ერთი დღეც და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) მორიგი გათამაშება დაიწყება. ახალი წესებით, ახალი რეგულაციებით და კონკურსგარეშე საქართველოს ნაკრებით. ამის შესახებ შარშან აგვისტოში უკვე ვწერდით, თუმცა მაშინ მხოლოდ ვარაუდის დონეზე განვიხილავდით. ახლა ეს ცვლილებები ოფიციალურად დამტკიცებულია. მოდით, კიდევ ერთხელ მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი:
პირველი და ყველაზე მთავარი ცვლილება ერთწლიან ციკლზე გადასვლაა. თუკი აქამდე გამარჯვებული ყოველ წელს ირკვეოდა და ქვედა დივიზიონში დაქვეითება ორი წლის ჯამური შედეგის მიხედვით ხდებოდა, ამიერიდან გამარჯვებულიც და დაქვეითებულიც ერთი წლის განმავლობაში გაირკვევა. თუმცა თუკი აქამდე ბოლოადგილოსანი ავტომატურად ქვეითდებოდა, ამჯერად ის ქვედა დივიზიონის პირველადგილოსანთან პლეი-ოფში გაარკვევს დაქვეითებულ-აღზევებულის ვინაობას.
შეიცვალა ბონუსური სისტემაც. თუკი წლევანდლამდე გუნდს ბონუს-ქულა 4 ან მეტი ლელოს დადების შემთხვევაში ენიჭებოდა, ამიერიდან ე.წ. ფრანგული მოდელი შემოდის და ბონუსის მოსაპოვებლად მეტოქეზე მინიმუმ სამით მეტი ლელოს დადებაა საჭირო. სანუგეშო ბონუს-ქულა უცვლელი რჩება და გუნდი მას რვა ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგების შემთხვევაში მიიღებს. შემოდის ახალი ბონუს-ქულაც, რომელიც გუნდს იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუკი ჩემპიონატის ყველა თამაშს მოიგებს. ბონუს-ქულებიდან ყველაზე საინტერესო ალბათ სლემით მოგებაზე დამატებითი ქულაა. მისი შემოღების მოტივაცია ის იყო, რომ თუკი ჩემპიონატის ყველა თამაში მოიგე, მაგრამ ბონუსები ვერ აიღე, გამარჯვებული მაინც შენ გახდე. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ – მაგალითად, თუკი ყველა თამაშს ბონუსის გარეშე მოვიგებთ, გვექნება 20 ქულა და დაგვემატება კიდევ ერთი ქულა სლემისთვის, მაგრამ თუ რუმინეთი ყველა დანარჩენ თამაშს ბონუსით მოიგებს, ხოლო ჩვენთან რვა ქულაზე ნაკლებით წააგებს და ამასთანავე ჩვენზე სამით მეტ ლელოს დადებს, ამ შემთხვევაში მას გაუხდება 22 ქულა, ჩვენ დაგვრჩება 21 ქულა და ჩემპიონი რუმინეთი გახდება. ანუ ბონუს-ქულას აზრი დაეკარგება. როგორც ჩანს, რაგბი ევროპის ბოსებს მსგავსი სცენარის შესაძლებლობაზე არ უფიქრიათ. ტურნირის ამგვარი სცენარით განვითარება თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა როცა რეგლამენტში ცვლილებას იღებ, წესით ყველა თეორიული შესაძლებლობა უნდა გამორიცხო, რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუკი სლემზე ბონუსს ამატებ, რათა ყველა მატჩის მომგები გუნდი უცილობლად ჩემპიონი გახდეს, მაშინ ეს ბონუსი უნდა იყოს ორქულიანი.
და მივადექით მსოფლიოს საკვალიფიკაციო წესს, რომელიც საქართველოს ნაკრების „დამსახურებით“ და „რაგბი ევროპის“ ჩინოვნიკების მონდომებით გვარიანად ჩახლართულია.
