მთავარი / ბორჯღალოსნები / წინათქმა: საქართველო – გერმანია

წინათქმა: საქართველო – გერმანია

 

ხვალ რუსთავში „ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს გამართავენ. მეტოქე ის გერმანიის ნაკრები იქნება, რომელმაც ერთი კვირის წინ ხმაურიანი სენსაცია მოახდინა – საშინაო მატჩში გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს რუმინეთს 41-38 სძლია.

რა თქმა უნდა, ფავორიტი საქართველოს ნაკრებია. თუმცა აშკარაა, რომ წინა ტურში გერმანელების მიერ ჩადენილი გმირობა „ბორჯღალოსნებს“ მატჩისადმი უფრო სერიოზულად განაწყობს.

ბარემ აქვე შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ ბელგიაში იოლად გავიმარჯვეთ, თუმცა თამაშის ხარისხით გულშემატკივარი ცოტათი იმედგაცრუებული დარჩა. „რაგბი ევროპის“ გათამაშება ის ტურნირია, რომელშიც ჩვენებისგან პირველ რიგში მრავალფეროვან და ხალას თამაშს ველით და არა ძველმოდურად, ოდენ ჯანის ხარჯზე დაჯაბნილი მეტოქის კაპიტულაციას.

 

საქართველო

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა: ძირითადში გადმოინაცვლეს ბელგიასთან მარქაფში მყოფმა ბურჯებმა – მატარაძემ და ბეკოშვილმა, ხვალინდელ მატჩში დებიუტი ექნება 18 წლის გელა აფრასიძეს, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. ასევე პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭენ ტაბიძე და მჭედლიშვილი.

ყველაზე მთავარი ცვლილება მგეზავის პოზიციაზე რეზი ჯინჭველაშვილის გამოჩენაა. რეზის ეროვნულ ნაკრებში აქამდე ორი შეხვედრა ჩაუტარებია (თბილისის თასზე სამხრეთ აფრიკა „ა“-სთან და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე გერმანიასთან) და ორივეჯერ შეცვლაზე შემოვიდა. ამჯერად კი პირველად იქნება ძირითად შემადგენლობაში. მილტონ ჰეიგი მას შანსს აძლევს და რეზიმ ეს შანსი უცილობლად უნდა გამოიყენოს.

 

პირველი ცენტურიონი

ხვალინდელ შეხვედრაში 100 სანაკრებო კეპი მოუგროვდება ფულბეკ მეკო კვირიკაშვილს და პირველი ქართველი ცენტურიონიც გახდება. აქამდე მსგავსი მიღწევა არავის ჰქონია, თუმცა მეკოს კვალში უდგანან დავით კაჭარავა (96) და გიორგი ჩხაიძე (94).

 

გერმანია

როგორც ვივარაუდეთ, გერმანელები ამ ტურნირს პრაგმატულად უდგებიან და წინასწარ განწირულ შეხვედრაში წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევენ. მწვრთნელმა კობუს პოტხიტერმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 8 ცვლილება განახორციელა, ხოლო მარქაფაში ერთბაშად 4 დებიუტანტი გაამწესა.

ხვალინდელ მატჩში არ ითამაშებს დამიენ ტუსაკი, რომელიც საფრანგეთის ტოპ14-ის „კასტრის“ ბურჯია და რუმინეთთან კარგი თამაში ჰქონდა. ასევე არ იქნება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი – მიქაელ პოპმაიერი, რომელიც რუმინეთთან შეხვედრაში დაიმტვრა და სავარაუდოდ ტურნირის დარჩენილ ყველა შეხვედრას გამოტოვებს.

დაშავდა და ნაკრებს ვერ დაეხმარება ჰაიდელბერგის მესამეხაზელი იაკობუს ოტოც, ხოლო კლემენს ფონ გრუმბკოუ და შტეფენ ლიბიჰი გერმანიის შვიდკაცაში არიან გამოძახებულნი.

კობუს პოტხიტერი: რუმინეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 8 მოთამაშე შევცვალეთ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის და შეცვლების სიღრმეების გაზრდა. გარდა ამისა, გერმანიის 7-კაცა ნაკრები ჰონკონგის ტურნირისთვის ემზადება, გუნდი სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა და ბიჭების ნაწილი მათ დავუთმეთ. სამაგიეროდ, შანსი სხვებმა მიიღეს და საქართველოზე უკეთეს მეტოქესთან მათ ვერსად გამოვცდიდით“.

სამაგიეროდ შემადგენლობაში იქნებიან ძირით სამხრეთ აფრიკელები 22 წლის  მესამეხაზელი სებასტიან ფერეირა, რომელიც „ქარის თასზე“ ისთერნ პროვენსში თამაშობს და შუამარბი მარსელ კუცია.

როგორ თამაშს ველით?

შერკინება: რაც არ უნდა გადახალისებული იყოს,  ქართული შერკინება გერმანულზე ძლიერი რომ არის, სიახლე არავისთვისაა. მით უმეტეს, არ ითამაშებს დამიენ ტუსაკი, რომლის სახითაც გერმანელებს დიდი ძალა დააკლდებათ. ასე რომ, ამ კომპონენტში გვარიან უპირატესობას ველით.

მოლი: თამაშის ეს კომპონენტი მარტო ფიზიკურ ძალაზე არ არის დამოკიდებული და აზროვნებასაც საჭიროებს (მიწოლის მიმართულების მონაცვლეობა, ცრუ ბიძგი, ბურთიანის სათანადო დაცვა მეტოქისაგან და ა.შ). გერმანელებს იგი საკმაოდ კარგად აქვთ დამუშავებული და აკი ორი ლელოც მოლით დაუდეს რუმინელებს. საინტერესოა ახალგაზრდა ქართველი მორკინალები როგორ გაართმევენ თავს გერმანულ მოლს და გვექნება თუ არა უპირატესობა ამ კომპონენტში.

ხაზი: ხვალ მზიანი ამინდია მოსალოდნელი, მოედანიც კარგ მდგომარეობაშია, გერმანელთა დაცვაც არ არის გაუვალი, ასე რომ, ხვალ ხაზის კარგ თამაშს ველით. თუმცა, მანამდე მთავარია ბოჭვის არეალის სწრაფი გასუფთავება და ბურთის გამოთავისუფლება თამაშის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად და ფაზების ასაკინძად.

პროგნოზი: გერმანელთა გადახალისებულ შემადგენლობას, ქართველთა სერიოზულ განწყობას და კარგ სათამაშო ამინდს თუ გავითვალისწინებთ, წესით და რიგით უხვქულიანი და უხვლელოიანი თამაში უნდა ვიხილოთ. ჩვენი აზრით, საქართველო გაიმარჯვებს 25-30 ქულით და ბონუსსაც მოიპოვებს.

rugby.ge (http://site.rugby.ge/ka-GE/2017-CARD/#GER)

ასევე ნახე

ოფიციალურად: მილტონ ჰეიგი სამუშაოდ იაპონურ გრანდში მიდის!

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი, მსოფლიო თასის შემდეგ სამუშაოდ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

20 + ten =