მთავარი / ბორჯღალოსნები / “რაგბი ევროპის” უცნაურობანი

“რაგბი ევროპის” უცნაურობანი

 

 

ივნისში, თბილისში „რაგბი ევროპის“ ყრილობა რომ გაიმართა გემახსოვრებათ. სანდო წყაროების გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით (აქვე უნდა დავამატოთ, რომ ამწუთას ოფიციალური დასტური არ არსებობს) დელეგატებს სხვა საჭირბოროტო თემებთან ერთად, ორგანიზაციის მთავარი ტურნირის – „რაგბის ევროპის ჩემპიონატის“ ფორმატის შეცვლაზეც უმსჯელიათ და ახალი რეგულაციებიც დაუმტკიცებიათ.

თურმე, ნუ იტყვით და ამიერიდან ტურნირი ერთწლიანი ციკლით ჩატარდება. ანუ, გავარდნილი და მსოფლიო თასზე გამსვლელი გუნდები ერთი წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. შეგახსენებთ, აქამდე ქვედა დივიზიონში გავარდნა და მსოფლიოზე გამსვლელთა ვინაობა 2-წლიან ციკლში ირკვეოდა.

ახალი რეგულაციებით ჩვენთვის არც არაფერი იცვლება. არც გავარდნა გვემუქრება და 2019 წლის მსოფლიოზე უკვე გასულები ვართ. თუმცა, საინტერესოა, რა მოტივაცია ჰქონდა ასეთ რადიკალურ ცვლილებებს.

თბილისურ ყრილობას წინ „მსოფლიო რაგბის“ ანალოგიური ღონისძიება უძღოდა, სადაც მსოფლიო თასის კვალიფიკაციის წესები შეცვალეს, რაშიც ჩვენი „ბრალეულობაც“ იკვეთება.

საქმე იმაშია, რომ „ბორჯღალოსნების“ მსოფლიო თასზე ავტომატურმა კვალიფიკაციამ, ასევე წყნარი ოკეანიის ქვეყნების სრულმა ფიასკომ „მსოფლიო რაგბის“ გეგმები გვარიანად აურია.

2015 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით კვალიფიკაცია შემდეგი მეთოდის მიხედვით ხდებოდა: ევროპის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასზე პირდაპირ ხვდებოდა, ხოლო მესამე რეპეშაჟში გადაინაცვლებდა. თუმცა, ჩვენმა კვალიფიკაციამ და კუნძულელების (ტონგა, ფიჯი, სამოა) ფიასკომ გააჩინა საფრთხე, რომ ზემოთაღნიშნული ქვეყნებიდან ერთ-ერთი მსოფლიო თასზე ვეღარ მოხვდებოდა. წინა წლებში „წყნარი ოკეანიის თასის“ გამარჯვებული გუნდი ავტომატურად ხვდებოდა მსოფლიოზე, ხოლო მეორეადგილოსანი რეპეშაჟში იღებდა მონაწილეობას. მინიმუმ ერთი ქვეყანა კი ყოველთვის ახერხებდა 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრას და შესაბამისად ავტომატურ კვალიფიკაციას. 2015 წელს ისე გამოვიდა, რომ ამ ერთი გუნდის ადგილი ჩვენ დავიკავეთ და თუ მსოფლიო თასზე მოხვედრის წესი არ შეიცვლებოდა, ერთ-ერთი კუნძულელი აუცილებლად მის მიღმა რჩებოდა.

ბორჯღალოსნები ტონგასთან გამარჯვების შემდეგ (მსოფლიო თასი 2015; ფოტო: Getty Images)
ბორჯღალოსნები ტონგასთან გამარჯვების შემდეგ (მსოფლიო თასი 2015; ფოტო: Getty Images)

 

მოკლედ, „მსოფლიო რაგბიმ“ ბევრი იფიქრა და „რაგბი ევროპის“ ერთი გამსვლელი ადგილი ყველანაირი სპორტული პრინციპის დარღვევით წყნარი ოკეანიის გუნდებს გადაულოცა. ხოლო მესამე კუნძულელი „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეორეადგილოსანთან გადათამაშებაში გაარკვევს ურთიერთობას. ამ ცვლილებას დიდი გარჩევებიც მოჰყვა, თუმცა რაგბში არსებულმა სეგრეგაციამ თავისი ქნა და ბობოლებმა თავიანთი გაიტანეს. ასე რომ, „რაგბი ევროპას“ ისღა დარჩენოდა მიღებულ ცვლილებებს დამორჩილებოდა და ტურნირიც შესაბამისად დაეგეგმა.

საერთოდ, რაგბის პრობლემა და მისი გლობალურ თამაშად ქცევის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი მისივე მმართველი წრეების დრომოჭმული ხედვები და კონკრეტულ ქვეყნების, თუ ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ წესების უაპელაციო შეცვლაში გამოიხატება. თუმცა, ეს ცალკე სასაუბრო თემაა და ახლა ამაზე არ გავჩერდებით.

