მთავარი / ბორჯღალოსნები / ტრადიციულ სტილში

ტრადიციულ სტილში

(ფოტო: ნიკა ხომერიკი/Rugby XV)

 

შაბათს ტრადიციული ქართული რაგბი ვიხილეთ: ბევრი ჯახი, შერკინება, მოლი, ნაკლები ხაზით თამაში, ნაკლები ინდივიდუალური ოსტატობა და შეტევის მრავალფეროვნება.

2012 წლიდან მოყოლებული აგერ უკვე მერვე მატჩი ჩავატარეთ კუნძულელებთან. აქედან ორი წავაგეთ, ერთი ფრედ ვითამაშეთ და ხუთი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა. ამ რვა მატჩიდან მხოლოდ ერთხელ – წლეულს ფიჯისთან ვნახეთ, როცა ბორჯღალოსნები ბურთის ხაზზე გატანით, ოფლოუდებით და შექცეული პასებით ცდილობდნენ დაცვიდან შეტევაში ამოსვლას. დანარჩენი შეხვედრები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა შაბათის რკენას. როგორც ურთიერთშეხვედრების სტატისტიკიდან ჩანს, თამაშის ეს სტილი საქმეში გამოცდილია და მათ წინააღმდეგ ჩვენი ლამის ერთადერთი იარაღია.

 

უფანტაზიოდ მაგრამ დისციპლინით

სამოას ნაკრებმა კუნძულელებისთვის უჩვეულოდ დისციპლინირებულად ითამაშა. სტატისტიკა ყველაფერს გვეუბნება: სულ შვიდჯერ დაჯარიმდნენ (ბორჯღალოსნები თერთმეტჯერ) და აქედან ღია თამაშში მხოლოდ ერთხელ. დანარჩენი 6 ჯარიმა შერკინებაში მიიღეს, სადაც კოლოსალური უპირატესობა გვქონდა, ჩვენს დაწოლას უბრალოდ ვერ უძლებდნენ და ჯარიმდებოდნენ. მინიმალური იყო წინ ბურთის დავარდნის შემთხვევებიც.

თუმცა, როგორც ჩანს დისციპლინა და კუნძულელებისთვის დამახასიათებელი ფანტაზია ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია. ორად ორი კაცი ცდილობდა არასტანდარტულად თამაშს და რაღაცის შექმნას – რეი ლიილო და ჯორჯ პისი. ლელოც მათი კომბინაციით გავუშვით, როცა ბურთი ჰქონდათ სულ უპირატესობას აკეთებდნენ და გვარიანადაც გვანერვიულეს.

დანარჩენ სამოას ფანტაზიის ნატამალი არ ეტყობოდა – უტევდნენ სტანდარტულად, არც ცდილობდნენ მათთვის ასე დამახასიათებელ ფინტებს, ოფლოუდებს და დაცვის ცენტრში ამის ხარჯზე ხაზის გაჭრას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვერ ვნახეთ ზურგსუკან ფეხით შეცურებული ბურთები, რომლისაც ასე გვეფიქრებოდა.

შერკინება და აუტები

თავიდანვე ვთქვათ, რომ სამოელებს სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ მარჯვენა ბურჯ სენსას ჯონსთონის და კვაჭ მოტუ მატუჰუს სახით. რასაც ისიც დაემატა, რომ დასაწყისშივე დაუშავდათ ზორბა მეორეხაზელი თეოფილო პაულო, რომელიც  ყველაზე მაღალი და ათლეტური მოთამაშე იყო გუნდში.

თუმცა, ვერანაირი დანაკლისით ვერ გამართლდება და აიხსნება ის, რაც შაბათს სამოელებს შერკინებაში დაემართათ. 9 დანიშნული შერკინებიდან (6 ჩვენი და 3 სამოელების) მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ გამარჯვებული და ისიც იმის ხარჯზე, რომ მიშა ნარიაშვილი ადრე მიაწვა. დანარჩენ შემთხვევებში უბრალოდ წავლეკეთ მეტოქე. შერკინებიდან დავდეთ ორივე ლელო, მათ შორის პირველი საჯარიმო – ჩვენები ისე მიაწვნენ, რომ სამოელთა ყველა პირველ და მეორეხაზელი მათ ქვემოთ აღმოჩნდა.