როგორც მოგეხსენებათ „ბორჯღალოსნებმა“ იაპონიის მსოფლიო თასზე მონაწილეობა უკვე გაინაღდეს. „მსოფლიო რაგბმა“ გვარიანი თავის ფხანისა და ფიქრის შემდეგ „რაგბი ევროპას“ კვოტიდან ერთი ადგილი უცერემონიოდ ჩამოართვა და წყნარი ოკეანის კუნძულებს გადასცა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს მიღმა რჩებოდა. რაგბის მამებს კი დიდად არ ეპიტნავებათ მსოფლიო თასზე ტონგას ან სამოას მაგივრად რუსეთისა თუ ესპანეთის ხილვა.
შესაბამისად, იძულების წესით ცვლილებები განხორციელდა „რაგბი ევროპის“ რეგლამენტშიც. ამიერიდან ორის მაგივრად მსოფლიოზე ავტომატურად მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდება, ხოლო მეორეადგილოსანი ზემოთხსენებული კუნძულელებიდან ერთ-ერთთან პლეი ოფში გაარკვევს ურთიერთობას. რახან ჩვენ მსოფლიოზე უკვე გასულები ვართ, მიმდინარე ჩემპიონატში კონკურსგარეშე ვმონაწილეობთ და ჩვენთან ნაჩვენები შედეგი გუნდებზე არც უარყოფითად და არც დადებითად აისახება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მატჩში წაგების შემთხვევაში დივიზიონიდან დაქვეითება არ გვემუქრება. რა თქმა უნდა, ეს ფანტასტიკის სფეროა, თუმცა თეორიულად შესაძლებელია.
მოკლედ რომ ვთქვათ, იქნება ორი ცხრილი: პირველი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატისა, სადაც ყველა თამაშის შედეგი აისახება და მეორე მსოფლიოს საკვალიფიკაციო, რომელშიც ჩვენთან ნაჩვენები შედეგის გათვალისწინება არ მოხდება. მსოფლიოს საკვალიფიკაციო ცხრილში ცვლილებები შეიძლება გაისისთვის ისევ შევიდეს, თუკი ბოლოადგილოსანი გუნდი პლეი-ოფის შეხვედრას წააგებს ქვედა დივიზიონის გამარჯვებულთან და დაქვეითდება. ამ შემთხვევაში ცხრილიდან ამ გუნდთან ნაჩვენები შედეგების ამოღებაც მოხდება, ხოლო ქვედა დივიზიონიდან ამოსული გუნდი ჩვენსავით კონკურსგარეშე იქნება. ანუ მას მსოფლიოზე თამაშის შანსი ამთავითვე არ აქვს.
საბოლოოდ, თავისუფლად შეიძლება, რომ სამსოფლიოთასო ცხრილი სულაც ოთხგუნდიანი გახდეს.
ბორჯღალოსნები
მილტონ ჰეიგმა აქამდე არაერთხელ ახსენა, რომ ამ ტურნირს ახალგაზრდების გამოსაცდელად და 2019 წლის მსოფლიო თასისთვის კანდიდატების შესარჩევად გამოიყენებს და პირველი ორი მატჩისთვის შესაბამისი შემადგენლობაც დაასახელა. თავად განსაჯეთ: 31 გამოძახებული მორაგბიდან რვა დებიუტანტია, ხოლო რვასაც აქამდე 5 ტესტზე ნაკლები აქვს ნათამაშები. ორსაც – ბექა გორგაძეს და საბა შუბითიძეს 7-7. გამოდის, რომ გამოძახებულთა 58% ან დებიუტანტი ანაც ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი მორაგბეა, ხოლო ნაკრების საშუალო ასაკი 24 წელია.
შესაძლოა, ახალგაზრდებიდან თამაში ყველას არ მოუწიოს, მაგრამ მაინც გვარიანად სახეცვლილ ნაკრებს ვიხილავთ. აწ უკვე გაუქმებულ თბილისის თასს თუ არ ჩავთვლით, ასეთი გადახალისებული ნაკრები ბოლო წლებში არ გვახსენდება.