თუმცა, აქ ჩნდება ერთი მთავარი კითხვა: რატომ იქცევა „რაგბი ევროპა“ ზუსტად ისე, რაზეც ცოტა ხნის წინ „მსოფლიო რაგბის“ საყვედურობდა და რატომ უგულებელყოფს სპორტულ პრინციპს? საუბარია მიმოსვლის პრინციპზე. ანუ, გინდა მსოფლიო საკვალიფიკაციოზე, გინდა ტურნირში დასარჩენად ბრძოლაში იმ გუნდს ექნება უპირატესობა, რომელიც უშუალო კონკურენტს სახლში მიიღებს.

ისიც სათქმელია, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფა „რაგბი ევროპის“ ნოუ-ჰაუ არ არის და სარაგბო სამყაროში ფართოდ აქვს ფეხი მოკიდებული. თუმცა, მაშინ როდესაც იგივე „6 ერში“ აქტიურად მიდის საუბარი ამ წესის შეცვლაზე და უფრო სამართლიანი ფორმატის შემუშავებაზე, გაუგებარია ევროპის მმართველი ორგანოს მხრიდან ამ რეგულაციის შემოღება. მით უფრო, რომ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას ეხება, რასაც მსოფლიო თასზე გასვლა ჰქვია.

ცვლილებები ამით არ ამოწურულა. ტურნირში ბონუსის მოპოვების წესი იცვლება და ამიერიდან მხოლოდ 4 ლელოს დადება საკმარისი არ იქნება. შემოდის ე.წ. 3-ით მეტი ლელოს დადების პრინციპი. ანუ, თუ მოწინააღმდეგემ 1 ლელო დაგიდო, ბონუსის ასაღებად საპასუხოდ 4 ლელოს დადება იქნება საჭირო, თუ 2 გაიტანა, მაშინ საპასუხოდ – 5 უნდა დაუდო და ა.შ. აღსანიშნავია, რომ იგივე წესი მოქმედებს მაგალითად „დიდ 10“-ში, „ტოპ 14“-ში და „სუპერ რაგბში.“

ასევე საუბარია იმაზე, რომ თუკი ტურნირს სლემით მოიგებს გუნდი (ყველა მატჩში გამარჯვება), მას დამატებით 3 ქულა დაერიცხება. ამ ცვლილების მიზანი ისაა, რომ თუ ყველა მატჩი მოიგე, მაგრამ ბონუსები ვერ აიღე, ჩემპიონი მაინც გახდე.

კიდევ ერთი სიახლე განრიგში ცვლილებაა: საგაისო გათამაშებაში ბორჯღალოსნები საშინაო მატჩებს და რუმინეთთან გასვლას შაბათის ნაცვლად კვირა დღეს ჩაატარებენ. ერთის მხრივ, ეს პრობლემას ქმნის ფრანგულ/ბრიტანულ კლუბებთან, რადგან მოთამაშეები დროულად დაბრუნებას ვერ მოასწრებენ, თუმცა ქართულ რაგბს საკმაო ავტორიტეტი აქვს იმისათვის, რომ ეს პრობლემა წინდაწინ მოაგვაროს და კლუბებს შეუთანხმდეს. მეორეს მხრივ, კვირას მატჩების გამართვა კარგია სტადიონზე გულშემატკივართა უფრო დიდი ნაკადის მოსაზიდად. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შაბათი ფაქტიურად სამუშაო დღედ ითვლება და საკმაოდ ბევრი ადამიანი, სურვილისდა მიუხედავად, სამსახურის გამო ვერ ახერხებს მატჩებზე დასწრებას. თუმცა, აქ არის ერთი „მაგრამ“: რატომ ტარდება თამაშები შუადღის სამ საათზე? მათ შორის ნოემბერში, შაბათს გასამართი ტესტებიც. ყველასთვის ცხადია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერ მოახერხებს სტადიონზე მოსვლას სამსახურის გამო. ეს კითხვა ბევრ გულშემატკივარს აწუხებს და კარგი იქნება, თუ კავშირი პასუხს გასცემს.

გადავიდეთ ჩვენთვის მთავარზე: რა პერსპექტივები და მიზნები აქვთ „ბორჯღალოსნებს“ ამ ტურნირზე?

როგორც ზემოთ ვთქვით, საქართველოს ნაკრები უკვე გასულია მსოფლიო თასზე, შესაბამისად, არანაირი სატურნირო მოტივაცია მას არ გააჩნია. ასევე არ გააჩნიათ მოტივაცია მოწინააღმდეგეებს, რადგან, თუნდაც მოახერხონ საქართველოსთან გამარჯვება, ამით მათ სატურნირო ცხრილში არაფერი მოემატებათ. ისევე, როგორც არ მოემატებათ ბონუს ქულით დამარცხების შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ კონკურსგარეშე ვმონაწილეობთ.