თუკი შერკინებაში უპირატესობას ველოდით (თუმცა არა ასეთს), გვეგონა, რომ აუტში თანაბარი სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ პაულოს ტრავმამ როგორც ჩანს სერიოზულად შეასუსტა სამოელები და ამ კომპონენტშიც გვარიან უპირატესობას ვფლობდით – ჩვენი თოთხმეტივე, ხოლო მეტოქის ორი აუტი მოვიგეთ – მათ შორის, მატჩის ბოლოს, როცა სამოელები გააფთრებით გვიტევდნენ, კიდევ ერთხელ მოგებული აუტიდან მოლის შეკვრის მცდელობისას მამუკა გორგოძემ ბურთი ცხვირწინ ამოაცალა.

(ფოტო: ნიკა ხომერიკი/Rugby XV)

 

მარადიული თავისტკივილი

ისევ გაცვეთილ თემას უნდა შევეხოთ: მიხვდით ალბათ უკვე, რომ რაქებსა და მიყოლას ვგულისხმობთ.

თამაშის ამ კომპონენტის სტატისტიკა არ მოიპოვება, ამიტომ თავად მოგვიწია ჩანაწერის ყურების დროს დათვლა. თუ ჩვენი ანგარიში სწორია, იაპონიის მატჩისგან განსხვავებით, სამოელებს რაქში ბურთი ოთხჯერ ამოვაცალეთ, ხოლო ამდენივეჯერ დავკარგეთ. აქედან ორჯერ ძალიან სახიფათოდ გადმოგვიკიდეს 22-ში და ტერიტორიაც სერიოზულად წავაგეთ. მოგებულ რაქებში კი გვიჭირდა კარგად გაწმენდა, დროზე გადაყრა და ვასილ ლობჟანიძეს დიდი ჯაფა ადგა ბურთის გამოტანის დროს. ამ მიზეზით მთელი თამაში ფაქტიურად არ გვქონია სწრაფი ბურთი, ხაზი გავჭერით სულ ორჯერ, აქედან ჩილაჩავამ კონტრშეტევისას…

ვეცდებით ჩილაჩავას ეპიზოდში ავხსნათ ჩვენს მიერ დაშვებული რამდენიმე შეცდომა


პირველი სლაიდი არის ის ეპიზოდი, როცა სამოელებს ეს-ესაა ბურთი გამოუვარდებათ და მას ჩილაჩავა დაეუფლება. აქ დავაკვირდეთ ბუკა შარიქაძეს: ბურთი სამოელებს აქვთ, ბუკა მიდის მარცხენა ფლანგისაკენ, რათა ხაზში სივრცე შეავსოს და ბურთის გაშლის შემთხვევაში მარცხნივ უმცირესობაში არ აღმოვჩნდეთ.


სამოელებს ბურთი უვარდებათ, ხოლო მის დაუფლებას ჩილაჩავა და კოლელიშვილი ცდილობენ. შარიქაძემ მარცხენა ფლანგისკენ გააგრძელა მოძრაობა და საერთოდ გამოეთიშა ეპიზოდს, არადა ლევანს რომ მიყოლოდა შეტევის შემდეგ ფაზაში (ბურთის ამოგდების შემთხვევაში) სწორედ მისი სისწრაფე იქნებოდა ყველაზე მეტად მოთხოვნადი.


ამ სლაიდზე ბურთი უკვე ჩილაჩავას უჭირავს და მეტოქისკენ მიიწევს. ამ დროს გაუგებარია რას აკეთებს ვიტო კოლელიშვილი – იმის მაგივრად, რომ ბურთიან კაცს მიყვეს, ის ჩერდება და ჟესტიკულაციით სავარაუდოდ ბრეგვაძეს ანიშნებს ჩილაჩავას მიყოლას.


შემდეგ სლაიდზე ვხედავთ ეულად მორბენალ ლევან ჩილაჩავას, რომელსაც არცერთი ქართველი მიყვება (უახლოესი მიმყოლი ბიწაძეა და მისთვის პასის მიცემას აზრი არ აქვს, რადგან სამოელებს აყვანილი ყავთ). ასევე, მის მარცხნივ და მარჯვნივ ვხედავთ სივრცეებს, რომელიც წესით ჩვენ უნდა აგვეთვისებინა. გაუგებარია როგორ მოახერხეს სამოელებმა ბურთის დაკარგვის მერე ჯერ გაჩერება, შემდეგ შემობრუნება და უკან გაკიდება და რატომ არ არის მათზე წინ არცერთი ქართველი, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩილაჩავა საკმაოდ მძიმეა და სწრაფი სირბილითაც ვერ დაიკვეხნის. სავარაუდო ახსნა ამ ეპიზოდის შემდეგია: არც ვიტოს, არც ბექას არც უფიქრიათ, რომ ლევანი სამოელთა პირველ მბოჭავებს გაცდებოდა და იქვე რაქის გასაწმენდად ემზადებოდნენ.