დებიუტანტებიდან რამდენიმე მოთამაშე გვინდა გამოვყოთ:
- თორნიკე მატარაძე და ლაშა ტაბიძე იმ 20 წლამდე ნაკრების ბურჯები არიან, რომლის შერკინებამაც შარშანდელ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიწოლაში ყველას და ყველაფერს გადაუარა. ისინი ერთი წელია, საფრანგეთში არიან და ვფიქრობთ, მათი საქმეში ნახვა ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.
- გელა აფრასიძე კიდევ ერთი ახალგაზრდა და იმედისმომცემი ცხრა ნომერია, რომელიც წელს ოცწლამდელთა ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს თბილისში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე და კარგია, რომ ნაკრების დაჭაშნიკების საშუალებაც მიეცემა. თუმცა გელამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი და ეს გამოძახება მხოლოდ და მხოლოდ მასზე გაცემული ავანსია.
- თუკი შარშანდელ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უყურებდით, გამორიცხულია, თვალში არ მოგხვედროდათ ახალგაზრდა მესამეხაზელი, რომელიც მინდორზე ყველას და ყველაფერს ბოჭავდა. გიორგი ცუცქირიძე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბე იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც მოედანზე დაუღალავად შრომობდა. კარგია, მილტონ ჰეიგმა მას გარჯა მთავარ ნაკრებში დაწინაურებით რომ დაუფასა.
- მართალია, რეზი ჯინჭველაშვილი დებიუტანტი არ არის, თუმცა ორიოდე სიტყვას მასზეც ვიტყვით. რეზი შარშანწინდელი ალაფის მომგები ახალგაზრდული ნაკრების ალბათ ყველაზე გამორჩეული მორაგბე იყო. ნამდვილი 10 ნომერი. თუმცა ამ ტურნირის შემდეგ აშკარად მოუკლო. რთული სათქმელია, ჩავარდნის მიზეზი რა არის, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი შანსია. მილტონ ჰეიგი თუ მას იძახებს, ამის მიზეზი ისაა, რომ მისი ნიჭის და შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის და როცა ამ პოზიციაზე მორაგბეების ასეთი დეფიციტი გვაქვს, რთულია პერსპექტიულ მოთამაშეზე ხელაღებით უარის თქმა. თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. რეზი თუ არ მოუმატებს და მეტი მონდომებით არ ივარჯიშებს, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტო ნიჭის ხარჯზე ნაკრებში დამკვიდრება შეუძლებელი იქნება.
აქვე ერთი სამწუხარო ამბავიც: ტრავმა მიიღო და ნაკრებს ვერ დაეხმარება კიდევ ერთი პერსპექტიული ბურჯი ზურაბ ჟვანია. ზურაზე, როგორც რეზიზე საკმაო ავანსები იყო გაცემული, თუმცა ბოლო ორი წელია კარიერაში აშკარა ჩავარდნა აქვს. ის ვერც „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში თამაშობს და ვერც ნაკრებში უძლებს კონკურენციას, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ქართველ ბურჯად ითვლებოდა და ნაკრების შემადგენლობაში 8 ლელოც აქვს დადებული. ზურა თუ არ მოუმატებს, ნაკრებში ბურჯებს შორის იმხელა კონკურენციაა, იქ ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
ასეთი გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად, ცვლილებები ძირითადად მაინც შერკინების მოთამაშეებშია, ხოლო უკანა ხაზში თითქმის ყველა ძველი სახეა. გასაგებია, რომ ნიჭიერი ფორვარდი უფრო მეტი გვყავს და გამოსაცდელიც იქ უფრო მეტია, მაგრამ რთული სათქმელია, სამწვრთნელო შტაბმა რატომ არ გამოიძახა მაგალითად მირიან მოდებაძე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად ითვლება. ერთ-ერთი არგუმენტი ის შეიძლება იყოს, რომ ოცწლამდელთა ნაკრები საკუთარი პროგრამით ემზადება და საწვრთნელი პროცესიდან მოთამაშის ამოგდება არ უნდათ, მაგრამ იმავე გუნდიდან ნაკრებში გამოძახებულია გელა აფრასიძე, ასე რომ, ეს არგუმენტი არ გამოდგება.
