე

 

გელა აფრასიძე – არ ვიცი ამ ბიჭზე რა ვთქვა. როცა 18 წლის მოთამაშე პირველად თამაშობს ასეთ ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში, თან უძლიერეს მეტოქესთან და ასე მშვიდად, აუღელვებლად გააქვს ურთულესი ჯარიმები, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ბიჭს აქვს მთავარი – ხასიათი. უბრალოდ, მან არ უნდა ჩათვალოს, რომ უკვე მაღალი დონის სპორტსმენია და ძალიან ბევრი შრომის შედეგად, ნამდვილად შეუძლია კარგი მორაგბე დადგეს

ბექა გორგაძე – საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს ერთი დაღვინებული, უკვე ჩამოყალიბებული და მაღალი კლასის მორაგბე და ეს არის ბექა. მე მას პირადად არ ვიცნობ და მსჯელობა მხოლოდ სტადიონზე მისი ქცევით შემიძლია. პირველი რაც გამახსენდა, როგორ უსმენდა მამუკა გორგოძის ყველა სიტყვას რუმინეთთან მატჩში და როგორ ჭკვიანურად მოქმედებდა თამაშის დროს. გუშინდელ შეხვედრაში კი უბრალოდ შესანიშნავი იყო.

ბექა გორგაძე მეტოქეს ბოჭავს
ბექა გორგაძე მეტოქეს ბოჭავს

 

საკმაო ხანია რაგბს ვუყურებ და მე არ მახსოვს ქართველი მოთამაშე, რომელსაც ასე თამამად შეეძლო დაკიდებულ ბურთზე თამაში. გორგაძემ ისეთები მოხსნა, მისი პოზიციის სულ რამოდენიმე კაცს შეუძლია მსოფლიოში. არ მინდა ზედმეტი მომივიდეს ქებაში. ბექას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მოსამატებელი აქვს ფიზიკურად, რაც მთავარია, მის ასაკში რთულია სტაბილურად თამაში და მან ეს უნდა შეძლოს. თუ ამ ყველაფერს მოახერხებს და ვარსკვლავური ავადმყოფობა არ შეეყრება, დიდი შანსი აქვს ძალიან მაღალი კლასის მორაგბე დადგეს.

თუმცა, ეს ერთი თამაშია, რა თქმა უნდა და ასე დასკვნების გამოტანა რთულია კონკრეტულ მოთამაშეზე. ჩვენ იმას ვწერთ, რაც ამ მატჩში გამოჩნდა და უფრო დაწვრილებით ტურნირის ბოლოს შეგვეძლება მსჯელობა. იმედია, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, გაცემული ავანსები რომ გაამართლონ.

დასკვნის სახით: მსგავსი თამაშები უდიდესი გამოცდილებაა ახალგაზრდა მორაგბეებისთვის. ამ ტურნირსაც ხომ მაგ ჭრილში განიხილავენ ნაკრების მწვრთნელები, რათა საქართველოში ჩასატარებელი მსოფლიოსთვის ისეთი ნაკრები გვყავდეს, რომ 12 გუნდში დარჩენა მოვახერხოთ.

განსაკუთრებით გასახარია რომ ზელანდიასთან დიდი ანგარიშით მარცხის მერე, ბიჭებმა მოახერხეს მობილიზება და უელსს ლამის საკუთარ მოედანზე აჯობეს (მანჩესტერიდან უელსურ ქალაქებამდე რამოდენიმე საათის სავალია და მატჩსაც უამრავი უელსელი ესწრებოდა).

რაგბი ისეთი თამაშია, ხასიათის გარეშე ვერაფერს გახდები და კარგია, რომ ეს ხასიათი ჩვენ ბიჭებს აქვთ.

ასევე ნახე

სამხრეთაფრიკელთა ლიდერი ტრავმირებულია!

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ U20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთაფრიკელთა უდაო ლიდერი, ფრანკე ჰორნი ტრავმირებულია …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

three × five =