და ბოლო სლაიდი, სადაც ჩანს, რომ ჩილაჩავამ ისე გაიარა ბურთიანად 23-25 მეტრი, რომ გვერდით არავინ ყავდა, ვისთვისაც პასის ამოგდებას შეძლებდა. ამ სლაიდიდან ერთ წამში ვიტოც რაქში ერთვება. რადგან რაქი კარგად გაწმენდილი არ არის, ლობჟანიძე დაახლოებით 6 წამს ანდომებს იქედან ბურთის გამოტანას. შედეგად, ვერც კარგად მივყევით, შეტევა რომ განგვევითარებინა, ვერც რაქი გავწმინდეთ სწრაფად, სამოელებმა გადაწყობა მოასწრეს და ჩვენი კონტრშეტევაც მარცხენა ფლანგზე, ისევ 10 მეტრიან ხაზთან, თოდუას შებოჭვით დასრულდა.

 

ფეხით თამაში
რა თქმა უნდა იდეალური არ ყოფილა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მალაღურაძემ, ასევე კვირიკაშვილმა ფეხით კარგად ითამაშეს. განსაკუთრებით ეს ჩანდა პირველ ტაიმში. მეორეში, როცა სამოელები გვიტევდნენ, 1-2-ჯერ მოედანში მოვიგერიეთ ბურთი (აუტში გადატანის ნაცვლად), რითაც სტუმრებს მორიგი სახიფათო იერიშის წამოწყების შანსი მივეცით და სულის მოთქმის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი სირბილი დაგვჭირდა მათი შეტევების მოსაგერიებლად.
მეკომ გაიტანა ყველა ჯარიმა და გარდასახვა, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ჩვენი გამარჯვება. აქვე აღვნიშნოთ, რომ იაპონიისგან განსხვავებით სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და როცა შანსი გვქონდა, დასარტყამი ჯარიმა კარში დავარტყით.

 

მწვრთნელთა დუელი
როგორც ზემოთ ვთქვით, მილტონ ჰეიგის ტაქტიკა მრავალნაცადი და გამართლებული „თამაშის მოკვლა“ იყო – უმეტესად ფიზიკური ორთაბრძოლებით, მოკლე-მოკლე დარტყმებით და ბურთის ფეხით მეტოქის ნახევარზე გადაკიდებით.
ქართველთა ტაქტიკა უცხო ვერ იქნებოდა ალამა იერემიასთვის, რომლის გაწვრთნილ სამოასაც სულ რამდენიმე თვის წინ ვეთამაშეთ ფრე ანალოგიურ სტილში აპიაში.
ამის ფონზე ცოტა უცნაურია თუ რატომ აირჩია სამოელთა სამწვრთნელო შტაბმა თამაშის ასეთი სტილი. რატომ არ ცდილობდნენ თამაშის არევას, ბურთის ფეხით შეცურებებსა თუ ოფლოუდებს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ ძალისმიერ თამაშსა თუ სტატიკურ სიტუაციებში დიდი უპირატესობა გვქონდა.
როცა შერკინებას და აუტს აგებ, ხოლო თავად ვერაფერს ქმნი, მსგავსი მატჩის მოგება ფაქტიურად შეუძლებელია. რომ არა ლიილო, პისი და ქართველთა შეცდომები, შეხვედრის ბოლოს მატჩის შემობრუნების თეორიული შანსიც კი არ ექნებოდათ. თუმცა რაგბი გუნდური სპორტია და ორი კაცი ამ დონის ტესტს დანარჩენი 13-ის დახმარების გარეშე ვერ მოიგებს.

 