მეტოქეები და შანსები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს სატურნირო მოტივაცია ნაკლებად აქვს, ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად, რა თქმა უნდა, ის ითვლება. ერთადერთი შეხვედრა, სადაც შეიძლება ქართველ გულშემატკივარს ნერვიულობა მოუწიოს, ეს რუმინეთთან გასვლაა. მიუხედავად იმისა, რომ ვლახების მთავარი ამოცანა მსოფლიო თასზე გასვლაა, ჩვენთან შეხვედრას მწვრთნელიც და მოთამაშეებიც მთავარ მატჩად მოიხსენიებენ და კბილებსაც ილესავენ, აქაოდა აუცილებლად უნდა მოვუგოთო. სურვილი ერთია, მაგრამ მისი განხორციელება რუმინელებს ძალიან გაუჭირდებათ.
მსოფლიო თასზე გასვლის მთავარი პრეტედენტი უცილობლად რუმინეთია და ძნელი სავარაუდოა, მას ვინმემ კონკურენცია გაუწიოს. აი მეორე, საპლეიოფო ადგილისთვის ბრძოლას ერთმნიშვნელოვანი ფავორიტი არ ჰყავს. მართალია, რუსები ბოლო ორი წელია საკმაოდ ნორმალურად ირჯებიან რანგით მეორე საკლუბო ევროპულ ტურნირზე – „ჩელენჯ ქაფზე“, თუმცა ეს შედეგები ნაკრებზე ნაკლებად აისახება. ამას ემატება ის, რომ რომ რუსულ რაგბში გვარიანი არეულობაა. ძველი პრეზიდენტი – ვიაჩესლავ კოპიოვი გადაირჩიეს, ხოლო ახალი პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძე გახდა, თუმცა ამის დოკუმენტურად დადასტურება ვერ ხერხდება, რადგან შესაბამისი სხდომის ოქმი და თანდართული დოკუმენტები მისი ოფისიდან გაქრა. მოკლედ არის დიდი დავიდარაბა და სასამართლო განხილვები. არ გვგონია ეს გაურკვეველი ვითარება რუსეთის ნაკრებზე დადებითად აისახოს. ამის საწინააღმდეგოდ კარგი სიტუაციაა ესპანეთის ნაკრებში, რომელიც ბოლო დროს გვარიანად მოძლიერდა. ესპანეთის რაგბის კავშირმა საფრანგეთის ჩემპიონატებში მოთამაშე რამდენიმე მორაგბეს ესპანური ფესვები უპოვა, მოქალაქეობა მისცა და ნაკრების შემადგენლობაშიც ათამაშებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, მცირე უპირატესობას პირენეელებს მივანიჭებთ.
ლეგიონერების ნაკლებობას სხვა გუნდებიც არ განიცდიან. ესპანეთის გზას დაადგა ბელგიაც და ხსნას საფრანგეთის ქვედა დივიზიონებში ეძებს, ხოლო რუმინელებმა სამხრეთის მიმართულებაზე გააკეთეს აქცენტი და რამდენიმე კუნძულელი გაარუმინელეს კიდეც.
რომ შევაჯამოთ, სამსოფლიოთასო ცხრილში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უპირობო ფავორიტი რუმინეთია, მეორე ადგილისათვის ესპანეთ-რუსეთი იბრძოლებენ, ბელგიის ახლად წამოჩიტული ნაკრები ალბათ მხოლოდ მეოთხეობას დასჯერდება, ხოლო ბოლოადგილოსნობისთვის განწირული გერმანია გვგონია.