დიდი ალბათობით, მოწინააღმდეგეები ჩვენთან ძირითად შემადგენლობებს დაასვენებენ და ექსპერიმენტებსაც გვარიანად მიმართავენ, რადგან გადამწყვეტი მატჩებისთვის მოთამაშეებიც დაზოგონ და ახალი სქემებიც დაამუშაონ.

მოკლედ, ამ ტურნირისთვის ისედაც გადაზრდილ და უმოტივაციო საქართველოს ნაკრებს, უმოტივაციო, გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეებიც (რომელებიც საბრძოლო შემადგენლობითაც კი ვერ გვიწევენ წინააღმდეგობას) ემატება. ერთადერთი დაძაბული შეხვედრა შეიძლება სტუმრად – რუმინეთში გამოვიდეს. თუმცა, ბოლო მატჩში ვლახები ისე უსუსურად გამოიყურებოდნენ „დინამო არენაზე,“ კარდინალურად თუ არ შეცვალეს რაიმე, ზემოთხსენებული დაძაბული შეხვედრის სურვილი სურვილადვე დარჩება.

მამუკა გორგოძე რუმინეთთან მატჩში (ფოტო: Georgian Rugby)
მამუკა გორგოძე რუმინეთთან მატჩში (ფოტო: Georgian Rugby)

 

ჩნდება კითხვა – რა შეიძლება მისცეს ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრებს?

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ბევრი არც არაფერი.

ორად ორი ასპექტი შეიძლება გამოვყოთ, რაშიც შეიძლება წაგვადგეს ყოფილი „ერთა თასი“

პირველი: ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდა და მათი საქმეში ნახვა. თუმცა, თუკი მილტონ ჰეიგის ინტერვიუებს გადავხედავთ, რაიმე კარდინალურ გადახალისებას არ უნდა ველოდეთ. რამდენიმე მოთამაშეს ის აუცილებლად გამოცდის. ალბათ, იგივე ბადრი ალხაზაშვილს, რომელიც ბოლო დროს ტულონის ძირითად გუნდში სისტემატურად თამაშობს და საფრანგეთის ტოპ14-ში დებიუტიც ჰქონდა პირველ ტურში. ასევე, შეიძლება ვიხილოთ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატ მოვლილი რამდენიმე ახალგაზრდაც. შეიძლება თამაშის საშუალება მიეცეთ რეზი ჯინჭველაშვილს (მგეზავი) და ანზორ სიჭინავას (გარემარბი), რომლებიც ოკეანეთის ტურნეში ახლდნენ გუნდს, მაგრამ არ უთამაშიათ. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, კარდინალურ გადახალისებას და მთლიანად გაახალგაზრდავებას არ უნდა ველოდოთ. თავად მილტონის ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ამ სტილის მიმდევარი ის არ არის და ალბათ არც იქნება სწორი, მთლიანად 20-22 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდით ვეთამაშოთ უკვე ჩამოყალიბებულ მორაგბეებს. რაც არ უნდა სუსტი იყოს ტურნირი, ახალგაზრდის და გამოცდილის ნაზავი აუცილებელია. გარდა ამისა, ისეთ კონტაქტურ სპორტში, როგორიც რაგბია, ახალგაზრდული შემადგენლობით დაღვინებული მოთამაშის წინააღმდეგ გასვლა ტრავმების რისკს ერთიორად ზრდის და ნამდვილად არასასურველია ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების კარიერისთვის ამ ტიპის საფრთხის შექმნა.

მეორე, რაშიც ეს ტურნირი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს ივნისის ტესტებისთვის მომზადება, გუნდის შეთამაშება და სათამაშო ტონუსში ყოფნაა. წელსაც გამოჩნდა, რომ შეთამაშებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა მოთამაშე ამას აღნიშნავდა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ კუნძულელებზე მეტად დაბალანსებულ-შეთამაშებული გუნდი გვყავდა და დიდწილად ამანაც განაპირობა წყნარი ოკეანიიდან დაუმარცხებელი რომ დავბრუნდით.

ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, თუმცა ფაქტია – ეს ტურნირი მარტო ახალგაზრდების გამოსაცდელად და უფრო სერიოზული თამაშებისთვის მოსამზადებლად/სავარჯიშოდღა თუ გამოგვადგება.

ასეთია ამ ტურნირის მოკლე მიმოხილვა, სიახლეები და პერსპექტივა. უფრო კონკრეტულად კი ალბათ წლის ბოლოს შეგვეძლება საუბარი, როცა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ დასაწყისი მოახლოვდება.

ბორჯღალოსნების განრიგი 2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე”

ganrigi

ასევე ნახე

ოფიციალურად: მილტონ ჰეიგი სამუშაოდ იაპონურ გრანდში მიდის!

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი, მსოფლიო თასის შემდეგ სამუშაოდ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

5 × 3 =