მოთამაშეთა შეფასება 10 ბალიანი სისტემით
1. მიხეილ ნარიაშვილი (8) – შეუდარებელი დანიშნულ შერკინებაში – ენთონი პერენისეს მისი სახე ალბათ ძალიან დიდხანს ემახსოვრება. ნორმალური ღია თამაშში.
2. ჯაბა ბრეგვაძე (8) – კარგი იყო როგორც შერკინებაში, ასევე ღია თამაშში, იდეალურად ააგდო ყველა აუტი.
3. ლევან ჩილაჩავა (9.5) – ნარიაშვილივით გადასარევად ითამაშა შერკინებაში, ძალიან აქტიურობდა ბოჭვის არეში ბურთის წაღლეტვაზე, კარგი იყო ღია თამაშშიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა 25 მეტრი იარა და მოწინააღმდეგის #15-ს ისეთი ფინტი ჩაურტყა, ნებისმიერი უკანახაზელი რომ მოაწერდა ხელს. ალალად დაიმსახურა მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება.
4. კოტე მიქაუტაძე (7) – როგორც ვივარაუდეთ, კოტე გამოფხიზლდა და პირველი თამაშის ჩაგდების შემდეგ გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია მოახერხა. ძალიან კარგი იყო შეტევაში, მისი შეჩერება სტუმრებს ძალიან უჭირდათ. კარგი იყო ჰაერშიც, თუმცა ბოლოს ცუდად დაუვარდა ბურთი. მოიკოჭლებდა რაქში, რამდენიმეჯერ დააგვიანა და ბურთი დაიკარგა.
5. გიორგი ნემსაძე (7.5) – კარგი იყო დაცვაში და აუტებში, კარგადაც უტევდა. 80 წუთი იბრძოლა დაუღალავად.
6. ვიტო კოლელიშვილი (7) – კარგად მოქმედებდა დაცვაში, გააკეთა ბლომად ბოჭვები. შეტევაში შედარებით ინერტული იყო.
7. მამუკა გორგოძე (7.5) – ჩვეულად კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. კარგი იყო აუტებში. მიიღო სწორი გადაწყვეტილებები ჯარიმების კარში დარტყმის დროს. თუმცა, ზედმეტად ემოციური გვეჩვენა მსაჯთან საუბარში. გასაგებია, რომ რეფერიმ რბილად რომ ვთქვათ უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა მასთან გამუდმებით კამათს არ გვგონია შედეგი მოქონდეს.
8. ბექა ბიწაძე (6.5) – გააცუდა რამდენიმე ბოჭვა, მათ შორის ერთი კრიტიკული, როცა ლელო მივიღეთ. თუმცა კარგად აკონტროლებდა ბურთს შერკინებაში და ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელი ლელოც (ზედიზედ მეორე მატჩში) დადო.
9. ვასილ ლობჟანიძე (7) – იაპონიის მატჩთან შედარებით სუსტად ითამაშა. პირველ ტაიმში ქონდა შეცდომები, განსაკუთრებით პასის დროს – უშვებდა ზედმეტად დაბალი ტრაექტორიით. კარგი იყო ჰაერში თამაშის დროს. უტევდა ჩვეული გამბედაობით. ერთხელ გაჭრა ხაზი, თუმცა ბოჭვის დროს ბურთი დავკარგეთ.
10. ლაშა მალაღურაძე (7) – შედარებაც კი არ შეიძლება წინა შეხვედრასთან. კარგად თამაშობდა ფეხით, პასები იდეალური არ ჰქონდა, მაგრამ თავად მიძალებას ნამდვილად აღარ ცდილობდა. დაცვაში კარგი იყო, ერთხელ გაუცუდდა ბოჭვა მოედნის ცენტრში და ხაზი სახიფათოდ გაგვიჭრეს.
11. სანდრო თოდუა (6.5) – თამაშის სცენარიდან გამომდინარე ბურთი ძალიან იშვიათად მისდიოდა და შესაბამისად შეტევაში არაფერი გამოუვიდა. დაცვაში დაუშვა პოზიციური შეცდომა ბურთის გადმოკიდების დროს.
12. ბუკა შარიქაძე (9) – რომ არა ლევან ჩილაჩავა, ბუკა ალბათ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იქნებოდა. ძალიან კარგი იყო დაცვაში. დავით კაჭარავას არყოფნაში დიდი ჯაფა დააწვა, რადგან გვერდით დებიუტანტი ედგა და მისი დაზღვევაც უწევდა. კარგად დააზღვია თაზო მჭედლიძეც – ფლანგზე გაჭრილ დევიდ ლემს გაუკეთა შესანიშნავი ბოჭვა და დიდი ხიფათი აგვარიდა თავიდან.
13. გიორგი კოშაძე (7) – კარგი დებიუტი გამოუვიდა. კარგად იდგა დაცვაში და შეცდომა არ დაუშვია, აკეთა კარგი ბოჭვები, შეტევაში ბურთი იშვიათად მისდიოდა, თუმცა კარგი პასები გაუშვა.
14. თაზო მჭედლიძე (6.5) – უჩვეულოდ ინერტული იყო შეტევაში. დაცვაში შეცდომები ქონდა. ორჯერ გაექცა მეტოქე ფლანგზე.
15. მეკო კვირიკაშვილი (8) – წინა თამაშის ჩაგდების მერე სრულად მოახერხა რეაბილიტაცია. გაიტანა ყველა დარტყმა. კარგად ხმარობდა ფეხს ღია თამაშში, ჰაერშიც კარგად ითამაშა. შედარებით ერიდებოდა რისკის თავის თავზე აღებას.