ახალი კვართი
„ქენთერბერი“ უძველესი სარაგბო ბრენდია, რომელიც ახალი ზელანდიის ჩათვლით ძალიან ბევრ ბობოლა ნაკრებს ეცვა და სასიხარულოა, რომ კავშირმა ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობას მოაწერა ხელი. მით უფრო სასიხარულო ისაა, რომ „ქენთერბერი“ უბრალოდ ფორმებს კი არ შეგვიკერავს, არამედ ნაკრების სპონსორობასაც ითავებს, რაც ბორჯღალოსნების წონას და ცნობადობას უსვამს ხაზს.
კარგია ისიც, რომ ფორმები როგორც ონლაინ, ასევე მაღაზიაში გაიყიდება. თუმცა აქ პრობლემა მისი ფასია. როგორც იცით, ნაკრების კვართი 199 ლარი ღირს და გულშემატკივართა დიდი ნაწილისთვის ფინანსურად მიუწვდომელია.
თუმცა მის სიძვირეში კავშირის დადანაშაულება არასწორია. საქმე იმაშია, რომ „ქენთერბერი“ სახელიანი და შესაბამისად ძვირიანი ბრენდია, ხოლო მის პროდუქციას შესაბამისი ფასი ადევს. თუკი სხვა ნაკრებების ფორმათა ფასს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ყველა ცნობილი ბრენდის კვართის ფასი 80-100$-ის ფარგლებში მერყეობს და ვერც ჩვენ ვიქნებოდით გამონაკლისი.
რა არის გამოსავალი? ნაკრების ფორმა ინგლისელისთვის და ფრანგისთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ქართველისთვის, მაგრამ იქაც არის გულშემატკივართა საკმაო რაოდენობა, რომელსაც ამხელა თანხის მაისურში გადახდა არ უნდა/არ შეუძლია და ამ კატეგორიისთვის არსებობს სპეციალური საგულშემატკივრო მაისურები, რომლებიც ოფიციალურ ფორმაზე რამდენჯერმე იაფი ღირს. კავშირმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაააქტიუროს მუშაობა და ასეთი, შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქტი შესთავაზოს გულშემატკივარს. ასევე უნდა გაიყიდოს სავარჯიშო მაისურები, პოლოები, ქუდები, შარფები და ა.შ.
ონლაინ-მაღაზიაში დაახლოებით იმავე ტიპის პროდუქცია ახლაც იყიდება, მაგრამ მსგავსი მაისურის დამზადება ყველას შეუძლია ნებისმიერ სარეკლამო კომპანიაში. ამიტომ ზემოთაღნიშნული პროდუქტი უნდა იყოს ოფიციალური სპონსორის, „ქენთერბერის“ დამზადებული.
ასევე დასახვეწია ონლაინ-მაღაზიის დიზაინი და უნდა მოხდეს პროდუქციის გამრავალფეროვნებაც, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

რეპორტაჟები
„რაგბი ევროპა“ დიდად თავმოუბმელი ორგანიზაცია რომ არის, იქიდანაც ჩანს, რომ ამდენი წელია ისე ვერ დააყენა საკითხი, რომ ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებს სატელევიზიო სიგნალის მოწოდების ვალდებულება ჰქონდეთ. თუკი აქამდე ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა რაგბის ყურების მაგივრად ტექსტურ რეპორტაჟს ვკითხულობდით, დიდი ალბათობით, ამჯერად ეს არ გვემუქრება, რახან ინტერნეტ-სთრიმის წარმოების ვალდებულება ყველა ქვეყანას აქვს. ბევრი მცდელობის და წვალების შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ მოახერხა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბელგიასთან მატჩის რეპორტაჟს ვიხილავთ, თუმცა „რაგბი ევროპა“ თუ ცოტა მოინდომებს და ყველა ქვეყანას სატელევიზიო რეპორტაჟს დაავალდებულებს, მომავალში ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.
სტადიონები
ალბათ გემახსოვრებათ, ამ ორიოდე წლის წინ მსოფლიო რაგბის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი – ბერნარ ლაპასე რომ გვეწვია და იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად დიდი ზარზეიმით სარაგბო სტადიონის მშენებლობა დააანონსა. სამწუხაროდ, ლაპარაკი მხოლოდ ლაპარაკად დარჩა, იმის მერე თითი თითზე არ დადებულა და ბორჯღალოსნებს ისევ სამადლოდ უწევთ მიხეილ მესხზე თუ ბორის პაიჭაძეზე თამაში.
წელს შინ მხოლოდ ორ მატჩს გავმართავთ, აქედან ერთი – გერმანიასთან შეხვედრა – რუსთავის 2600 კაციან სტადიონზე, ხოლო მეორე – რუსეთთან მატჩი – 55 000-იან „ბორის პაიჭაძეზე“ გაიმართება.
ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, რომ პირველ თამაშს მცირემაყურებლიან სტადიონებზე ვთამაშობთ, მაგალითად შარშანწინ ბელგიასთან, ხოლო შარშან და წელს გერმანიასთან. პირდაპირ ვიტყვით, რომ კავშირის ეს პოლიტიკა გაუმართლებლად მიგვაჩნია. გასაგებია, რომ გერმანია სუსტი გუნდია და მაყურებელშიც იმხელა ინტერესი არაა, რაც ვთქვათ იაპონიასთან ან იმავე რუმინეთთან შეხვედრის დროსაა. თუმცა, ერთის მხრივ, როცა საქართველოს ნაკრებზე, როგორც ბრენდზე ვლაპარაკობთ, მეორე ხელით მატჩებს „ვიწრო წრეში“ არ უნდა ვატარებდეთ. თუ „ქენთერბერის“ ვიცვამთ და მსოფლიო ბრენდობაზე გვაქვს პრეტენზია, რუსთავისა თუ ავჭალის 2000 კაციან სტადიონებზე თამაშს ნამდვილად არ უნდა ვკადრულობდეთ.
ამ შემთხვევაში საქმე არათანმიმდევრულობასთან გვაქვს და რაგბის კავშირის პოზიცია რთულად ასახსნელია. შეიძლება ჰგონიათ, რომ სანახევროდ სავსე მიხეილ მესხს „გადაჭედილი“ რუსთავის სტადიონი სჯობს, თუმცა ეს პოზიცია ძალიან საკამათოა. სუსტ გუნდთან სტადიონის გავსების პრობლემა აბსოლუტურად ყველა ქვეყანას აქვს და ამიტომ რეგიონებში/მცირე მაყურებლიან არენებზე მატჩების ჩატარება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის ქვემოთ ჩამოსვლაც არ შეიძლება. ზემოთაღნიშნული სტადიონები ვიზუალურად უფრო ნაკრების სავარჯიშო მოედნებს გავს, ვიდრე სრულფასოვან არენებს.
შესაძლოა ფიქრობენ, რომ იმდენად მცირე ინტერესია, სტადიონი სანახევროდაც არ შეივსებაო, მაგრამ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი შარშანდელი გერმანიასთან მატჩია, რომლის ბილეთებიც რამდენიმე საათში გაიყიდა, ხოლო თამაშის დღეს გადამყიდველებთან 30-40 ლარსაც კი იხდიდნენ და ძალიან ბევრი მსურველი საერთოდ უბილეთოდ დარჩა.
საქართველოში რაგბი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და როცა ასეთი მოთხოვნაა, კავშირიდან შესაბამისი მიწოდებაც უნდა იყოს. ქართულ რაგბს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ რაგინდარა შეხვედრაში და ყველანაირ ამინდში მინიმუმ 10-15 ათასი კაცი შეკრიბოს სტადიონზე.
იმედია, ეს უკანასკნელი შემთხვევაა და მომავალში მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნაკრები ოფიციალურ შეხვედრას ასე მცირე ტრიბუნებიან სტადიონზე აღარასდროს გამართავს.