კარლენ ასიეშვილი (6.5) – წარმატებით გააგრძელა ნარიაშვილი დაწყებული საქმე მიწოლაში. შეტევაში ბურთი არ ჰქონია
დუდუ ქუბრიაშვილი (6.5) – კარლენივით კარგად იდგა შერკინებაში. შეტევაში ბურთი არც მას ჰქონია
• ბადრი ალხაზაშვილი (შეფასების გარეშე) – იმდენად მცირე დრო დაჰყო მოედანზე, რომ შეფასება გაგვიჭირდება. საკუთარ 22-ში, წნეხის ქვეშ კარგად ააგდო აუტი.
კოკი თხილაიშვილი (8) – შესანიშნავად ჩაერთო თამაშში. კარგი იყო დაცვაში და კარგად მოქონდა ბურთი 22-დან, თითქმის ყველა დარტყმაზე უპირატესობა გააკეთა.
შალვა სუთიაშვილი (8) – შალვაც შესანიშნავად შემოვიდა. გაუვალი იყო დაცვაში. სამოელებს აართვა გადამწყვეტი აუტი.
გიორგი ბეგაძე (6.5) – რაქიდან ბურთი ნორმალურად გამოჰქონდა, დაცვაში შეცდომები არ ჰქონია. ერთხელ სახიფათოდ მოიგერია ბურთი ფეხით.
გიორგი აფციაური (6.5) – დაცვაში შეცდომა არ ჰქონია. როცა შემოვიდა შეტევაში აღარ ვყოფილვართ და შესაბამისად ვერც შევაფასებთ.
რეზი ჯინჭველაშვილი – არ უთამაშია
აქვე გვინდა სამოელთა ორი მოთამაშეც შევაფასოთ:
12. რეი ლიილო (8) – როცა ბურთს იღებდა, ყოველთვის სახიფათოდ გვიტევდა, შექმნა სამოელთა ერთადერთი ლელო. იმ იშვიათ მოთამაშეთაგანი იყო, ვინც კრეატიულად თამაშს ცდილობდა.
13. ჯორჯ პისი (8) – ლიილოსავით ძალიან აქტიური იყო შეტევაში, ცდილობდა მეტოქეს ფინტებით დასხლტომოდა, დადო სამოელთა ერთადერთი ლელო. კარგი იყო დაცვაშიც.

ბექა ბიწაძის ლელო (ფოტო: ნიკა ხომერიკი/Rugby XV)

 

დასკვნის სახით
ჯამში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა: ვფლობდით დიდ უპირატესობას შერკინებასა და აუტში, რის ხარჯზედაც მოვაგროვეთ ქულები. სამოა უტევდა უფანტაზიოდ და ცოტა არ იყოს ერთფეროვნად.
ბოლო ოც წუთში დაღლა დაგვეტყო, მოწინააღმდეგემაც წნეხი გაზარდა და ძირითადად თავის დაცვით ვიყავით დაკავებული, რასაც სტუმართა „დამსახურებით“ შედარებით ადვილად გავართვით თავი.
რამდენიმე მოთამაშეს გამოსასწორებელი აქვს ერთი-ერთზე ბოჭვები. სამოელებმა თუ რამე შექმნეს, ყველა გაფუჭებულ ბოჭვას მოყვა. შოტლანდიამდე როგორმე უნდა მოვახერხოთ და ეს კომპონენტი გამოვასწოროთ, თორემ კილმარნოკში ასე იოლად ნამდვილად ვერ გამოვძვრებით.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი 20 წუთი დაცვაში დგომა მოგვიხდა, მეტოქისთვის სალელოვე შანსი არ მიგვიცია და ჩვენს 5 მეტრიანში არც შემოსულან.
მატჩის დროს რა თქმა უნდა ემოციები ჭარბობდა და ვნერვიულობდით კიდეც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოვიგეთ მშვიდად, ისე რომ გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.

 

დავით სელეპანიშვილი

ლევან ყურაშვილი

ბექა მგელაძე

Rugby XV © 2016

ასევე ნახე

კეფუ: ბედნიერი ვიქნები, თუ ფოლაუ ტონგას სახელით ითამაშებს

ავსტრალიელთა ლეგენდა, ტოუტაი კეფუ, რომელიც ამჟამად ტონგელთა მწვრთნელია, ამბობს, რომ ის აუცილებლად შეხვდება ფოლაუს, თუკი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

eight + 10 =